9 იანვარს სასამართლოზე შესაძლოა, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრებზე ჩატარებული ექსპერტიზის ამსახველი ოთხსაათიანი ვიდეო აჩვენონ. საქმის პროკურორის განმარტებით, ვიდეომასალა, რომელიც ექსპერტიზის პროცესს ასახავს ოთხსაათიანია და მომდევნო პროცესზე თუ საშუალება იქნება, მოხდება აღნიშნული ვიდეოს დათვალიერება.
ვიდეომასალის ჩვენება სავარაუდოდ, დახურულ დარბაზში მოხდება. მომდევნო სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპით გაგრძელდება. ყოფილი პრემიერ–მინისტრის საქმეზე ბრალდებული ლევან ჩაჩუას პროცესზე ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხა. მათ შორის ერთი ექსპერტიზის ბიუროს ყოფილი სანიტარი და ორი გამომძიებელი.
სასამართლო პროცესზე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე აქამდე უცნობი ერთ-ერთი საკამაოდ მნიშვნელოვანი დეტალი გახდა ცნობილი. სასამართლოზე ბრალდების ერთ-ერთი მოწმე, გამომძიებელი კახა ჭუმბაძე დაიკითხა. პროცესზე დაკითხვისას დაცვის მხარე დაინტერესდა, ნახა თუ არა შემთხვევის ადგილზე ტყავის ჩანთა, რადგან გამომძიებელი ჭუმბაძე ყოფილი პრემიერის გარდაცვალების საქმეზე იმ პერიოდში საგამოძიებო ჯგუფს ხელმძღვანელობდა.
ყოფილმა გამომძიებელმა შემთხვევის ადგილზე ჩანთის არსებობა დაადასტურა, რის შემდეგაც ბრალდებულ ჩაჩუას ადვოკატმა მას შეკითხვით მიმართა - იყო თუ არა ჩანთა დათვალიერებული და ნახა თუ არა ჩანთაში პარიკი. აღნიშნულზე მოწმემ უპასუხა, რომ ჩანთა დათვალიერების შედეგად ნანახი ჰქონდა. მოწმის ჩვენების მიხედვით, ჩანთა დათვალიერების გარეშე შეიფუთა და არ ახსოვს კონკრეტულად რა იდო ჩანთაში. თავად ლევან ჩაჩუამ კი, ამ კონკრეტულ საკითხზე საუბარი დახურულ სხდომაზე მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ სხდომის დახურვის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
საქმეში არსებულ ჩანთის ირგვლივ კომენტარის გაკეთება არ ისურვა საქმის პროკურორმა. როგორც რევაზ ნადოიმ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნული ჩანთა ამ საქმეს არ ეხება და, შესაბამისად, ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ლევან ჩაჩუას ადვოკატმა ზურაბ ტაბიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დასკვნით სიტყვას მომდვნო სასამართლო პროცესზე იტყვის.
სასამართლო პროცეზე ასევე დაკითხა ექსპერტიზის ბიუროს სანიტარი არჩილ ჭიკაძე, რომლის განმარტებით იგი ექსპერტიზის პროცესს ესწრებოდა და ბალზამირება ზურაბ ჟვანიას ცხედარს გაუკეთა. მისივე განცხადებით, ჟვანიას ცხედრის დათვალიერების დროს მას ტუჩზე დაზიანება შეენიშნებოდა. პროკურორი რევაზ ნადოის კითხვაზე იცოდა თუ არა მოწმემ, რომ გაზით გაგუდვის შემთხვევაში ბალზამირება არ უნდა გაეკეთებინათ ცხედრისთვის, მოწმემ აღნიშნა, რომ არ იცოდა.
საქმის პროკურორის რევაზ ნადოის განმარტებით,ზურაბ ჟვანიას ცხედარს მისი გაგუდვის ეჭვის არსებობიდან გამომდინარე, ბალზამირება არ უნდა ჩატარებოდა. როგორც პროკურორმა აღნიშნა, როდესაც ასეთი ეჭვი არსებობს, ექსპერტებიც ადასტურებენ, რომ ბალზამირების პროცესი არ უნდა ჩატარდეს.
„ბრალდებული ჩაჩუა ჩვენებებში ადასტურებდა, რომ ჟვანიას და უსუპოვის გვამების დათვალიერებისას პროცესს მასთან ერთად ესწრებოდნენ სანიტრები. დაიკითხა ერთ-ერთი სანიტარი არჩილ ჭიკაძე, რომელმაც კატეგორიულად განაცხადა, რომ არც შესაბამისი განათლება და არც ცოდნა და არც ვალდებულება არ ჰქონდა დაეთვალიერებინა გვამები და დაეფიქსირებინა საეჭვო უბნები. ასევე მან განაცხადა, რომ არ ჰქონდა უფლება განესაზღვრა ესა თუ ის უბანი იყო თუ არა დაზიანებული. მან განმარტა, რომ ეს იყო მხოლოდ ბრალდებულ ჩაჩუას მოვალეობა და პრეროგატივა.
მოწმემ ისიც განმარტა, რომ მან შეასრულა მხოლოდ ტექნიკური სახის მოქმედებები, კერძოდ, გვამის გაკვეთა, თავის ქალის ტრეპანაცია და გვამის მოწესრიგება, ანუ გაკერვა. სხვა დაზიანებების დათვალიერების განსაზღვრა კი იყო მხოლოდ ექსპერტის მოვალეობა. სხვა ექსპერტებმაც განმარტეს, რომ ჟვანიას შემთხვევაში, როდესაც არსებობდა მოწამვლის ეჭვი, ბალზამირების გაკეთება დაუშვებელი იყო. სანიტარმა კი განმარტა, რომ უშუალოდ ლევან ჩაჩუას დავალებით მან ზურაბ ჟვანიას გვამს ჩაუტარა ბალზამირება“, – განუცხადა ჟურნალისტებს რევაზ ნადოიმ.
მისივე განცხადებით,გამორიცხულია, რომ ზურაბ ჟვანიასთან ერთად გარდაცვლილ რაულ უსუპოვს მკერდის არეში ნაჩხვლეტები ბალზამირების შედეგად ჰქონოდა. რევაზ ნადოის განცხადებით, უსუპოვის ცხედარს, მისი ეთნიკური წარმომავლობიდან გამომდინარე, ბალზამირება საერთოდ არ ჩატარებია. მისივე თქმით, საქმეში არსებობს ვიდეომტკიცებულება, სადაც ასევე ასახულია უსუპოვის ცხედარზე დაზიანებები.
„ვიდეო გადაღებულია ჩაცმული გვამის ექსპერტიზაზე მიყვანის შემდეგ. როდესაც ტანსაცმელს ხდიან, გვამზე, კერძოდ მკერდზე არაფერი პროცედურა დაწყებული არ არის, მაგრამ ჩანს ნაჩხვლეტები. ეს ვიდეომასალა გავუშვით სასამართლოში. უსუპოვის განბანაში მონაწილე მოლებმაც დაადასტურეს, რომ ეს ის ნაჩხვლეტებია, რომლებიც მათ შენიშნეს.
ეს ნაჩხვლეტები სხეულზე ექსპერტიზამდე არსებობდა, ბრალდებულმა ექსპერტმა ჩაჩუამ კი, არაჯეროვნად ასახა დასკვნაში სხეულზე არსებული დაზიანებები. როდესაც საუბარია პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებაზე, იქ უნდა ყოფილიყო დეტალური აღწერა, რაც ჩაჩუას არ გაუკეთებია“, – განაცხადა რეზო ნადოიმ.