მას შემდეგ, რაც ფოთის ნავთობტერმინალის აქციების „როსნეფტისთვის“ მიყიდვამ ქართული საზოგადოების აჟიოტაჟი გამოიწვია, ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა თავისი აქციების („პეტროკასის“ 49 %-ის) დათმობის შესახებ.
დავით იაკობაშვილი ირწმუნება, რომ ფოთის ნავთობტერმინალის აქციების 49 პროცენტის რუსული კომპანია „როსნეფტისთვის“ მიყიდვის კონტრაქტის გაფორმებამდე ორივე მხარემ სპეციალური იურიდიული კონსულტაციები გაიარა და დადგინდა, რომ რუსეთის კომპანია ამ გარიგებით არ არღვევს საქართველოს კანონს „ოკუპაციის შესახებ“. ბიზნესმენის განმარტებით, ეს იმის მიუხედავად ხდება, რომ რუსული კომპანია წლების განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში ბიზნესსაქმიანობას ეწევა.
„გაირკვა, რომ რუსეთის კომპანია არ არღვევს ამით „ოკუპაციის შესახებ“ საქართველოს კანონს. ეს პირველია. მეორეა - რატომ „როსტნეფტი“? იმიტომ, რომ „როსნეფტში“ ძალიან მნიშვნელოვანი წილი აქვს „ბიპის“. მე პოლიტიკაში არ ვერევი და ვფიქრობ, რომ მთავრობაც არ უნდა ჩაერიოს ბიზნესის საქმიანობაში. მთავრობის როლია, შეუმსუბუქოს ყველას ბიზნესის კეთება, რომ ხალხმა როგორმე გაიხაროს“, - აცხადებს ბიზნესმენი.
ამის მიუხედავად, საქართველოში აქტიურად მსჯელობენ, რომ ეს არის ოკუპაციის შესახებ ჩვენი კანონის დარღვევა და „როსნეფტს“, რომელიც აფხაზეთში კანონდარღვევით საქმიანობს, არანაირი მორალური და იურიდიული უფლება არ აქვს, ფოთის ნავთობტერმინალს დაეპატრონოს.
იურისტი ლევან ალაფიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ჩვენი კანონით (მისი მიღების დღიდან, ანუ 2008 წლის ოქტომბრიდან) აფხაზეთში თუ ცხინვალის რეგიონში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რაც ნიშნავს, რომ იქ ჩვეულებრივისგან განსხვავებული რეჟიმია და შეიძლება შეიზღუდოს საკუთრების, ინფორმაციის მოძიება-გავრცელების, მათ შორის, სამეწარმეო საქმიანობის უფლებაც. ამავე კანონში მითითებულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობას სჭირდება მთავრობის სპეციალური ნებართვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონგარეშე იქნება ეს ყველაფერი.
მეორე, მნიშვნელოვანი და უპირობო, რასაც იურისტი სადავოდ არ ხდის, ისაა, რომ „როსნეფტი“ 2009 წლიდან მოყოლებული, არღვევს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ამავე დროს, ამავე პერიოდიდან მოყოლებული, საქართველოს ხელისუფლება ადეკვატურად არ რეაგირებს ან საერთოდ არ რეაგირებს ამ კანონდარღვევაზე და ეს შეეხება როგორც ქვეყნის წინა, ასევე, ამჟამინდელ ლიდერებს.
„იმ სუბიექტს შეიძლება დაუწესდეს შეზღუდვები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე კანონდარღვევით საქმიანობს, ანუ ამ შემთხვევაში, საუბარია „როსნეფტზე“. ჩვენი კანონი ამბობს, რომ სანქცირებას შეიძლება დაექვემდებაროს დამრღვევთან დაკავშირებული პირიც. კერძოდ, „როსნეფტის“ აქციონრები, პარტნიორები არიან დაკავშირებული პირები „როსნეფტთან“, მაგრამ „როსნეფტი“ თუ ფლობს სადმე აქციებს სხვა კომპანიებში, ის უკვე დაკავშირებულ პირად აღარ განიხილება. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ, თუკი ჩვენი ხელისუფლება ჩათვლის, რომ ფოთის ნავთობტერმინალი თუ პორტი მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, იქ საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და საკუთრების თუ სამეწარმეო საქმიანობის უფლების შეზღუდვა შეიძლება, მას შეუძლია, უკიდურესი გადაწყვეტილებაც მიიღოს, როგორიცაა საკუთრების უფლების შეზღუდვა-ჩამორთმევა. ანუ, თუკი ფოთის ნავთობტერმინალი ან რომელიმე კომპანია ჩვენთვის სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს სახელმწიფოს შეუძლია უკიდურესი ზომის მიღება და ამ კომპანიის წამოღება სახელმწიფო საკუთრებაში“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.
ხომ არ არის ფოთის ნავთობტერმინალის დაბრუნება დაგვიანებული? ამ შეკითხვაზე იურისტი გვპასუხობს, რომ აღნიშნული საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე. ამდენად, ნავთობტერმინალის დაბრუნება დაგვიანებული არ არის.
გარდა ამისა, ლევან ალაფიშვილის თქმით, ჩვენი კონსტიტუცია ამბობს, რომ იმ ტერიტორიებზე, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, პრეზიდენტს შეუძლია საკუთრების და სამეწარმეო საქმიანობის უფლების შეზღუდვა, ოღონდ ეს შემდეგ უნდა წარუდგინოს პარლამენტს დასამტკიცებლად. გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი ამ სანქციას, ლევან ალაფიშვილისთვის უცნობია. მისთვის მთავარია, ხელისუფლებამ „როსნეფტის“ დარღვევაზე ადეკვატური რეაგირება მოახდინოს. მით უმეტეს, იმ ტიპის დარღვევაზეა საუბარი, რომელიც 2009 წლიდან მიმდინარეობს. ამით ხელისუფლება გამოავლენს თავის უნარს, შეუძლია იყოს თუ არა პრინციპული, შეუძლია თუ არა მიიღოს გადაწყვეტილება. აქ სახელმწიფოებრიობაზე მიმდინარეობს მსჯელობა და, ასევე, მნიშვნელოვანია კანონის წინაშე თანასწორობა.
კონკრეტულად, ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ საზღვრისპირა რეგიონში, გალში მცხოვრები ადამიანი შეიძლება შევიდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე და რაიმე საქმიანობა განახორციელოს, მას, როგორც ერთ რიგით მოქალაქეს, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან სანქცია დაემუქრება, მაგრამ რატომღაც ამ სანქციას „როსნეფტი“ არ ექვემდებარება. ეს კი კანონის წინაშე უთანასწორობაა.
„პოლიტიკური დებატები წარიმართა და ჩვენმა მთავრობამაც არასწორი მიმართულებით წაიყვანა მსჯელობა, რომ ისინი შეისწავლიან „პეტროკასში“ (დავით იაკობაშვილის წილი) აქციების შესყიდვის თემას. ეს უნაყოფო იქნება ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების კანონის ჩანაწერის გამო, რადგან ამ ტრანზაქციას სახელმწიფო ამ კანონის სულისკვეთებიდან გამომდინარე ვერ განიხილავს. ამიტომ „პეტროკასს“ თავი დაანებონ და განიხილონ, „როსნეფტი“ არის თუ არა კანონდამრღვევი და შეიძლება დაექვემდებაროს თუ არა სანქციებს? ვგულისხმობ იმ ფაქტს, რომ „როსნეფტი“ კანონდარღვევით აფხაზეთში შავი ზღვის ფსკერს ითვისებს. ამიტომ, მას სხვადასხვა სახის სანქცია შეიძლება დაუწესდეს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო თვალსაზრისით. თუ რატომ მიჰყიდა ფოთის ნავთობტერმინალის აქციები „როსნეფტს“, ამასთან დაკავშირებით დავით იაკობაშვილი აცხადებს, თითქოს „როსნეფტში“ მნიშვნელოვანი წილი აქვს „ბიპის“. ეს არგუმენტი მოხერხებულად გამოიყენა. სინამდვილეში, აქციები მიჰყიდა იმიტომ, რომ უღირდა. პასუხი მარტივია. როცა ვსაუბრობ, რომ „უღირდა“, აქ მხოლოდ ფულს არ ვგულისხმობ. აქ ყველაფერი იგულისხმება. სხვა შემთხვევაში, ეს გარიგება ვერ შედგებოდა. პუტინის მხრიდან დავით იაკობაშვილზე ზეწოლასაც ვერ გამოვრიცხავ, რადგან აფხაზეთის შელფში ბურღვასთან დაკავშირებით თვითონ „როსნეფტის“ ხელმძღვანელის ინტერვიუ გავრცელდა, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ ჩვენ სახელმწიფო ინტერესების გამტარებელი კომპანია ვართ და ამიტომ ვართ აფხაზეთშიო. შესაბამისად, როცა ეს სახელმწიფო კომპანია ყიდულობს რაღაცას, ჩნდება ბუნებრივი ეჭვი, რომ ის რუსული სახელმწიფო კომპანიაა და ამას არც მალავს“.
შეგახსენებთ, რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ- „როსნეფტმა“ „პეტროკასის“ 49 პროცენტი შეიძინა, რომელიც ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს ეკუთვნის.