„განსხვავებული სასმისი“

„განსხვავებული სასმისი“

ახლო წარსულში პოპულარული ჯგუფი „ოთი გიას“ წევრი, ამჟამად ექიმი გია ბეროშვილი ერთ სახალისო ისტორიას არაერთხელ იხსენებს.

„ოთხმოცდაათიან წლებში ძნელი იყო უცხოეთთან კონტაქტების დამყარება. მოკლედ, დიდი მოლაპარაკებების შემდეგ, „სიმენსის“ ფირმასთან დავამყარეთ ურთიერთობა და კლინიკისთვის ძვირად ღირებული აპარატურა შევიძინეთ. მაგრამ, ამ აპარატურას დამონტაჟება ხომ უნდოდა? ამიტომ, შესაბამისი სპეციალისტებიც მოვიწვიეთ გერმანიიდან.

ქართველები ხომ მოგეხსენებათ, სტუმარი თუ არ გადარიეს თავისი ტრადიციული საჭმელ-სასმლით, აბა, ისე როგორ იქნება? ავდექი და სიღნაღთან ახლოს, სოფელი მაქვს, მაშინ ბებია-ბაბუაც ცოცხალი მყავდა, იქ წავიყვანე ეს უცხოელი სტუმრები გასამასპინძლებლად.

მოკლედ, გაიშალა სუფრა და დავხოცეთ საწყლები ღვინის სმით. არც ერთი სასმისი არ გამოგვიტოვებია და თუ რამეში ისხმებოდა სითხე, ყველაფერი მოვზიდეთ სუფრასთან – ვაზა, ჯამი, კრამიტი, ქვასანაყი, ტაშტი და ლამფის შუშა რომ ამოვწურეთ, თოფი გამოვიტანეთ. რომ დავუმიზნეთ უცხოელ სტუმარს, საწყალს ფერი წაუვიდა, წამოხტა, მაღლა ასწია ხელები და დაიყვირა – რა გინდათ, კაცო, ხომ ვჭამე და ვსვი და რაღაზე მკლავთ, რა დაგიშავეთო.

რომ გავაღებინეთ პირი, გადავხსენით თოფი, ლულა ჩავუდეთ პირში და დავუშვით დოქიდან ღვინო, უნდა გენახათ მისი დაჭყეტილი თვალები. როგორც იქნა, დალია და დაშოშმინდა. მოკლედ, აგვყვნენ სმაში, მეტი გზაც არ ჰქონდათ და ბოლოს,

როგორც იქნა, დავიშალეთ და დავწექით დასაძინებლად. საინტერესო ის იყო, რომ ჩვენს თანამშრომელს, გია მგალობლიშვილს ეს გერმანელები პირადად ჰყავდა ჩაბარებული, ანუ კურაციას უწევდა და დილით ადრე ჩამოაკითხა სტუმრებს. შევიდა მათ ოთახში და გადაირია, ასეთი გათიშულები რომ ნახა. რაღას იზამდა? გააღვიძა, მიესალმა. იმათ „გუთენო“ კი უთხრეს, მაგრამ „მორგენ“ ვეღარ დააყოლეს, თავები ბალიშზე დაყარეს და ასე ძილში გადააბეს რამდენიმე დღე.

მერე ამბობდნენ, ეს რა გვიყავით, რა დაგვალევინეთ ასეთი ბომბი, ჩვენ ამ ქალაქში ფეხის დამდგმელი აღარ ვართ, სად არ ვყოფილვართ და თოფით და ტაშტით არავის შემოუთავაზებია სმაო. ჩვენ კი ვუპასუხეთ, ეგ რა არის, ქალი ვერ ვიშოვეთ, თორემ „ტუფლს“ რომ გავხდიდით, იმაში ჩავასხამდით ღვინოს და მოგაწვდიდით დასალევად, აი, მაშინ მართლაც არ დაგავიწყდებოდათ ჩვენთან სტუმრობაო“.