სალაყაიას ბრალეულობა გამოკვეთილია, სააკაშვილი ბრალდებული

სალაყაიას ბრალეულობა გამოკვეთილია, სააკაშვილი ბრალდებული

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე, მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრალდების დადგენილება გამოიტანა. ექსპრეზიდენტი ბრალდებულია გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის დაფარვაში, გამოძიების გაყალბებაში, დანაშაულში ჩართული მაღალი თანამდებობის პირებისთვის ხელის დაფარებასა და მათთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაში. გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი უკვე დადგა ვანო მერაბიშვილის და ბაჩო ახალაიას მიმართ. რაც შეეხება ერთ-ერთ მთავარ ბრალდებულს, დათა ახალაიას, მის წინააღმდეგ საბრალდებო საქმე სასამართლო წარმოებაშია.

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სანდრო გირგვლიანის საქმის ეპიზოდზე პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმე კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვია, რომელმაც გამოძებას ჩვენება მისცა დათა ახალიას და თაკო საალაყაიას წინააღმდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ, მელნიკოვის ჩვენების საფუძველზე გამოიკვეთა სალაყაიას ბრალეულობა. მთავარ პროკურატურაში არ აკონკრეტებენ დადგება თუ არა მელნიკოვის ჩვენების საფუძველზე თაკო სალაყაიას პასუხისმგებლობის საკითი, პროკურორი კოკა კაციტაძე ამბობს, რომ გირგვლიანის საქმეზე გამოძიება გრძელდება და ამ პროცესში გაირკვევა, ვის მიმართ დადგება პასუხისმგებლობის საკითხი.

მელნიკოვის გარდა, პროკურატურის მოწმეები არიან ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები. მელნიკოვის ჩვენების გარდა, საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება არის 2011 წელს ევროსასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, სადაც პირდაპირ არის ნახსენები, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რათა საქმეზე ობიექტური მართლმსაჯულება არ განხორციელებულიყო.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციების საფუძველზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან. გამოძიებით დადგენილია, რომ 2006 წლის 27 იანვარს, კაფე-ბარ „შარდენბარში“, გირგვლიანს სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა შს მინისტრის მეუღლის თამარ მერაბიშვილის და კუდ-ის უფროსის დავით ახალაიას სუფრის წევრ თათია მაისურაძესთან, რის გამოც დავით ახალაიას დავალებით, ადგილზე გამოძახებულმა კუდ-ის თანამშრომლებმა გირგვლიანი და მისი მეგობარი ლევან ბუხაიძე ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე. გამტაცებლებმა გირგვლიანი და ბუხაიძე გააშიშვლეს ძლიერ ყინვაში და სასტიკად სცემეს. ნაწამები გირგვლიანის გვამი ნანახი იქნა ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე. 

ამ ფაქტის გამო, საზოგადოების მღელვარების მატებასთან ერთად, საქმით დაინტერესდა საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დანაშაულში დათა ახალაიას ორგანიზატორობის, შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობის და შს მინისტრის მეუღლის თამარ მერაბიშვილის დანაშაულთან შემხებლობის გამჟღავნება უარყოფითად აისახებოდა ხელისუფლების რეიტინგსა და ავტორიტეტზე. გაიზრდებოდა საზოგადოების უკმაყოფილება ხელისუფლებისადმი და გარდაუვლად დადგებოდა ვანო მერაბიშვილისა და დავით ახალაიას პოლიტიკური და სისხლსსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

სწორედ, ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, სააკაშვილის, შს მინისტრის, სად-ის და კუდ-ის უფროსის დავით ახალაიას მიერ, ურთიერთშეთანხმებულად დაიგეგმა და მათზედ დაქვემდებარებული სახელმწიფო უწყებების გამოყენებით განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედებები გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის დასაფარად, სისხლის სამართლის საქმის ფალსიფიკაციის და საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად.
კერძოდ, მერაბიშვილი, რომელმაც დადასტურებულად იცოდა, რომ დანაშაულში იმხილებოდნენ შსს-ს თანამშრომლები, საქმესთან შემხებლობა ქონდა მის მეუღლეს თამარ მერაბიშვილს და დანაშაულის ორგანიზატორი იყო დავით ახალაია, ვალდებული იყო უზრუნველყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან საქმის გამოძიების ხელმძღვანელობა დაავალა თავად დანაშაულის ორგანიზატორს დავით ახალაიას.

თავის მხრივ, დავით ახალაიამ, 2006 წლის თებერვლის თვის მეორე ნახევარში, შეკრიბა გატაცებაში მონაწილე კუდ-ის თანამშრომლები და კატეგორიულად მოითხოვა, რომ შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე საჭირო იყო რამოდენიმე მათგანს თავის თავზე აეღო პასუხისმგებლობა და არ დაესახელებინათ დანაშაულის შემკვეთები და უშუალო მონაწილე სხვა მაღალი თანამდებობის პირები. სანაცვლოდ, თითოეულ მათგანს დაპირდა, რომ ისინი მსუბუქი ბრალდებით გასამართლდებოდნენ და პრეზიდენტის შეწყალებით ხანმოკლე ვადაში განთავისუფლდებოდნენ სასჯელისგან.

გარდა ამისა, საპატიმროში ყოფნის პერიოდში, თითოეულს დაპირდა ოჯახური ყოფითი პრობლემების მოგვარებას, სოლიდურ ფულად თანხებს და სხვა შეღავათებს, რაც დაკავშირებული იყო სასჯელის მოხდის პერიოდში პრივილიგირებული პირობების შექმნასთან. გამოძიების მტკიცებით, რამდენიმე დღეში გენერალურ პროკურატურაში დათა ახალაიასა და ზურაბ ადეიშვილის შორის გამართულ შეხვედაზე გადაწყდა, რომ პასუხისგებაში უნდა მიეცად გერონტი ალანია. იმავე დღეს, ახალამ შეხვედრა გამართა მიხეილ სააკაშვილთან.

„მიხეილ სააკაშვილმა დავით ახალაიას უთხრა, რომ გირგვლიანის საქმით გამოწვეული საზოგადოებაში არსებული მზარდი მღელვარების ჩასაცხრობად, რამდენიმე დაბალი რანგის თანამდებობის პირთან ერთად, პასუხისგებაში უნდა მიცემულიყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსანი გერონტი ალანიაც, სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები კი აცილებულ იქნებოდნენ პასუხისმგებლობისაგან. ამასთან დავით ახალაიას შეპირდა, რომ პასუხისგებაში მიცემულ პირებს შეიწყალებდა მათი მსჯავრდების შემდეგ. 2006 წლის 6 მარტს, საჯაროდ გაცხადდა, რომ თითქოს, დავით ახალაის უშუალო ძალისხმევით გამოვლინდნენ გირგვლიანის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე პირების პასუხისმგებლობის საკითხი“, - აცხადებს პროკურორი კოკა კაციტაძე.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები - ღაჭავა, ბიბილურიძე, აფციაური და ალანია დაკავიბისთანავე ე.წ. მოდულის შენობაში არსებული წინასწარი დაკავების საკანში, პირადად მონახულა მერაბიშვილმა, იქეიფა მათთან ერთად საკანში გაშლილ სუფრაზე, თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვა მათ და უთხრა რომ არანაირი პრობლემები არ ექნებოდათ დავით ახალაიას მიერ მათთვის მიცემული დაპირების შესრულებასთან დაკავშირებით, რაც განხორციელდა კიდეც.

გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირები სასჯელის მოხდის პერიოდში, ბაჩანა ახალაიას ძალისხმევით სარგებლობდნენ კანონით აკრძალული შეღავათებით. გარდა ამისა, მათ დანაშაულის რეალური გარემოებების, აგრეთვე აღნიშნულ დანაშაულში დავით ახალაიასა და შსს-ს სხვა თანამშრომლების დაფარვის სანაცვლოდ, ეტაპობრივად გადაეცათ თითოეულს 100 000 აშშ დოლარი.

2008 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ბოროტად გამოიყენა რა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, დავით ახალაიასათვის წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით, შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდებულებს და ისინი სასჯელის მოხდისგან დაპატიმრებიდან 3 წლისა და 9 თვის შემდეგ განთავისუფლდნენ.

ამდენად, გამოძიების მტკიცებით, სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებების ერთობლივმა და დანაშაულებრივმა მოქმედებებმა, რასაც სათავეში ედგა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, განაპირობა ის, რომ გირგვლიანის საქმეზე არ განხორციელდა მართლმსაჯულება, მოხდა საქმის რეალური გარემოებების ფალსიფიკაცია და დავით ახალაიას და სხვათა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან აცილება, რამაც გირგვლიანის ოჯახის წევრების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

სანდრო გირგვლიანის ოჯახი მკვლელობის საქმეზე თაკო სალაყაიას დაკავებას ითხოვენ. გირგვლიანის ბიძა, გიორგი ენუქიძე ამბობს, რომ გამოძიების ფარგლებში მოსალოდნელია სხვა პირთა მიმართ ბრალის წარდგენა.

„ველოდებით, რომ სხვების მიმართაც გამოიკვეთება დანაშაული და მოხდება ბრალის წარდგენა. გამოძიების ფარგლებში, ალბათ, გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, ვინც საზოგადოებამ არ იცის. აუცილებლად უნდა დაისაჯოს ვანო მერაბიშვილის მეუღლე, თაკო სალაყაია. უნდა მოხდეს იმ პირთა დაკავება, რომლებიც ამ საქმეზე ბრალდებულები არიან და მიმალვაში იმყოფებიან, მხედველობაში მყავს დათა ახალაია“, - აცხადებს გიორგი ენუქიძე.