რა ემუქრება საქართველოს და კიდევ ცხრა პოსტსაბჭოთა ქვეყნის ეკონომიკას? - ამის შესახებ გავლენიანი ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს, სადაც რუსული ეკონომიკის კრიზისსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ამით გამოწვეულ საფრთხეზეა საუბარი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსული ეროვნული ვალუტის - რუბლის კრიზისი სერიოზულად ემუქრება რუსეთის მეზობელ ქვეყნებს, რომელთა ეკონომიკა ძალიანაა დამოკიდებული ჩრდილოელი მეზობლის მდგომარეობაზე. მხედველობაშია ის მილიარდობით დოლარი, რომელსაც რუსეთში მომუშავე კავკასიელი და ცენტრალური აზიის ქვეყნების მოქალაქეები სამშობლოში ოჯახებსა და ნათესავებს უგზავნიან.
„რუბლის კურსის 50%-ით დაცემამ არა მარტო შეამცირა გაგზავნილი თანხების რაოდენობა, არამედ მიგრანტებს რუსეთში მუშაობის საშუალებაც მოუსპო. ცხრა სახელმწიფო, რომლებიც ყველაზე უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი რუსეთიდან გაგზავნილ ფულზე, საერთო ჯამში, რუბლის ინფლაციის გამო, 2015 წელს 10 მილიარდ დოლარზე მეტს დაკარგავენ“, - ნათქვამია სტატიაში, რომლის თანახმადაც, რუსეთის ვალუტის კურსის დაცემის გამო ქვეყნიდან მიგრანტებიც მიემგზავრებიან, რადგან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს ფასი აღარ აქვს - 2014 წლის ბოლოს, 2013 წელთან შედარებით, მათ ორჯერ ნაკლები ანაზღაურება მიიღეს.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, გასტარბაიტერთა (მიგრანტებთა) მიერ სამშობლოში რუსეთიდან გადარიცხული ფული შეადგენს: სომხეთის ეკონომიკისათვის - 21%-ს, საქართველოსათვის - 12%-ს, ყირგიზეთისათვის - 31,5%-ს, მოლდოვასათვის - 25%-ს, ტაჯიკეთისათვის - 42%-ს, უკრაინისათვის - 5,5%-ს, ლიტვისათვის - 4,5%-ს, აზერბაიჯანისათვის - 2,5%-სა და უზბეკეთისათვის - 12-ს%.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში იოსებ არჩვაძე For.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ რუბლის კრიზისი უკვე სერიოზულად აისახა საქართველოზე და, 2014 წლის დეკემბერთან შედარებით, 37 მილიონი დოლარით შემცირდა ფულადი გზავნილები რუსეთიდან. თუ წინა წელს იყო 82 მილიონი დოლარი, ახლა ეს თანხა ჩამოვიდა 43 მილიონზე და, ფაქტობრივად, რუსეთიდან ფულადი გზავნილები განახევრებულია.
ამას ემატება ისიც, რომ საქართველოდან ფულადი გზავნილების მოცულობა რუსეთის ფედერაციაში თითქმის გაორმაგდა. ე.ი. ნაკლები ფული კი შემოდის საქართველოში, მაგრამ აქედან მეტი თანხა იგზავნება რუსეთში. ნაწილობრივ ეს რუსული კომპანიების მოღვაწეობით აიხსნება ჩვენს ქვეყანაში. გარდა ამისა, ჩვენი მოქალაქეები რუსეთში მარტო სამუშაოდ არ მიდიან, არამედ- სასწავლებლად, სხვა მიზნებითაც. ამიტომ მათ საქართველოდან გაგზავნილი თანხები სჭირდებათ.
„რუსული ოფიციალური წყაროების მიხედვით, იანვრის განვლილ პერიოდში რუსეთის ფედერაციაში შესულ შრომით მიგრანტთა რაოდებობა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 70%-ით შემცირდა, შრომითი მიგრანტების გასვლა სხვა ქვეყნებში გაიზარდა. ეს ჩვეულებრივი ეკონომიკური კანონზომიერი მოვლენაა და აქ გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რომ არა დრამატული მოვლენები, როცა ჩვენი ბევრი ოჯახი დამოკიდებულია რუსეთიდან გზავნილებზე. იმ ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, რაც რუსულ რუბლს ბოლო დროს დაემართა და რაც უკავშირდება ნავთობზე ფასის შემცირებას, აღმოჩნდა, რომ თითო დოლარით ბარელი ნავთობის გაიაფაება იწვევს იმას, რომ რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა, თვეებზე გაანგარიშებით, მცირდება 6 მილიონი დოლარით. თუ ათვლის წერტილად ავიღებთ 114 დოლარს, ანუ როცა ნავთობმა გაიაფება დაიწყო და დღეს უკვე 50-ზეა ჩამოსული, ჩვენ შეგვიძლია გავიანგარიშოთ, რამდენი დააკლდება საქართველოს ფულადი გზავნილების სახით რუსეთიდან - სადღაც 350-დან 400 მილიონ დოლარამადე ნაკლები თანხა შემოვა. ეს საკმაოდ მაღალი ციფრია. ფაქტობრივად, ეს არის საქართველოში განხორციელებული უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოცულობის 40-45 %“, - აცხადებს იოსებ არჩვაძე.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ევროკავშირის და აშშ-ის ე.წ. პრესისტული პოლიტიკა რუსულ ეკონომიკას ძალზე აზარალებს და მისი ავადობის ხარისხის ერთ-ერთი მთავარი გამოხატულება სწორედ რუბლის კურსია, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ამგვარი სერიოზული რისკი ქართულ ეკონომიკაზე კრიზისულ გავლენას ვერ მოახდენს, განსხვავებით, რუსეთისგან. ბუნებრივია, რუსეთი ჩვენი სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ კატასტროფული მასშტაბის გავლენა არ იქნება, რადგან ჩვენ მხოლოდ დაახლოებით 7-დან 10%-მდე ვართ რუსულ ექსპორტზე დამოკიდებულნი.
რაც შეეხება ლოკალურ დონეს, დარგობრივ ჭრილს, ლევან კალანდაძე აღიარებს, რომ ამ კუთხით ზარალი იქნება. მაგალითად, იმავე სოფლის მეურნეობაში (მევენახეობა, ყურძნის წარმოება, ღვინო-მასალების წარმოება და მათი ექსპორტი) იმ კომპანიებს გაუჭირდებათ, ვისაც რუსული ბაზარი ერთ-ერთ მთავარ საექსპორტო პოტენციალად მიაჩნიათ. ამიტომ თავიდანვე არასწორი იყო აქცენტის გაკეთება რუსეთზე, როგორც მთავარ სავაჭრო პარტნიორზე.
„ხოლო იმ კომპანიებისთვის, რომლებმაც რუსეთი ერთ-ერთ რიგით სავაჭრო პარტნიორად გაიხადეს და მათი პორტფელი მეტ-ნაკლებად დივერსიფიცირებულია, რუბლის გაუფასურება ნაკლებად დამაზარალებელია. ზოგადად, ეკონომიკური კრიზისი საქართველოში იქნება, რადგან ფულადი გზავნილები მნიშვნელოვნად შემცირდა რუსეთიდან, ეს ნეგატიურად აისახება საქართველოს საგადამხედელო ბალანსზე, რადგან სავალუტო წყაროს შემცირება ნეგატიურად აისახება თავად ქართული ლარის კურსზე. ალკოჰოლურ სასმელებზე მოხმარება რუსეთში შემცირდება, რაც აისახება ქართული კომპანიების შემოსავლებზე. ასე რომ, ვეთანხმები ამ კვლევას, ეს მნიშვნელოვნად დააზარალებს იმ ოჯახებს, რომლებიც რუსეთიდან გზავნილებით ირჩენდნენ თავს და იქნება მნიშვნელოვანი სოციალური სიმძიმის მატების ფაქტორი“.