საყდრისის შემდეგ სოფელი დმანისი. ოქროს მომპოვებელ კომპანიას ქვემო ქართლში კაზრეთის გარდა დმანისშიც უპირისპირდებიან. თუ საყდრისი-ყაჩაღიანის უბანზე ძირითად პრობლემად კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფა სახელდება, დმანისის მცხოვრებლებისთვის ნომერი პირველი პრობლემა ეკოლოგიაა.
„ჩვენს სოფელში ყველა მეორე ადამიანი უკვე დაავადებულია, მოგვცენ საშუალება, ვისუნთქოთ“,- სოფელ დიდი დმანისის მოსახლეობა კომპანია RMG-ის საქმიანობით მიყენებულ ზარალზე საუბრობს და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. სოფლის დაახლოებით 70 მცხოვრები აბულმუქის ტერიტორიაზე შეიკრიბა და საპროტესტო აქცია გამართა.
„მტვრის ყვითელი კორიანტელი მოდის, სარეცხი რომ გვაქვს გაფენილი, მშრალი უფრო ჭუჭიანი შეგვაქვს სახლში. ყოველ აფეთქებაზე ბზარები უჩნდება სახლებს. ბევრ სახლს უკვე ნაპრალები აქვს. მალე სახურავებიც დაგვემხობა თავზე. კომპანიაში გაიგეს, დღეს აქციას რომ ვაპირებდით და ყველა ტექნიკა გააჩერეს, ნაკლები მტვერი რომ გამოჩენილიყო, მაგრამ მაინც საკმარისზე მეტია მტვერი. თქვენი თვალით ნახეთ, რა დღეში ვართ“,- შემოგვჩივლეს აქციის გასაშუქებლად დმანისში ჩასულ ჟურნალისტებს ადგილობრივებმა. ჩვენ კი საკუთარი თვალით რაც ვნახეთ, ის იყო, რომ დაახლოებით 200 მეტრის მანძილის ფეხით გავლის დროს, ჩვენმა ფეხსაცმელებმა ფერი იცვალა, რადგან მტვრით მთლიანად დაიფარა, ხეებისა და ნარგავების უმეტესობას კი ხმელი ტოტები სცვიოდა.
სოფელ დიდი დმანისის მცხოვრები შუახნის ქალბატონი ნანი მიქელაძე for.ge-სთან საუბრისას აქციაზე მისვლის მიზეზს ასე განმარტავს: „შვილებისთვის სუფთა ჰაერი გვინდა, ცხოვრება გვინდა. საკვების პრობლემა ცალკე გვაქვს, საკუთარ მიწებს ვეღარ მოვიხმართ, რით ვარჩინოთ ოჯახები? კაზრეთელები ამბობენ, ხელფასი გვინდა და კომპანია RMG-იმ მუშაობა არ უნდა შეაჩეროსო, ჩვენ რა ვქნათ, ვინც იქ არ ვმუშაობთ, დავიხოცოთ?! არც მათთან მუშაობა გვინდა, არც მათი არაფერი, მოგვცენ საშუალება, ვიცოცხლოთ“.
მისივე თქმით, ოქროს მოპოვების მიზნით აფეთქებები დასახლებიდან დაახლოებით კილომეტრნახევარში წარმოებს და ოქროს ღია წესით მოპოვება დიდ დმანისს სერიოზულ პრობლემებს უქმნის.
„აფეთქებების დროს დიდი ქვები ცვივა ირგვლივ - ჩვენ კუთვნილ მიწებზე, რომელიც სარჩო საბადებლის წყარო იყო. მოსავალს ვეღარ ვიღებთ, გავაყამირეთ სახნავ-სათესები. ისეთი მტვერი დგას, თოვლის პაპებს ვგავდით, აქ როცა ვმუშაობდით. აქვე დაგვისხეს ციანიდი, რაც ყველაზე საშიშია ჯანმრთელობისთვის“,- გვიყვება ნანი მიქელაძე.
სოფელ დიდ დმანისში დაახლოებით 350 ოჯახი ცხოვრობს, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათგან RMG-ში ძალიან ცოტა თუ არის დასაქმებული, ამიტომ სოფლის მცხოვრებთა უმეტესობა კომპანიისგან მხოლოდ ზიანს იღებს.
„ჩვენ ხეების მოჭრის საშუალებას არ გვაძლევენ, აპატიმრებენ ასეთ ფაქტზე ხალხს. კომპანიის მიერ წარმოებული სამუშაოების და აფეთქებების შედეგად კი ასწლოვანი მუხებია დაგლეჯილი, მათ არავინ სთხოვს პასუხს. მათი ეკოლოგი მიხეილ კვარაცხელია დასკვნაში ასეთ რამეს წერს: ტყე შევამოწმეთ და დაგინდა, რომ აქ გადამფრენი ფრინველები და ცხოველები არ ბინადრობენ და ჩვენი მუშაობა საფრთხეს არ ქმნისო. რატომ მოსახლეობისკენ არ გადმოიხედეს და არ იფიქრეს იმაზე, რამხელა საფრთხეს გვიქმნიან“, - წუხს for.ge-სთან საუბრისას დიდი დმანისის მცხოვრები მურაზი მარტიაშვილი და აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში სოფელში სიკვდილიანობა გაიზარდა.
ეკოლოგიური პრობლემებით გამოწვეულ დაავადებებზე და სიკვდილიანობის მატებაზე ამახვილებს ყურადღებას მისი თანასოფლელი თამაზ ოგნაძეც.
„დიდ დმანისს სხვა სოფლებთან შედარებით საკმაოდ გვქონდა სახნავ-სათესი მიწები. ჩვენი საძოვრები წაიღეს, ტყე მოგვისპეს. ჩვენი მამა-პაპა ამ მიწებით არჩენდა ოჯახებს. ახლა აქ ყველაფერს მტვერი ედება. აბა, ვინ შეჭამს აქ მოყვანილ პროდუქტს, იჭმევა? სოფელში კვირაში 2 გასვენებაა და ჩვენ მტვერს ვაბრალებთ ამას - ვიწამლებით და ვიხოცებით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თამაზ ოგნაძე.
დიდი დმანისის მცხოვრებლების მთავარი მოთხოვნაა კომპანია RMG-იმ ოქროს მოპოვებითი სამუშაოები არა ღია კარიერული წესით, არამედ, დახურულ რეჟიმში აწარმოოს და ამით მოსახლეობა ეკოლოგიური კატასტროფისგან იხსნას.
ადგილობრივები განმარტავენ, რომ ეკოლოგიური თვალსაზრისით პრობლემები სოფელს დღეს არ შექმნია, შესაბამისი პროცესი ჯერ კიდევ 6 წლის წინ დაიწყო და რაც დრო გადის, მეტად მწვავდება. ამ პერიოდში კი ადგილობრივების ნაწილმა მიზერულ ფასად - კვარდარატული მეტრი 1$-ად უკვე მიჰყიდა კომპანიას, ნაწილი კი მიწებს არ ყიდის, თუმცა, მადნეულის კარიერებთან სიახლოვის გამო, მისი მოხმარება, პრაქტიკულად, არ შეუძლია.
„კომპენსაცია არასდროს შემოუთავაზებიათ. გვეუბნებიან, ჩვენ ეგ მიწები არ გვჭირდება, გინდათ დაამუშავეთ, გინდათ - არაო. როგორც წინა მთავრობის დროს იყო, ახლაც ისეა, არაფერი შეცვლილა ჩვენთვის, უყურადღებოდ ვართ. სიტყვით 6 წლის წინაც გვეუბნებოდნენ, დაგეხმარებითო. ამასობაში კი სარწყავი წყალიც გაგვიუქმეს. წყალი ხევში აღარ მოდის, სავარაუდოდ, ჩაკეტეს და თავად მოიხმარენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ადგილობრივი მცხოვრები ამირან ქოჩლაძე.
დმანისის მოსახლეობის აქციას თბილისიდან „საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტეის“ წევრებიც შეუერთდნენ. სოფელ დიდი დმანისის მცხოვრებლების ნაწილი მათ თავდაპირველად უიმედოდ შეხვდა და დეკემბრის დანაპირები შეახსენა, რომლის თანახმადაც კერძო კომპანიასთან ადგილობრივების დავის შესასწავლად და მათ დასახმარებლად „საყდრისის მცველებს“ იურისტები უნდა ჩამოეყვანათ. საყდრისის კომიტეტის წევრებმა განუმარტეს, რომ დაპირება ძალაში რჩება და უახლოეს პერიოდში მათ საკითხზე იურისტები ნამდვილად იმუშავებენ.
„საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრი“ დათო გულბანი განმარტავს, რომ საყდრისის საკითხმა რეგიონში არსებული ბევრი პრობლემა წარმოაჩინა და მათგან ერთ-ერთი, სწორედ, ეკოლოგიური პრობლემაა, რომელიც დიდი დმანისის მოსახლეობას მწვავედ უდგას.
„რაცRMG-იმ კვირაცხოველის ქედი გადახსნა და დაიწყო სამუშაოები, ძალმომრეობა დაიწყო მოსახლეობაზეც. კომპანია ხალხთან დიალოგს არ მართავს, სადაც გინდათ გვიჩივლეთ, ვერაფერს გახდებითო. უპრიანი იქნება სახელმწიფომ ამ ადამიანების ტკივილი გაიგოს და მონიტორინგი დააწესოს პროცესზე - თუ რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებს კომპანია სალიცენზიო პირობებს“,- აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დათო გულბანი.
საქართველოს მთავრობის პოზიციაზე, რომ RMG ბოლნისის რაიონის ბიუჯეტის მთავარი წყარო და 3 ათასი ადამიანის დამსაქმებელია, გულბანს ასეთი პასუხი აქვს:
„თუ მხოლოდ ჭამაზე წავიდა საუბარი, გამოდის, დღევანდელი გადასახედიდან, ყველაზე სულელი ექვთიმე თაყაიშვილი ყოფილა - ოქროზე ეძინა კაცს და შიმშილით სული ძვრებოდა, მაგრამ ღირებულებასა და ფასეულობას არ ყიდდა. სახელმწიფოს არ უნდა მიეყვანა საქმე აქამდე, როცა ლიცენზია გაიცა, კომპანიას უნდა დაესაბუთებინა საკუთარი უნარიანობა. თუ კომპანია ვერ მუშაობს, ამაში არც 3 ათასი ადამიანია დამნაშავე და არც დიდი დმანისის მცხოვრებლები, რომლებიც იქ არ მუშაობენ. მიმაჩნია, რომ სახელმწიფო ვალდებულია, ამომრჩევლის წინაშე შეასრულოს თავისი პირდაპირი მოვალეობა და მოქალაქეებს დაეხმაროს პრობლემის მოგვარებაში“,- აცხადებს საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრი და აღნიშნავს, რომ მათთვის მიუღებელია ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების კრიტიკა, თითქოს საყდრისის დამცველები ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან, როცა ინვესტორებისთვის მუშაობაში ხელის შეშლას ცდილობენ.
„ჩვენ ვმოქმედებთ კანონიერების ფარგლებში და როგორც მოქალაქეები, ვიცავთ კონსტიტუციურ უფლებებს, კულტურულ მემკვიდრეობას, ჯანსაღ გარემოს. ადამიანების თანადგომა, მე მგონი, ანტიკონსტიტუციური ქმედება არ არის. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ თითქოსადა ინვესტორებს ვაფრთხობთ - სახელმწიფომ თავისი პოლიტიკა უკეთ უნდა მართოს, ისეთი ფუნდამენტური ღირებულებები, როგორიც არის, ვთქვათ, კულტურული მემკვიდრეობა გარკვეულ ფინანსურ საკითხს არ უნდა გადააყოლოს. თუ იქნება მათი მხრიდან სწორი დამოკიდებულება, აღარც ინვესტორი დაფრთხება და არც მოსახლეობაში იქნება უკმაყოფილების განცდა. ქვეყანაში ინვესტორები და შემოსავალი არ უნდა შემოდიოდეს მოსახლეობის ჯანმრთელობის და კულტურული მემკვიდრეობის ხარჯზე“, - აცხადებს დათო გულბანი.
დიდი დმანისის მცხოვრებლების აქცია დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა. მოსახლეობის პროტესტს საკმაოდ ოპერატიულად გამოეხმაურა ადგილობრივი ხელისუფლება. დმანისის გამგებელი უშუალოდ აქციაზე მოვიდა და სოფლის მცოვრებლებს RMG-თან მოლაპარაკებაში დახმარებას დაჰპირდა. გოგი ბარბაქაძე მიიჩნევს, რომ მოსახლეობისა და კომპანიის შეთანხმება შესაძლებელია.
„კარგად ვიცნობ ამ ხალხის პრობლემებს. ეს არ არის ახალი საკითხი. კომპანიის ხელმძღვანელობასთან ვაწარმოებდით კიდეც მოლაპარაკებებს და ხალხმაც იცის ჩემი პოზიცია. ახლა RMG-ის ხელმძღვანელობა შეიცვალა და ახლებს ჯერ არ ვიცნობ. ვფიქრობ, უარს არ იტყვიან მოლაპარაკებებზე. მე მგონია, გონივრულ შეთანხმებამდე მივალთ. ხალხის ინტერესები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. მოსახლეობის ნაწილს მიწის გაყიდვა სურს, ნაწილი უარს ამბობს გაყიდვაზე. ყველა მათგანთან შეთანხმება უნდა მოხერხდეს თანხის ან გონივრული კომპენსაციის გადახდის გზით. პრობლემა ქუჩაში ვერ გადაწყდება“,- აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დმანისის გამგებელი და განმარტავს, რომ მოლაპარაკება დიდი დმანისის მოსახლეობის, კომპანიისა და გამგეობის წარმომადგენლების მონაწილეობით უნდა გაიმართოს.