მექსიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მაიას ქანდაკება, რომელიც ამ კვირაში პარიზის აუქციონზე რეკორდულ ფასად – 2,9 მილიონ ევროდ გაიყიდა, ორიგინალი არ არის.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ანთროპოლოგიისა და ისტორიის ინსტიტუტებმა ერთობლივი განცხადების სახით გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული ქანდაკება ცენტრალური ამერიკის არცერთ კოლუმბიამდელ კულტურას არ ეკუთვნის.
მანამდე ამტკიცებდნენ, რომ ხელოვნების ნიმუში მაიას გვიან კლასიკურ პერიოდშია (550–950 წლები) დამზადებული, თუმცა სპეციალისტებმა მასზე იმდროინდელი კულტურის ვერცერთი მახასიათებელი ვერ აღმოაჩინეს.
გამყალბებლები შეეცადნენ, ქანდაკებისთვის მაიას კულტურის ნიშნები შეეძინათ, თუმცა ქანდაკების ზომა, მისი ფეხების განლაგება და ფეხსაცმლის ფორმა ამ კულტურისთვის დამახასიათებელი არ არის.
166 სანტიმეტრის სიმაღლის სკულპტურა შვეიცარიელი ბიზნესმენის ჰენრი ლოუს კოლექციის ნაწილია. ის ანონიმურმა კოლექციონერმა ევროპაში შეიძინა. საბოლოოდ Drouot–ის აუქციონზე ეს ქანდაკება ყველაზე ძვირადღირებული ლოტი აღმოჩნდა.