შინაგან საქმეთა მინისტრმა შსს-ს დანაყოფებისთვის ახალი დირექტივები გამოსცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა შსს-ს დანაყოფებისთვის ახალი დირექტივები გამოსცა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს მითითება შსს-ს დანაყოფების მიერ დისკრიმინაციის პრევენციისა და ამ ნიშნით ჩადენილ სამართალდარღვევებზე ეფექტიანი რეაგირების ღონისძიებების განხორციელების შესახებ ძალაში შევიდა.

მითითების შემუშავების მიზანია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივლისის N445 დადგენილებით დამტკიცებული ადამიანის უფლებების დაცვის 2014-2015 წლებისათვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის 14.4.2.1 და 14.4.2.3 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების, ასევე „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისი მოთხოვნების ეფექტიანი შესრულების უზრუნველყოფა.

მითითება ითვალისწინებს სიძულვილის ნიადაგზე და შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიების შესაბამისი მუხლით (საქართველოს სსკ-ის 142-ე, 142 პრიმა, 142 პრიმა 2, 155-ე და 156-ე მუხლები) გამოძიების დაწყების ვალდებულებას, როდესაც სახეზეა ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

ამასთან საგამოძიებო დანაყოფებს დაევალათ შეუწყნარებლობის მოტივისა და დისკრიმინაციის კონკრეტული ნიშნის „შესაძლო“ არსებობის შესახებ (სსკ 53-ე მუხლის 31 ნაწილი) მიუთითონ სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის შესაბამის ველში - „დანაშაულის ფაბულაში“. აღნიშნული უზრუნველყოფს დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის შესახებ სპეციალური სტატისტიკის სრულყოფას. საგულისხმოა, რომ სპეციალური სტატისტიკის წარმოების ვალდებულებას ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს.

ახალი მითითებით დანაყოფებს კიდევ ერთხელ განემარტათ ყოველდღიურ საქმიანობაში „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის აკრძალვებისა და მოთხოვნების დაცვის მნიშვნელობა. მითითების შესრულების კონტროლს სამინისტროს გენერალური ინსპექცია განახორციელებს.