ქობულეთში, კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვიცკის მიერ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის სკოლა-პანსიონის გახსნას საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა: ნაწილი თვლის, რომ პანსიონი დადებით შედეგებს გამოიღებს და ქობულეთში მზრუნველობამოკლებული ბავშვების რაოდენობას შეამცირებს. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პანსიონის გახსნა დაუშვებელია, რადგან სასტიკად ეწინააღმდეგება ბავშვთა უფლებების კონვენციაზე დაფუძნებულ სახელმწიფო პოლიტიკას. მოკლედ, ერთ მხარეს ოფიციალური მილიარდერი ჩერნოვიცკია, მეორე მხარეს კი, - სახელმწიფო, კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული სოციალური მომსახურების სააგენტო, სახალხო დამცველი, საერთაშორისო ორგანიზაციები: “იუნისეფი”, გაერო-ს ბავშვთა ფონდი, “იუესაიდი” და სხვა. ჯანდაცვის სამინისტროს მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის, მარი წერეთლის თქმით, ქობულეთის პანსიონის გახსნა უკანონოა, რადგან სახელმწიფოს მიერ დადგენილ ნორმებსა და სტანდარტებს ეწინააღმდეგება.
“სახელმწიფოს პოლიტიკა ოჯახების გაძლიერებას გულისხმობს. სახელმწიფოს მზრუნველობაში - საოჯახო ტიპის სახლებსა და მინდობით აღზრდაში, რაც შეიძლება, ნაკლები ოჯახი უნდა იყოს. ჩვენი სამოქმედო გეგმა გვეუბნება, რომ უნდა მოხდეს დიდი ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაცია, რადგან ძალადობის ერთ-ერთი კერაა, სადაც არ არსებობს ბავშვისადმი ინდივიდუალური მიდგომა. მთელი პოლიტიკა იქითკენ მიდის, რომ ბავშვები ოჯახთან მიახლოებულ გარემოში გვყავდეს. ქობულეთის ახლადგახსნილი პანსიონი კი, ამ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს”, - აცხადებს წერეთელი.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი აღიზარდოს ოჯახურ გარემოში, ბიოლოგიურ მშობლებთან ერთად, რისთვისაც სოციალური სააგენტო ყველაფერს აკეთებს.
მარი წერეთელი: “როცა ოჯახი ცდილობს, რომ ბავშვი სახელმწიფოს გადასცეს, მუშაობას ვიწყებთ, რომ ბავშვის ბავშვთა სახლში ჩაბარება გადავარწმუნოთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვთა სახლში ბავშვს პლაზმური ტელევიზორი, კომპიუტერი და ლამაზად შეღებილი კედლები აქვს, მაინც ბიოლოგიურ მშობლებთან ყოფნა ურჩევნია. თუ ასეთ ბავშვებს ოჯახებს გამოვგლეჯთ და მზრუნველობამოკლებულებს დავარქმევთ, არასწორი იქნება.
- ქობულეთის პანსიონში ასეთი მდგომარეობაა?
- ქობულეთის სკოლა-პანსიონის მიერ შექმნილი სტატისტიკა მზრუნველობამოკლებული ბავშვების შესახებ სიმართლეს არ შეეფერება და გაზვიადებულია. ქობულეთის პანსიონის დირექტორს, გიორგი ქვრივიშვილს თბილისში მცირე ზომის საოჯახო ტიპის სახლი აქვს და მშვენივრად იცის სახელმწიფოს პოლიტიკის შესახებ, რომელიც დიდი ზომის ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზმს გულისხმობს.
- ქობულეთის პანსიონში ამ ეტაპზე, როგორც ვიცი, 15 აღსაზრდელია. რა უნდა გააკეთოს პანსიონის დირექტორმა, რომ მისი საქმიანობა კანონის ფარგლებში მოექცეს?
- უმჯობესი იქნება, თუ ქობულეთის სკოლა-პანსიონის დირექტორი მის რესურსებს მცირე ზომის საოჯახო ტიპის სახლებზე დახარჯავს. მათ ფონდს მსგავსი ტიპის სახლი თბილისში აქვს გახსნილი და კარგად იციან, თუ როგორია ასეთი სახლების სპეციფიკა.
- თუკი ბატონი გიორგისთვის სახელმწიფოს პოლიტიკა ცნობილი იყო, ისეთი ბავშვთა სახლი, რომელსაც სახელმწიფო უკანონოდ მიიჩნევს, რატომღა გახსნა?
- მსგავსი პანსიონის გახსნა კანონმდებლობაში არსებულმა ხარვეზებმა განაპირობა, მაგრამ უახლოეს მომავალში ეს ხარვეზი გამოსწორდება. ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს სამოქმედო გეგმაზე, რომ მსგავსი პრეცედენტი აღარ განმეორდეს, არსებული უკანონო დაწესებულებები კი, რეგულაციებში მოექცნენ.
“ქართული სიტყვა” გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ქობულეთის ბავშვთა პანსიონის დირექტორ გიორგი ქვრივიშვილსაც დაუკავშირდა. ქვრივიშვილი არ იზიარებს სოციალური მომსახურების დეპარტამენტის უფროსის, მარი წერეთლის მოსაზრებას, რომ პანსიონატის საქმიანობა უკანონოა:
- სოციალური მომსახურების სააგენტო და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები პანსიონატს იმიტომ ეწინააღმდეგებიან, რომ ჩვენში კონკურენტს ხედავენ. ისინი არაკომპეტენტურები არიან, მითებით ცხოვრობენ და რეალურ პრობლემებს არ აღიარებენ. გამოვიდნენ თავიანთი ოფისებიდან და ნახონ, თუ რა მდგომარეობაა მაღალმთიან აჭარაში: უამრავი ბავშვია, რომელსაც სოციალურად დაუცველის სტატუსიც კი არ აქვს მინიჭებული. სოციალურმა მუშაკებმა მათი არსებობის შესახებაც კი არ იციან. ჩვენ დაფინანსებას არ ვითხოვთ. ქობულეთში მყოფი ბავშვების შესანახად ჯანმრთელობის სამინისტრო თანხას არ გვაძლევს - ფონდი ყველაფერს თავისი სახსრებით აკეთებს. ჩვენ მხოლოდ ერთი თხოვნა გვაქვს. თუ დახმარებას არ აპირებენ, ხელს მაინც ნუ შეგვიშლიან! ამაზე უამრავი ბავშვის ბედია დამოკიდებული. - რამდენი უჯდება პანსიონს ერთი ბავშვის შენახვა? - თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს პანსიონს სამჯერ უფრო უკეთესი პირობების შეთავაზება შეუძლია მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის, ვიდრე ეს ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებითაა გაწერილი. საუკეთესო პედაგოგები და ფსიქოლოგები გვყავს. ბავშვები ჩართულნი არიან კულტურულ და სპორტულ აქტივობებში. დადიან ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში და ისეთივე მოზარდები არიან, როგორც მათი გარშემომყოფები. მიგვაჩნია, რომ საჯარო სკოლა ძალიან მნიშვნელოვანია მათი ინტეგრაციისთვის. პანსიონატის აღსაზრდელებს აქვთ პერსონალური კომპიუტერები, ტანსაცმელი, პირადი ჰიგიენის ნივთები, წიგნები და, საერთოდ, ყველაფერი, რაც მათი განვითარებისთვისაა საჭირო. ამ ეტაპზე პანსიონში 7-დან 12 წლამდე ასაკის 13 აღსაზრდელი ირიცხება. ისინი ორ სადღეღამისო ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. პანსიონი, მაქსიმუმ, 50 ბავშვზეა გათვლილი...
თითო ბავშვზე, ყოველთვიურად, 500 ლარი იხარჯება. დღიურად კი, - დაახლოებით, 17 ლარი. აღსანიშნავია, რომ ეს თანხა მხოლოდ ბავშვის კეთილდღეობას ხმარდება და აქ არ შედის იჯარა, კომუნალური გადასახადები და პანსიონატში დასაქმებული თანამშრომლების ხელფასი.
- იმ შემთხვევაში, თუკი პანსიონატის გაუქმების საკითხი დადგება, რას გააკეთებთ?
- თუ ჩვენს საქმიანობას საფრთხე შეექმნება, სასამართლოს მივმართავთ და იქამდე არ გავჩერდებით, ვიდრე სამართალი არ იზეიმებს. ჩვენს საქმიანობაში უკანონო არაფერია. მსგავსი პანსიონატები ევროპის ყველაზე განვითარებულ სახელმწიფოებშიც - იტალიაში, ესპანეთში, შვეიცარიაში და სხვა ქვეყნებშიც არსებობს. ჩვენს უკან ოჯახები დგანან და თუ საჭირო გახდა, აუცილებლად ვიბრძოლებთ.
- ხომ არ აპირებთ, ჯანდაცვის სამინისტროს სთხოვოთ, რომ პანსიონის საკითხს გადახედოს?
- სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტრო დიდ გაუგებრობაშია. მინისტრს არასწორად უსახავენ რეალობას და უმალავენ ფაქტებს. სოციალური მომსახურების სფეროში განხორციელებული რეფორმები დღევანდელი ქართული რეალობიდან ძალიან შორსაა. ყველაფერი მითი, თვალებში ნაცრის შეყრაა. ადრე თუ გვიან, მოსახლეობა მიხვდება, რომ ეს რეფორმა წარუმატებელი იყო. ჩვენ კი, იმედს არ ვკარგავთ. ახალი წელი დაიწყო და მხოლოდ კარგზე ვფიქრობთ.
- ახალ წელს სტუმრები გყავდათ?
- ახალი წლის პირველი და ამ დრომდე ერთადერთი სტუმარი ქობულეთის გამგებელი, სულხან ევგენიძე იყო, პატრიოტი კაცია და საქმის ვითარება ესმის. ბავშვებს საჩუქრებიც მოუტანა...
- საინტერესოა: პანსიონატის არსებობას მთავრობა უკანონოდ მიიჩნევს, მთავრობის წარმომადგენლები კი, გსტუმრობენ!
- (იცინის) საუბარი საით მიგყავთ?.. მართალია, ხელისუფლება ჩვენს არსებობას ეწინააღმდეგება, მაგრამ ჩვენს გამგებელს ჩვენი მდგომარეობა ესმის და ეს ძალიან კარგია.
იმის გასარკვევად, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ქობულეთის სკოლა-პანსიონს დარღვევები, “ქართული სიტყვა” სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული საქმე ომბუდსმენს უკვე შესწავლილი აქვს. სახალხო დამცველი ეჭვქვეშ აყენებს პანსიონის კანონიერებას და მის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.
“დაწესებულება, დღევანდელი მდგომარეობით, არც სკოლა-პანსიონია და არც - მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი. შესაბამისად, დაწესებულების ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. აღნიშნული ბავშვთა სახლის გახსნა ეწინააღმდეგება სახელმწიფო პოლიტიკას ბავშვზე ზრუნვის სფეროში, რაც გულისხმობს სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნების ოჯახურ გარემოში აღზრდის უზრუნველყოფას და დიდი ზომის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების გაუქმებას. დაწესებულებას ჰყავს 4 აღმზრდელი, რომლებთანაც დადებულია 3-თვიანი ხელშეკრულებები გამოსაცდელი ვადით. სააღმზრდელო დაწესებულებაში არ ჰყავთ ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი”, - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ 2014 წლის 31 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
41 წლის თათია ყოფილი სოციალური მუშაკია - 4 წელი მზრუნველობამოკლებული ბავშვების მონიტორინგს აწარმოებდა. დღეს თათია ღიად საუბრობს სოციალური მომსახურების სფეროში არსებულ პრობლემებზე და ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მთავრობამ აღნიშნულ საკითხს მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ:
“მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად ჩვენივე რესურსებით გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლება, ვიდრე კეთდება. ვფიქრობ, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, 10 ბავშვზე გათვლილი მცირე საოჯახო ტიპის სახლის არსებობა არაეფექტურია, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. მცირე საოჯახო ტიპის სახლები კარგი იმ შემთხვევაშია, თუ მათი რაოდენობა ქვეყანაში მცხოვრები მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის საკმარისი იქნება, მაგრამ განა, რამდენი 10-კაციანი სახლი უნდა ავაშენოთ, როცა ამდენი მზრუნველობამოკლებული ბავშვი გვყავს? ეს კოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული.
ჩემი აზრით, რაც მეტი მზრუნველობამოკლებული ბავშვი იქნება ჩვენს ქვეყანაში, არასამთავრობო ორგანიზაციებს უფრო მეტი დაფინანსება ექნებათ. ამიტომ, პრობლემის გადაჭრა ბევრს არ აწყობს. არასამთავრობოებს სოციალური მომსახურების სფეროს მონოპოლისტობა სურთ. მაზნიაშვილის სახელობის მსგავსი პანსიონატები კი კი, უნებლიე კონკურენციას ქმნიან.”
მტყუან-მართალს, ალბათ, შესაბამისი ორგანოები გარკვევენ. მთავარია, ქვეყანაში მზრუნველობამოკლებული ბავშვების რაოდენობა შემცირდეს. ძლიერი და წარმატებული ოჯახების რაოდენობა კი, გაიზარდოს. სიდუხჭირის მიუხედავად, მშობლებმა შვილებზე უარი არასდროს უნდა თქვან!