ასეულის ტაქტიკური სწავლება (ვიდეო)

ასეულის ტაქტიკური სწავლება (ვიდეო)

ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩართვისთვის IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ემზადება. დღეს, ბატალიონის „ალფა“ ასეულმა დაბა კრწანისის ტერიტორიაზე, არაშენდას დასახლებაში ტაქტიკური სწავლება - კორდონისა და ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარა.

საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე მოადგილეებთან - გოჩა რატიანთან და ლევან ღირსიაშვილთან ერთად დაესწრო. სწავლებაზე იმყოფებოდნენ ასევე, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა ხელმძღვანელი პირები. ქვეითი ბატალიონების მომზადებისა და გადამზადების ცენტრის უფროსის მოადგილემ, მაიორმა ნოე ზარნაძემ მოწვეულ სტუმრებს სწავლების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ალფა“ ასეულის საჩვენებელი სწავლება მიზნად 14 კვირიანი მომზადების დროს შესწავლილი უნარ-ჩვევების კომპლექსურად ჩვენებას ისახავდა. სწავლება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ქვეითი ბატალიონების მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ორგანიზებით, ამერიკელი საზღვაო ქვეითების, ასევე ავღანური კულტურისა და ენის ინსტრუქტორების მხარდაჭერით  ჩატარდა.

საჩვენებელი სწავლება ავღანეთის რეალურ გარემოსთან მიახლოებული, იმიტირებული სცენარის მიხედვით გაიმართა. „ალფა“ ასეულმა ჩაატარა კომბინირებული ოპერაცია, რომელიც პატრულირებას, კორდონს, ჩხრეკას და ადგილობრივებთან გასაუბრებას ითვალისწინებდა. სწავლების დასკვნით ნაწილში კი, ოპერაციის დროს პირობითად დაშავებულების ევაკუაცია  და გარდაცვლილის გამოყვანა განხორციელდა. სამხედრო მოსამსახურეებმა სოფლის უხუცესებთან - მალიკებთან შურა გამართეს და აღნიშნული ოპერაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. სწავლებაში სპეციალური დანიშნულების ავტომანქანები და ვერტმფრენიც იყო ჩართული.

სამშვიდობო მისიისათვის ქართველი სამხედროები ექვსი თვის განმავლობაში ინტენსიურ მომზადებას გადიან. პირადი შემადგენლობა მომავალი ორი კვირის განმავლობაში, ასეულისა და ბატალიონის საველე-ტაქტიკურ სწავლებას საწვრთნელ ბაზაზე - „ალგეთი“ გაივლის. გადასროლისწინა სწავლების დასრულების შემდეგ, 43-ე ბატალიონი ამოცანებზე ორიენტირებული სავარჯიშოების შესასრულებლად გერმანიაშიც გაემგზავრება, სადაც  ქართველი სამხედროების მომზადების დონეს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრის (JMRC)  წარმომადგენლები  ქართველ დამკვირვებელ-მაკონტროლებლებთან ერთად შეაფასებენ.