„ხრუშჩოვი მოსხნეს! ხრუშჩოვი მოხსნეს!“

„ხრუშჩოვი მოსხნეს! ხრუშჩოვი მოხსნეს!“

წინა საუკუნის 50-იან წლებში თბილისის მოსახლეობა უჩვეულო სანახაობის მომსწრე გახდა. იმდროინდელ კიროვის ბაღში გულშემატკივართა არაოფიციალურმა „დაჯგუფებამ“ დაიწყო ფუნქციონირება და ამ „წრეში“ არაერთი პროფესიის ადამიანი გაერთიანდა. ფეხბურთის თაყვანისმცემლები ძირითადად საღამოობით იკრიბებოდნენ და „ტყავის ბურთზე“, აგრეთვე პოლიტიკაზე გათენებამდე კამათობდნენ. ულმობელი დრო იდგა. შესაბამისი სამსახურები ქუჩაში სამ მოსაუბრეს თუ გადააწყდებოდნენ, უშიშროების კომიტეტში მიჰყავდათ და მათი ვინაობით ინტერესდებოდნენ.  ვერის ბაღელებმა დროის გამოცდას გაუძლეს და ამ კლუბის წევრები ერთმანეთთან ურთიერთობას დღესაც აგრძელებენ.

ბატონი თემურ ღაღანიძე ვერისბაღელთა საძმოს აქტიური წევრი ბრძანდება. რამდენიმე დღის წინ სტუმრად ვეწვიე და სახალისო ისტორიების გახსენება ვთხოვე. ბატონი თემური არ დამზარდა, ცოტა ხნით ჩაფიქრდა, შემდეგ კი რამდენიმე „საფეხბურთო ამბავი“ მომიყვა. ამ ისტორიებს მკითხველის სამსჯავროზე ქვემოთ გამოვიტან.

ხრუშჩოვი მოხსნეს! ხრუშჩოვი მოხსნეს!“

რამდენიმე დღის წინ სრულიად საქართელომ თბილისის „დინამოს“ საბჭოთა კავშირის პირველობაზე პირველი გამარჯვების 50 წლისთავი საზეიმოდ აღნიშნა. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ქართველ გულშემატკივრებს ეს თარიღი მივულოცო.

რაც შეეხება ჩემს პირველ მოგონებას. 1964 წლის პირველობის დასრულებამდე რამდენიმე ტური იყო დარჩენილი და თბილისის „დინამო“ დონეცკის „შახტიორს“ მასპინძლობდა. შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა. შესვენების დროს სტადიონზე მავანმა და მავანმა უცნობმა ადამიანმა შემოირბინა და ტრიბუნებზე მყოფ ხალხს სიხარულით გვაუწყა: „ხრუშჩოვი მოხსნეს! ხრუშჩოვი მოხსნეს!“. რასაკვირველია იმ დროში ამ სახის ინფორმაციის ხმამაღალი გაზიარება არ შეიძლებოდა. ამიტომ ბატონი ნიკიტას გათავისუფლების შესახებ ცნობას გულშემატკივრები ერთმანეთს ჩურჩულით გადავცემდით.

დაიწყო მეორე ტაიმი. „დინამოს“ უპირატესობა კი გააჩნდა მაგრამ გოლის გატანას ვერ ახერხებდა. ამ დროს სტადიონზე კიდევ ერთი უცნობი პიროვნება გამოჩნდა, რომელმაც უკვე ხმამაღლა გვახარა: „ნიკიტა მართლა მოხსნეს. ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ რადიომ ოფიციალურად დაადასტურა“. ატყდა სტადიონზე ერთი ხვევნა-კოცნა. გაკვირვებული „დინამოელები“ სარბენ ბილიკებს მიუახლოვდნენ და ეს სასიხარულო ამბავი მათაც შეიტყვეს. რამდენიმე წუთში სლავა მეტრეველმა უკრაინელებს მეორე ბურთი გაუტანა და „დინამომ“ ის თამაში გამარჯვებით დაასრულა. სტადიონზე მყოფი ქართველი ფეხბურთის თაყვანისმცემლები კი ორმაგად ზეიმობდნენ. რასაკვირველია უპირველეს რიგში საყვარელი გუნდის წარმატებას. ამის გარდა ყველას უკვე გვჯეროდა, რომ იმ სეზონში „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი აუცილებლად გახდებოდა. საბედნიეროდ ჩვენი ვარაუდი გამართლდა და ტაშკენტის „ოქროს მატჩის“ შემდეგ ბიჭები საქართველოში გამარჯვებულები დაგვიბრუნდნენ.

რაბოტაიტე რებიატა“

წინა საუკუნის 70-იანი წლებია. თბილისელი ფეხბურთელები მოსკოვში ადგილობრივ „დინამოს“ ხვდებოდნენ. იმ დროს საბჭოთა კავშირის დედაქალაქში ვიმყოფებოდი და რასაკვირველია სტადიონზე იმ შეხვედრასაც დავესწარი.

უნდა მოგახსენოთ, რომ რუსული გუნდის რიგებში იმ წლებში სამი ძალიან უხეში მცველი ასპარეზობდა - მახოვიკოვი, ნოვიკოვი და ნიკონოვი. მატჩის მიმდინარეობისას ამ ტრიომ ვლადიმერ გუცაევს გასაქანი არ მისცა. ვოვაც სამაგიეროს არ აკლებდა და მუდმივად მოსკოვის „დინამოს“ კარს ემუქრებოდა. რუსი გულშემატკივარი თავდაპირველად გაოგნებული იყო, შემდეგ კი ყველამ შემდეგი ლოზუნგის სკანდირება დაიწყო: „მახოვიკოვ რაბოტაი, ნოვიკოვ რაბოტაი, ნიკონოვ რაბოტაი“.

„რაბოტაი, რაბოტაიო“ და მეორე ტაიმის დასაწყისში მოსკოველმა მცველებმა გუცაევს მძიმე ტრავმა მიაყენეს. ვოვა იძულებული გახდა თბილისის „დინამოს“ სათადარიგო სკამთან მისულიყო და შეცვლა მოეთხოვა. ამის შემყურე მოსკოველმა გულშემატკივრებმა ახალი ლოზუნგი წამოიწყეს: „გუცაევ იგრაი, გუცაევ იგრაი“. იცით რაშია საქმე… თავის მოთამაშეებს „მუშაობას“ სთხოვდნენ, გუცაევისგან კი თამაშს ითხოვდნენ. ალბათ ეს პატარა ეპიზოდი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს რომ ქართველები მინდორზე ფეხბურთის სათამაშოდ გადიოდნენ, რუსები კი ქარხნის მუშებივით - მხოლოდ სამუშაოდ.

ყიფიანის „პროტესტი“

წინა საუკუნის 70-იანი წლების შუაწელში თბილისის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად ნოდარ ახალკაცი დაინიშნა. ამ ადამიანმა გუნდი თავისი შეხედულებებით აათამაშა. რასაკვირველია შედეგებიც ჰქონდა. ალბათ გახსოვთ, 1976 წელს ორჯერ ბრინჯაოს მედლები მოვიპოვეთ (იმ წელს ერთდროულად ორი პირველობა გაიმართა), ამასთან ერთად პირველად საბჭოთა კავშირის თასსაც დავეპატრონეთ.

ახალკაცის მოსვლამდე დავით ყიფიანი თავდასხმაში თამაშობდა. მწვრთნელმა დათო უკან დახია და შეტევების ორგანიზაცია მოედნის ცენტრიდან დაავალა.

რასაკვირველია ამ ახალი სათამაშო სქემით ვერის ბაღელები უკმაყოფილონი ვიყავით და ახალკაცს ამ გადაწყვეტილების გამო ხშირად ვაკრიტიკებდით.

ერთ საღამოს ბაღში დავით ყიფიანი გვესტუმრა. რასაკვირველია რამდენიმე ჩვენგანმა შემთხვევა ხელიდან არ გაუშვა და „ფარსადანოვიჩი“ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ამაზე დათოს გაეღიმა და იქ შეკრებილებს შემდეგნაირად მოგვმართა: „ამჟამად „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი ნოდარ ახალკაცია და გუნდის გამოსვლაზე პასუხს ის აგებს. მან საჭიროდ ჩათვალა რომ უკან დამეხია. ეს გეგმა „დინამოს“ ასპარეზობაზე კარგად აისახება. თქვენ რომ კლუბის მწვრთნელად დაგნიშნავენ, უკვე თქვენს მითითებებს დავემორჩილები. დღეს კი ვალდებული ვარ ნოდარ ახალკაცის სათამაშო სქემა გავიზიარო“. ასე დაიცვა დავით ყიფიანმა ნოდარ ახალკაცი.

ვრემია“ და რამაზ შენგელია

ბატონ გოგი დემეტრაძეს ერთი ფეხბურთელი განსაკუთრებით უყვარდა. საუბარი რამაზ შენგელიაზეა. ვერის ბაღში ყოველ თავის სტუმრობას ბატონი გოგი შენგელიათი იწყებდა და ამავე მოთამაშით ასრულებდა. რასაკვირველია ამ თემაზე კამათი ხშირად გვიხდებოდა, რადგან ჩვენი საძმოს დანარჩენი წევრები სხვა დინამოელებსაც“ ხშირად „იცავდნენ“.

ერთ-ერთი გაჭიანურებული კამათის მიმდინარეობისას გოგი დემეტრაძემ რამაზ შენგელიას დასაცავად შემდეგი „მყარი“ არგუმენტი მოიყვანა:

„მომისმინეთ, ყოველ საღამოს, 10 საათზე გადაცემა „ვრემია“ ლეონიდ ბრეჟნევით იწყება და რამაზ შენგელიათი სრულდება“. ამ სიტყვებით დემეტრაძემ ყველა ოპონენტი გააჩუმა. ალბათ გახსოვთ რომ „ვრემიაში“ სპორტული მიმოხილვა გადაცემის ბოლოში გადიოდა. ვინაიდან შენგელიას გოლები სტაბილურად გაჰქონდა, რუს კომენტატორებს უნდოდათ თუ არა რამაზის ბურთების ჩვენება ხშირად უწევდათ.

პანტიანში გაგონილი ამბავი

1982 წელს თბილისელმა გულშემატკივრებმა ფეხბურთის მატჩების სანახავად სიარული პანტიანში დავიწყეთ. ვისარგებლებ შემთხვევით და გეტყვით, რომ ამ ადგილის „აღმოჩენამდე“ სტუმრობა ლენინაკანში, ბათუმში, თეთრი წყაროსა და ახალქალაქში გვიწევდა.

პანტიანში თბილისიდან რამდენიმე ასეული მანქანა ადიოდა. რასაკვირველია „კარგი ადგილის“ შერჩევა ყოველთვის პრობლემა გახლდათ. იყო ერთი სირთულეც. ტელევიზორები ძირითადად მხოლოდ გამოსახულებას უჩვენებდნენ, თუმცა ზოგი გულშემატკივარი ხმის დაჭერასაც ახერხებდა.

ერთ-ერთი ასეთი გასვლისას, 1986 წელს, ფეხბურთის მატჩის შესვენებისას თურქეთის ტელევიზიამ პოლიტიკური ინფორმაციები გადასცა. ჩვენი ყურადღება ნაცნობმა კადრებმა მიიპყრო. თავდაპირველად კიევი უჩვენეს, შემდეგ ქალაქი ჩერნობილი და დანგრეული ატომური რეაქტორი. ჩვენს შორის თურქული ენის მცოდნე ადამიანიც აღმოჩნდა. ბატონმა ვალერი კობახიძემ ინფორმაციას გულისყურით მოუსმინა, შემდეგ კი ჩერნობილის ტრაგედიის შესახებ გვამცნო. მოგვიანებით ეს ამბავი თბილისში პირველად ჩვენ გავავრცელეთ.