ემზარ კვიციანი მისი კუთვნილი ქონების დაბრუნებას ითხოვს. ამ მიზნით კვიციანის ოჯახის ინტერესების დამცველმა პრემიერ-მინისტრს მიმართა და მთავრობის კანცელარიაში განცხადება შეიტანა.
ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გადაცემა „რეაქციაში“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დაადასტურა, რომ ემზარ კვიციანის ოჯახს საქართველოში დაბრუნების შემდეგ ბინა ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაუბრუნდა. უფრო ზუსტად, იმ პერიოდში კვიციანების ბინა შსს-ს ჰქონდა გადაცემული და მაშინდელი შს მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის პირადი გადაწყვეტილება იყო, რომ ბინა რეალურ მფლობელებს დაბრუნებოდათ. ამასვე ადასტურებდა ემზარ კვიციანის და, ნორა კვიციანიც და ღარიბაშვილს ემადლიერებოდა. დღეს კვიციანები ამ ბინის დაკანონებას ითხოვენ.
ამასვე მოითხოვს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე. მისი განცხადებით, 2006-2007 წლებში სახელმწიფომ ემზარ კვიციანის ქონება უკანონოდ მიითვისა და კანონდარღვევით ჩამოართვა. ამიტომ აუცილებელია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ამ უძრავი ქონების დაკანონება.
„ბატონმა პრემიერმა კვიციანის ოჯახს მის ყოფილ ქონებაში შესვლის უფლება მისცა, თუმცა ეს მოხდა ფორმალურად. იურიდიულად ჯერ არ მომხდარა ამ კონკრეტული ქონების იურიდიულ მეპატრონეზე გადაცემა. ჩვენ ვითხოვთ ამ ბინას, რადგან ეს ქონება დღესდღეობით სახელმწიფო ბალანსზეა. უფრო მეტიც, სახელმწიფო ქონების შესახებ მე-18 მუხლის თანახმად, პრივატიზირების სხვადასხვანაირი ფორმა არსებობს და, როცა სახელმწიფო ბალანზეა ქონება, ერთ-ერთი ფორმაა, უსასყიდლოდ ქონების გადაცემა, ანუ ჩუქება. სწორედ ამას ვითხოვთ, კვიციანებმა უსასყიდლოდ უნდა მიიღონ ქონება, რადგან ისინი აღნიშნული ფართის კანონიერი მფლობელები იყვნენ, რომ არა მათ მიმართ განხორციელებული რეპრესია. ეს ქონება პატარა თანხით არ განისაზღვრება. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენია მისი ღირებულება. სახელმწიფო არ უნდა მიუდგეს ამას თანხის მიხედვით. სამართლებრივმა სახელმწიფომ არ უნდა იკითხოს, რა ქონებაზეა საუბარი, რადგან ამ ადამიანს კეთილსინდისიერად ჰქონდა შეძენილი და ჩამოერთვა არაკეთილსინდისიერად“,- აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ For.ge-სთან საუბარში.
ჭავჭავაძის გამზირზე მდენარე ფართის გარდა, ადვოკატი დღევანდელი ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე (ყოფილი შავი ზღვის ქუჩა) მდებარე ფართსაც ითხოვს, რომელიც, ასევე, სახელმწიფოს საკუთრებაშია. კობაიძე აცხადებს, რომ კვიციანის ქონების დაბრუნება პრემიერის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. თუ პრემიერი ჩათვლის, რომ ეს განსაკუთრებული საქმეა, მაშინ ერთი თვის ვადაში უნდა მოხდეს აღნიშნული ქონების საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტა.
ადვოკატი კვიციანების სხვა ქონებაზეც საუბრობს, მაგრამ აქ პროცესი გართულებულია, რადგან ეს ქონება უკვე გასხვისებულია მესამე პირებზე და მათ ე.წ. კეთილსინდისიერი მყიდველები ჰყავთ. მაგალითად, ასეთია თელავში მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწა, დაახლოებით 8 ჰექტარი, ასევე, - მოძრავი ნივთი - ავტომობილი, ამას ემატება ბენზინგასამართი სადგური და ერთ-ერთი კომპანიის 20%-იანი წილი. თუმცა ყველა მათგანი მესამე პირზეა რიცხული.
„სამართლებრივი ნიუანსია, დაუბრუნდება თუ არა კვიციანს ზემოთ ჩამოთვლილი ქონებები მოლაპარაკების გზით, მაგრამ ჩვენ, პირველ რიგში, პრეტენზიას ვაცხადებთ იმ ქონებაზე, რაც სახელმწიფოს ბალანსზეა. თუ რატომ ჭიანურდება სამართლიანობის აღდგენა, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ, სამწუხაროდ, ემზარის პოლიტიკური საქმე გრძელდება, ის წმინდა წყლის პოლიტიკური პატიმარია და იმედი გვაქვს, დღევანდელი ხელისუფლება არ მოიქცევა წინა ხელისუფლების მსგავსად. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 28 იანვარს ჩანიშნა სხდომა და კვიციანების ოჯახის პირველი მოთხოვნაა, ემზარი დაუბრუნდეს თავის ოჯახს“.
ცნობისთვის, ემზარ კვიციანი სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით 2006 წლის ივლისის ბოლოდან იძებნებოდა. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ მისი ადგილსამყოფელის დასადგენად თავის დროზე 100 000 ლარის ჯილდოც კი დააწესა. რუსეთიდან დეპორტირებული ემზარ კვიციანი საქართველოში გასული წლის 28 თებერვალს დაბრუნდა, იგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტშივე დააკავეს. ემზარ კვიციანს სასამართლომ 12 წელი მიუსაჯა.