„თუ ნანუაშვილი შეძლებს და ერთად შევხვდებით პატიმრებს, ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი“

„თუ ნანუაშვილი შეძლებს და ერთად შევხვდებით პატიმრებს, ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი“

სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში პატიმრების ცემის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო. პარალელურად, საქმეზე მოკვლევას აწარომებს სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექცია. იმ შემთხვევაში, თუ გენერალური ინსპექციის დასკვნით გამოიკვეთება სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების თანამშრომელთა ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის მთავარ პროკურატურას გადაეგზავნება.

როგორც ცნობილია, სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა სავარაუდო დანაშაულის შესწავლის წინადადებით მიმართა. მიზეზი კი, დაწესებულების დირექტორის მოადგილის და ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო დანაშაულის გახდა.

როგორც სახალხო დამცველის ოფისში აცხადებენ, 12 ნოემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში მონიტორინგისას მიღებისა და განთავსების განყოფილებიდან ყვირილისა და ჩხუბის ხმა მოესმათ. ინციდენტის ადგილზე რწმუნებულებს ამავე დაწესებულების დირექტორის მოადგილე და ადმინისტრაციის თანამშრომლები დახვდნენ, დერეფანში სისხლის ლაქა შეინიშნებოდა.

დაწესებულების თანამშრომლები სახალხო დამცველის რწმუნებულთა დანახვამ გააღიზიანა. სახალხო დამცველის რწმუნებულების კატეგორიული მოთხოვნის შედეგად, დაწესებულების თანამშრომლებმა მათ საშუალება მისცეს, ენახათ საშხაპე ოთახში დაკავებული მსჯავრდებული .. და ბრალდებული .. ორივე დაკავებული სველი ტანსაცმლით იწვნენ იატაკზე. ..-ს ხელ-ფეხი ერთმანეთზე სპეციალური ჯაჭვით ჰქონდა მიბმული. ორივე პატიმარს გარეგნულად აღენიშნებოდა ძალადობის კვალი, მათ შორის, სახეზე. მ.უ.-ს შუბლის არეში ჰქონდა ნაკვეთი ჭრილობა, საიდანაც მოსდიოდა სისხლი, ასევე, სხვა მრავლობითი დაზიანებები, ხოლო მ.ფ.-ს მარჯვენა თვალში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა.

შესაბამისად, სახალხო დამცველი მოითხოვს მსჯავრდებულ მ.ფ.-სა და ბრალდებულ მ.უ.-ს მიმართ განხორციელებულ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს, დროულად ჩატარდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ბრალდებულების სხეულზე არსებული დაზიანებების ხარისხის, ხასიათის, ხანდაზმულობის, წარმოშობისა და განვითარების მექანიზმის დასადგენად, საგამოძიებო ორგანომ დროულად ამოიღოს მითითებული ფაქტის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერი.

სახლხო დამცველის ამ სკანდალურ განცხადებას, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე კახი კახიშვილი გამოეხმაურა. კახიშვილი სახალხო დამცველს სთავაზობს, ერთად მივიდნენ სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში და ერთად შეხვდნენ პატიმრებს. კახიშვილის თქმით, ამით გამოირიცხება ის, რომ დასკვნა, რომელიც გენერალური ინსპექციის მხრიდან დაიდება, არ გახდება სადავო. 

„სისტემა არის გახსნილი და სახალხო დამცველთან ერთად კოორდინირებულად მუშაობისთვის მზად ვართ. ამიტომ, თუ ნანუაშვილი შეძლებს და ერთად შევხდებით პატიმრებს, ძალიან ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი, მანამ, სანამ გენერალური ინსპექცია საკუთარ დასკვნას გამოაქვეყნებს. საქმეს იძიებს გენერალური ინსპექცია და იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება სასჯელაღსრულების თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეცემა“, - აცხადებს კახი კახიშვილი.

ამასთან, კახიშვილი სახალხო დამცველს მიმართავს, ციხეში ცემისა და წამების ფაქტების შესახებ არსებული ინფორმაციის შემთხვევაში სასჯელაღსრულების სამინისტროს აცნობოს. მისივე თქმით, უწყებას 12 ნოემბერს მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

„სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში 12 რიცხვში მომხდარი ფაქტის შესახებ ჩვენთვის არ იყო ცნობილი. ჩვენთან შეტყობინება, პრესით 19 ნოემბერს მოდის, ამის გამო სასჯელაღსრულების დაწესებულება მოკლებულია სრულყოფილი გამოძიების ჩატარების შესაძლებლობას. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაზიანების ხარისხის წარმოშობის მექანიზმის დადგენისთვის დროული ექსპერტიზის ჩატარება.

ჩვენ მზად ვართ, რომ საქმე მაქსიმალურად სკურპულოზურად გამოვიძიოთ. ჩვენ რომ გვცოდნოდა კონკრეტულად ეს ინფორმაცია, რომელიც დღეს გაავრცელა სახალხო დამცველის ოფისმა, უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნებოდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის მეშვეობით დაგვედგინა შესაძლო დაზიანების წარმოშობის მექანიზმი“, - აცხადებს კახი კახიშვილი.

გლდანის მე-8 დეწესებულება არაა ერთადერთი უწყება, რომელიც სახალხო დამცველის კრიტიკის საფუძველი გახდა. უჩა ნანუაშვილმა 18 ნოემბერს წინადადებით მიმართა მთავარ პროკურორს, დაიწყოს გამოძიება საბადრაგო სამმართველოს თანამშრომლების მხრიდან, ქუთაისის მე-2 დაწესებულებში განთავსებულ მსჯავრდებულთა მიმართ განხორცილებული შესაძლო დანაშაულის შესწავლის მიზნით.

2014 წლის 7 ნოემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულეს მსჯავრდებულები გ.ს-ს, გ.ს და ნ.თ-ს. მსჯავრდებულთა განცხადებით, მიმდინარე წლის 4 ნოემბერს მათი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ტრანსპორტირების დროს ბადრაგის თანამშრომლები პროვოკაციულად იქცეოდნენ. სასამართლოში მიყვანის შემდგომ, კი სამივე მსჯავრდებული დროებითი მოთავსების იზოლატორის სხვადასხვა საკანში მოათავსეს, რამაც მსჯავრდებულთა პროტესტი გამოიწვია.

პროტესტს ერთ-ერთ ბადრაგთან სიტყვიერი შეკამათება მოჰყვა, რაც ურთიერთ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. გაბრაზებული ბადრაგი გავიდა რამდენიმე წუთით და გ.ს-ს საკანთან იარაღით დაბრუნდა. სამივე მსჯავრდებული ცალსახად აცხადებს, რომ ბადრაგმა გ.ს-ს საკნის კარის სარკმელიდან იარაღი დაუმიზნა და მოკვლით დაემუქრა.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, იზოლატორის შენობაში, საბადრაგო სამმართველოს ოცამდე თანამშრომელმა სამივე მსჯავრდებული სასამართლოს შენობაში ცემა. შემდეგ ისინი კვლავ ქუთაისის მე-2 დაწესებულებაში დააბრუნეს.

მსჯავრდებულებს სახალხო დამცველის რწმუნებულებთან შეხვედრის დროს, სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდათ. დაზიანებების არსებობას ადასტურებს ასევე დაწესებულების ბრალდებულთა-მსჯავრდებულთა ტრავმების აღრიცხვის ჟურნალის ჩანაწერები და 4 ნოემბერს სად-ის მე-2 დაწესებულების მორიგე ექიმის მიერ შედგენილი შემოსულ მსჯავრდებულთა გარეგნული დათვალიერების აქტები.