შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდეგ, რეფორმების გასატარებელ უწყებად მთავარ პროკურატურას ასახელებენ, მაგრამ საგამოძიებო ორგანოში როდის დაიწყება რეორგანიზაცია, ამის თაობაზე კონკრეტული თარიღი არ სახელდება.
მთავარ პროკურატურაში რეფორმების გატარების აუცილებლობაზე ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი საუბრობს და კონცეფციით გამოდის, მას ოპოზიცია წარსულს ახსენებს, უმრავლესობა კი, სტრუქტურის რეფორმირების სამ მოდელზე აპელირებს. კბილაშვილის მოსაზრებით, მთავარი პროკურორის დანიშვნაში მონაწილეობა ყველა უმაღლესმა სახელმწიფო ორგანომ - პრეზიდენტმა, პარლამენტმა და მთავრობამ უნდა მიიღონ. მისი თქმით, პოსტიდან მთავარი პროკურატურის გათავისუფლება იმპიჩმენტის პროცედურით ისე უნდა მოხდეს, როგორც ეს განსაზღვრული უზენაესი სასამართლოს წევრისთვის არის.
ყოფილი მთავარი პროკურორის განმარტებით, რიგითი პროკურორი მთავარი პროკურორის შეხედულების მსხვერპლი არ უნდა გახდეს.
„2012-2014 წლებში, ამ სისტემიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე 97 პროკურორი და გამომძიებელია წასული, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად დისციპლინური საქმის წარმოება არ მუშაობს და პროკურორს თავდაცვის საშუალება არ აქვს“, - განმარტავს კბილაშვილი, რომელსაც გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი წარსულს ახსენებს.
როგორც for.ge-ს ცაგარეიშვილმა განუცხადა, იმედია, კბილაშვილი იმ ქმედებებზე დაფიქრდება, რაც მისი პროკურორობის დროს განხორციელდა და რაც, პროკურატურისთვის და მართლმსაჯულების სისტემისთვის კატასტროფული იყო.
ცაგარეიშვილის თქმით, შეცდომა აღიარებული უნდა იქნეს, რომელიც პარლამენტის ტრიბუნიდან დავით უსუფაშვილმაც აღიარა.
„შეცდომა „თავისუფალმა დემოკრატებმაც“ დავუშვით, როდესაც მთავარ პროკურატურაში ცვლილებების განხორციელებას მხარი დავუჭირეთ. სამწუხაროდ, მთავრობიდან და პროკურატურიდან იმხელა ტალღა მოდიოდა, რომ ამას ვერ შევეწინააღმდეგეთ და პარლამენტი სათანადო სიმაღლეზე ვერ დადგა. პოლიტიკანებს იმის საშუალება მივეცით, რომ პროკურატურის პრივატიზაცია მოეხდინათ. სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად, კარჩაკეტილი სისტემა მივიღეთ და კარგია, როცა მოცალეობის ჟამს, ყოფილი პროკურორი დაფიქრდა, მაგრამ მან უნდა აღიაროს, რომ მის დროს პროკურატურის კარი საბოლოოდ ჩაიკეტა და საზოგადოებასთან გაუცხოვდა. ამ ვაირეფორმის განხორციელებაში კი, ჩართულნი იყვნენ ნაცვლიშვილები და სხვები“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ პროკურატურა იუსტიციის მინისტრის, ან სხვა რომელიმე მაღალჩინოსანის წინააღმდეგ პოლიტიკური იარაღი არ უნდა იყოს და მას დამოუკიდებლობის ძალიან მაღალი ხარისხი უნდა გააჩნდეს.
„პროკურორი ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ამ სფეროში ვერაფერს მივაღწევთ და დაპირებები სადღეგრძელოს სტილში იქნება“, - აღნიშნავს ცაგარეიშვილი, რომელიც ამბობს, რომ უწყების რეფორმირების საკითხი განხილული საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში უნდა იქნეს, მაგრამ ეს იმ პირობებში ძნელია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას ციხიდან გამოშვებას ვაჭრობის საგნად აქცევს.
„თავისუფალი დემოკრატების“ მსგავსად, 2012 წლის დეკემბერში, პროკურატურაში გატარებულ რეფორმებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც აკრიტიკებენ. for.ge-სთან საუბარში ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ თუკი რაიმე ნორმალური აზრი გამოითქმება, კარგია, მაგრამ იუსტიციის სამინისტროს კონტროლიდან პროკურატურის გასვლის ინიციატორი სწორედ კბილაშვილი და მისი პოლიტიკური ბატონები იყვნენ.
ბარამიძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი და არჩილ კბილაშვილი მსოფლიოს დემოკრატიული პროცესებით გაკვირვებას ჰპირდებოდნენ, მაგრამ მათ როცა პროკურატურა პარლამენტის კონტროლიდანაც გამოიყვანეს, დანაშუალი ჩაიდინეს.
„მთავარ პროკურატურაზე კონტროლი პარლამენტს უნდა ჰქონდეს და თუკი უკან იმას დაატრიალებენ რაც გააფუჭეს, კარგი იქნება“, - დასძენს ბარამიძე.
საკითხზე საუბრისას უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ თავდაპირველად, სახელისუფლები სტრუქტურაში პროკურატურის ადგილი უნდა განისაზღვროს.
ქუცნაშვილის განცხადებით, უწყების ადგილის განსაზღვრის შემდეგ, საუბარი მთავარი პროკურორის არჩევის წესზე უნდა დაიწყოს.
„თუ უწყება პარლამენტის დაქვემდებარების ქვეშ იქნება, მაშინ მთავრობა რა შუაშია? თუ პროკურატურა დამოუკიდებელი იქნება, მაშინ ამ პროცესში ჩართული პრეზიდენტი უნდა იყოს“, - დასძენს ქუცნაშვილი, რომლის მსგავსად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე უპირველეს საკითხად საგამოძიებო ორგანოსთვის ადგილის განსაზღვრას მიიჩნევს.
როგორც for.ge-ს ხმალაძე განუმარტავს, პირველ რიგში, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში პროკურატურის ადგილი უნდა დაკონკრეტდეს. მისი თქმით, თეორიულად, მთავარი პროკურატურის მოწყობის სამი განსხვავებული მოდელი არსებობს.
„ერთი მოდელია, როდესაც პროკურატურა სასამართლო ხელისუფლების შემადგენელი ნაწილია და სასამართლოს ზედამხედველობით მოქმედებს. ასეთი მოდელი ევროპის ბევრ ქვეყანაშია. მეორე მოდელია, როდესაც პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაშია. ასეთი მოწყობაა, როდესაც იუსტიციის მინისტრი იმავდროულად გენერალური პროკურორის ფუნქციას ასრულებს. ასეთი მოდელი ამერიკაშია. შტატებს თავ-თავისი პროკურორები ჰყავთ და გენერალურ პროკურორს არ ექვემდებარებიან. მესამე მოდელია, როდესაც პროკურატურა არც აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ არის და არც სასამართლო სისტემაში, არამედ ცალკე დამოუკიდებელი ორგანოა და ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე“, - განმარტავს ხმალაძე.
კანონმდებელს მიაჩნია, რომ შეიძლება, ოპტიმალური ვარიანტი იყოს პროკურატურის ყველანაირი სისტემიდან გატანა და მისი ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე. დეპუტატის მოსაზრებით, პროკურორი შეიძლება პარლამენტის მიერ დაინიშნოს, ან პრეზიდენტის მიერ წარდგენა მოხდეს და პარლამენტის მიერ არჩეული იყოს.
„რატომ არ შეიძლება, პროკურორი მთავრობის მონაწილეობით შერჩეული იყოს? აღმასრულებელ ხელისუფლებაში დანაშაულის ჩადენის მომეტებული რისკი არსებობს, ეს კი ბევრად ნაკლებია პარლამენტის წევრების შემთხვევაში, ხოლო უფრო ნაკლებია პრეზიდენტის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტები. შესაძლებელია, პროკურორის დანიშვნაში მთავრობა არ მონაწილეობდეს და ამ პროცესში ჩართულნი პრეზიდენტი და პარლამენტი იყვნენ“, - ამბობს ხმალაძე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში პროკურატურის დარჩენის ალბათობა არსებობს, რადგან ამას კონსტიტუციური ცვლილებები არ დასჭირდება, რომელსაც 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.
„შეცდომა დავუშვით, როდესაც პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში კი დავტოვეთ, მაგრამ იუსტიცის სამინისტროს მხრიდან ყველანაირი კონტროლი გავაუქმეთ და მთავარი პროკურორი ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე არ არის. პროკურორის გარე კონტროლი აღარ არსებობს და პროკურორს იუსტიციის მინისტრის წარდგენით პრემიერ-მინისტრი ნიშნავს. ასეთი ვითარება ხელს ობიექტური დარღვევის გამოვლენაზე ორიენტირებული უწყების არსებობას არ უწყეობს. მთავარი პროკურორი უკვე დამოკიდებული პრემიერზე ხდება, რაც შეიძლება სერიოზული პროლემების შემქმნელი იყოს და აშკარად, დამოუკდებლობის ხარისხი დაბალია. თუ პროკურატურა იუსტიციის სამინისტროში დარჩა, სისტემაში ჩარევის უფლება იუსტიციის მინისტრს არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ მთავარი პროკურორს ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, მის დანიშვნაში პარლამენტი უნდა მონაწილეობდეს და საბოლოო სიტყვა პარლამენტის უნდა იყოს“, - აცხადებს ხმალაძე.