„რაიმე იძულება ხომ არ იყო დავით იაკობაშვილთან მიმართებით, რომ მას დაეთმო თავისი წილი“

„რაიმე იძულება ხომ არ იყო დავით იაკობაშვილთან მიმართებით, რომ მას დაეთმო თავისი წილი“

რუსული ნავთობგიგანტი - „როსნეფტი“ Petrocas Energy Group–ის 49%–ს ყიდულობს, რომელიც ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს კუთვნილებაა. რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი -დავით იაკობაშვილი აცხადებს, რომ ეს გარიგება „პეტროკასის“ წარმატების კიდევ ერთი დასტურია და ზემოხსენებული ბიზნესგარიგება საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას კიდევ უფრო აამაღლებს, მიიზიდავს მეტ სატრანზიტო ტვირთს, გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს და გაზრდის სახელმწიფოს შემოსავლებს.

რაც შეეხება საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი ბენზინგასამართი სადგურების ქსელის მფლობელ კომპანია- „გალფს“, რომელიც ასევე, „როსნეფტის“ ხელში აღმოჩნდა, მისი ისტორიაც ჩახლართულია. მას შემდეგ, რაც ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძეს ძალადობრივად დაათმობინეს კომპანია „მაგნატის“ კუთვნილი ქონება, „მაგნატი“ „გალფის“ ხელში აღმოჩნდა, რომლის უკანაც დავით კეზერაშვილი იდგა. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი არც მალავდა, რომ ნავთობკომპანია „გალფ-ჯორჯიას“ ერთ-ერთი მეწილე იყო. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით იაკობაშვილმა „გალფის“ აქციები სწორედ კეზერაშვილისგან იყიდა. ამის მიუხედავად, ქართულ მედიაში იაკობაშვილს კვლავაც კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორად ასახელებდნენ. თუმცა ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია „გალფის“ მსხვილი აქციონერი დავით იაკობაშვილი კომპანიის ყოფილ მფლობელსა და თავდაცვის ექსმინისტრს, დავით კეზერაშვილს ემიჯნებოდა. ის აცხადებდა, რომ კეზერაშვილთან ურთიერთობები არ ჰქონდა და არც მის ყოფილ ბიზნესპარტნიორად არ ითვლებოდა.

დღესდღეობით, რუსეთში მოღვაწე ცნობილი ბიზნესმენის დავით იაკობაშვილის ოპტიმიზმის მიუხედავად, კითხვას აჩენს ერთი ფაქტი - ხომ არ გახდება ფოთის პორტის ნაწილი რუსეთისთვის პოლიტიკური მანიპულირების საშუალება და ხომ არ გამოიყენებენ მას საბოტაჟის მიზნით?!

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დავით იაკობაშვილი მოსკოვში საკმაოდ გავლენიანი ბიზნესმენია, თუმცა მან თავისი კომპანიის მხოლოდ 49%-იანი წილი გაასხვისა და ეს სულაც არ ნიშნავს, „როსნეფტის“ მმართველობას. სინამდვილეში, მმართველობა ისევ რჩება „პეტროკასის“ მხარეს.

„როსნეფტის“ მიერ ფოთის პორტის და „გალფის“ ნაწილის შეძენა კერძო გარიგებაა. თუ არ ჩავთვლით, რომ „როსნეფტი“ არის სანქცირებული კომპანია, რომელიც დასავლეთის მხრიდან სანქციებშია მოყოლილი, ისე სხვა მხრივ, რაიმე განსაკუთრებული არ ხდება. თუ ჩვენ შევამჩნევთ რაიმე ანტისახელმწიფოებივ ქმედებას, ბუნებრივია, სახელმწიფო იმოქმედებს, მაგრამ არა მგონია, „როსნეფტს“ რაიმე ისეთი ჰქონდეს დაგეგმილი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს. არა მგონია, ფოთის პორტში ტვირთების მოძრაობა დაბლოკონ, რადგან „როსნეფტი“ პორტის მფლობელი არ არის, მხოლოდ ერთი ტერმინალის მფლობელია და 49%-იანი წილი არ აძლევს გადაწყვეტილების მიღების უფლებას. ჩაკეტვა რომ სდომოდათ, რუსები დავით იაკობაშვილის ხელით აქამდეც გააკეთებდნენ მაგას. ასე რომ, რუსული სახელმწიფო კომპანია იქნება ამ აქტივში, თუ ის კომპანია, რომელსაც რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი (დავით იაკობაშვილი) მართავს, ამაში დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. საქართველოში ისედაც არსებობენ რუსული კომპანიები, მაგრამ ჯერჯერობით მათ ანტისახელმწიფოებრივად არ უმოქმედიათ“,-აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

რაც შეეხება „როსნეფტის“ სამომავლო მზარდ მიზნებს მთლიანი ფოთის პორტის ხელში ჩაგდების თვალსაზრისით, ექსპერტი თვლის, რომ გააჩნია, რა აქტივებზე ექნება „როსნეფტს“ მომავალში პრეტენზია. თუ პორტზე ექნებათ პრეტენზია, მაშინ შეგვიძლია, ვივარაუდოთ და ვისაუბროთ საფრთხეებზე, თუმცა სარკინიგზო გადაზიდვებიც ერთ-ერთი საკმაოდ სერიოზული სექტორია და, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ტიპის გარიგებები მაინც საყურადღებოა. ამის მიუხედავად, ირაკლი ლექვინაძის აზრით, წინასწარ საბოტაჟზე ფიქრი არ შეიძლება.

„ჯერჯერობით მათ არ გამოუხატავთ პრეტენზია პორტის გარშემო, პორტს ფლობს დანიური კომპანია „მაერსკი“ და, თუ „როსნეფტს“ ეს ინტერესები ექნება, მაშინ ეს თემა „მაერსკისთან“ იქნება გასარკვევი. სავარაუდოდ, ჩვენც გვექნება ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ნამდვილად არ არის რეკომენდებული, საქართველოში ფოთის პორტს ფლობდეს „როსნეფტი“.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა შეშელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კერძო კომპანიის გადაწყვეტილებაა, ვის მიჰყიდოს თავისი ქონება და ამაში შეზღუდული არავინ არის. თუმცა მეორე საკითხია, რაიმე იძულება ხომ არ იყო დავით იაკობაშვილთან მიმართებით, რომ მას დაეთმო თავისი წილები, რადგან დავით იაკობაშვილი საკმაოდ წარმატებული რუსი (და არა- ქართველი) ბიზნესმენია, მან თავისი საქმიანობა ძირითადად რუსეთში განახორციელა, მისი აქციების დიდი ნაწილი სავარაუდოდ, ისევ რუსეთშია, მისი ინტერესები საქართველოში შედარებით მცირეა. ამიტომ პაატა შეშელიძე არ გამორიცხავს ბიზნესმენს სხვა მიმართულებით შეღავათების დაწესება, ან უბრალოდ, ანაზღაურების საფასურად ასეთი გარიგება შესთავაზეს. შესაბამისად, ეს გარიგება შეიძლება ყოფილიყო ნებაყოფლობითი ან იძულებითი.

„როსნეფტის“ მიერ საბოტაჟის განხორციელება საქართველოში, დიდი ალბათობით, შეუძლებელია, რადგან რუსეთი ფლობს საქართველოში „ენგურჰესს“, მაგრამ საბოტაჟის საშუალება და ინტერესი მათ არ ჰქონიათ. ამიტომ ამას გლობალურად უნდა შევხედოთ, რა არის საქართველოში შესაძლებელი და რა არ არის შესაძლებელი. ამ შემთხვევაში, ეს არის კონკრეტული კომპანია, რომელსაც უნდა მოგების მიღება. თუ კომპანია მოგებას მიიღებს, ეს იქნება წარმატებული სათავისოდაც და ჩვენთვისაც, მაგრამ მთავარია, ეს არ იქნას გამოყენებული საბოტაჟის და სხვების ინიციატივების ჩასახშობად, რომ მას არ ჰქონდეს მას პრივილეგირებული მდგომარეობა და არ ჰქონდეს საშუალება, დამატებითი შემოსავლები მიიღოს სხვებზე იძულების წესით. თორემ დაზღვეულნი არაფრისგან ვართ. ხომ ხედავთ, სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე რუსეთმა ემბარგო შემოიღო. თუ კომპანია გაჩერდება, უნდა გვქონდეს ამის ალტერნატივა. „როსნეფტს“ არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ გაჩერებით საბოტაჟს შეგვიქმნის და დააზიანებს ჩვენს ქვეყანას“, - აცხადებს პაატა შეშელიძე და განმარტავს, პირადად მასზე რომ იყოს დამოკიდებული, არ მიესალმებოდა სხვა ქვეყნის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიის დაშვებას საქართველოში კერძო მესაკუთრის სახით.