საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 170 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. ფიცის დადების ცერემონიალი მარნეულში, მემორიალთან „კიდევაც დაიზრდებიან“ გაიმართა. დღეიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ჯარისკაცები სახმელეთო ჯარების I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის დაცვის ასეულში ერთი წლის განმავლობაში იმსახურებენ.
გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა, ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გოჩა რატიანმა წვევამდელებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება მიულოცეს და ქვეყნის წინაშე ღირსეული სამსახური უსურვეს.
ღონისძიებაზე ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულა. მოწვეულმა სტუმრებმა და წვევამდელებმა საქართველოს ერთიანობისა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ფიცის მიღების დასრულების შემდეგ, ასეულის პირადი შემადგენლობა კაპელანმა, მამა მოსემ დალოცა.