მთავარი პროკურორი ამბობს, რომ პროკურატურის ნომერ პირველი პრიორიტეტი ზურა და იური ვაზაგაშვილების მკვლელობის საქმეებზე დამნაშავეების გამოვლენაა. გიორგი ბადაშვილის განცხადებით, ამ საქმის გამოსაძიებლად ქვეყნის მთელი სამართალდამცავი სისტემაა მობილიზებული. პარალელურად, ადვოკატები ადასტურებენ ინფორმაციას, რომ 2006 წელს სპეცოპერაციის შედეგად, კორტებთან მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში მნიშვნელოვანი მოწმე გამოჩნდა. ადვოკატი გაგი მოსიაშვილი for.ge-სთან საუბრისას ადასტურებს, რომ ეს არის სწორედ ის მოწმე, რომელიც სპეცოპრაციის თვითმხილველი იყო და ჰქონდა ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც გამოძიების ვერსიას სრულიად ცვლიდა.
როგორ გაჟონა პროკურატურიდან ინფორმაციამ, ვინ არის საქმის ახალი მოწმე და რა გამოიკვეთა საქმის გამოძიების პროცესში? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატს, გაგი მოსიაშვილს ესაუბრა.
დაცვა ამტკიცებს, რომ ეს იყო მკვლელობა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ზურა ვაზაგაშვილის საქმეში არსებულ ახალ მტკიცებულებებს. რა იყო საქმის ახალი გარემოება, კონკრეტულ პირებზე იყო გამოძიება გასული, რის გამოც შესაძლებელი იყო, რომ ეს მკვლელობა განხორციელებულიყო?
- ყველა გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ იური ვაზაგაშილი ლიკვიდირებულ იქნა საკუთარი შვილის საფლავზე. რა თქმა უნდა, გარკვეული კავშირი არსებობს იური ვაზაგაშვილისა და ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობას შორის. ეს ეჭვები რეალურია და ლოგიკურიც. იური იყო ადამიანი, რომელიც სამართლიანობის ბრძოლის თავალსაზრისით ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა. სამწუხაროდ, ამ ბრძოლაში ის ყოველთვის იყო მტრების გარემოცვაშიც.
მტრების გარემოცვაში რას გულისხმობთ?
- ეს არის ის შემთხვევა, როდესაც იურის სიცოცხლე მოუსწრაფეს იმ ადამიანებმა, ვისაც სურვილი არ ჰქონდათ, რომ მისი შვილის საქმის გამოძიებაზე არ დამდგარიყო რეალური სურათი, თუ რა მოხდა 2006 წლის 2 მაისს, როგორ და რა ვითარებაში მოხდა მისი შვილის ლიკვიდაცია. შვილის სამართლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა იური. ალბათ, აქამდე უნდა მომხდარიყო აქტიური საგამოძიებო მოქმედების ჩაატარება ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით და შესაძლებელია, ეს ტრაგედია აცილებულიყო. თუმცა, მოვლენები საწუხაროდ ასე განვითარდა. ჩვენ, ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატებს უკვე იური ვაზაგაშვილის გარშე გვიწევს ვაზაგაშვილების ოჯახის ღირსებისთვის ბრძოლა.
2006 წლიდან მოყოლებული იური ვაზაგაშვილი ასახელებდა კონკრეტულ სახელებს და გვარებს. როგორც გაირკვა საქმეში გამოჩნდა ახალი მოწმე. ეს არის თუ არა საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი მოწმე, რომელიც ცვლიდა ხელისუფლების ოფიციალურ ვერსიას და ასევე, ამ მოწმის გამოჩენამ შეუქმნა საფართხე იმ ადამიანებს, რომლებიც კორტების სპეცოპერაციასთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ იყვნენ კავშირში?
- ლოგიკური განვითარებაა იმ საქმის, რაც თან სდევს იური ვაზაგაშვილის ლიკვიდაციის ფაქტს. იური ვაზაგაშვილი საუბრობდა ამ მოწმის შესახებ და მინდა დაგიდასტუროთ, რომ არსებობს ეს მოწმე და ეს არის სიმართლე. გიდასტურებთ იმასაც, რომ მისი დაკითხვა არსებითად შეცვლიდა იმ ოფიციალურ ვერსიას, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა ამ ფაქტთან დაკავშირებით.
ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ ინფორმაციამ გაჟონა პროკურატურიდან. თქვენ თუ შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ ამ მოწმის არსებობის შესახებ გაჟონა ინფორმაციამ პროკურატურიდან?
- ამის გამორიცხვის არანაირი საფუძველი არ გამაჩნია. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ბატონი იური ასახელებდა გარკვეულ პიროვნებებს.
ვინ არის ახალი მოწმე და რა ღირებული ინფორმაციის მატარებელია?
- იური ვაზაგაშვილი საუბრობდა იმ მოწმეზე რომელიც იყო თვითმხილველი და, რომელსაც ჰქონდა გარკვეული ინფორმაციები. დიახაც, არსებობს ასეთი მოწმე, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჩნია. ამ პიროვნების დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ. ჩვენთვის ცნობილია ამ მოწმის შესახებ, თუმცა ეს პიროვნება საქართველოში არ იმყოფება.
რამდენად შეძლებს დაცვა ამ მოწმის დაკითხვის უზრუნველყოფას, თქვენთვის თუ არის მოწმე ხელმისაწვდომი?
- მთავარია, რომ გამოძიებისთვის იყოს ხელმისაწვდომი. ამ პირობებშიც კი, იმის არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს, რომ ხელმისაწვდომობა ჩვენ გაგვიჭირდეს. ვფიქრობთ, რომ ჩვენი დახამარებით, თუ ჩვენს გარეშე, პროკურატურა ამ მიმართულებით ინტენსიურად იმუშავებს და დაიდება რეალური სურათი, რომელიც არსებითად შეცვლის წინა ხელისუფლების დროს შექმნილ ოფიციალურ ვერსიას.
თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს იყო დაგეგმილი მკვლელობა, ასევე ამბობთ, რომ ინფორმაციამ გაჟონა პროკურატურიდან. თუკი, ასეთმა მნიშვნელოვანმა ინფორმააციამ გაჟონა პროკურატურიდან, რა გარანტია გაქვთ, რომ ეს ადამიანები არ დატოვებენ ქვეყანას, თუ უკვე არ დატოვეს?
- ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. შემიძლია გითხრათ, რომ ყველა დეტალზე ვმუშაობთ და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არც ეს თემა არაა ღიად დატოვებული.
რაც შეეხება იმ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც დღემდე მაღალ თანამდებობაზე არიან როგორც პროკურატურაში, ასევე შსს-ში და რომლებსაც კავშირი ჰქონდა ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობასთან, ამ წუთებშიც თანამდებობაზე რჩებიან. რა გარანტია გაქვთ, რომ არ ჩართვებიან საქმის გაყალბებაში რაღაცა ფორმით?
- არ მიყვარს, როდესაც სამართლებლივ მხარეს ვცდები, მაგრამ მიმაჩნია, რომ მამა-შვილის მკვლელობის საქმის ობიექტური გამოძიება ჩვენი ხელისუფლების ღირსების საქმეა. ვინაიდან, სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანი მოკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ არ გაერკვია სიმართლე.
სიმართლე, რომელიც მან პრაქტიკულად გამოიძია...
- რა თქმა უნდა. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის ხელისუფლების ღირსების საქმე. ვპირდები ყველას, რომ ჩვენ დაცვის მხარე არ დავიშურებთ ენერგიას იმისათვის, რომ იური ვაზაგაშვილის დაწყებული საქმე ბოლომე მივიყვანოთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხელისუფლების და პროკურატურის როგორც აქტიურობას, ასევე ობიექტურობას. როდესაც საუბარია ღირსების საქმეზე, აქ კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს.
საქმის ობიექტური გამოძიებისთვის რამდენად აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმ ადამიანების განთავისუფლებას, რომლებზეც საუბრობდა ვაზაგაშვილი და რომლებიც წამყვან თანამდებობაზე არიან როგორც შსს-ში, ასევე პროკურატურაში და ვიცით, რომ ეს სია საკმაოდ დიდია...
- იური ვაზაგაშვილის მოთხოვნა იყო, რომ ამ საქმესთან პირაპირ თუ ირიბ კავშირში მყოფ ადამიანებს, სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეჩერებოდათ, რაც იყო სწორი და სამართლებრივი მიდგომა. იმედია, რომ ამ ადამიანებს შეუჩერდებათ სამსახურეობრივი უფლებამოსილება.
დადასტურდა, რომ გამოყენებულია ქარხნული წარმოების იარაღი. სასაფლაოსთან ახლოს არის პოლიციის საგუშაგო და როგორც ადგილობრივები ყვებიან, მოწმდება ყველა მანქანა, რომელიც სოფელში შედის, რადან ყარაფილა არის გამყოფი ხაზისპირა სოფელი. ასევე გაჩნდა ინფორმაცია, რომ საგუშაგოსთან არის ვიდეოთვალი. ამ ვითარებაში უცხო პირი შეძლებდა სასაფლაოზე შესვლას და ასაფეთქებელი ნივთიერების დამონტაჟებას ისე, რომ ამის დაფიქსირება არ მომხდარიყო?
- რამდენადაც ვიცი, კამერები არ არსებობს. შემიძლია გითხრათ, რომ გამოძიება ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს, ალბათ, ეს ადამიანები დაიკითხებიან.
რეალურია თუ არა ინფორმაცია, რომ ერთ კვირაში უნდა დასრულებულიყო საქმეზე გამოძიება?
- ვერ გეტყვით, ეს ერთ, თუ ორ კვირაში იქნებოდა. თუმცა, გამოძიება სისტემატურად მიმდინარეობდა და გარკვეულწილად, გამოხატული იყო სურათი, ვინ განახორციელა ზურაბ ვაზაგაშვილის ლიკვიდაცია 2006 წლის 2 მაისს კორტებთან. სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ინფორმაციამ გაჟონა საგამოძიებო უწყებიდან.
და ბოლოს, დაზიანების მიყენებიდან რამდენ ხანში დადგა იური ვაზაგაშვილის გარდაცვალება?
- ეს არის დეტალი, რომელიც სპეციალური ცოდნის პირთა მიერ არის გამოსაკვლევი. ამის მერე შეიძლება შეფასდეს სამართლებრივად რამდენად სწორად და დროულად მოხდა მისი დახმარება. როგორც მაქვს ინფორმაცია, დაზიანების მიყენებიდან რამდენიმე ხანი ცოცხალი იყო, თუმცა მერე გარდაიცვალა. ეს არის პროფესინალურად კარგად ორგანიზებული დანაშაული, ეს არაა რიგითი პიროვნების ხელწერა და ეს მაფიქრებინებს, რომ წინასწარ განზრახულად პროფესიონალის მიერ იქნა ჩადენილი იური ვაზაგაშვილის ლიკვიდაცია.