ზაზა ხატიაშვილი პრეზიდენტ სარკოზის შეხვდა და ახლა ჰილარი კლინტონთან შეხვედრას აპირებს

ზაზა ხატიაშვილი პრეზიდენტ სარკოზის შეხვდა და ახლა ჰილარი კლინტონთან შეხვედრას აპირებს

[ნინო მიქიაშვილი]
თაღლითობის ბრალდებით გასამართლებულ ადვოკატ მარი იველაშვილზე, სტუდია “მონიტორის“ მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიება (ინგლისური ტიტრებით), ევროპელმა და ამერიკელმა ადვოკატებმა პარიზში ნახეს. იმაზე, თუ რა რეაქცია ჰქონდათ უცხოელ ადვოკატებს, ქართველი კოლეგის დაპატიმრების ისტორიაზე; რამდენკაციანი დაცვით დადის საფრანგეთის პრეზიდენტი; რატომ სცემენ მას განსაკუთრებულ პატივს ფრანგი ადვოკატები; რისთვის უხდიან მადლობას ფრანგი ბიზნესმენები თავიანთი ქვეყნის ადვოკატებს და რის წარდგენას აპირებს აშშ–ს სახელმწიფო მდივნისთვის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, პრესა.გე შეხვდა და ესაუბრა ზაზა ხატიაშვილს, რომელიც პარიზში მისი ფრანგი კოლეგის მიწვევით იმყოფებოდა.

რა რეაქცია ჰქონდათ უცხოელ ადვოკატებს, მარი იველაშვილის დაპატიმრების ისტორიაზე?
– მათ იმის დაჯერება გაუჭირდათ, რის შესახებაც ფილმშია მოთხრობილი და რასაც პატიმარ ადვოკატს ედავებიან. თქვეს, რომ ეს შორეულ წარსულში მომხდარ ამბავს ჰგავს. ბრაზილიის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემაც კი გამომართვა ეს ფილმი და იმ დღესვე ნახა. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო სტუდია “მონიტორის“ ხელმძღვანელს – ნინო ზურიაშვილს, ფილმის ავტორს – ცქრიალა შერმადინს და ოპერატორს – უტა კომახიძეს, რომლებმაც ეს ფილმი გადაიღეს და მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ მისი საფრანგეთში წაღება მინდოდა, გადაათარგმნინეს.

საქართველოში სააკაშვილმა წოდებრივ–წარმომადგენლობითი მართლმსაჯულება შექმნა, რომლის მსხვერპლია მარი იველაშვილი. ამ 21 წლის ტირძნისელ გოგონას, ხელისუფლების გარკვეულმა წარმომადგენლებმა ტელევიზიით განცხადება გააკეთებინეს, რომ ვითომ ის ოსური “კმარას“ წევრი იყო და შემდეგ, როდესაც ის ამოიცნეს და ეს ამბავი უკაცრავად და – გასკდა, მარი იველაშვილმაც სიმართლე მოყვა და ამის შესახებ პრესაში დაიწერა, პროკურატურამ პოლიტიკური მოტივით დააკავა. მას, როგორც ადვოკატს, ბრალად დასდეს თაღლითური გზით 409 ლარის მითვისება, დაიჭირეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ჩემს უცხოელ კოლეგებს ადვოკატ ნათია სირაძის ისტორიის შესახებაც ვესაუბრე – ჯერ უსამართლოდ, აბსურდული ბრალდებით დაიჭირეს და შემდეგ, დედა რომ დაეტირებინა (საპყრობილეში ყოფნისას დედა გარდაეცვალა), საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს, თან უთხრეს, ხატიაშვილი გაჩუმდეს და გაგიშვებთო და დაკავებიდან სამ თვეში, ყოველგვარი თანხის გადახდის გარეშე გამოუშვეს. ნათია სირაძეც სააკაშვილის წოდებრივ–წარმომადგენლობითი მართლმსაჯულების მსხვერპლია, ისევე, როგორც საპყრობილეში მყოფი არაერთი ადვოკატი და არა მარტო ისინი.

რა იყო საფრანგეთში თქვენი სტუმრობის მიზანი?
– პარიზის ადვოკატთა ასოციაციის 200 წლისთავისადმი აღსანიშნავ გრანდიოზულ ღონისძიებაზე, ჩემმა ფრანგმა კოლეგამ მიმიწვია, სადაც პირადი დანაზოგით გახლდით წასული. ახლახანს გერმანიაში ვიყავი, იუსტიციის ფედერალური მინისტრის მიწვევით (იქაც ჩემი პირადი დანაზოგით წავედი, ადვოკატთა ასოციაციიდან ერთი თეთრიც არ გამომიყენებია); გასულ წლებში სხვაგანაც ვყოფილვარ, მაგრამ ის, რაც პარიზში ვნახე, მსგავსი ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს.

ასეთი რა ნახეთ?
– მოგახსენებთ, მაგრამ ჯერ თუ შეიძლება საფრანგეთში ჩემი სტუმრობის მიზანზე გიამბობთ. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევის დღიდან ვთქვი, რომ ჩემი საქმიანობის უმთავრესი მიზანი ჩემი კოლეგების უფლებების დაცვა და ადვოკატთა ასოციაციის გაძლიერებაზე ზრუნვა იქნებოდა. ვისარგებლე ჩემი ფრანგი კოლეგის კეთილი ნებით და პარიზში გამართულ სამდღიან ღონისძიებაზე, ჩვენს სფეროში არსებულ პრობლემებზე ვესაუბრე, არა მარტო ფრანგ კოლეგებს, არამედ გერმანელებს, ამერიკელებს, ბრაზილიელებს, ბერძნებს, იტალიელებს...

საინტერესო იცით რა იყო?! უცხოელი ადვოკატები შესანიშნავად არიან ინფორმირებულები ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. მითხრეს: “რევოლუციას სიკეთე არსად, არასდროს მოუტანია და რაღა თქვენთან მოიტანდა?! თქვენ გაქვთ სააკაშვილის რეჟიმი!“ როცა ფრანგმა ადვოკატებმა ქუთაისელი ადვოკატის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი კობა სოხაძის ამბავი გაიგეს, თქვეს, რომ საფრანგეთში მსგავსი არც დაესიზმრება ვინმესო. მოგეხსენებათ, პატრული დაკავებისას მოქალაქეს რომ სცემდა, ამას ტელეფონით იღებდა კობა სოხაძე, რომელსაც ჯერ ტელეფონი წაართვეს, შემდეგ სცემეს და დააკავეს.

იმისთვის, რომ ადვოკატთა ასოციაცია გაძლიერდეს და ასე ადვილად ვეღარ შეძლონ ჩვენი უფლებების დარღვევა: პოლიტიკური მოტივებით ადვოკატების დაკავება; ციხეებში შესვლისას ამაზრზენი და დამამცირებელი მეთოდებით ჩხრეკა, უფრო სწორად, ხელების თათუნი; ისეთი კანონების მიღება, რითაც დაცვის ინსტიტუტი უფრო კნინდება... მხოლოდ ხმამაღალი განცხადებები არ არის საკმარისი. უნდა მოვიპოვოთ საერთაშორისო მხარდაჭერა და ადვოკატთა ასოციაცია ფინანსურადაც უნდა გაძლიერდეს, რაც მოხმარდება ჩვენი კვალიფიკაციის ამაღლებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას... ჩვენს ქვეყანაში ახლა ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ ადვოკატს, რომლის უმთავრესი მოვალეობა სხვისი უფლებების დაცვაა, საკუთარი უფლებებისთვისაც უწევს ბრძოლა, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე ფეხქვეშ თელავენ.

ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომელიმე ქართველმა ბიზნესმენმა ჩვენი ასოციაციის გასაძლიერებლად თანხა რომ გადმორიცხოს, რას უზამს ეს ხელისუფლება.

საერთაშორისო ორგანიზაციები არიან ჩვენი დონორები, რომელთაც ეს ხელისუფლება ვერაფერს დააკლებს, მაგრამ ადვოკატის ინსტიტუტის გასაძლიერებლად, მათ მიერ გაღებული თანხა, საკმარისი არ არის და ამიტომ, პარიზში ყოფნისას უცხოელ დონორებს ვესაუბრე; არ მკითხოთ, კონკრეტულად ვის, რადგან ეს თუ ხმამაღლა ვთქვი, შემდეგ სააკაშვილი ალბათ წერილს გაგზავნის – “არ დაეხმაროთო“ და ხელს შეგვიშლის. პარიზში წასვლის წინ მარი იველაშვილს ციხეში შევუთვალე, რომ შენს შესახებ გადაღებული ფილმი პარიზში მიმაქვს–მეთქი. მან გახარებულმა დამირეკა და ამის შესახებ ტელეფონით მესაუბრა. ამ ქვეყანაში ხომ ყველას და ყველაფერს უსმენენ?! ეტყობა, ეს ამბავი გაიგეს და სანამ პარიზში ჩავიდოდი, უზენაესმა სასამართლომ, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, სასწრაფო წესით გადაწყვეტილება გამოიტანა, მაშინ, როცა ვადა სექტემბრამდე იყო.

ახლა, რაც შეეხება იმას, რამაც საფრანგეთში ყოფნისას გამაოცა – ამ ქვეყანაში ადვოკატებს განსაკუთრებულად სცემენ პატივს; მათი შიში და სიყვარული ერთდორულად აქვს, როგორც პოლიციას, ისე პრეზიდენტს და სხვებს.

პრეზიდენტი სარკოზიც ესწრებოდა ასოციაციის წლისთავისადმი აღსანიშნავ ღონისძიებას, თუ მისი დამოკიდებულების შესახებ გადმოცემით იცით?
– რას ამბობთ, რას ჰქვია გადმოცემით?! ამ ღონისძიებაზე პრეზიდენტი სარკოზი მოვიდა, ძალიან თბილად მოგვესალმა, ერთი საათი ისაუბრა და წავიდა. სხვათა შორის, ამ დროს, იქ არავინ გაუჩხრეკიათ და საფრანგეთის პრეზიდენტი, არც ასკაციანი დაცვით მოსულა, მას ორკაციანი დაცვა ახლდა. ადვოკატებს უთხრა, თქვენ ხართ საფრანგეთის საყრდენი, თქვენს გარეშე ჩვენი ქვეყნის განვითარება ვერ მოხდებაო.

როცა ფრანგმა ადვოკატებმა მათი პრეზიდენტისადმი განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს, ცოტა არ იყოს გაოცებულმა ვიკითხე – სარკოზი ხომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ასე როგორ გიყვართ–მეთქი?! ამაზე მომიგეს: “შს მინისტრობისას, სარკოზი იყო გარანტი, რომ მოქალაქეების ყველანაირი უფლება დაცული ყოფილიყო“.

სამდღიანი გრანდიოზული ღონისძიება, რომელსაც პოსტსაბჭოთა სივრციდან მხოლოდ მე ვესწრებოდი, ფრანგმა ბიზნესმენებმა დააფინანსეს. მათ ფრანგ ადვოკატებს, სიტყვით გამოსვლისას უთხრეს – “რომ არა თქვენ, ჩვენ ვერც ასეთი წარმატებული ქვეყანა გვექნებოდა და ვერც ჩვენს ბიზნესს განვავითარებდით“. აქ ქართველი ბიზნესმენები მხოლოდ “ნაცმოძრაობას“ და მის სატელიტ პარტიებს აფინანსებენ, ისინი დაბეჩავებულები და დაშინებულები არიან და ერთი თეთრის გადმორიცხვასაც ვერ გაბედავენ ჩვენი ასოციაციისთვის, რადგან ნათელია, რომ სააკაშვილის რეჟიმი ადვოკატის ინსტიტუტის დასამარებას და განადგურებას ცდილობს.

კონკრეტულად რითი შეიძლება დაგეხმარნონ თქვენი უცხოელი კოლეგები?
– ფრანგი ადვოკატები შემპირდნენ, რომ ევროპულ სტრუქტურებს მიმართავენ საპროტესტო წერილით, მარი იველაშვილის დასაცავად. ისინი, ისევე, როგორც იტალიელი, გერმანელი, ბერძენი, ბრაზილიელი... ადვოკატები, საკმაოდ კარგად არიან ინფორმირებულები, აქ არსებული ვითარების შესახებ. ასე რომ, ისე არ არის საქმე, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ ქართული სახელისუფლებო არხები, რომ ვითომ სააკაშვილს დასავლეთში აქვს შესანიშნავი იმიჯი. გაკვირვებული და გახარებულიც ვიყავი, როცა აღმოჩნდა, რომ ფრანგ ადვოკატებს ჩემს შესახებაც ჰქონდათ ინფორმაცია; მათ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ჩვენს კოლეგებთან ასე წარმადგინეს – “გაიცანით, ეს გახლავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ადამიანის უფლებათა ცნობილი და უკომპრომისო დამცველი“.

ფრანგი ადვოკატების ინიციატივაა, რომ თბილისში შემოდგომაზე ჩატარდეს საერთაშორისო კონფერენცია. მე მთხოვეს ამ ღონისძიებას ორგანიზება გავუკეთო. მათ დავპირდი, რომ თბილისში სტუმრობისას, უშუალოდ ადვოკატებისგან მოისმენენ როგორ ილახება საქართველოში მათი უფლებები. სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ადვოკატები ქართველი კოლეგებისგან შეიტყობენ, როგორ ეპყრობიან აქ ადვოკატებს და რა ხელოვნურ ბარიერებს აწყდებიან, როგორც საპყრობილეებში შესვლისას, ისე – გამოძიების დროს და შემდეგ სასამართლოში და, საერთოდ, ყოველდღიურ საქმიანობაში.

როდისთვის იგეგმება თბილისში საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება?
– ეს ჯერ დაზუსტებული არ არის, მაგრამ სავარაუდოდ ნოემბერში, რადგან მანამდე, 2 ოქტომბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაა დანიშნული, რომელზეც ჩემი მუშაობის ათთვიან შედეგს წარმოვადგენ და იმ მოუგვარებელ პრობლემებზეც ვისაუბრებ, რომელსაც ამ დროის განმავლობაში ვაწყდებოდი. მე ერთპიროვნული გადაწყვეტილება არასდროს მიმიღია და ამის გაკეთებას არც ახლა ვაპირებ. ჩვენ 2 ოქტომბერს ერთად ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ, საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლას ერთად ვაგრძელებთ, თუ ვყრით ფარ–ხმალს და ვემონებით არსებულ რეჟიმს.

და ჰილარი კლინტონს თქვენც ხვდებით, თბილისში მისი ოფიციალური ვიზიტის დროს?
– ჯერ არ ვიცი, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ასეთი შეხვედრა აუცილებლად შედგება. ამ მიზნით დღეს ამერიკის ელჩს ოფიციალური წერილით მივმართე. გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილია აშშ–ს სახელმწიფო მდივნის შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. თუ ამგვარი შეხვედრა ნამდვილად შედგება, ჩემი აზრით, ქალბატონი ჰილარი კლინტონი უარს არ იტყვის, საქართველოს ადვოკატთა 4 000 წევრისგან შემდეგარი ასოციაციის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, თუ იქნება ამერიკული მხარის პოლიტიკური ნება.

აშშ–ს სახელმწიფო მდივანს მინდა წარვუდგინო კონკრეტული მტკიცებულებები, ადვოკატთა დევნის შესახებ და გავაცნო სასჯელაღსრულების სისტემაში ადვოკატებთან მოპყრობის ფაქტები, განსაკუთრებით, ხათუნა კალმახელიძის ბოლო ბრძანება, რომელიც აკანონებს სახელმწიფოს მხრიდან ადვოკატებთან მიმართებაში დისკრიმინაციულ მოპყრობას. ასევე, ჰილარი კლინტონს მინდა წარვუდგინო მტკიცებულებები იმ არასამართლიანი სასამართლოს თაობაზე, რომელიც საქართველოშია. ამგვარ უმნიშვნელოვანეს ფაქტებს აშშ–ს სახელმწიფო მდივანს ალბათ, სხვა ვერავინ მიაწვდის.