დღევანდელ წერილში. რამდენიმე სპორტულ-სახალისო მოგონებას შემოგთავაზებთ. თავდაპირველად სიტყვას ახლო წარსულში ცნობილ ქართველ ფეხბურთელს ვახტანგ ქორიძეს მივცემ. ბატონი ვახტანგი ჩვენი მკითხველებისთვის ორ საინტერესო „შემთხვევას“ გაიხსენებს.
“ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს ემახსოვრება, საბჭოთა კავშირის თასი რომ ავიღეთ. ეს იყო შეუდარებელი დღე. დაუვიწყარი მთელი თავისი ბრწყინვალებით. ტაშკენტის მერე ქართველებს ასეთი სიხარული არ მოგვსწრებია.
რასაკვირველია, გადარეულები ვართ სიხარულით. ბედნიერები, ბედნიერები!!! პირველი შთაბეჭდილებები ოდნავ რომ დაცხრა და მაყურებელთა თვალს მოვცილდით, დაიწყო თასის „შინამონათვლა“ – ჩვენს წრეში და ძმაკაცებში თითოეულ მონაწილეს ღვინით სავსე ის თასი უნდა შეგვესვა.
თასის მოპოვება, დამეთანხმებით, არაა ადვილი, მაგრამ, უფრო ძნელი მისი დაცლა ყოფილა. ზოგმა თქვა – რა საჭიროა, რა აუცილებელიაო, მაგრამ, გუნდში გვყავდა მაგის ოსტატებიც. ერთ-ერთი პირველი კი ჩვენი ფირუზ კანთელაძე გახლდათ. ამ უბადლო ფეხბურთელმა ქეიფი და დროსტარებაც უბადლო იცოდა. აიღო ეს თასი, პირამდე გაალიცლიცა სუფთა „რქაწითელით“, ჩვენს გამარჯვებას გაუმარჯოსო! – იყვირა და მოიყუდა.
მოკლედ, ჩამოცალა ეს თასი ფირუზმა. დედის რძესავით შეერგო და ისევ შეავსო.
– ალავერდი შენთან! – თქვა და მე არ გადმომაწოდა?! ვაი შენს ვახოს (ზუსტად ორი ლიტრი ჩადის).
აკანკალებული ხელებით ჩამოვართვი გაპიპინებული თასი. რა ვქნა ახლა?
– შენ თუ ამას დალევ, შენ თუ ამას დალევ, მერე მე ვიცი, – გადმომხედა ღიმილით.
– შენ თუ ამას დალევ! – ჩამესმა ისევ და... მოვიყუდე.
პირველი ორი ყლუპი გამიჭირდა, მაგრამ, მერე წავიდაა... თუმცა, ერთ ლიტრს ვერ გავცდი. ვგრძნობ, რომ ცუდად ვხდები, სასწრაფოდ შევწყვიტე პროცედურა და ამღვრეული თვალებით ავხედე ფირუზას ქვევიდან. მიხვდა, რა კატასტროფის წინაშეც ვიდექი და ამჯერადაც არ უღალატა რაინდობას: გამომართვა (უკვე მოსწყურდა კიდევაც, ალბათ) და ის ჩემი წილიც უცერემონიოდ ჩაიცალა... დიახ... ფირუზასთან ერთად არც ერთ სუფრაზე დალევის არ მეშინია – „დახმარება“ მუდამ გარანტირებული მაქვს”.
სიჭაბუკეში ბატონი ვახტანგი სიგარეტს ეტანებოდა. ამ „გატაცების“ გამო ერთხელ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
„1968 წელია. ბათუმის „დინამოს“ ღირსებას ვიცავ. საერთოდ, გურული ბიჭები სტარტს ხშირად ბათუმის „დინამოში“ ვიღებდით და ფინიში თბილისის „დინამოში“ გვქონდა.
მკაცრი მწვრთნელი გვყავდა და, როგორც წესი, დალევა-მოწევას კატეგორიულად გვიშლიდა. მე ისედაც არ ვიყავი სმის მოყვარული, ოღონდ სიგარეტს ვერა და ვერ ველეოდი.
მიუტანეს ამბავი მწვრთნელს – ჩვენი კაპიტანი ეწევაო. ვერ იქნა და ფაქტზე ვერ დამიჭირა. ყოველ შეხვედრაზე მიჩხრეკდა ჯიბეებს, მაგრამ, უშედეგოდ. როგორ წარმოიდგენდა, რომ კონსპირაციული სამალავი მქონდა! გაგიმხელთ: ორ-სამ ღერ სიგარეტს ჩაის ბუჩქივით აბიბინებულ თმაში ვმალავდი.
ერთხელაც, შემხვდა გასასვლელში და გამაჩერა:
– ვახო, ხომ იცი, ხვალ რა მაგარი თამაში გვაქვს?
– დიახ, პატივცემულო, – ცოტა შორს დავდექი – ახალი მოწეული მქონდა და სუნი რომ არ ეგრძნო.
– აბა, შენ იცი, მობილიზებული იყოს მთელი გუნდი!
– დიახ, პატივცემულო, – გავიხედე გვერდზე და ისე ვპასუხობ.
ცოტა არ იყოს, შეეჭვდა, ძალიან მარიდებს თავსო და უფრო მომიახლოვდა.
– ხომ გასაგებია ყველაფერი? – ჩამეკითხა ჯიბრიანად. ახლა ხმა რომ ამოვიღო, ახლოსაა და აუცილებლად „მოწვავს“ სიგარეტის სუნს, – გავიფიქრე და თანხმობის ნიშნად, რომ ყველაფერი გასაგები იყო, ენერგიულად დავუქნიე თავი და... უცებ თმაში ჩამალული სიგარეტები მწვრთნელის ფეხებთან არ დაცვივდა?!
იმ დღიდან, კვირაში ერთხელ მაიძულებდა, თმა გამეკრიჭა...“
ჩვენი მომდევნო სტუმარი ბატონი ზურაბ კახაბრიშვილია, რომელიც მართლაც და „სასაცილო შემთხვევას“ გაიხსენებს.
„უკრაინის დიდებულ ქალაქ კიევში ვართ. საბაჟოზე სპეციალურ ბლანკებს გვავსებინებენ. ბლანკის ერთ გვერდზე რუსულად, მეორეზე ინგლისურად წერია შესავსები მონაცემები: გვარი, სახელი, სქესი და ასე შემდეგ.
სქესი ინგლისურად „სექს“ – იწერება. ერთ-ერთი მოჭიდავე ამ „სექსთან“ გაიჭედა. არ იცის, რა უნდა ჩაწეროს.
– ზურა, აქ „სექს“ რომ წერია, რას ნიშნავს, რა უნდა ჩავწერო? – მეკითხება და კალამს თითებში უხერხულად ატრიალებს. მოულოდნელად, თავში ათასი „მიკრომაკვარანცხი“ ერთბაშად დამიტრიალდა.
– ეგ არ იცი ამხელა მოჭიდავე კაცმა?
– რა ვიცი... სექსიო და...
– კაცო, – შენ ხომ იცი, კიევში რა ეშხიანი გოგოები არიან, დალოცვილები...
– ვიცი, აპა შტერი კი არ ვარ! – იწყინა.
– მერე, ვერაფერს მიხვდი, შე შტერო?
– რას უნდა მივხვდე?
– რას და აქ კითხვაა – „გინდათ თუ არა სექსი უკრაინელ გოგოებთანო“, – გაიგე?
– მაგას რა გაგება უნდა, შე კაცო! – გამოუცოცხლდა თვალები. ბევრი აღარ უფიქრია და იმ გრაფაში – კითხვის გასწვრივ, არ იკითხავთ, რუსულად რა ჩაწერა? – „ოჩენ ხაჩუ!“
ჭიდაობაზე ჩამოვარდა საუბარი და ცნობილი ქართველი ფალავანის, ბატონ რომან რურუას ერთ მოგონებას გაგაცნობთ.
„ახლა იმას გიამბობთ ორიოდ სიტყვით, როგორ ვიწყებდი მარტვილელი ბიჭი მზადებას მსოფლიოს ჩემპიონობისთვის.
თბილისში რომ ჩამოვედი, ფეხბურთელობას ვაპირებდი, მაგრამ მერე და მერე ჭიდაობას უფრო დავუმეგობრდი. ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი. დედამ საბანი გამომატანა ჩემი ზომის, მაგრამ მე გავიზარდე, საბანი კი დაპატარავდა. წელს ქვემოთ ვიფარებდი და რომ არ მყოფნიდა, საბანს პალტოს წავაშველებდი ხოლმე. ხო... ჩემი სოფლელი ქალი შემხვდა იმხანად ბაზარში – მარო. მომიკითხა, როგორ ხარ, წიეო. კარგად-მეთქი.
– ფეხბურთელი თუ გახდი, ფეხბურთელი, სკანი გოლუაფირო.
– არა, მარო ბიცოლა, ვჭიდაობ, მოჭიდავე ვარ-მეთქი. ტიიტუოოო, – გადაირია ქალი, – დედაშენს ჰგონია, ბურთს თამაშობ და შენ აქ მოჩხუბარი და მოჭიდავე გამოხვედი, მოგვჭერი თავი? – შეიცხადა.
რას ვიზამდი? ასე და ასეა, მარო ბიცოლა-მეთქი. ქალმა კარგა ხანს ივიშვიშა. ბოლოს დამშვიდდა და „საიდუმლოდ“ მეკითხება:
– ნენა, რა ვუთხრა დედაშენს? ფარა ვარენო?..
– რა ფარა? – ვიუცხოე მომენტალურად.
– ფულს გაძლევენ – ხელფასს, მაგ ჭიდაობაში?
– კი, აბა, რა! აბა, ისე სადაა, ხელფასს მაძლევენ მშვენივრად (სადაა ხელფასი – „კაჩიგარიაში“ მოვეწყვე მაშინ მორიგედ და ბინის ქირას ძლივს ავუდიოდი).
– ხოხ! – კაი ყოფილა მაშინ მაგ! სამარგალოში თლა უფულოდ ჭიდაობენ ჩვენები... გავახარებ აპა დედაშენს, გავახარებ! – როგორც იქნა დამემშვიდობა მარო ბიცოლა და წავიდა. წავიდა და გაჰყვა ჩემი გული. „სასიხარულო“ ამბავი ჩაუტანია დედაჩემისთვის, – შენი ბიჭი, რომანი ყველას აქცევს (ერევაო) ჭიდაობაში და ხელფასი ჰქონია კიდო აუთვლელიო.
„ჩემო ენავ, ჩემი მტერი ხარ!“ იმ დღიდან სახლიდან ფულადი დახმარება ცისკარას წყალივით შეწყდა...“
დღევანდელ „სპორტულ ისტორიებს“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი დავით კვინიკაძე დაასრულებს.
„ნოდარ ახალკაცთან კაბინეტში რაღაც დოკუმენტზე ვმუშაობთ. მისი ოთახის კარი ყოველთვის ღია იყო – რის დაცვა, რა დაცვა... შემოვიდა ვიღაც პიროვნება და ნოდარს მიმართა:
“ბატონო ნოდარ! ერთი ისეთი საფეხბურთო ილეთი დავამუშავე, თუ ნაკრებში ამიყვანთ, ყველა თამაშში 2-3 ბურთს აუცილებლად გავიტან”. მაინც, რა ისეთი ილეთი დაამუშავეო, – ჰკითხა ცხონებულმა. რაო და, როდესაც მოწინააღმდეგე დაჯარიმდება, მე ბურთს ჩავაწოდებ მეტოქის საჯარიმოში, მერე ბურთს იქ დავხვდები და თავური დარტყმით მათი კარის ბადეს შევარხევ. ამ ილეთს მე „მესხი-კალოევის დუეტი“ დავარქვიო.
ნოდარმა ჩვენ თვალი ჩაგვიკრა, მას კი ხელი მაგრად ჩამოართვა, შეაქო, მაგრამ, ბოლოს დაღონებული სახით უთხრა: ეს ძალიან კარგი ილეთი დაგიმუშავებია, მაგრამ, შენ ფეხბურთის თამაშის ერთი წესი დაგვიწყნია: ფეხბურთელს ჯარიმის დარტყმის შემდეგ ბურთით თამაში აღარ შეუძლია, ვიდრე მას სხვა მოთამაშე არ შეეხება – ბურთზე მიყოლებით ორჯერ შეხება აკრძალულია. მერე კი სერიოზული ტონით განაგრძო: ნამეტანი ჭკვიანი კაცი ჩანხარ და მოდი, ასე მოვიქცეთ: შენ სხვა, ახალი ილეთის დამუშავებაზე ივარჯიშე, მე კი „ფიფას“ ხელმძღვანელობას მაღარიჩის სახით ერთ კაი მოზრდილ ჭედილას დავუკლავ და, იქნებ, როგორმე ეს ოხერი წესი გავაუქმებინოო.
მაგარი კმაყოფილი წავიდა ის პატიოსანი კაცი ნოდარის ოთახიდან“.