2015 წელს ცისფერი თხის წელი შემოვიდა, რომელიც არ გამოირჩევა განსაკუთრებული კორექტულობით. ეს წელი საკამოდ კარგი აღმოჩნდა კატების, თხების და ღორებისთვის. საკმაოდ რთული იქნება ზოდიაქოს სხვა ნიშნებისთვის, მაგრამ ვინც ამ დროს საქმეს გააკეთებს, მას დარჩება სერიოზული შემოსავალი. ასტროლოგი გიორგი რამიშვილი ამბობს, რომ ფერების მიხედვით ეს არის ლურჯი ანუ მწვანე თხის წელი. ასტროლოგი for.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ ჩინური ტრადიციის მიხედვით, გარკვეული მნიშვნელობა აქვს ფერს. მისივე თქმით, არავინ აქცევს ყურადღებას იმას, რომ სინამდვილეში ფერები ძალიან მნიშვნელოვანია წელიწადის სეზონების მიხედვით და ამ შემთხვევაში თითოეულს ძალიან მკაფიო დახასიათება აქვს.
for.ge ასტროლოგ გიორგი რამიშვილს ესაუბრა.
ჩინური ტრადიციის მიხედვით, გარკვეული მნიშვნელობა აქვს ფერს, მაგრამ წლების მიხედვით რამდენად პრინციპული მნიშვნელობა აქვს?
- წლების მიხედვით არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. 60 წელიწადში მხოლოდ 2 წელიწადია გამოკვეთილი, ეს არის ცეცხლოვანი ვეფხვი და ცეცხლოვანი ცხენი, განსაკუთრებით ცეცხლოვანი ცხენი. დანარჩენ შემთხვევაში, ფერის გამოკვეთას მნიშვნელობა არ აქვს. ერთადერთი რასაც მიაწერენ ხოლმე წელიწადის ფერს და რამდენად ზუსტია ვერ გეტყვით, ამბობენ, რომ იმ წელიწადს ეს ფერი მნიშვნელოვანი იქნება. ანუ ლურჯი და მწვანე ამ წელიწადს უნდა იყოს საკმაოდ მნიშვნელოვანი. თხის წელიწადი ყოველთვის ითვლება ზედმეტად თეატრალიზებულ და ცოტა არაკორექტული ქცევების წელიწადად. ამას ვამბობთ არა იმიტომ, რომ ვუბიძგოთ ხალხს არაკორექტულობისაკენ, არამედ იმიტომ, რომ ისინი არ გახდნენ სხვების არაკორექტულობის მსხვერპლნი და თავი დაიცვან პროვოკატორებისა და ვიგინდარებისგან. მთელი წლის განმავლობაში იქნება სპექტაკლები ყველგან და ყველაფერში.
მათ შორის პოლიტიკაშიც?
- მათ შორის პოლიტიკაშიც. თუ გნებავთ ისტორიას გადავხედოთ: 1907, 1919, 1931, 1943, 1955, 1967, 1979, 1991, 2003 წლები სიმარტივითა და კორექტულობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ არც ძალიან დიდი კატასტროფები მომხდარა ამ დროს! ჩვენთვის ყველაზე მძიმე წლები უკვე გავლილია. საქართველოსთვის გველის და ცხენის წელიწადი არის მნიშვნელოვანი სიმძიმის წლები. ზოგჯერ მაიმუნის წლები, ისიც მაშინ, თუ დიდი პოლიტიკის ნაწილად იქცა საქართველო. არ მგონია, რომ თხის წელიწადი რაიმე განსაკუთრებული სიმძიმით გამოირჩეოდეს. უბრალოდ, ყველა შეეცდება ვითომ ლიდერის როლის თამაშს და სინამდვილეში, არც ერთს არ შეუძლია ლიდერობა. დრო იმაში კი არ უნდა დაკარგონ, რომ აი მე რა მაგარი ვარ, არამედ საქმე უნდა აკეთონ.
პოლიტიკურად რამდენად სტაბილური წელი იქნება?
- რამდენადაც შევძლებთ, არ ვედაოთ გარშემო სხვებს და შიგნით საკუთარ ხალხს, მაშინ თხის არაკორექტულობა აღარ გამოვლინდება, ყველაფერი ჩვენს ხელშია. თუ თითოეულ ჩვენთაგანს ეცოდინება, რომ საქმე უნდა ვაკეთოთ, მაშინ არც არაფერი მოხდება, პირიქით, შესაძლებელი იქნება რაღაცა შემოსავალი შემოვიდეს თითოეულის ოჯახში. თუკი შევეცდებით, ვიღაცის მოტყუებას, იმდენად არაკორექტული ამბები მოხდება, არ გაგვიკვირდეს არც გარე აგრესია და არც ეკონომიკის ნგრევა.
თხის წელიწადი თუ გამოირჩევა პოლიტიკური კორექტულობით და მოსალოდნელია თუ არა პოლიტიკურ ლიდერებს შორის კამათი იმაზე, ვინ იქნება პირველი და ვინ მეორე?
- პოლიტიკური კორექტულობით ნამდვილად არ გამოირჩევა, მაგრამ როდესაც ორი ქვეყანა ცდილობს, რომ ერთმანეთს არაკორექტულად მოექცეს, ვისაც მეტი ძალა აქვს ის აჯობებს. შესაბამისად, უნდა შევეცადოთ, რომ არ მოვხვდეთ ამისთანა გარჩევაში. აუცილებელია სურვილი იმისა, რომ ვიშრომოთ, შეიძლება ჩვენი სახელი მეორე ადგილზე ეწეროს და პირველზე არა, მაგრამ შედეგს აუცილებლად მივაღწიოთ. დავა იმაზე ვინ იქნება პირველი და ვინ მეორე, ეს არის თხის არაკორექტულობის ერთ-ერთი გამოვლენა, რაც ამძაფრებს ვითარებას. ამიტომ, პოლიტიკოსებმა თავი უნდა შეიკავონ გადაჭარბებული ამბიციებისაგან.
თქვენ პოლიტიკოსები ახსენეთ, რანდენად საინტერესო იქნება პოლიტიკურად თხის წელი - 1956 წლის 18 თებერვალს დაბადებული ადამიანებისთვის. სწორედ ამ წელიწადს არის დაბადებული ბიძინა ივანიშვილი...
- საერთოდ, მაიმუნის წელიწადში დაბადებულებისთვის თხის წელი არ არის პრობლემა. ძალიან ნორმალური წელია. არ მგონია, რომ ამ წელიწადს დაბადებულ ადამიანებს რამე პრობლემა ჰქონდეთ. მათი მთავარი პლუსი არის უამრავი შესაძლო ინტელექტუალური ვარიანტების დათვლის უნარი, მას დიდი პოტენცია აქვს, რომ ბევრი კომბინაცია დაითვალოს. მაიმუნის წელიწადში დაბადებული ადამიანები ყველაზე უფრო ძლიერად მოაზროვნე ადამიანები არიან.
საინტერესოა, რა ურთიერთობა აქვთ იგივე მაიმუნს და ძაღლს. სწორედ ძაღლის წელიწადში 1982 წელს 28 ივნისს არის დაბადებული ირაკლი ღარიბაშვილი...
- ძაღლის წელს დაბადება ნიშნავს უფრო მიდრეკილებას კორექტულობისკენ და საქმის კეთებისკენ, დიდი ტვირთის ზიდვისაკენ. ამ წელიწადს დაბადებული ადამიანები როგორც წესი, იღებენ დიდ ტვირთს, აკეთებენ საქმეს ბოლომდე, მაგრამ შეიძლება გაკეთებული საქმე სხვას მიეწეროს. ეს წელი ძაღლისთვის არის ძალიან დამღლელი, მას უნდა სტაბილურობა და კორექტულობა, ამ დროს სულ ერევა სიტუაცია და უწევს მისი დალაგება. უნდა იშრომოს, მაგრამ არ უნდა ჰქონდეს დიდი იმედი იმისა, რომ დაუფასდება.
ლიდერობისკენ მიდრეკილება აქვთ ძაღლებს?
- ლიდერობისკენ მიდრეკილება ყველა წელიწადში დაბადებულ ადამიანებში მოიძებნება. მთავარი მომენტი ის არის, რომ რაღაცა იდეას მიყვებიან და ამ იდეის ერთგულებას ცდილობენ. თუ მას იდეა უკვე აქვს ნაპოვნი, ეს კარგია, მაგრამ თუ იდეას ისევ ეძებს, მაშინ ის ძალიან დაიღლება ამ წელიწადში.
თხის წელი რას უწინასწარმეტყველებს იგივე მამალის წელს დაბადებულებს? 1969 წლის 4 სექტემბერს დაიბადა გიორგი მარგველაშვილი...
- მამლებს შრომა არ ეზარებათ, თან, როგორც წესი, პირადპირები არიან. მე ვიტყოდი, რომ ალბათ იქნებოდა კარგი ადმინისტრატორი, კარგი დირექტორის მოადგილე და კარგი ბიზნესმენი. ეს თვისებები ნამდვილად უნდა ჰქონდეს. თუმცა, პრეზიდენტის პირადი ჰოროსკოპი არ მაქვს ნანახი.
ლიდერობის თვისებით რომელი უფრო გამოირჩევა, ძაღლი თუ მამალი?
- მომეწონა ეს კომბინაცია. ვიმეორებ - ლიდერის პოვნა ყველა წელიწადში დაბადებულებს შორის შეიძლება. ეს წელი ორივესთვის რთული იქნება. ამ შემთხვევაში მამალს უფრო გაუმართლა, მას (პრეზიდენტს) ხომ კანონმდებლობითაც ნაკლები მოეთხოვება!
საინტერესოა, რას უწინასწრმეტყველებენ პარლამნეტის თავმჯდომარეს ვარსკვლავები, რომელიც 1968 წლის 5 მარტს დაიბადა...
- მისი წელიწადიც ხომ იგივეა, რაც ბიძინა ივანიშილის. როგორც წესი, არ ავიწყდებათ ის კომბინაციები, რაც უკვე დაითვალეს და გაწონასწორებაც არის ხოლმე ყველაფერი ამის შედეგი.
ქართველ პოლიტიკოსებს შორის ყველა გამოკითხვით, ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს ირაკლი ალასანია, რომელიც 1973 წლის 21 დეკემბერს არის დაბადებული. როგორი იქნება მისთვის პოლიტიკურად თხის წელი?
- ეს მისთვის ოპოზიციური წელია, ეს ვითარება, რაც დღეს მის გარშემო ხდება, არაფრით არ დაწყნარდება შემდგომ წელიწადში. ითვლება, რომ ამ წელიწადს დაბადებულებისთვის თხის წელი რთული იქნება. მნიშვნელოვანი კონფლიქტია 1982 და 1973 წლებში დაბადებულებს შორის. პატივისცემა შეუძლიათ, მაგრამ არ უხარიათ ერთმანეთის დანახვა. მაგრამ 1956 და 1968 წელს დაბადებულ ადამიანებთან საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა აქვთ, ანუ, მოსწონს მაიმუნის წელი და აფასებს მის მოქნილობას. ძაღლის წელში დაბადებული დამიანი კი მისთვის პრინციპულიად შეუთავსებელია საქმის კეთების მიმართულებით.
განვიხილოთ თორმეტი წლის შესაბამისად...
ვითხა: ამ წელს დაბადებული ადამიანებისთვის, თხის წელიწადი ცოტა დამღლელია. იმიტომ, რომ ვითხრას უყვარს ჩვენება, თუ რა მაგარია, მაგრა, მათ დიაპაზონი დიდი არ აქვთ. მშრომელი, მაგრამ როგორც წესი, მეწვრილმანე ხალხია. როგორც კი მასშტაბურ საქმეს გამოეკიდებიან, უყვართ იმის თქმა, რომ ისინი მეწვრილმანეები არ არიან. ამ დროს დიად საქმეებს გამოკიდებულნი წვრილმანებში შეიძლება გაიხლართონ თხის წელიწადში. აქ უნდა გაკეთდეს მათთვის პატარა რჩევა, აკეთონ საქმე, იშრომონ ბევრი, მაგრამ ნუ შეეცდებიან, რომ სახელს და დიდებას მიაღწიონ. ის თავისით მოვა, მაგრამ თუ ამას ვერ შეელევიან, მაშინ შეიძლება სერიოზული დანაკლისი განიცადონ.
ხარი: ამ წელს დაბადაბული ადამიანებისთვის არის უმძიმესი წელი. ხარს შრომა უყვარს და ხმაური არა. მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს ხმაური მაინც იქნება და ისწავლონ, რომ შრომას მიაქციონ ყურადღება. ასევე არაა სასურველი მოტყუვდნენ, რომ ვიღაცას უნდა მათი ლიდერობა და წინ წაწევა. ამიტომ, ნუ დაიჯერებენ, როდესაც მათ ყურში ჩასჩურჩულებენ, რომ მაგრები არიან და ყველაფერს მიაღწევენ. ვერ მიაღწევენ ყველაფერს, საქმე აკეთონ და იშრომონ, ასეთ შემთხვევაში, ეს წელიწადი მალე გაივლის და შემდეგი წელიწადი უფრო კარგი იქნება მათთვის.
ვეფხვი: ხმაურიანი და ნერვების მომშლელი წელი იქნება ვეფხვებისთვის. ვეფხვს დიდი საქმეები წყურია, უნდა, რომ დიდი საქმეები გაკეთდეს და ამ დროს აღმოჩნდება, რომ არაფერი არ კეთდება. ან კეთდება თეატრალიზებული დადგმა იმისა, რაც სინამდვილეში უნდა ყოფილიყო. ვეფხვისთვის რჩევა შეგვიძლია, რომ არ შეეცადონ ამ ყველაფრის დანგრევას და თავისი გრანდიოზული გეგმები გადადონ შემდეგი წლისთვის, ან იმის შემდგომი წლისთვის, თუკი ამას დასთანხმდებიან. საერთოდ, თუ ვინმეს ჰყავს ახლობელი ვეფხვი და თავის გამოჩენის სურვილები აქვს, ვურჩიოთ ისიც, რომ გვერდზე დაუყენონ გველვეშაპის ან ძაღლის წელიწადში დაბადებული ადამიანი. ეს არის ორად-ორი შანსი, რომელსაც ვეფხვი უსმენს.
კატა: ამ წელს დაბადებული ადამიანებისთვის ნორმალური წელიწადია. აქვთ ლავირების საშუალება და ეს სიტუაცია ძალიან სასრგებლოა მათთვის. შეიძლება ჰქმნიდნენ ილუზიას, რომ დაიღალნენ, სინამდვილეში ძალიან კარგად არიან და იმის ჭკუა ყოფნით თქვან, რომ ეს არაა ძალიან კარგი. შესაბამისად ექმნებათ ძალიან კარგი გარემო იმისათვის, რომ დიდი შედეგები მოიმკან.
დრაკონი: ამ წელიწადში დაბადებული ადამიანებისთვის ცოტა დამუხრუჭების პერიოდია. ჯობია საქმე გააკეთონ და ზედმეტი ხმაურისგან თავი შეიკავონ. გრანდიოზული საქმეები კეთდება, მაგრამ არაა საშუალება, რომ ის იყოს ლიდერი. თუ შეეცდება, რომ იპოვოს კარგი სამუშაოები, ან ერთი, ან რამდენიმე, რომლებშიც თავის ბრწყინვალე წვლილს ჩადებს, მაგრამ თვითონ არ იქნება პირველი, ასეთ შემთხვევაში დრაკონიც ნორმალურად გაივლის ამ წელს.
გველი: ძალიან მარტივი რჩევა გველებს: გველი ჭკვიანია, ჯობია დაფიქრდეს, სად ჯობია, რომ იყოს კონსულტანტი. მივიდეს, ურჩიოს, რადგან თხას ეს ძალიან მოსწონს. როგორც კონსულტანტი მშვიდად და წყნარად, შეიძლება ფინანსურად დასაჩუქრებულიც აღმოჩნდეს. ასე რომ, საკმაოდ კარგი წელიწადია მოსარგებლის კუთხით.
ცხენი: ძლივს დადგა კარგი წელი! დაძაბული საკუთარი წელიწადი ისტორიას ჩაბარდა! თუ ზარალის გარეშე გაიარა წინა წელი, ახლა წარმატებების იმედიც შეუძლია ქონდეს. ნოყიერი გარემოა თანამოაზრეების შემოსაკრებად და დიდი პროექტების განსახორციელებლად, ოღონდაც არ დაივიწყოს სამართლიანობა და კორექტულობა! ხმაური, თეატრალურობა, ჭრელა-ჭრულა სიტუაციები მას სულაც არ აბნევს. იგი ერთობა და შედეგსაც შედარებით ადვილად აღწევს. არც სიყვარულში აქვს საქმე ურიგოდ.
თხის წელი: ფანტანსტიური გარემოა, ზუსტად ის არის, რაც მათ უყვართ. ანუ - მიდი-მოდი, ცოტა არეულობა, ცოტა უცნაურობა და ლამაზად გაფორმება. სტაბილურობის მოთხოვნა ამ წელიწადისთვის არ შეიძლება. მიეცემა იმის საშუალება, რომ ერთი წლის განმავლობაში იბრწყინოს, შემოირიგოს გარშემო ხალხი და მათთან ერთად მიაღწიოს თავის შედეგებს. თუ არაკორექტულად მოიქცევა, იქით წელიწადს სამაგიეროს გადაუხდიან და აზღვევინებენ თუ სხვის ხარჯზე გააკეთებს ამ ყველაფერს. გარშემო შემოკრებილ ხალხთან ერთად მიღებული შედეგები უნდა განაწილდეს ყველას შორის.
მაიმუნი: ძალიან ნორმალური წელია. უკვე გეგმები აქვთ დალაგებული. შესაძლო არეულ-დარეულობაში, სერიოზული ხეირი უნდა ნახონ. ოღონდ გავაფრთხილოთ ერთ რამეში, ყველაფერში ხეირს ნახავენ, გარდა სიყვარულისა. სიყვარულში მიიღებენ კარგ შედეგს, თუ შეეცდებიან, რომ მართლა პატივისცემაზე აწყობილი ურთიერთობა ჰქონდეთ. ამიტომ, მაიმუნისთვის საკმაოდ ნოყიერი ნიადაგია, რომ მოიპოვოს ფინანსური შესაძლებლობა.
მამალი: საკმაოდ ნორმალური წელიწადია, თუმცა იღლება ამ არეულ-დარეულობაში. სამაგიეროდ შრომა არ ეზარება და აქეთ-იქით გადმოცვენილი შედეგები შეუძლია მშვენივრად აკრიფოს. მამლისთვის ეს არაა საუკეთესო წელიწადი, მაგრამ ჯობია კინკლაობაში არ ჩაერიოს და სხვების მიერ ნახევრად მიტოვებული საქმეები, ბოლომდე მიიყვანოს.
ძაღლი: ძალიან მძიმე წელიწადია. ძაღლი კორექტულია და საქმის გამკეთებელი, მაგრამ კორექტულობის გარდა ყველაფერი ხდება ამ წელიწადს. შესაბამისად, ძალიან დამღლელი სიტუაციაა. ვურჩევ, რომ თავშეკავებულობა ეყოს და არ ჩაერიოს გრანდიოზულ გეგმებში, რომლის განხორციელება შეუძლებელია. არ ინერვიულოს იმ სისულელეებზე, რომელსაც გარშემო დააფიქსირებს. ეს იქნება დროებითი ამბავი და მერე ყველაფერი ნორმალურად განვითარდება.
ღორი: ფანტასტიური წელია ღორებისთვის, პრაქტიკულად საუკეთესო. თითქოს ყველაფერი იწყება და კეთდება მის გარშემო, არაფერი მთავრდება უშედეგოდ. ყველაფერი შეუძლია ბოლომდე მიიყვანოს და მაქსიმალურად იხეიროს. იმდენად კარგად შეიძლება იგრძნოს თავი ღორის წელიწადში დაბადებულმა მშრომელმა ადამიანმა, რომ სულაც არ დაენანება სხვებსაც საკმაოდ უწილადოს.
ეს წელიწადი საკამოდ კარგი აღმოჩნდა კატების, თხების და ღორებისთვის და საკმაოდ რთული სხვა წლებისთვის. იმიტომ, რომ თითოეულს განსაკუთრებული დისკომფორტი ექმნება. ჩვენ ამის ცოდნა არ გვჭირდება იმისათვის, რომ ადამიანს ეშინოდეს - თითოეულმა უნდა იცოდეს რას აარიდოს თავი და როგორ შედეგს მიაღწიოს. შესაძლებლობები ბევრი იქნება, უბრალოდ, საზოგადოებრივი განწყობა არ არსებობს ამ ყველაფრის ბოლომდე მისაყვანად. გართობის და თავის გამოჩენის განწყობა უფრო არის, ვიდრე საქმის გაკეთების. მაგრამ, ვინც ამ დროს საქმეს გააკეთებს, მას დარჩება სერიოზული შემოსავალი. ეს არის წლის ზოგადი დახასიათება. ყველაფერი იქნება ამ წელს გარდა კორექტულობისა.