მუსიკა და ჟღერადობა (ნაწილი III)

მუსიკა და ჟღერადობა (ნაწილი III)

ახლა კი მოდით, კონკრეტულად განვიხილოთ ვინილის ეპოქები და დავახასიათოთ ზოგიერთი სახელგანთქმული ალბომის ჟღერადობა. აქ აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ როკ მუსიკა სხვა ჟანრებისგან, რადგან ვერ მოხერხდება „ბითლზისა“ და ჯორჯ ბენსონის „ერთ ქვაბში“ მოხარშვა.

რადგან The Beatles არაერთი თვალსაზრისით ამოსავალი წერტილია, მოდით ლეგენდარული ჯგუფის სამი ეპოქალური ალბომი გავიხსენოთ - სადებიუტო Please Please Me, შუალედი პერიოდის Sgt. Peppers Lonely Hearts Club Band და დამაგვირგვინებელი აკორდი Abbey Road.

1963 წლისთვის „სტერეო“ იმდენად ეკზოტიკური ხილი იყო და მელომანი მოსახლეობის უმრავლესობა კვლავაც მონო ფირსაკრავებით იყო აღჭურვილი, რომ როგორც ჩანს აშკარა განსხვავების საჩვენებლად, ხმის რეჟისორებმა 4 ბილიკიან ხმის ჩამწერ მოწყობილობებში ინსტრუმენტებისა თუ ვოკალის პარტიების ბოლომდე დაყოფა განიზრახეს, რადგან ამგვარი მოდა უფრო გასართობ ხასიათსაც შესძენდა ამა თუ იმ ჩანაწერს.

გავიხსენოთ ლეგენდარული კვარტეტის მრავალი სიმღერა, სადაც მომღერალი უკიდურესად ცალ არხში ისმის, ხოლო მეორეში კი მხოლოდ ინსტრუმენტებია თავმოყრილი და გამოუცდელი ყური ზოგჯერ ვერც კი მიხვდება, თუ რომელი სიმღერის მელოდია ესმის, მაგ. Hey Bulldog. 

ჩანაწერის ხარისხი სრულიად დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ძალიან შორს დგას თუნდაც იმავე Sgt. Peppers Lonely Hearts Club Band-სა და Abbey Road-სგან, რომლებშიც უკვე შეიგრძნობა სამომავლო როკ ალბომების სურნელება.

მიუხედავად იმისა, რომ The Beatles, როგორც ინსტრუმენტალისტები, საგრძნობლად არასოდეს განვითარებულან, ხმის ჩამწერი სტუდიის განვითარება მათ კომპოზიტორულ არეალს გვიანდელ ნაწარმოებებში გაცილებით მეტ გასაქანს სძენდა და რომ არა Abbey Road-ის ზედმიწევნით დახვეწილი ჟღერადობა, შეიძლება არაერთ კომპოზიციას არანჟირებასთან ერთად, მელოდიური მხარეც ჰქონოდა განსხვავებული.

ამის ნათელი მაგალითია ჯონ ლენონის ერთ-ერთი ადრეული (1957-1960) როკ’ნ’როლი One After 909, რომელიც ლეგენდარული ოთხეულის ქრონოლოგიურად ბოლო ალბომ Let It Be-ში სრულიად განსხვავებულია და მასზე ვერვინ იტყვის, მოძველებულიაო.

Sgt. Peppers Lonely Hearts Club Band იდეური თვალსაზრისით ეპოქალური ალბომია და მას გარკვეულწილად პროგრესივ როკის დაბადებასაც უკავშირებენ. აქედან გამომდინარე გამორიცხული იქნებოდა, ალბომს ჟღერადობაც განსაკუთრებული არ ჰქონოდა!

ჩაწერის „არქაულ“ ტექნიკასთან ერთად, აქ უკვე უახლესი და თანაც პიონერული ექსპერიმენტებია დანერგილი ალბომის მონო და სტერეო ვერსიებში ფირის აჩქარება-შენელებით დაწყებული, არხებში სიმფონიური ორკესტრის გაშლით (სადაც ინსტრუმენტების ჯადოსნური დაყოფა სულაც არაა ცარიელი „ღრიჭოების“ გაჩენის მომასწავებელი) დამთავრებული.

საერთოდ  ორი აზრი არ არსებობს, რომ ხმის ჩამწერი ტექნიკის განვითარების გარეშე, კლასიკური მუსიკისგან  განსხვავებით, როკ მუსიკის მოწინავე ჟანრები ვერ განვითარდებოდნენ, რადგან შუა საუკუნეებში ხმის ჩამწერი სტუდიები საერთოდ არ არსებობდა, მუსიკა გემოვნებიანი ადამიანის ყურებში მარადიულ სამყოფელს ჰპოვებდა და დავიწყებას რომ არ მიცემოდა, სტამბების დაარსების შემდეგ, დაბეჭდილი პარტიტურების სახით ვრცელდებოდა...

ანუ კაცობრიობის მარადიული მუსიკა ბუნებრივი გზით ვითარდებოდა, ხოლო ეპოქების ამსახველი მუსიკის შექმნა კი ტექნიკის განვითარების გარეშე, წარმოუდგენელი იქნებოდა. თუმცა ეს უკვე სხვა თემაა და შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი...

თუკი The Beatles -ის ნებისმიერი ალბომის ჟღერადობა მსმენელისთვის მეტ-ნაკლებად მისაღებია, „როლინგების“ შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა და 60-იანების შუა პერიოდის არაერთი სიმღერა, ალბათ უკეთეს ჟღერადობას იმსახურებდა.

1969 წლის Let It Bleed - დან დაწყებული, „როლინგებში“ საქმე უკვე აწყობილია, რადგან ხმის ინჟინრებმა საბოლოოდ მიაკვლიეს მათი ორი გიტარის ერთობლივი    ჟღერადობის ეფექტური ჩაწერის მეთოდს.

შემდგომში „როლინგების“ ვერცერთი დისკი ვერ დაიკვეხნის უკეთესი ჟღერადობით და საერთოდ,  Let It Bleed-დან და Abbey Road-დან გამომდინარე, 1969 წელი ალბათ ინგლისური ჯგუფების ჩაწერისა და ზოგადად ბრიტანული ხმის ჩამწერი სტუდიების დიდი გამარჯვების ეტაპად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ამერიკაში მდგომარეობა განსხვავებული იყო და დიდწილად ამას როკ სივრცეში ჰიპური სულისკვეთება განსაზღვრავდა, რა მიზეზითაც The Doors-ის სადებიუტო ალბომის (1967) ჟღერადობა ეტალონურად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით მაგალითად ინგლისურ ჰიპურ ალბომებზე Fairport Convention – What We Did On Our Holidays-სა და Crazy World Of Arthur Brown-ზე.

70-ების დასაწყისში გამოსული ბრიტანული როკ ალბომებიდან „ჩავარდნილ“ ჟღერადობას უკვე ფაქტობრივად ვეღარცერთს დავწამებთ. უბრალოდ არსებობს გამორჩეული სტუდიური ალბომები, რომელთა მოსმენით, მართლაც განუსაზღვრელ სიამოვნებას ვპოვებთ.

ასეთებია Deep Purple-ს Machine Head, The Who-ს Who’s Next, Led Zeppelin III, Uriah Heep-ის Look At Yourself… აქ შეგნებულად გვერდს ავუვლით პროგრესივ როკ ბენდებს, რადგან ეს სხვა სასაუბრო თემაა.

რა ხდება მერე, უკვე 70-იანების შუა პერიოდიდან მოყოლებული? თითქოს ვინილების ჟღერადობას ხშირად ეკარგება სიღრმე, ბგერის „კაიფი“ აღარ იგრძნობა და თუკი პირობითად 1977-1980 წლების ალბომებში ამას იდეური გამოფიტვაც უწყობდა ხელს, 70-იანების შუა პერიოდის ზოგიერთი სახელგანთქმული შემდგომში კომპაქტ დისკებზე რემასტირებული როკ ფირფიტა, შედარებით უკეთესი ჟღერადობისა აღმოჩნდა.

ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით მაგალითად Jethro Tull-ის 1977 წლის Songs From The Wood-ზე, რომელიც ზოგიერთ წინამორბედზე უკეთ ისმინება, მაგრამ რა დაემართათ Pink Floyd-ის გამორჩეულ ალბომებს Animals-სა და The Wall -ს, რომელთა მოსმენისას ყოველთვის გეუფლება ჟღერადობით დაუკმაყოფილებლობის გრძნობა და დისკომფორტი?

ზუსტად იგივე ითქმის Queen-ის 1975 წლის A Night At The Opera-ზე, რომლის შემდგომმა რემასტერინგებმა მოსპეს ორიგინალური - აბსურდული „სიყრუვე“.

თუკი Deep Purple In Rock-ის სიხისტე „სიყრუვეს“ ბუნებრივად ითხოვდა, ზიზილ-პიპილო ფერებში გამოწყობილი Queen-ის ჭრელი საუნდი გაცილებით მეტ მაღლებს და სივრცეს საჭიროებდა, რაც შესაფერისი იქნებოდა მრავალხმიანი გაშლილი ვოკალების ეფექტის გადმოსაცემად, Bronze Records -ის Uriah Heep-ის ადრეულ ალბომებში განსაკუთრებული სილამაზით რომ ვლინდებოდა...

(გაგრძელება იქნება)