თემურ ჩირგაძის „თამადობა“

თემურ ჩირგაძის „თამადობა“

ბატონი თემურ ჩირგაძე პროფესიონალი მსახიობი არ გახლდათ. ის ექიმი იყო, მაგრამ თუნდაც “ცისფერ მთებში” მის მიერ განსახიერებული როლის შემხედვარე ამას ძნელად თუ დაიჯერებდით.

თემურ ჩირგაძე მის თაობაში ძალიან პოპულარული პიროვნება იყო. ამისი ერთ-ერთი მიზეზი საოცარ ადამიანურ ღირსებებთან ერთად ისიც იყო, რომ არაჩვეულებრივი თამადა გახლდათ. საოცარი იმპროვიზაციის უნარი ჰქონდა და მის მიერ წაყვანილი ნებისმიერი სუფრა ერთგვარ მონოსპეკტაკლს ემსგავსებოდა.

ერთხელ თბილისში ფრანგი მსახიობი ჟერარ ფილიპის მეუღლე ან ფილიპი ჩამოვიდა. თამადად თემური აირჩიეს, რომელმაც მთელი სუფრა ფრანგულად წაიყვანა, არადა, ყველამ იცოდა, რომ ამ ენაზე წარმოდგენა არ ჰქონდა. მეგობრები გაოცებულები შესცქეროდნენ, ფრანგები კი მის საუბარზე სიცილით იხოცებოდნენ.

ფილიპმა მთელი დიალოგი ჩაიწერა, მეორე დღეს კი გურამ ასათიანს დაურეკა და უთხრა: - დილით ცუდ გუნებაზე გავიღვიძე, გადავწყვიტე გუშინდელი ჩანაწერი მომესმინა და გავმხიარულებულიყავი, მაგრამ ერთი სიტყვაც ვერ გავარჩიე. იქნებ მითხრათ, რა ენაზე ლაპარაკობდა ეს კაციო.