იელის უნივერსიტეტმა პერუსთვის უძველესი ქალაქის მაჩუ–პიკჩუს 45 ათასი არტეფაქტის დაბრუნების პროცესი დაიწყო. აღნიშნული ნივთები ქვეყნიდან ამერიკელმა არქეოლოგმა ჰაირემ მინგჰემმა 1912 წელს გაიტანა. პერუს დედაქალაქ ლიმაში ნივთების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
სატვირთო მანქანების კორტეჟი აეროპორტიდან საპრეზიდენტო სასახლისკენ გაემართა.
"ეს ფასდაუდებელი ნივთებია, თუმცა ოქროსგან ან ძვირფასი ქვებისგან არაა დამზადებული. ისინი პერუს სიამაყეს განასახიერებენ,“ – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ალან გარსიამ.
არტეფაქტების პირველ პარტიაში უძველესი ჩონჩხები და კერამიკის ფრაგმენტებია. ისინი მცირე დროის განმავლობაში ლიმაში გამოიფინება, შემდეგ კი მათ ინკების იმპერიის ისტორიულ დედაქალაქ კუსკოში გადაიტანენ. იქ ისინი ახალი კულტურული ცენტრის ექსპოზიციაში შევლენ.
2007 წელს იელი უკვე ცდილობდა პერუსთან შეთანხმებას არტეფაქტების დაბრუნების შესახებ, თუმცა ლიმა შეთავაზებული ნივთების რაოდენობამ არ დააკმაყოფილა. 2008 წელს პერუს ხელისუფლებამ იელის უნივერსიტეტს სასამართლოში უჩივლა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. არტეფაქტების დაბრუნების შესახებ შეთანხმების მიღწევა მხოლოდ გასული წლის ნოემბერში გახდა შესაძლებელი.
ანდებში განთავსებული ქალაქი მაჩუ–პიკჩუ პერუს მთავარი ღირსშესანიშნაობა და ინკების კულტურის ყველაზე ცნობილი ძეგლია. ინკების კულტურა პერუში მეთხუთმეტე საუკუნემდე არსებობდა. 2007 წელს ძეგლი "მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებას შორის“ მოხვდა.