ეს ტექსტი არ იქნება მოცულობითი და სხვადასხვა ტერმინით შინაარსობრივად დატვირთული, მისი მიზანია ლაკონურად აღვწერო ფსიქიკის მექანიზმი, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერ რადიკალიზმს, განსახილველ შემთხვევაში კი რელიგიურ ფუნდამენტალიზმს (fundamentalism (Eng) fundamentum (საფუძველი) (Lat), სიტყვა გამოიყენება, როგორც რელიგიური შეუწყნარებლობის საერთო დასახელება).
რელიგიური შინაარსის ტექსტი არ შეიძლება იყოს თავის მხრივ ფუნდამენტალისტური, ვინაიდან ის მხოლოდ ტექსტია. ფუნდამენტალისტური არის დამოკიდებულება ამ ტექსტებში არსებული პასაჟებისა თუ ცალკეული ლიტერატული ერთეულების მიმართ. ფუნდამენტალიზმი არის სუბიექტის (ადამიანის), აქტიური დამოკიდებულება ობიექტის (ტექსტი, ტექსტში არსებული კონსტრუქციები, რომელიც წარმოშობს ფსიქიკაში ხატებსა თუ წარმოდგენებს) მიმართ. ფუნდამენტალიზმი თავის მხრივ გამორიცხავს ტოლერანტულ დამოკიდებულებას იმ სუბიექტების მიმართ, რომლებსაც აქვთ ზემოხსენებული ობიექტის თავისებური (განსხვავებული) აღქმა.
რა ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური პროცესები აქვს საფუძვლად ფუნდამენტალიზმს?
ეს არის პირველ რიგში - შიში. შიშის წარმოქმნის სხვადასხვანაირი ფსიქოლოგიურ-ფსიქიკური საფუძველი არსებობს. ამ შემთხვევაში გავამახვილებ ყურადღებას შიშზე, რომელიც საფუძვლად უდევს რელიგიურ ფუნდამენტალიზმს. რეალურად ყოველგვარი პათეთიკა გვერდზე რომ გადავდოთ და არსებული ილუზორული თამაში დავიყვანოთ მის შემადგენელ ნაწილებამდე, მივიღებთ შემდეგ სურათს. არსებობს: რელიგიური შინაარსის ტექსტი (ობიექტი), რელიგია (ობიექტთა სიმრავლისაგან და რამოდენიმე სუბიექტური ელემენტისგან შემდგარი მეტაობიექტი), სუბიექტი (ადამიან(ებ)ი, რელიგიური ინსტიტუცია), რიტუალი და იდეოლოგიური გაერთიანება. ასევე არსებობს მრავალი ფსიქოლოგიური პროცესი, რომელიც დაკავშირებულია სუბიექტ(ებ)ის მიერ ზემოხსენებული ობიექტების აღქმასთან და რაც მთავარია (ამ აღქმის შედეგად) მათ (სუბიექტთა) აქტიურ მოქმედებებთან, რომელსაც ისინი ახორციელებენ ჩვეულ, ყოველდღიურ ცხოვრებაში.
რეალურად ფუნდამენტალიზმს რელიგიასთან პრაქტიკულად არაფერი საერთო არ აქვს. ფუნდამენტალიზმი არის, ფსიქიკური ილუზიის შესაძლო ნგრევის პრევენციის ისტერიული მექანიზმი ადამიანის ფსიქიკაში. რელიგიური შინაარსის ტექსტის ისტერიული უპირობობისა და ცალმხრივობის უზენაესობის ყოველწამიერი მნიშვნელობის გააზრება წარმოადგენს ფსიქიკის ჩვეულებრივ თვითრენინგს, რომელიც მიმართულია ნებისმიერი ალტერნატიული აზრის უპირობო უგულებელყოფაზე, რათა დაცული იყოს ფსიქიკაში დომინანტი საყრდენი, რომელზეც დგას ამ ადამიანის მსოფლმხედველობა. ალტერნატიული აზრის დაშვებით, შესაძლოა ეს საყრდენი მოიშალოს და ამ ადამიანს გაუჩნდეს სხვა ალტერნატიული აზრების გათავისების სურვილი, რაც სამომავლოდ გაანადგურებს იმ საყრდენს, რომელიც კომფორტულია მისი ფსიქიკისათვის მოცემულ ვითარებაში, რადგან არ მოითხოვს დამატებით ფსიქიკური ენერგიის ხარჯვას ალტერნატივებზე.
მსოფლმხედველობითი საყრდენის ილუზიად ქცევა, ანუ მსოფლმხედველობითი საყრდენის ნგრევის შიში საკმაოდ დიდი ფსიქიკური ენერგიის მატარებელია, ზუსტად ამით აიხსნება ყოველი ის რადიკალური ქცევა, რომელსაც ახორციელებენ ეს ადამიანები.
იყო მრავალი ალტერნატივის პირობებში და გწამდეს იმის, რასაც შეიძლება ყველა სხვა უარყოფს, არის გააზრებული და შინაგანი რწმენის მწვერვალი, რომელზეც სამწუხაროდ, მხოლოდ ერთეულები დგანან.