გლეხები მიწის დაუმუშავებლობისთვის სპეციალური გადასახადით დაიბეგრებიან

გლეხები მიწის დაუმუშავებლობისთვის სპეციალური გადასახადით დაიბეგრებიან

ეკონომიკის სამინისტროში ახალი პროექტი მუშავდება - გლეხები მიწის დაუმუშავებლობისთვის სპეციალური გადასახადით დაიბეგრებიან. კონკრეტულად, რა სახის და რა მოცულობის გადასახადით დაიბეგრება მიწის მფლობელი, ჯერჯერობით უცნობია. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ამჟამად პროექტი დამუშავების სტადიაშია, ამიტომ დეტალებზე ვერ ისაუბრებენ. თუმცა, სანქცია 2016 წლამდე არ ამოქმედდება.

დაუმუშავებელი მიწისთვის გლეხების დაბეგვრის საკითხი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დადგა დღის წესრიგში. მაშინ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიგლა აგულაშვილი აცხადებდა, რომ შესაძლებელი იყო მიწის დაუმუშავებლობისთვის 5 ჰექტრამდე მიწის მფლობელები ქონების გადასახადით დაბეგრილიყვნენ.

დღეს კი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ხელისუფლების მოტივი ასეთია - თუკი გლეხი მიწას ვერ ამუშავებს, მაშინ იგი კოოპერატივს უნდა მიაბაროს: „ადამიანი, რომელიც არ უვლის მიწას და არ მოჰყავს მოსავალი, არ შეიძლება, იმავე პირობებში გვყავდეს, როგორშიც ის ადამიანი, რომელიც უვლის მიწას“, -  განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს პანაცეა არ არის, მაგრამ იმისთვის, რომ გლეხი დაუბრუნდეს მიწას, მიწის დაუმუშავებლობისთვის გლეხების სპეციალური გადასახადით დაბეგვრა გამართლებულია. სახელმწიფოს მიდგომა ასეთია, რომ არცერთი გოჯი დაუმუშავებელი მიწა არ დარჩეს.

პაატა აროშიძე იმ პერიოდსაც იხსენებს, როცა წლების წინ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი გაუქმდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ გადასახადი მიზერული იყო და ფისკალური ეფექტის მქონე არ გახლდათ, ეს მაინც სტიმულს აძლევდა გლეხს, რომ მიწა დაემუშავებინა და რაც შეიძლება მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ეწარმოებინა. გადასახადის გაუქმებამ რეალურად გამოიწვია ის, რომ გლეხი ამუშავებდა მხოლოდ იმდენი მიწის ფართს, რომელიც მისი ოჯახისთვის საკმარისი იყო. თუ დასჭირდებოდა, დაამატებდა ცოტა მეტს, რომ პროდუქცია გასაყიდად გაეტანა. ახლა კი, როცა გლეხი იძულებული გახდება, ჯარიმის თუ სანქციის შიშით, მთლიანად დაამუშავოს მის ხელთ არსებული მიწის ნაკვეთი, ეს უფრო მეტ დოვლათს მოგვცემს.

თუმცა აქვე ექსპერტი აცხადებს, რომ არის ისეთი მიწებიც, რომლებიც საერთოდ არ მუშავდება. მაგალითად, როცა ხელისუფლებამ დაიწყო მიწის რეფორმა საქართველოში, მეოთხედი ჰექტარი მიწები უმეტესად ქალაქად მცხოვრებლებზე გასცა, რომლებიც, როგორც წესი, ამ მიწებს არ ამუშავებენ. ამიტომ მათ მოუწევთ, ან იჯარით გასცენ მიწები, ან გადასცენ სხვას დასამუშავებლად. ეს შეეხება მიწის ნებისმიერ მფლობელს, კანონი არ ითვალისწინებს, მიწის მფლობელი ქალაქელია, სოფლად ცხოვრობს თუ საზღვარგარეთ. მთავარია, მიწა დამუშავდეს.

„2013-14 წლებში უფრო მეტი რაოდენობის მიწა დამუშავდა, ვიდრე მთლიანად აღებული 90-იანი წლებიდან მოყოლებული. არის პროექტები, რომლებიც სოფლის მეურნეობაში განხორციელდა და სოფლად მცხოვრებ ადამიანს იმედი მიეცა, რომ მისი მოსავალი რეალიზაციის გარეშე არ დარჩება. საერთოდ, სოფლის მეურნეობა ისეთი დარგია, რომ ყველა ქვეყანაში სუბსიდირებულია. ეს ეხება განვითარებად თუ განვითარებულ ქვეყნებს. თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ აგრარული ქვეყანა ვიყავით და ვართ, მაშინ სოფლის მეურნეობა წამყვანი დარგი უნდა იყოს. ვერ ვიტყვით, რომ ეს არის პანაცეა, რომელიც გლეხს მიწასთან დააბრუნებს, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ შეიძლება რაღაც გაკეთდეს. ბევრი ისეთი შემთხვევაა, როცა ქართველ გლეხს ეზარება მუშაობა და თვეში სამას ლარად მზად არის, სასტუმოში კარი გააღოს ან ჭურჭელი გარეცხოს. მიწას თუ დაამუშავებენ, ელემენტარულად, საკვები პროდუქტი მაინც ექნებათ, მაგრამ ზოგს ურჩევნია თბილისში, ქუთაისში, ბათუმში შემთხვევით სამუშაოზე დასაქმდეს, ვიდრე დღედაღამ მიწაზე იმუშაოს“,- აცხადებს პაატა აროშიძე.

შესწვდება თუ არა ჩვენი გლეხი დაუმუშავებელი მიწის გადასახადს?! ამასთან დაკავშირებით ექსპერტი აცხადებს, რომ გადასახადი უფრო სიმბოლური ხასიათის იქნება, გლეხს დიდი რაოდენობით თანხას ვერ დავაკისრებთ, რადგან, თუ გლეხმა გადასახადი ვერ გადაიხადა, მაშინ გაყიდის და ამ მიწას ჩინელი ან ბური იყიდის.

ამიტომ, ეს იქნება მიზერული გადასახადი, რომ ყველამ შეძლოს გადახდა. თუმცა ადამიანმა არ უნდა იფიქროს, რომ 20 თუ 30 ლარს გადაიხდის და მაინც არ დაამუშავებს მიწას. ასე რომ, თანხა შეიძლება დადგინდეს ჰექტარის, მიწის ადგილმდებარეობის, მიწის ხარისხის გათვალისწინებით. სხვადასხვა კრიტერიუმს სოფლის მეურნეობის სპეციალისტები, იურისტები, აგრონომები ერთობლივად განსაზღვრავენ.

„მესტიაში მიწაზე გადასახადი სხვა უნდა იყოს, მარნეულში, ხულოში და ფოთში - სხვა. ალბათ, 15-დან 30 ლარამდე იქნება ჰექტარზე. ჩვენთან მცირემიწიანი გლეხობაა, ძირითადად, მაქსიმუმია 5 ჰექტარამდე მიწა“, - აცხადებს ექსპერტი.