ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის განცხადებით, ჩეჩნეთის მთავრობა რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩნეთის გავლით რკინიგზის მშენებლობის გეგმასაც განიხილავს. ამ საკითხზე კადიროვმა იმ კითხვის პასუხად ისაუბრა, რომელიც ითუმ-ყალედან საქართველოში საავტომობილო გზის მშენებლობის პერსპექტივებს უკავშირდება. კადიროვის განცხადებით, მანამდე სატრანსპორტო მაგისტრალების მშენებლობას ხელს მიხეილ სააკაშვილის პიროვნება უშლიდა.
ჩეჩნეთის ლიდრის განცხადების საპასუხოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა ემსახურებოდეს ქართული სახელმწიფოს ინტერესს. როგორც თამარ ბერუჩაშვილი აცხადებს, თუ ამ თემაზე იქნება მოლაპარაკება, ეს იქნება განხილვის საგანი და ამის თაობაზე საზოგადოება გაიგებს.
რას ემსახურება კადიროვის განცხადება და რატომ გახდა რუსეთის მორიგი სამიზნე კახეთის რეგიონი, ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge „სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში“ ხელმძღვანელს, შორენა ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
ჩეჩნეთის ლიდერის განცხადების საპაუხოდ, როგორ შეიძლება შეფასდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ ნებისმიერი პროექტი უნდა ემსახურებოდეს ქართულ სახელმწიფოს? ცნობილია, რომ კადიროვი აჟღერებს იმ განცხადებას, რომელიც შედის რუსეთის ინტერესებში...
- მინისტრის განცხადება, ალბათ, გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტილებას მიიღებს იქიდან გამომდინარე, თუ რა ინტერესები აქვს ქვეყანას. რაც შეეხება კადიროვს, ჩვენ კარგად ვიცით რა დირექტივებს ასრულებს და საერთოდ რა პოლიტიკური ფიგურაა. მინისტრის განცხადება უფრო იმას უნდა ნიშნავდეს, რომ პუტინი და კადიროვი რასაც იტყვიან, არ ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ასე მოიქცევა. მე იმედი მაქვს, რომ ბერუჩაშვილმა სწორედ ამ აქცენტებით გააკეთა ეს განცხადება.
უსაფრთხოების კუთხით რამდენად სახიფათოა რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩნეთის გავლით რკინიგზის მშენებლობა, იმ ფონზე, როდესაც დაღესტნის მონაკვეთზე საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს გზის მშნებლობა?
– როგორც უსაფრთხოების კუთხით, ასევე ინფრასტრუქურულად და ეკონომიკურად კატასტროფულია ეს ბმა რუსეთზე. წარმოუდგენლად მეჩვენება ამ გართულებული ურთიერთობისა და უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე, საქართველომ იფიქროს რუსეთთან ასეთი ტიპის დაკავშირებაზე. ეს პროექტი პირიქით, საქართველოს დამოუკიდებლობისა და მისი სუვერენიტეტის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ არ დაუშვას ეს პროცესი? ხელისუფლების მხრიდან რეაგირება ნაკლებად ჩანს იგივე დაღესტნის მიმართულებით საავტომობილო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელსაც მოჰყვა კახეთის რეგიონში პასპორტების დარიგება...
– საქართველოს ხელისუფლებამ გარკვევით და ძალიან პირდაპირ უნდა თქვას, რომ ასეთი ტიპის პროექტების მხარდაჭერისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს და არ ჩაერთვება მასში. ეს ორაზროვანი განცხადებები რასაკვირველია გვიტოვეებს ეჭვების საფუძველს. ნათლად და პირდაპირ თუ არ დააფიქსირა ხელისუფლებამ თავისი პოზიცია, ხვალ კადიროვი სხვა გზას შემოგვთავაზებს რუსეთთან დასაკავშირებლად. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლებამ ბუნდოვანი განცხადებებით არ უნდა შეუწყოს ხელი ახალი ეჭვების გაჩენას.
ხელისუფლებამ უნდა გაუძლოს იმ ზეწოლას რაც მოდის რუსეთის მხრიდან და მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე, ასეთი პროექტები არ შედგება და ამით დასრულდება ყველაფერი. თუმცა, პრობლემაც ისაა, რომ ხშირად ხელისუფლება ვერ იღებს სწრაფად გადაწყვეტილებას, რომ ჩანდეს რას უნდა ველოდეთ მისგან. შესაძლოა, ამას ამართლებდეს ის მუდმივი ზეწოლა, რომელიც რეალურად არის რუსეთის მხრიდან.
ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ არაფორმალური მმართველობის გამო, მინისტრებს უჭირთ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ეს რამდენად აზიანებს ქვეყნის უსაფრთხოებას?
– მგონია, რომ ცოტა უფრო ღრმა ფესევები აქვს ამ გადაწყვეტილების ვერმიღებას, ვიდრე არაფორმალური მმართველობა. სამწუხაროდ, საქართველოში მმართველობის ასეთი სისტემა უკვე, რამდენიმე წელია არსებობს, კოლექტიური გადაწყვეტილებები არც სააკაშვილის რეჟიმის დროს მიიღებოდა და იგივე გრძელდება დღესაც. პრობლემა სწორედ ეს არის, რომ ეს ტრადიცია ნარჩუნდება და სისტემის ცვლილებაზე არავინ ლაპარაკობს.
რაც შეეხება კითვას, რატომ ვერ იღებენ მინისტრები გადაწყვეტილებას, პასუხი ძალიან მარტივია - არავინ არ გრძობს თავს იმდენად ძლიერად. ვგულისხმობ იმას, რომ შეიძლება ინიციატივა იყოს დასჯადი, შეიძლება თავი გამოიჩინო, მაგრამ ხვალ არანაირი გარანტია არ გაქვს, რომ ამის გამო არ მოგხსნიან, შარს არ მოგდებენ და რაღაცა კაბელების მსგავს საქმეს არ ამოაგდებენ. მე მესმის კიდეც ამ ხალხის, ვერ აკეთებენ იმიტომ, რომ არასოდეს არ იციან რა ელით.
ეს კონკრეტული პირის დანაშაული არაა. ეს არის მმართველობის ის სისტემა, რომელიც წლებია საქართველოში არის და ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, რომ ეს საკითხი გადაეწყვიტა. ძირეულ პრობლემებთან გვაქვს საქმე, რომელიც არ უკავშირდება არც რუსეთს და არც ივანიშვილს. ეს არის სიტემა, რომელიც უნდა შეიცვალოს. ეს არის სისტემა, რომელიც არის დეგრადირებული, არადემოკრატიული, ცენტრალიზებული და არავინ იცის საერთოდ, ვინ იღებს გადაწყვეტილებას. შეიძლება ვერც ვერავინ იღებს გადაწყვეტილებას და სწორედ ამიტომ არის, რომ წინ ვერ მივდივართ.
მეორე პრობელმა არის ის, რომ ხელისუფლებაში პასუხისმგებლობის გადანაწილება არ ხდება. იმის ნაცვლად, რომ პრემიერმა მინისტრებად დაინიშნოს ისეთი ხალხი, რომლებიც იქნებიან გადაწყვეტილების მიმღები, იქნებიან სახე და იგივე საერთაშორისო მიმართულებით ექნებათ ლაპარაკის შესაძლებლობა, კარგი კონტაქტები, პირიქით ხდება, ნიშნავენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც თავად პრემიერმა უნდა დააძვრინოს შექმნილი რთული ვითარებიდან.
ამის მაგალითია თავდაცვის სამინისტროს გარშემო განვითარებული მოვლენები, რითაც დასტურდება, რომ პრობლემა გვაქვს მმართველობასთან. ფაქტია, რომ საქმე არ გვაქვს დემოკრატიასთან და ეფექტურ მმართველობასთან. ისევ მივდივართ სისტემის პრობლემასთან და სწორედ ამაზე უნდა მოხდეს აქცენტირება. მხოლოდ სისტემის ცვლილება, პასუხისმგებლობის გადანაწილება, წახალისება, დემოკრატული გადაწყვეტილებების მიღება შეუწყობს ხელს მთავრობის წინსვლას.
დავუბრუნდეთ კადიროვის განცხადებას, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, თუ ამ თემაზე იქნება მოლაპარაკება, ეს იქნება განხილვის საგანი. რამდენად სწორია ამ თემის გარშემო მსჯელობა და მოლაპარაკება, და საერთოდ, ვისთან უნდა გაიმართოს მოლაპარაკება, კადიროვთან?
– ძალიან არაინფორმატიულია ეს განცხადება. ისევ მინისტრს უნდა დავუსვათ კითხვა, ვისთან გულისხმობს მოლაპარაკებას, პუტინთან თუ ვიღაცა სხვასთან. ძალიან ორაზროვანი განცხადებაა. ვერ წარმომიდგენია მოლაპარაკება ისეთ არადემოკრატ ლიდერებთან როგორც კადიროვია. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება აცნობიერებს ამ საფრთხეებს.
რა ახსნა შეიძლება მოვუძებნოთ იმ ფაქტს, რომ რუსეთის მორიგი სამიზნე ხდება კახეთის მიმართულება, დაღესტნის საზღვარი?
– აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, ჯავახეთში თავისი ფესვების გამოჩენა, ახლა კახეთის რეგიონი... პუტინი შეიძლება დარწმუნებულია, რომ რადგან ჩრდილოეთ კავკასიაში ჰყავს კადიროვი, შეიძლება ეს „ინტერვეცია“ წარმატებული გამოდგეს. ანუ, კიდევ ერთი გზა საქართველოზე გავლენის მოსახდელად. რუსეთის მხრიდან სახეზეა გარკვეულ მარწუხებში საქართველოს მოქცევა. იმედი მაქვს, რომ ეს მცდელობა არ გამოუვა ისევე, როგორც ჯავახეთში არ გამოუვა თავისი გეგმების განხორციელება.
რუსეთი ცდილობს კახეთიდან და ჩრდილო აღმოსავლეთიდან მოხდეს საქართველოში შემოსვლა და თავისი დასაყრდენის მოპოვება, რადგან ინტელექტუალურ და საზოგადოების გარკვეულ ფენებში, რომლებსაც საზოგადოებაზე გარკვეული გავლენა აქვს, ვერ მოახდინა გავლენა. ამიტომ, ახლა ამ კუთხით ცდილობს გავლენის მოპოვებას, სარგებლის მიღებას და ძლიერი დასაყრდენს მოძიებას.
ძლიერი დასაყრდენი არ არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ღიად აფიქსირებენ რუსეთის მხარდაჭერას, თუნდაც ნინო ბურჯანაძე?
– რასაკვირევლია არის დასაყრდენი, მაგრამ ეს მაინც მარგინალური ჯგუფებია და არც ისე დიდი გავლენის მქონე ქართულ საზოგადოებაზე. მე მგონია, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ბურჯანაძეს აღარ აღიქვამს როგორც ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალას და ეჭვი მაქვს, რომ მას მომავალი ჰქონდეს ქართულ პოლიტიკურ ველზე. ძალიან ბვერია დამოკიდებული მთავრობის პოზიციაზე, როგორ იმოქმედებს, რა პოლიტიკას გააგრძელებს.
მთავარია, რამდენად გაბედული იქნება საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მიმართებაში, რომ დიპლომატიური, მაგრამ ძალიან მკვეთრი განცხადებები და მესიჯები გააკეთოს, რომ არ წავა რუსეთთან ასეთი ტიპის მოლაპარაკებებზე, რომელიც დღეს ნამდვილად დამაზიანებელია საქართველოს შიდა პოლიტიკური სტაბილურობისთვის და ევროატლანტიკურ სივრცეში დაახლოებისა და ინტეგრირების კუთხით. ასე რომ, რომ კახეთის პროექტიც ერთ–ერთი დასაყრდენის ძიებაა რუსეთის მხრიდან, რაც ჩვენ არ უნდა დავუშვათ.