სხვათა ომში „ბრძენთა“ შესახებ

სხვათა ომში „ბრძენთა“ შესახებ

სიბრძნე მდგომარეობს საფრთხეთა ამოცნობის და მათ შორის ნაკლებად საზიანოს არჩევის უნარში (ნიკოლო მაკიაველი)

2014 წლის სექტემბერ-ოქტომბრის ნომერში, შეერთებული შტატების საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს (CFR), ბეჭდვითმა ორგანომ, ჟურნალმა Foreign Affairs -მა გამოაქვეყნა ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორ ჯონ მირშეიმერის (John J.Mearsheimer) სტატია“რატომ არის უკრაინის კრიზისი დასავლეთის შეცდომა“(ლიბერალთა ილიუზია,რამაც მოახდინა პუტინის პროვოცირება.) CFR - წარმოადგენს მსოფლიოში გეოპოლიტიკური და სტრატეგიული დაგეგმარების ერთ-ერთ მთავარ ცენტრს. იგი მიჩნეულია “მსოფლიო გონად“, რომელიც შეიმუშავებს თანამედროვე მსოფლიოს განვითარების კურსის ამერიკულ ხედვას და უშუალოდ ზემოქმედებს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე. ამ ორგანიზაციაში მოღვაწეობს აშშ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა თითქმის ყველა დარგის ყოფილი და ამჟამინდელი ხელმძღვანელი და მასში გაწევრიანებულია უკლებლივ ყველა მნიშნველოვანი საფინანსო ინსტიტუტი და კორპორაცია.ამ ორგანოს მიერ შემუშავებული დასკვნები საფუძვლად ედება აშშ-ს სახელმწიფოს სტრუქტურათა საქმიანობასაც, ხოლო Foreign Affairs-ში გამოქვეყნებული მასალები, ასახავენ რა, უშუალოდ ავტორთა პოზიციას, იმავდროულად ეხმაურებიან თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობათა ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს. მას მილიონობით მუდმივი,სპეციალისტი მკითხველი ჰყავს მსოფლიოში. ჟურნალის რედაქცია მიიჩნევს,რომ მასში გამოქვეყნებული მასალები უნდა იყვნენ კომპეტენტური, კარგად ინფორმირებული და დამაჯერებლად გამოხატულნი. სავარაუდოდ, ასეთად იქნა მიჩნეული მირშეიმერის ნაშრომიც, რომლის განხილვა ამერიკელ ექსპერტთა მიერ, ამჟამადაც აქტიურად მიმდინარეობს. თავისთვად მასალა საინტერესო უნდა იყოს ქართველი მკითხველისთვის, ვინაიდან მასში არაერთხელ არის ნახსენები ჩვენი არსებითი მნიშვნელობის პრობლემები, ისევე როგორც განხილულია უკრაინის კრიზისის შეფასებისა და გადაჭრისადმი განსხვავებული მიდგომა,რაც ანალოგიით შეიძლება გავრცელდეს საქართველოზეც, მითუმეტეს, რომ ავტორი ორივე ქვეყნის საგა- რეო გამოწვევებს ფაქტობრივად აიგივებს ერთმანეთთან.

სტატიას წითელ ზოლად გასდევს ავტორის კატეგორიული მტკიცება იმის თაობაზე, რომ უკრაინაში ისევე როგორც საქართველოში, კრიზისის წარმოშობა და არსებობა დასავლეთის ბრალია, და რომ უკრაინის შემთხვევაში პრობლემის გადაჭრის ერთადერთი საშუალებაა ამ ქვეყნის ნეიტრალურად გამოცხადება.

ერთი შეხედვით, სტატია რუსეთის მიერ შეკვეთილის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ თავად ჟურნალის ავტორიტეტი არ იძლევა ასეთი ცალსახა დაშვების საშუალებას.ავტორის მიერ, საერთაშორისო სამართლის ელემენტალურ ფუნდამენტურ პრინციპთა და ნორმათა უგულველყოფა სახელმწიფოთა მხრიდან, მათი, მხოლოდ დეკლარირების და პრაქტიკაში რეალურად განუხორციელებლობის ბრალია, რაც, მაგალითად, საქართველოს ოკუპაციის მიმართებაში, საბოლოო ჯამში, ოცი წელია დაიყვანება საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციებში დაფიქსირებულ მხოლოდ შეშფოთებამდე, აღშფოთებამდე და ღრმა მწუხარებამდე.

სტატია შესავლისა და რამდენიმე ქვეთავისგან შედგება. შესავალში,დაუფარავი პირდაპირობით გაცხადებულია, რომ შეერთბული შტატები და მისი მოკავშირეები სრულად უნდა იზიარებდნენ პასუხისმგებლობას უკრაინის კრიზისისთვის. აღნიშნულის მთვარ მიზეზად დასახელებულია ნატოს გაფართოება, რათა უკრაინა მოეწყვიტა რუსეთის ორბიტისათვის და მოეხდინა მისი დასავლეთში ინტეგრირება. ამავე პროცესის კრიტიკულ ელემენტადაა მიჩნეული 2004 წლის „ნარინჯისფერი რევოლუცია“, რასაც რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. ამ პროცესის ბოლო წვეთად მიჩნეულია პრორუსულ პრეზიდენტ იანუკოვიჩის დამხობა, რასაც პუტინმა უპასუხა ყირიმის ნახევარკუნძულის დაპყრობით, იმის შიშით, რომ იქ განლაგდებოდა ნატოს ბაზები და დაიწყო უკრაინის დესტაბილიზაცია, ვიდრე იგი თავს არ დაანებებს მის, დასავლეთთან მიერთების მცდელობას.

ავტორისათვის სულერთია თუ რა შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიებს უკრაინას და მითუმეტეს საქართველოს,რომლებიც მას მხოლოდ რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის სისწორის კონტექსტში მოჰყავს. კონკრეტულად, მისი აზრით,მას შემდეგ რაც დასავლეთმა შეაღწია რუსეთის უკანა, მივარდნილ, ყრუ ეზოში (backyard), რითაც საფრთხე შეუქმნა მის არსებით, სტრატეგიულ ინტერესებს, პუტინმა ამას მტკიცედ, შეუპოვრად და მრავალჯერადად გასცა პასუხი. შესავლის ბოლოს ავტორი ასკვნის,რომ ამერიკელმა და ევროპელმა ლიდერებმა წინდაუხედაობა და დაუდევრობა გამოიჩინეს, როდესაც შეეცადნენ უკრაინა გადაექციათ რუსეთის საზღვარზე დასავლურ ციხე-სიმაგრედ. სტატიის პირველი თავი დასათაურებულია როგორც „დასავლური გამოწვევა“. მასში აღწერილია ცივი ომის შემდგომი პერიოდი, როდესაც კლინტონის ადმინისტრაციამ დაიწყო ნატოს გაფართოება. შემდგომ, 2008 წლის აპრილში,წერს ავტორი, ბუქარესტის სამიტზე ნატოს ალიანსმა დაიწყო მასში საქართველოს და უკრაინის მიღების საკითხის განხილვა, რა დროსაც გერმანია და საფრანგეთი,რუსეთთან ანტაგონიზმის გაღრმავების შიშით, შეეწინააღმდეგენ აშშ-ს ადმინისტრაცი ას. აღნიშნულის გამო, სამიტზე გაკეთდა კომპრომისული განცხადება, რომელიც მხარს უჭერდა საქართველოს და უკრაინის მისწრაფებას ნატოსკენ და თამამად და თავხედურად აცხადებდა, რომ „ეს ქვეყნები გახდებიან ნატოს წევრები”.

„რუსეთისთვის არც ეს კომპრომისი იყო მისაღები“ - წერს მირშეიმერი, რის მტკიცებულებადაც მოჰყავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იმჟამინდელი მოადგილის ა. გლუშკოს განცხადება, რომ „საქართველოსა და უკრაინის წევრობა ალიანსში დიდი სტრატეგიული შეცდომაა, რასაც ძალზედ სერიოზული შედეგები ექნება პან-ევროპული უსაფრთხოებისთვის“. პუტინი კი, ამტკიცებდა, რომ ამ ორი ქვეყნის მიღება ნატოში წარმოადგენს „პირდაპირ საფრთხეს“ რუსეთისთვის. იქვე, სტატიაში მოყვანილია ციტატა რუსული გაზეთიდან,რომლის თანახმადაც, პუტინმა ბუშს ღიად მიანიშნა, რომ „თუკი უკრაინა მიღებული იქნება ნატოში, ეს ქვეყანა შეწყვეტს არსებობას“. იქვე აღნიშნულია, რომ პუტინი მიისწრაფოდა შეენარჩუნებინა სუსტი და დანაწევრებული საქართველო ნატოს გარეშე, და რომ მიუხედავად ამ ნათლად გაცხადებული გაფრთხილებისა, ნატოს საჯაროდ არასოდეს განუცხადებია, რომ უკუაგდებს მის მიზანს, რათა საქართველო და უკრაინა გააწევრიანოს თავის რიგებში.

შემდეგი თავი დასათაურებულია როგორც „კრიზისის შექმნა“ და მისი არსი გამოტანილია ქვესათაურში - „წარმოიდგინეთ ამერიკელთა აღშფოთება, თუკი ჩინეთი შექმნის შთამბეჭდავ სამხედრო ალიანსს და შეეცდება მასში ჩართოს კანადა და მექსიკა“. აქვე, ავტორი დეტალურად აღწერს, თუ როგორ ახორციელებდა დასავლეთი, ღიადაც და ფარულადაც, უკრაინის დემოკრატიზაციის მხარდაჭერას, რის შედეგადაც საბოლოოდ ქვეყნიდან გაძევებულ იქნა იანუკოვიჩი.

აქ კი დადგა დრო, რათა პუტინს დაეწყო მოქმედება უკრაინის წინააღმდეგ - ამაღლებულ ტონში წერს ავტორი და იქვე განაგრძობს, რომ უმალვე, 22 თებერვლის შემდეგ, მან უბრძანა რუსეთის ჯარებს მოეგლიჯათ ყირიმი უკრაინისაგან და მიუერთა იგი რუსეთს.

ასე და ამგვარად, ერთი წინადადებით, ამ წარჩინებულმა პროფესორმა ხაზი გადაუსვა ისტორიას, გეოპოლიტიკას და სამართალს, ისევე როგორც ყველა დასავლურ ფასეულობას, რომლებიც სამწუხაროდ მხოლოდ დასავლეთის სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში მოქმედებენ. „უკანა ეზოებზე“ ისინი არ ვრცელდება. კიდევ ერთხელ, თეორიულადაც და პრაქტიკულადაც, აღიარებულ იქნა მხოლოდ ძლიერთა ძალის პრიორიტეტი ყველასა და ყველაფრის მიმართ. პუტინის პიროვნებით აღფრთოვანებული მირშეიმერი ამ თავის ბოლოს წერს: „შემდგომ პუტინმა განახორციელა მასიური ზეწოლა კიევის ახალ მთვრობაზე, რათა იგი არ გადასულიყო დასავლეთის მხარეს მოსკოვის წინააღმდეგ და ნათელყო, რომ გაანადგურებს უკრაინას, როგორც ფუნქციონირებად სახელმწიფოს, ვიდრე ნებას მისცემდეს მას გახდეს დასავლეთის ბასტიონი“.

დაალაგა რა მის მიერ მოხმობილი წინაპირობები, მირშეიმერი შემდეგ თავში სვამს შექმნილი მდგომარეობის „დიაგნოზს“, რომლის მიხედვითაც ადვილია პუტინის ქმედებათა გაგება, ვინაიდან უკრაინა, როგორც ბუფერული სახელმწიფო, უმნიშვნელოვანესია რუსეთისთვის, და რომ რუსეთის არცერთი ლიდერი არ დაუშვებს მისი სასიკვდილო მტრის შეღწევას უკრაინაში და რუსეთის არცერთი ლიდერი არ იქნება ხელჩამოშვებული, როდესაც დასავლეთი ეხმარება მთავრობას, რომლის მიზანიცაა უკრაინის ინტეგრირება დასავლეთში. ავტორი უთითებს გეოპოლიტიკის ანბანზე, რომლის თანახმადაც, დიდი სახელმწიფოები ყოველთვის მგრძნობიარენი არიან მათი ტერიტორიების ახლოს, პოტენციური საფრთხის მიმართ.

ამის გამო,აღნიშნულია სტატიაში, რუსეთის ლიდერებმა მრავალჯერ განუცხადეს მათ დასავლელ პარტნიორებს, რომ ისინი მიუღებლად მიიჩნევენ, როგორც ნატოს გაფართოებას საქართველოში და უკრაინაში, ისევე ნებისმიერ მცდელობას რათა ეს ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ მიმართონ, როგორი მესიჯიც, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა გახადა თვალნათელი. შემდეგ, ავტორი გვამცნობს, რომ მიუხედავად დასავლეთის მცდელობისა, დაერწმუნებინა რუსეთი, რომ მის მიმართ ავი ზრახვები არ გააჩნია, იგი შეუვალი რჩება ნატოს გაფართოების მიმართ, განსაკუთრებით საქართველოში და უკრაინაში და რომ სწორედ რუსეთი და არა დასავლეთი იღებს საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა წარმოადგენს მისთვის საფრთხეს. ამავე „დიაგნოზის“ ფარგლებში, მირშეიმერს მოჰყავს ნატოს გაფართოების პირველი ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით, აშშ-ს სენატის გადაწყვეტილების შეფასება, ცნობილი ამერიკელი დიპლომატის, პოლიტოლოგის და „შემაკავებელი პოლიტიკის“ იდეური და თეორიული ავტორრის - კენანის (George Kennan) მიერ, 1998 წელს: „ვფიქრობ, რომ რუსები თანდათან ნეგატიურ რეაქციას მოახდენენ ამაზე და ეს ზეიმოქმედებს მათ პოლიტიკაზე. მე ვთვლი, რომ ეს არის ტრაგიკული შეცდომა. ამ აბსურდისთვის მიზეზი არ არსებობდა”. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მირშეიმერი სვამს საბოლოო დიაგნოზს, რომლის მიხედვითაც შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა თავი უნდა დაანებონ უკრაინის გადასავლეთების მათ გეგმას და ამის სანაცვლოდ მიზნად დაისახონ გახადონ იგი ნეიტრალური, ბუფერული სახელმწიფო. ნაშრომის ბოლო თავი სწორედ ამ საკითხს ეძღვნება. მასში აღნიშნულია, რომ „იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთ ლიდერთა უმრავლესობა აგრძელებს იმის უარყოფას, რომ პუტინის საქციელი მოტივირებულია კანონიერი უსაფრთხოების ინტერესით, გასაკვირი არაა, რომ ისინი კვლავაც ცდილობენ შეაჩერონ რუსეთის აგრესია, მაგრამ საამისოდ იყენებენ მხოლოდ ეკონომიკურ სანქციებს, რაც მათვე შემოუბრუნდებათ უარყოფითად“.

იმავდროულად, ავტორი სახელმწიფო მდივან კერის ციტატაზე დაყრდნობით რომ: „საკითხის გადაწყვეტის ყველა ვარიანტი მოლაპარაკებათა მაგიდაზეა“, აცხადებს რომ, არც შეერთებული შტატები და არც ნატოს მოკავშირეები არ არიან მზად გამოიყენონ ძალა, რათა დაიცვან უკრანა.თავის მხრივ, არც რუსეთი შეცვლის მის დამოკიდებულებას პრობლემის გადაჭრისადმი,რადგან როგორც ისტორია გვიჩვენ ებს, იგი მზადაა აიტანოს მსჯავრის არანორმალური ზომები, იმის სანაცვლოდ, რომ დაიცვას მისი ძირითადი სტრატეგიული ინტერესები”. ურთულესი პრობლემის გადაწყვეტის ფუნდამენტალურად ახალ, სწორ გზად მირშეიმერს მიაჩნია უკრაინის ნეიტრალურ სახელმწიფოდ აღიარება. იგი წერს: „შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა თავი უნდა დაანებონ უკრაინის გადასავლეთების გეგმას და შეეცადონ გახადონ იგი ბუფერად ნატოსა და რუსეთს შორის, როგორც ავსტრია იყო ცივი ომის დროს. დასავლეთის ლიდერებმა უნდა შეიგნონ - უკრაინა იმდენად ბევრს ნიშნავს პუტინისთის, რომ ისინი ვერ დაეხმარებიან იქ ანტირუსულ რეჟიმს”.

იმავდროულად, სტატიის ბოლოს, ავტორს ახსენდება, რომ არსებობს 44-მილიონიანი მოსახლეობისა და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტერიტორიის მქონე სახელმწიფო - უკრაინა, რომლის შესახებაც იგი წერს: „ამტკიცებენ, რომ უკრაინას უფლება აქვს თავად განსაზღვროს თუ ვისთან შეკავშირდეს და რუსეთს არა აქვს უფლება აუკრძალოს კიევს, რათა იგი დასავლეთთან გაერთიანდეს. ­­უკრაინისთვის საშიშია იფიქროს მისი საგარეო პოლიტიკის ალტერნატიულ გზათა არჩევის შესახებ. სამწუხარო ჭეშმარიტებაა, რომ ძალა ხშირად ჰქმნის უფლებას,როდესაც საკითხი დიდი ძალაუფლების პოლიტიკის განხორციელებას ეხება. აბსტრაქტული უფლებები, როგორიცაა მაგალითად თვითგამორკვევა, უმეტესად უაზრობაა, როდესაც ძლევამოსილი სახელმწიფო ჩხუბში ჩართული აღმოჩნდება უფრო სუსტ სახელმწიფოსთან... უკრაინის ინტერესებშია გაიზიაროს ეს ჭეშმარიტება და მოიქცეს ფრთხილად, როდესაც ურთი- ერთობს მის უფრო ძლევამოსილ მეზობელთან“.

ავტორის აზრით,ვინაიდან და რადგან „შეერთებული შტატები და მისი დასავლელი პარტნიორები არ მიიჩნევენ უკრაინას მათი ძირითადი, სტრატეგიული ინტერესის ობიექტად, როგორც ამას მოწმობს მათი სურვილის არ ქონა, გამოეყენებინათ სამხედრო ძალები მის დასახმარებლად, ამიტომ სიბრიყვის მწვერვალი იქნებოდა ნატოში ახალი წევრის მიღება, რომლის დაცვის განზრახვაც მის წევრებს არა აქვთ”.

და, ბოლოს, ავტორი მოუწოდებს მხარეებს „გადათიშონ სიჩქარეები“ და ერთად იღვაწონ, რათა შექმნან წარმატებული, მაგრამ ნეიტრალური უკრაინა, რომელიც არ ემუქრება რუსეთს და საშუალებას მისცემს დასავლეთს აღადგინოს მისი ურთიერთობა მოსკოვთან. როგორ ნეგატიურადაც არ უნდა შევაფასოთ ზემოხსენებული სტატია, რომლის თითოეულ თეზისზე შეიძლება შედავება, ფაქტი ფაქტად რჩება. მასში გაცხადებული მოსაზრებები არა ცალკე აღებული ექსპერტის კერძო მოსაზრებას წარმოადგენს, არამედ სპეციალისტთა ჯგუფის ფართო ნაწილის მიერაცაა გაზიარებული. Foreign Affair-მა 10 ნოემბერს ჩაატარა წამყვან ამერიკელ ექსპერტთა გამოკითხვა, რომლებმაც პასუხი გასცეს მხოლოდ ერთ შეკითხვას: მოახდინა თუ არა დასავლეთმა პრეზიდენტ პუტინის აგრესიის პროვოცირება ცივი ომის შემდეგ, რუსეთის საზღვრებთან ნატოს და ევროკავშირის გაფართოებით?

კითხვას კატეგორულად უარყოფითი პასუხი გასცა ცხრა ექსპერტმა, ცხრა მათგანმა -უარყოფითი, ორი - ნეიტრალური იყო, ხუთმა დადებითი პასუხი გასცა, ოთხი კი კატეგორიულად დაეთანხმა ამ თეზისს. ასე რომ, ნეიტრალურ პასუხის გამცემთა გამოკლებით, პასუხის გამცემთა 30% აღიარებს პუტინის ქმედებათა მართებულობას დასავლეთის პროვოცირების შედეგად. საგულისხმოა ასევე, რომ მირშეიმერის სტატიას Foreign Affair-ში გამოეხმაურნენ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის და საერთაშორისო საბჭოს მეცნიერ-თანამშმრომლები, 2015 წლის იანვრიდან Freedom House-ს პრეზიდენტი მარკ ლაგონი (Mark P.Lagon) და უილ მორელანდი (Will Moreland), სტატიით - „ფინეთიზაცია უკუაგდებს უკრაინას“. სტატიაში აღნიშნულია,რომ იმის რწმენა,რომ ნეიტრალურ უკრაინას შეუძლია გადაჭრას რუსეთ-დასავლეთს შორის დაძაბულობის პრობლემა - ილუზიაა. ტრანსატლანტიკურმა გაერთიანებამ უნდა შეიგნოს,რომ ლიბერალური,რეფორმირებული,ძლიერი მთვარობა კიევში, პუტინის ინტერესებში არ შედის.

აქედან გამომდინარე, დასავლეთი უნდა მოელოდეს რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მცდელობებს რათა შენარჩუნდეს გაყინული კომფლიქტები მის აღმოსავლეთ რეგიონებში.რუსეთის პრეზიდენტის რეცეპტი უკრაინისთვის არის ძალადობა, ქაოსი და სიღატაკე, იმ მიზნით, რათა შეინარჩუნოს მისი ძალაუფლება შინ”.

„შეეჯახა რა ამ პრობლემას, დასავლეთი უნდა მოემზადოს ხანგრძლივი ბრძოლისთვის, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინის დემოკრატიულ განვითარებას. თუმცა, არ უნდა იქნეს დავიწყებული, რომ ძალადობას ბოლო არ მოღებია და რომ ბრძოლის ველიდან კომფლიქტის გატანა პოლიტიკურ სცენაზე, დასავლეთისთვის არ არის იმის სიგნალი, რომ თავი დაანებოს უკრაინას. კიევი ჰელსინკი არაა. უკრაინას არ აქვს არჩევანი, რათა დათმოს მისი საგარეო პილიტიკა, მის საშინაო საქმეებში რუსეთის ჩაურევლობის სანაცვლოდ, რომელსაც ექნება მხოლოდ ერთი მისწრაფება - დაამხოს დემოკრატია უკრაინაში. აქედან გამომდინარე, ფინეთიზაციის თეორიული მოსაზრება ემსახურება მხოლოდ დასავლურ ღირებულებათა უარყოფას და მათ უკუგდებას, რათა გამოვე- დევნოთ რეალური დარეგულირების მირაჟს. ნაცვლად ამისა, შეერთებულმა შტატებმა და ეროკავშირმა უნდა უარყონ თვითდამშვიდება, რაც დამახასიათებელია ტრანსატლანტიკურ პარტნიორთა მხარდაჭერისთვის. დასაველთმა უნდა დაუშვას, რომ იგივე მექანიზმი, რამაც მიიზიდა ყოფილი აღმოსავლეთის ბლოკი ევროკავშირში დარჩება ურყევი და კვლავაც გაიმარჯვებს უკრაინაში“ - წერენ ავტორები.

მიუხედავად სტატიის დადებით კონტექსტში აღქმისა, რაც ძირითადად ემოციური ფაქტორითაა განპირობებული, იგი უკვე მეორე ათწლეულის განმავლობაში დამკვიდრებულ სტერეოტიპულ ჩარჩოებში ჯდება, რომლის არსიცაა - რომ რუსეთი ცალსახად ბოროტების სიმბოლოა, დასავლეთი კი მშვიდობის მტრედი, რომელიც პირველს ეზიზღება და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლი- სთვისაც მზადაა მასთან. ლოზუნგები, მოწოდებები, რეზოლუციები თუ განცხადებები რომლებიც ატლანტიკის ორივე სანაპიროდან გაისმის, თეორიულად გამართლებული და მოსასმენად საამურია, რომ არა მათი პრაქტიკულად აბსოლუტური განუხორციელებლობა, რასაც შედეგად სახელმწიფოთა რეალური რღვევა, დაშლა, მილიონობით ადამიანის გაუბედურება და დაღუპვა მოჰყვება. ამ პირობებში და ამ შემთხვევაში, ყველა საშუალება უნდა იქნას გამოცდილი, რათა მოხდეს დაპირისპირებულ ძალთა ინტერესების თანხვედრის წერტილების ძიება, თუნდაც ნეიტრალიტეტის ინსტიტუტის მოხმობით.

ქართველი ექსპერტებისგან განსხვავებით, რომლებიც ორი კვირაა დიარეის პრობლემით არიან დაკავებულნი, რუსეთში უკვე გამოეხმაურენ, თუნდაც თეორიულ დონეზე, მირშეიმერის სტატიას. 12 ნოემბერს, ინტერნეტ გაზეთმა Lenta.ru-მ გამოაქვეყნა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის კავკასიის პრობლემათა და რეგიონული უსაფრთხოების ცენტრის უფროსი მეცნიერ-მუშაკის ნ. სილაევის ვრცელი სტატია სათაურით -„საქართველოში გაიმარჯვა თავშეკავებამ“, რომელშიც ვრცლადაა განხილული საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ორიენტირთა საკითხები. ამ ინსტიტუტს, საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი კურირებს.

საგულისხმოა სტატიის დასკვნითი ნაწილი, სადაც ვკითხულობთ: „უფრო საინტერესოა შორეული პერსპექტივა.საქართველომ ხომ ნებისმიერი მთავრობის ხელში უნდა გადაწყვიტოს საკითხი, როგორ ააგოს არაკონფრონტაციული ურთიერთობები რუსეთთან, ყველა უთანხმოებათა პირობებში, რაც მხარეთა შორის არსებობს. შესაძლებელია, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ძალის ყველა ხელმისაწვდომ ცენტრებთან ურთიერთობიდან უპირატესობის მოპოვება, როგორც ამას თავის დროზე აკეთებდა პატარა ფინეთი. შესაძლებელია ამ „შემაკავებელ ძალთა“ შიდაპოლიტიკური წარმატება საქართველოში გახდეს, ერთი პატარა აგური მომავლის ამ სტრატეგიაში”.

„როდესაც ცხადია, რომ ვერ აღწევ მიზანს, ნუ შეცვლი მას, შეცვალე მისი მიღწევის საშუალებები“ - ეს გამონათქვამი კონფუცის ეკუთვნის. უნდა ვაღიაროთ, რომ 20-წლიანმა უსასრულო ხეტიალმა, გაცხადებული, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და გაევროპელების მიზნის მისაღწევად, შედეგი ვერ გამოიღო. უვიცთა, გაიძვერათა და ზნედაცემულთა მმართველობის პირობებში ვერც ერთი ეს მიზანი ვერ მიიღწეოდა, ვინაიდან ეს იყო არა მათი მიზანი, არამედ ამ უკანასკნელთა საშუალება, რათა განუკითხავად ეძარცვათ ქვეყანა, თითქოსდა ამ მიზნების მისაღწევად წარმოებული „საქმიანობით“. ალბათ, დროა,ობიექტურად შეფასდეს ჩვენი შესაძლებლობები და მისწრაფებები. უპირველეს ყოვლისა ჩვენსავე თავში ვპოვოთ დადებითად გარდაქმნის ძალები, რათა ვიმოქმედოთ ადეკვატურად და პრაგმატულად მოვახდინოთ რეაგირება ჩვენს გარშემო და ჩვენთან დაკავშირებულ მოვლენებზე, ისევე, როგორც მეგობართა თუ მოწინააღმდეგეთა მესიჯებზე. ეს რეალურს გახდის დასახულ მიზანებთან მიახლოვებას, რაც დაინტერესებულ მხარეთა დახმარებით, მხოლოდ სიბრძნით, მაღალი ზნეობით და სუფთა ხელებით მიიღწევა.