დედაქალაქის რაიონებად დაყოფის სისტემა გადასახედია?!

დედაქალაქის რაიონებად დაყოფის სისტემა გადასახედია?!

დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზაზა ვეკუა მიიჩნევს, რომ თბილისის ათ რაიონად დაყოფამ არ გაამართლა და დედაქალაქის დარაიონების სისტემა კვლავინდებურად ექვს რაიონამდე უნდა დავიდეს. ზაზა ვეკუამ წინადადებით უკვე მიმართა დედაქალის მერიას, შემცირდეს რაიონების რაოდენობა. შესაბამისად, შემცირდება გამგებლების, გამგებლის მოადგილეებისა და ქალაქის მერიის მაღალჩინოსნებისთვის გამოყოფილი თანხები, რომელებიც იკავებენ ამ თანამდებობებს.

როგორც ზაზა ვეკუა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, ის, რაც მოხდა 2013 წლის გაზაფხულზე, როცა თბილისის ადმინისტრაციული დაყოფა 6-დან ათამდე გაიზარდა, ყოვლად მიუღებელია. ეს განხორციელდა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების დასაქმების გამო, რათა მათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეღოთ თანხები.

„იყო ექვსი რაიონი, ახლა გახდა ათი რაიონი. რა საჭიროა ეს? ვაკე-საბურთალოს რაიონი გაიყო, ასევე, გაიყო მთაწმინდა-კრწანისი, დიდუბე-ჩუღურეთი. ზოგიერთ რაიონს რომ გაყოფ, გლდანისოდენა მაინც არ გამოდის ეს რაიონი და რაღა აზრი აქვს მის დაყოფას? მთავარია, რომ ძალიან ძვირი უჯდება დედაქალაქის მაცხოვრებლებს თბილისის მთავრობის შენახვა. გარდა ამისა, სხვადასხვა წინადადება მოვამზადეთ, რითაც მთლიანობაში, 40 მილიონ ლარზე მეტი დაიზოგება. ამ წინადადებებს შორისაა მერიის ადმინისტრაციის შრომითი ანაზღაურების ხარჯების შემცირება, რაც ძალზე გაბერილია. გარდა ამისა, საუბარია მერიაში გიგი უგულავას დროს შექმნილ მერიის უსაფრთხოების სამსახურზე, რომლის შესახებაც ოპოზიცია მაშინვე იძახდა, რომ უგულავამ შექმნა პირადი დაცვა, 330 კაცის შემადგენლობით. „ქართული ოცნება“ ამ ადამიანებს ეძახდა ზონდერებს, ახლა კი აღმოჩნდა, რომ 4 მილიონამდე ლარი ნაწილდება ზუსტად ამ ე.წ. „ზონდერების“, ანუ მერის უსაფრთხოების დაცვისთვის და ეს სამსახური ისევ რჩება. ამიტომ მიგვაჩნია, ეს სამსახური უნდა გაუქმდეს.

რაც შეეხება სკვერების დაცვას, სკვერები უნდა დაიცვას შსს-მ და ქალაქის სამმართველომ და არა - ძალით შექმნილმა ასეთმა სამსახურებმა. როგორ, 2013 წლამდე ვერ იცავდნენ ამ სკვერებს? 2013 წლამდე არ მუშაობდნენ გამგეობები? ეს ხომ გაბერილი და ჩაყრილი თანხებია?!“ - აცხადებს ზაზა ვეკუა.

რაც შეეხება რაიონების ექვსიდან ათამდე გაზრდას, ვეკუას თქმით, თუ ნაციონალებამდე იყო ექვსი რაიონი, თავისი ექვსი გამგებელით, რომლებსაც 4 მოადგილე და ამ უკანასკნელებს კიდევ 24 მოადგილე ჰყავდათ, ახლა ჰყავთ 10 მოადგილე და შესაბამისად, ამას ემატება კიდევ 40 მოადგილე თავისი აპარატით, პირადი ავტომანქანით და უამრავი ხარჯით.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი აბესაძე, რომელიც თავის დროზე ირწმუნებოდა, რომ თბილისის 10 რაიონად დაყოფა ადმინისტრაციულ ხარჯებს არ გაზრდიდა, დღეს აცხადებს, რომ ეეჭვება ამ და სხვა ინიციატივებით 40 მილიონი დაიზოგოს და ეს ციფრები გაზვიადებულია.

For.ge-სთან საუბარში ირაკლი აბესაძე აღნიშნავს, რომ ნაციონალებს მიაჩნდათ, ათი რაიონის გამგეობა უფრო ოპტიმალური იყო იმ პრობლემების გადასაწყვეტად, რაც რაიონში მაცხოვრებელ ადამიანებს ჰქონდათ, ხოლო, თუკი „ქართული ოცნება“ ჩათვლის, რომ ექვსი გამგეობით უფრო ეფექტურად შეძლებს ქალაქის ინფრასტრუქტურისა და მოსახლეობის პრობლემებზე ზრუნვას, მაშინ ექვს გამგეობამდე დაიყვანონ ათი გამგეობა.

„საქმის მხრივ ყველაფერი უკან მიდის და ყველაფერი ჩერდება. ჩვენ არ გვქონდა ამდენი ორმო გზებზე, არ გვქონდა ამდენი პრობლემა ქალაქში და არ გვყავდა უყურადღებოდ დატოვებული ამდენი მოქალაქე“, - გვითხრა ირაკლი აბესაძემ.

შეგახსენებთ, დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზაზა ვეკუამ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში შესატანი ცვლილებებისა და შენიშვნების ნუსხა წარადგინა. დოკუმენტი 30 მუხლისაგან შედგება და ფრაქციის ძირითადი შენიშვნებია თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში მერიის ადმინისტრაციის ხარჯებისა და გამგეობების რაოდენობის შემცირება, მერიის უსაფრთხოების სამსახურის გაუქმება, სხავადასხვა პროექტებისათვის გამოყოფილი თანხების დაზოგვის მიზნით, სწორად დაგეგმარება და მისი გადასროლა ისეთ პროექტებზე, როგორიცაა მიწისქვეშა გადასავლელების რეაბილიტაციის თანხის გაზრდა, ბაგა-ბაღების პედაგოგებისათვის ხელფასების მატება და ორ ცვლაზე გადასვლა, კოოპერატიული ბინათმშენებლობის ფონდის გაზრდა, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება და პირველადი ჯანდაცვის დაფინანსების გაზრდა.