იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. იური ვაზაგაშვილი დღეს საკუთარი შვილის საფლაზე ააფეთქეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც იური ვაზაგაშვილი მეზობლის დაკრძალვიდან შვილის საფლავზე მივიდა.
აფეთქების შედეგად იური ვაზაგაშვილს დაზიანებები საფეთქელსა და ხელზე აქვს მიღებული. გარდაცვლილის და, მანანა ვაზაგაშვილი კი აცხადებს, რომ მისი ძმა და ძმისშვილი ერთი და იგივე ადამიანებმა მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში აფეთქების ხმა სამჯერ გაიგონეს. იური ვაზაგაშვილი სოფელში მეზობლის დაკრძალვაზე იყო ჩასული.
მათივე ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილს, სოფლის რომელიმე მკვიდრის გარდაცვალებისას, წესად ჰქონდა დაკრძალვამდე რამდენიმე წუთით ადრე, მისი შვილის საფლავზე გადიოდა და განმარტოვდებოდა. სოფლის მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ მისი ამ ჩვეულების შესახებ წინასწარ იცოდნენ და საფლავი დანაღმული იყო. ადგილობრივები ამბობენ, რომ აფეთქება ყვავილების ლარნაკში ჩადებისთანავე მოხდა.
როგორც ვაზაგაშვილების ადვოტაკმა გაგი მოსიაშვილმა for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარება, თუმცა აფეთქებიდან ნახევარი საათის გავლის შემდეგაც სასწრაფო დახმარება შემთხვევის ადგილზე მისული არ იყო.
„როგორც მითხრეს ნახევარი საათი გავიდა და სასწრაფო დახმარება ჯერ არ მისულა. ახლაც ვრეკავთ 112-ში და ჯერ კიდევ არ არის მისული“, - უთხრა for.ge-ს გაგი მოსიაშვილმა.
აფეთქების შესახებ ორი ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით ტერიტორია დანაღმული იყო და აფეთქება ამის შედეგად მოხდა, მეორე ვერსიით, ვაზაგაშვილმა თავი აიფეთქა. ვაზაგაშვილების ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და აცხადებს, რომ საფლავი სავარაუდოდ დანაღმული იყო.
„გამორიცხულია თავია ეფეთქებინა, სავარაუდოდ, საფლავი დანაღმული იყო, რადგან როგორც მითხრეს, ყვავილები დაალაგა თუ არა აფეთქება ზუსტად იმ დროს მოხდა. დარმწუნებული ვარ, იური ვაზაგაშვილი თავს არ აიფეთქებდა. ჩვენ წინა დღეებში გვქონდა საუბარი და დავსახეთ სამომავლო სტრატეგია მისი ვაჟის ზურა ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით. მას ჰქონდა სერიოზული გეგმები სამართლებრივი ბრძოლის კუთხით“, - აცხადებს გაგი მოსიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა. საქმეში აღმოჩენილი ახალ მტკიცებულებები ადვოკატებმა პროკურატურაში წარადგინეს. ვაზაგაშვილების ადვოკატისა და დამოუკიდებელი ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის მტკიცებით, ზურაბ ვაზაგაშვილი ახლოდან ნასროლი ტყვიით არის მოკლული. ამის დასადასტურებლად ოჯახის ადვოკატებმა და დამოუკიდებელმა ექსპერტმა ფოტოსურათები წარმოადგინეს, რომელიც, როგორც მათ განმარტეს, შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გადაიღეს.
„ფოტოები კონფიდენციალურმა წყარომ მოგვაწოდა. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაღებული ფოტოები, თუმცა ის საქმეში გარკვეული მიზეზების გამო არ მოხვდა. ამ სურათებით კი მტკიცდება, რომ ვაზაგაშვილი ახლოდან გასროლით არის მოკლული“, - აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი.
იური ვაზაგაშვილი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ ხელისუფლება მისი შვილის მკვლელებს მფარველობდა. როგორც თავად აღნიშნა, საკამოდ მძიმე საუბარი შედგა მასსა და პროკურორს შორის. იური ვაზაგაშვილმა 15 იანვარს საგანგებო ბრიფინგი გამართა და სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით პრემიერ-მინისტრს მიმართა.
„მივმართავ უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილს, ვინაიდან ყველამ კარგად ვიცით, რომ ჭიკაიძე მფარველობს მკვლელებს. სავსეა შსს-ს იმ ზონდერებით და მკვლელებით, ვინც ეს საშინელება ჩაიდინა. 22 წლის ბიჭი საკონტროლო გასროლით მომიკლეს და მკვლელები თავისუფლად დადიან. დამნაშავეებს მფარველობს ჭიკაიძე. მიუხედავად იმისა, რომ გამოვაქვეყნე მტკიცებულება იმისა, რა კავშირი აქვს მირზოევს ზურას მკვლელობასთან, ის მაინც დააწინაურეს.
მე მქონდა ჭიკაიძესთან შეხვედრა და მიმტკიცებდა, რომ მირზოევი 150 მეტრში იდგა კორტების სპეცოპერაციის დროს. იქვე იყო დალაქიშვილიც, რომელიც ახლა მაღალი თანამდებობის პირია. როგორ შეიძლებოდა იმ ხალხის გვერდზე დაყენება? როცა სჭირდებოდათ ჩემი ოჯახის ტრაგედიას იყენებდნენ ხელისუფლებაში მოსასვლელად და ახლა ჩუმად არიან.
ნაციონალებზე უარესები არიან. ნაციონალების დროს ვიცოდი, ვინ მყავდა მტერი, ახლა მეგობრებმა მიღალატეს. როგორ არ უნდა ვიყო ცუდად. ეს უფრო მძიმეა ჩემთვის. ამას არ გაპატიებთ, კანცელარიასთანაც შევიკრიბებით, პარლამენტთანაც და ყოფილ პრემიერსაც მივადგებით“, - აცხადებდა იური ვაზაგაშვილი.