სტერეოტიპები, ეკონომიკა და ქალთა უფლებები

სტერეოტიპები, ეკონომიკა და ქალთა უფლებები

„წელს უკვე 25 ქალი მოკლეს, ეს საგანგაშო რიცხვია. საქართველოში ყოველ მესამე ქალს სცემენ, ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ეს რიცხვი, მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის 52% არის ქალი“, - 25 ნოემბერს, პარლამენტის წინ მიმდინარე ქალთა აქცია ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თუთა ჩხეიძემ ამ სიტყვებით გახსნა. აქციის თარიღი განგებ შეირჩა - მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე.

დედაქალაქში ქალებზე ძალადობის გასაპროტესტებლად რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. უამინდობისა და ძლიერი წვიმის მიუხედავად პარლამენტის შენობის სხვადასხვა ასაკის და სოციალური სტატუსის მქონე პირები მივიდნენ. მრავლად იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. პოლიტიკოსებს შორის კი მაინც მამაკაცები სჭარბობდნენ.

25 ნოემბერს ქალების მიმართ ძალადობა თბილისის გარდა საქართველოს 22 ქალაქში დაგმეს. ყველგან იყო პლაკატები, ტრანსფარანტები და მოწოდებები: „ქალთა ძალადობა დანაშაულია! შეაჩერე!“

აქციის დაწყებამდე თბილისში პარლამენტის შენობის წინ შეკრებილთა ყურადღება შავებით შემოსილმა შუა ხნის ქალბატონმა მიიპყრო. იგი ხმამაღლა დასტიროდა ქალიშვილს, რომელიც, როგორც თავადვე თქვა, ქმრის ძალადობის მსხვერპლი გახდა - „გიტამ თავი მოიკლა იმის გამო, რომ ქმარი ეჭვიანობდა და მუდმივად ძალადობდა“.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ წარმომადგენელი ბაია პატარაია for.ge-სთან საუბრისას აქციის მიზანს ასე განმარტავს:

 „ეს არის ქალთა მოძრაობის პირველი მასშტაბური აქცია, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას ეხება. ჩვენ გვინდა, რომ ამ პრობლემაზე ყურადღება გაამახვილოს საზოგადოებამაც და სახელმწიფომაც, ცოტა უფრო სერიოზულად მიუდგნენ, მეტი პასუხისმგებლობით. უნდა გავაცნობიეროთ თოთოეულმა, რისი გაკეთება შეგვიძლია ამ პრობლემის მოსაგვარებლად“.

„ქალზე ძალადობა დანაშაულია! შეაჩერე!“ - ქართულ და ინგლისურ ენაზე დაწერილი იდენტური ტექსტით გაფორმებული დიდი პლაკატით იდგა პარლამენტის წინ საია-ს წარმომადგენელი ბაქარ შიოშვილი.

„ვუერთდებით აქციას და გამოვხატავთ სოლიდარობას საზოგადოების ამ ფენის მიმართ, რომლებიც, სამწუხაროდ, დღეს არიან დაჩაგრულები, გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე. იმედი გვაქვს, ეს აქცია მეტად გამოაფხიზლებს საზოგადოებას, ამასთანავე, ქვეყანაში განხორციელებული საკანონმდებლო და სხვა რეფორმები ხელს შეუწყობს ამ პრობლემის აღმოფხვრას“,- განუცხადა for.ge-ს ბაქარ შიოშვილმა.

მაია მუხურაძემ კი, რომელიც თბილისში არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან ჩამოვიდა ჩვენთან საუბრისას ერთგვარი უკმაყოფილება იმის გამოც გამოხატა, რომ პარლამენტის წინ საჭირო რაოდენობის ხალხი არ იდგა.

„მეტი ადამიანი უნდა მოსულიყო და გამოეთქვა საკუთარი აზრი. ძალადობის თემა რთული საკითხია და არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს მხოლოდ განათლებასა და აღზრდაზეა დამოკიდებული. კომპლექსური მიდგომაა საჭირო და ყველა უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში მშობლები, სკოლა, ქუჩა... ყველამ უნდა თქვას, რომ ეს არ შეიძლება და არ არის დასაშვები“, - გვითხრა მაია მუხურაძემ და ქალთა უფლებების დაცვის კუთხით არაბთა გაერთიანებულ ემირატებში არსებულ ვითარებაზეც მოგვიყვა.

„მუსლიმანურ ქვეყანაში ვცხოვრობ, ემირატებში. რომ ვთქვა, ქალების მდგომარეობა იქ უკეთესია ვიდრე საქართველოში, არ იქნება მართალი. თუმც იქ ნამდვილად არ მინახავს მეუღლეებისა და ყოფილი მეუღლეების მიერ ქალების მოკვლის ამდენი ფაქტი. პრესა იქაც აშუქებს ყველა ამბავს და იქაც სჯიან მოძალადეებს. იქ რელიგია არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი და ბევრად ზღუდავს ქალს. მაგალითად, თუ ქალი სოციალურ ქსელშია დარეგისტრირებული, ეს უკვე არის პრობლემა და შესაძლოა, ქმარმა ამის გამო დასაჯოს. მაგალითად, იყო შემთხვევა, როცა 60 გრადუსიან სიცხეში ქმარმა ცოლს სახლში გაუთიშა კონდიცირება და ერთი თვით ჩაკეტა სახლში ბავშვთან ერთად. მოგვიანებით ეს კაცი დაისაჯა და ციხეში ჩასვეს, თავად კი ქალთა თავშესაფარში გადაიყვანეს და ძალიან დაეხმარნენ“, - ამბობს მაია მუხურაძე. მისი თქმით, არაბთა გაერთიანებულ ემირატებში მსგავს საკითხებზე პოლიციის სპეციალური განყოფილება მუშაობს, რომელიც ძალადობის საკითხზეა სპეციალიზებული.

ქალებზე ძალადობის თემამ საქართველოში, დაახლოებით ერთი საათით, დაპირისპირებული პოლიტიკოსებიც გააერთიანა. პარლამენტის წინ მოწყობილ დემონსტრაციაზე თითქმის მხარდამხარ იდგნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „რესპუბლიკური პარტიის“, „თავისუფალი დემოკრატების“, ბურჯანაძის პარტიის და სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები. ქალთა მიმართ სოლიდარობის გამოსახატავად აქციაში ასევე ჩაერთო უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი.

„შემოვუერთდი აქცია, რადგან ყველამ კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ძალადობა, ზოგადად, დანაშაულია და, ცხადია, დანაშაულია ქალთა მიმართ ძალადობაც. ყველამ, ვინც ამ დანაშაულის მსხვერპლია, მინდა კიდევ ერთხელ დაინახოს და გაიგოს, რომ ისინი მარტო არ არიან და ჩვენ ყველანი მათ გვერდით ვართ“, - განუცხადა for.ge-ს უშიშროების საბჭოს მდივანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა კი ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობას საზოგადოება აქტიურად და მუდმივად უნდა დაუპირისპირდეს.

„შესაძლოა, კანონშიც არის გარკვეული ხარვეზები და დახვეწა სჭირდება, მაგრამ, უფრო მეტად ვიტყოდი, რომ ჩვენ ბევრი სტერეოტიპი გვაქვს საზოგადოებაში ამასთან დაკავშირებით. ამიტომ, გარდა კანონშემოქმედებითი საქმიანობისა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ასეთ საკითხებზე მივაპყროთ მთელი საზოგადოების ყურადღება, რათა გადავლახოთ სტერეოტიპები, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს და მე ვფიქრობ, ეს აქცია არ იქნება უკანასკნელი, ორგანიზატორები სხვა ღონისძიებებსაც დაგეგმავენ, საზოგადოების ყურადღბა რომ მიაპყრონ ამ საკითხზე“, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

იგი ძალადობის კონტექსტში ყურადღებას სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორზეც ამახვილებს და აღნიშნავს, რომ ქალთა ემანსიპაცია, მნიშვნელოვანწილად, ეკონომიკურ განვითარებას უკავშირდება.

„ეკონომიკურ განვითარებას ბუნებრივად მოჰყვება ქალთა ემანსიპაცია და რეაქცია სტერეოტიპებზე. ეს ჭიდილი მიმდინარეობს ახლა ჩვენს საზოგადოებაში. ძალადობა, რასაც ვხედავთ, არის, სწორედ, რეაქცია ქალთა ემანსიპაციაზე. 21-ე საუკუნეა, კი ვართ ღარიბი ქვეყანა, მაგრამ, მაინც წინ მიდის ეკონომიკური კეთილდღეობა და იზრდება ქალთა დამოუკიდებლობა“,- განმარტავს ჭიაბერაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ბერძენიშვილი კი მზადყოფნას გამოთქვამს საკუთარი წვლილი შეიტანოს ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის მოგვარებაში და აქციაში მონაწილეობის გარდა შესაბამისი კანონმდებლობის მეტად დახვეწისთვის მუშაობის ერთგვარ პირობასაც დებს.

„კანონმდებლობა ცუდი არ გვაქვს, მაგრამ ევროპული გამოცდილება აჩვენებს, რომ მეტია გასაკეთებელი. მზად ვარ, დისკუსიების პარლამენტში გადასატანად. შიდა პარტიული დისკუსიაც მიმდინარეობს ამ თემაზე რესპუბლიკურ პარტიაში. სრულიად ნათელია, რომ მხოლოდ კანონმდებლობის პრობლემა არ გვაქვს ჩვენ, გვაქვს მენტალური პრობლემა, ჩვენ არ ვართ პატრიარქალური საზოგადოება, მაგრამ არის პატრიარქალური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნიშნები. ჩვენ ვართ თან მოდერნიზებული, თან პატრიარქალური, თან თანამედროვე, თან ძალიან ჩარჩენილი სტერეოტიპებში - ყველაფერი ერთად. ამიტომ არის შესაძლებლობა იმისა, რომ ევროპული ყაიდის ქვეყნად ვიქცეთ. იქნება მოდერნიზებული საქართველო? - იქნება ევროპა! მოდერნიზებული საქართველო ნიშნავს, რომ მეტად იქნება გააზრებული და დაცული ქალთა უფლებები“,- აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ბერძენიშვილი და აღნიშნავს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად საქმეში მხოლოდ კაცების აქტიურობა არ იქნება საკმარისი და ლიდერი ქალები არიან ვალდებულები, სხვა ქალის ინტერესებიც დაიცვან.

„ლიდერი ქალები ლიდერები რომ გახდნენ, ამაში კაცებმა, როგორც მინიმუმ, ხელი არ შეუშალეს. ამიტომ, უნდა იზრუნონ სხვა ქალებზეც - ჩვენც მივეხმარებით“,- აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

ქალთა აქციის ორგანიზატორებმა აქციის დასასრულს ხელისუფლების მიმართ რეკომენდაციების შემცველი სპეციალური პეტიციაც წარმოადგინეს და ხელმოწერები შეაგროვეს. აქციაზე გამოტანილ დიდ ბანერზე ასევე შეგროვდა ფერადი საღებავებით მონიშნული ხელების ანაბეჭდები, როგორც ქალების დაცვისთვის ბრძოლაში კონკრეტული ადამიანების თანამონაწილეობის ერთგვარი სიმბოლო.