საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ  უკანონო ფორმირებებში მონაწილეობა დასჯადი იქნება

საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ უკანონო ფორმირებებში მონაწილეობა დასჯადი იქნება

საზღვარგარეთ უკანონო ფორმირებაში მონაწილეობა, წვრთნა ან მოწოდება თავისუფლების აღკვეთით დასჯადი ქმედება იქნება. შსს-ს მიერ სისხლის სამართლის კოდექსში ინიცირებული შესაბამისი ცვლილება, უკანონო ფორმირებებში მონაწილეობის შემთხვევაში ეხება როგორც სირიასა და ერაყში, ისე უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებს. მთავრობამ საკანონმდებლო ინიციატივა უკვე გააგზავნა პარლამენტში.

კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსში შედის ახალი, 312-ე პრიმა მუხლი, სადაც წერია, რომ უკანონო ფორმირებაში საზღვარგარეთ მონაწილეობა ან ამგვარი მონაწილეობისთვის წვრთნა ან მოწოდება იქნება დასჯადი თავისუფლების აღკვეთით.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, არ შეიძლება, სახელმწიფო ამ ტიპის გადინებისადმი ტოლერანტული იყოს. მისი თქმით, იგივე პრობლემა უფრო დიდი მასშტაბით უდგას გერმანიას, საფრანგეთს.

„მაგალითად, ფრანგი მოქალაქეები ჯალათებად გვევლინებიან, ვინაიდან მიდის ახალგაზრდებისთვის ტვინის რეცხვა, ხდება მისი რელიგიური რადიკალიზაცია და ა.შ. წელიწადნახევრის წინ ვიმყოფებოდი პანკისში, სადაც შევხვდი უხუცესებს და ადგილობრივ მოსახლეობას, რომელთაც წუხილი გამოთქვეს, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა ცდუნებას წამოეგება და ტერორიზმით ინტერესდება. ამიტომ, ჩვენ ამაზე ღიად საუბარი დავიწყეთ, საფრანგეთში მომხდარ ტერაქტამდე ბევრად ადრე, 18 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე“, - აცხადებს თეა წულუკიანი.

კითხვაზე უკრაინის თემაც შეიძლება თუ არა მოექცეს ამ კანონის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრის განცხადებით, თუ ფორმირება უკანონოა, რა თქმა უნდა მოექცევა კანონის ფარგლებში.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე თვლის, რომ კანონმდებლობაში განსასაზღვრია ის დანაშაული, რომელიც ტერორისტულ ქვედანაყოფებში მონაწილეობას გულისხმობს. მისივე თქმით, ჩვენი კანონმდებლობის პრობლემაც სწორედ ის არის, რომ არ არის ზუსტი ფორმულირებები, რაც განსხვავებული ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა.

„თუ ასეთი კანონქვემდებარე აქტი შემუშავედება, ზუსტად უნდა ჩაიწეროს კონკრეტულად რა იგულისხმება. მაგალითად იგივე სირიაში, ასევე აღმოსავლეთ უკრაინაში ტერორისტების გვერდით დგომა კანონით უნდა ისჯებოდეს. იცით, რომ უკრაინაში კანონერ შეიარაღებულ ფორმირებაში იბრძვიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არ შეიძლება უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებად იქნენ აღიარებული.

უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებაში მონაწილე პირების დასაკავებლად უნდა შეიქმნას მყარი საფუძველი და ამავე დროს არ მოხდეს კანონიერ სამხდერო ფრომირებაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიმართ დევნა, რომლებიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში იღებენ მონაწილებას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ არაფორმალურ ფორმირებებზე საუბარი ბუნდოვანია და ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

„საუბარი არაფორმალურ ფორმირებაზე ძალიან ბუნდოვანია და ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ლაპარაკი უნდა იყოს ტერორისტულ ორგანიზაციებად ცნობილ ჯგუფებზე, რომლებიც საერთაშორისო დონეზე არიან გამოცხადებული ასეთებად. ხელისუფლებას სირიაში მებრძოლები ნაკლებად ადარდებს. უბრალოდ, ხელისუფლება იმდენად არის ატანილი სააკაშვილის და მისი მომხრეების ზიზღით, რომ მზად არის, ყველაფერზე წავიდეს“, - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.

უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აზუსტებს, რომ დასჯადი იქნება მხოლოდ იმ ჯგუფის წევრობა და თანამშრომლობა, რაც უკანონო ფორმირებად ითვლება და აქ არ იგულისხმება უკრაინის სახელმწიფო არმიის რიგებში ბრძოლა. მისი თქმით, ამ საკითხების უკრაინასთან მიბმა და აჟიოტაჟი „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეული სტილია.

„ლაპარაკია უკანონო ფორმირების, ტერორისტული ორგანიზაციების წევრობაზე. საქართველოში კანონმდებლობა არ განსაზღვრავდა ასეთი აქტივობისათვის პასუხისმგებლობას და ეს სფერო კანონით დაფარული არ იყო. ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესი, დაპირისპირება, ტერორისტული ორგანიზაციების გააქტიურება იმის აუცილებლობას იწვევს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს თავისი კანონმდებლობა ჰქონდეს“, - აცხადებს გია ვოლსკი.

სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიის გარეთ შეიარაღებული კონფლიქტში მონაწილეობის მიღების საკითხი დღეს არ წარმოქმნილა, ეს მუდმივად იყო. თუმცა, ეს არ იყო აფიშირებული. მისი თქმით, იგივე ჩეჩნეთის პირველი ომის დროს პანკისის ხეობიდან მიდიოდა ხალხი საბრძოლველად. სირიაში და ერაყში ისლამური სახელმწიფოს მხარეს მებრძოლების საომრად წასვლის პროცესი დაახლოებით ორი წლის წინ დაიწყო. მაგრამ ეს თემა აქტუალური უკრაინის კონფლიქტში ქართველების მონაწილეობის შემდეგ გახდა, რადგან პროცესში პოლიტიკური მხარე ჩაერთო.

„სირიასა და ერაყში წასვლის მოტივაცია წმინდა რადიკალური ისლამიზმია. უკრაინის შემთხვევაში მოტივაცია არის ის, რომ მათ მიაჩნიათ ისინი საქართველოს საერთო მტერს ებრძვიან უკრაინელებთან ერთად. ორივე შემთხვევაში არის მოტივაცია, მაგრამ იქ არიან საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც პრორუსი სეპარატისტების მხარეს იბრძვიან. თუმცა, არ გამოვრიცახავ, რომ სამივე შემთხვევაში იყოს ფულადი დაინტერესება.

სირიაშიც და უკრაინაში წასული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა დიდი არაა, საუბარია რამდენიმე ათეულზე, თუმცა არის იმის საშიშროება, რომ ეს რიცხვი გაიზარდოს. ამიტომ, ეს პროცესი კანონმა უნდა არეგულიროს. თუმცა, ბოლომდე რეგულირება შეუძლებელია, რადგან იგივე პრობლემა აქვს ევროკვაშირსაც. ევროკავშირის წარმომადგენელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან 2-3 ათასი მოქალაქე იმყოფება ახლა სირიაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.

მისივე თქმით, თუ კანონში ჩაიწერა უკანონო შეიარაღებული დაჯგუფება, ეს ბევრ რამეს აკონკრეტებს.

„უკრაინის ხელისუფლების მხარეს მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები ძირითადად გაერთიანებული არიან „აიდარის“, „დონბასისა“ და „აზოვის“ ბატალიონში. ეს ბატალიონები როგორც ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონები, შედიან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში და მას ვერ დაარქმევ უკანონოს. თუმცა, სეპარატისტების მხარეს მებრძოლი ქართველები, ისევე როგორც სირიასა და ერაყში ან რომელიმე ისლამურ სახელმწიფოში, რა თქმა უნდა, უკანონო ფორმირებებია“, - აცხადებს ირაკლი ალადაშვილი.