ჯონი ჯანჯალაშვილი მომღერალი გახლავთ და კალათბურთელებთან „ძმაკაცობით“ თავის მოწონება ნამდვილად შეუძლია. ბატონი ჯონი ერთ სახალისო ამბავს არაერთხელ იხსენებს.
„გახსოვთ, ალბათ, როგორი ამბები ტრიალებდა ერთ დროს ნუგზარ ჯუღელის ანეკდოტურ გამოთქმებზე: „დერიუგინი ახტა, მაგრამ ვერაფერი გააწყო და იძულებული გახდა, დამხტარიყო“, იმ კალათბურთელ დერიუგინზე მოგახსენებთ, მართლაც ძალიან ტანმაღალი გახლდათ, განსაკუთრებით - ჩემთან შედარებით.
ვდგავართ ერთ დღეს ბიჭები ფილარმონიის წინ, იქვე შევამჩნიეთ დერიუგინი. აფიშას ათვალიერებს, ეტყობა ვიღაცას ელოდებოდა.
ამიტყდნენ ბიჭები, - მიდი, დერიუგინს წინ დაუდექიო.
- მომეშვით, რა, - ვიგერიებ, მაგრამ მოგეშვებიან.
- ჯონი, შენ თუ ახლა დერიუგინს ფეხებშუა გაუძვრები, რომელ რესტორანზეც თითს დაგვიდებ, იქ გაქეიფებთო.
- ჩათრევას ჩაყოლა სჯობია, ჯანდაბას თქვენი თავი-მეთქი, - ოღონდ, როგორც კი მივუახლოვდები, „ბალკონიდან“ დაუძახეთ, რომ ამოიხედოს. გავარდნენ „ბალკონზე“.
- დერიუგინ! - დაუძახეს ზევიდან. ამან აიხედა. ვიხელთე დრო და გავუძვერი და გამოვუძვერი გაჩაჩხულ ფეხებში. ორმაგი ნაძლევი მოვიგე და ორი დღე მაქეიფეს.“