ადგილობრივ ბაზარზე უარყოფენ, რომ ფასები ხელოვნურად არის მომატებული

ადგილობრივ ბაზარზე უარყოფენ, რომ ფასები ხელოვნურად არის მომატებული

[ეკოპალიტრა]

საქართველოში საწვავი პერმანენტულად ძვირდება. დილით შინიდან გამოსულმა, ავტოგასამართ სადგურზე ბენზინის საწვავი შესაძლოა ერთ ფასად შეიძინო, საღამოს კი იმავე ტაბლოზე, სულ მცირე, 5 თეთრით გაზრდილი ფასი დაგხვდეს.

ზოგჯერ ამას მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის გაძვირებით ხსნიან, ზოგჯერ - ლარის კურსის ვარდნით დოლარის მიმართ, ზოგჯერ კი პოლიტიკური პრობლემებით ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებში. ფაქტი ერთია - ბოლო ორი წლის განმავლობაში საწვავის ფასი, მართალია ხანმოკლე ზიგზაგებით, მაგრამ განუხრელად მაღლა მიიწევს. 

ბენზინი და დიზელის საწვავი აუცილებელი მოხმარების პროდუქტებია და მათი გაძვირება, პრაქტიკულად ყველა სხვა პროდუქტსა თუ მომსახურებაზე აისახება. საწვავის ფასის ზრდა არა მარტო ავტომობილების მფლობელებს აწუხებთ, არამედ იმ მომხმარებლებსაც, ვისაც ამის გამო მაგალითად სურსათი ან მგზავრობა უძვირდებათ.

საწვავის თემა დღეს მეტად აქტუალურია, ის სოციალურ საიტებზეც განიხილება. ზოგი მაღალ ფასს ადგილობრივ ბაზარზე ნავთობიმპორტიორი კომპანიების მონოპოლიური მდგომარეობით ხსნის, ზოგიც მონოპოლისტი კომპანიების ზემოგებებზე საუბრობს. ინტერნეტმომხმარებლების მიერ შემოთავაზებული ერთ-ერთი კალკულაციის თანახმად, თებერვლისთვის A92 ოქტანობის ბენზინი საქართველოში რეალურად 1,7 ლარი უნდა ღირებულიყო, ნაცვლად 2 ლარისა.

არსებობს ინფორმაცია, რომ ნავთობიმპორტიორი კომპანიები ადგილობრივ ბაზარზე ერთმანეთში გადაყიდვებს აწარმოებენ, რაც საცალო ქსელში საწვავის ფასს კიდევ უფრო ზრდის. ნიშანდობლივია, რომ ნავთობიმპორტიორებს საცალო ქსელში ზუსტად ერთნაირი ფასები აქვთ და მომხმარებელსაც არჩევანის საშუალება, ფაქტობრივად, არ რჩება.

ნავთობპროდუქტების ძირითადი მოცულობა შემოაქვთ "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს", "ლუკოილს", "ვისოლს", "რომეპტროლს". ყოველ მათგანს ბენზინგასამართი სადგურების საკუთარი ქსელი აქვს და საცალო ბაზარზე სწორედ ისინი დომინირებენ. საქართველოში იმპორტირებული ბენზინის 45% აზერბაიჯანიდან შემოდის, 55% კი ევროპიდან. ისეთი პროდუქტი, როგორიც არის "სუპერი" და "პრემიუმ" კლასის საწვავი, 100%-ით ევროპული წარმოებისაა.

მართალია, ამ ორი სახეობის საწვავს აზერბაიჯანიც აწარმოებს, მაგრამ საქართველოში არსებული სტანდარტების მიხედვით, აზერბაიჯანული "სუპერი" და "პრემიუმი" ეკოლოგიურ მახასიათებლებს ვერ აკმაყოფილებს და შესაბამისად, მისი იმპორტი საქართველოში არ ხორციელდება. "პრემიუმის" ხვედრითი წილი ბაზარზე 20-25%-ია, დაახლოებით 2% უკავია "სუპერს", 30% - ევროპიდან იმპორტირებულ "რეგულარს".

ევროპული საწვავი საქართველოში მეტწილად რუმინეთიდან, იტალიიდან, ბულგარეთიდან და საბერძნეთიდან შემოდის. დიზელის საწვავში აზერბაიჯანული საწვავის ხვედრითი წილი გაცილებით დიდია - 75%, ევროპულის კი 25%-ია.

საბითუმო ბაზრის ლიდერი "სოკარია", რადგან ყველაზე დიდი მოცულობით ნავთობპროდუქტების იმპორტს სწორედ ის ახორციელებს. მეორე ადგილზე კი იმპორტის თვალსაზრისით "რომპეტროლია" (შარშან, იმპორტის განხორციელებისას კომპანიას ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახადების სახით 78 მილიონი ლარის გადახდამ მოუწია).

მიზეზთა გამო, ნავთობიმპორტიორი კომპანიები თავს არიდებენ თავიანთი ბიზნესის შიდა სამზარეულოს საჯაროდ გამოტანას. სხვადასხვა ხარჯი, მოგების მარჟა თუ შესყიდვების მოცულობა, მათთვის ღია ინფორმაცია არ არის, ამიტომ დეტალების გარკვევა, კალკულაციის კომენტირებით, ამ ბიზნესთან "ახლოს მდგომი" პირებისგან ვცადეთ.

ვანო მთვრალაშვილი (საქართველოს ნავთობიმპორტიორთა, მწარმოებელთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარე): "მოგეხსენებათ, ჩვენ არ ვართ ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ე.წ. პლატსის ფასებია.

სწორია, რომ კალკულაციაში აღებული აქვთ პლატსის ფასი 1 ტონა საწვავზე. მაგრამ მოდით ვთქვათ, რა ფასია დღეს. მარტის თვეში, ანუ 1-ელი მარტიდან დაწყებული, ბენზინის პლატსის საშუალო ფასი არის 990 დოლარი. გადავიდეთ ტრანსპორტირების ღირებულებაზე. ის განსხვავდება სხვადასხვა მიმართულებებზე. აზერბაიჯანიდან იმპორტირებულისთვის ერთია და რა თქმა უნდა, სხვა არის ევროპიდან შემოტანილისთვის.

ევროპიდან იმპორტი ძირითადად გემით ხდება და მოდის ფოთში, ბათუმში, შემდეგ კი რკინიგზით ჩამოდის თბილისში. ევროპიდან ტრანსპორტირება მეტი ჯდება, ვიდრე აზერბაიჯანიდან. აქ უნდა გაკეთდეს დეფინიცია, რომ ტრანსპოტირების ხარჯი ორივე შემთხვევაში მეტია, ვიდრე გაანგარიშებაშია დასახელებული. რაც შეეხება ზუსტ ციფრებს, უმჯობესია ამაზე თავად კომპანიებმა გიპასუხონ.

ევროპის ქვეყნებიდან ჩამოტანასაც განსხვავებული ფასები აქვს. საბერძნეთიდან იმპორტირებულს სხვა ფასი აქვს, რუმინეთიდან იმპორტირებულს - სხვა. ტრანსპორტირება ლოჯისტიკურად სხვადასხვა ციფრს მოიცავს. ეს არის ტერმინალის ხარჯი, რომელსაც მნიშვნელოვანი დანახარჯი ახლავს ტონა პროდუქტზე; ვაგონცისტერნებში გადატვირთვა და სხვ. ლოჯისტიკა-ტრანსპორტირების ეს ციკლი, სხვადასხვა კომპონენტებს მოიცავს, რომელთაგან თითოეულს თავისი ფასი ადევს და გაცილებით მეტია, ვიდრე კალკულაციაშია წარმოდგენილი. უნდა გითხრათ, ბოლო დროს ტრანსპორტირების ტარიფები მნიშვნელოვნად არის მომატებული.

კომპანიის მოგების ზღვარი, როგორც სოციალურ ქსელებში გავრცელებული კალკულაციის ავტორები ამბობენ, 5%-ია. როცა პროდუქტი ჩვენს ბაზარზე შემოდის, ის ბითუმად იყიდება. კონკრეტული კომპანიებისგან ყიდულობენ კიდევ სხვა კომპანიები, ავტოგასამართი სადგურები. შესაძლოა, ბენზინი წვრილმა კომპანიამაც შეიძინოს, რომელსაც თავისი მოგების მარჟა აქვს. შემდეგ მოდის საცალო დანამატი, "აგესის", ანუ გასამართ სადგურში უშუალოდ გაყიდულის. რაც შეეხება ხარჯებთან დაკავშირებულ 10%-იან ზღვარს...

კომპანია ცოცხალი ორგანიზმია, ის მუშაობს, ფუნქციონირებს, არის სხვადასხვაგვარი პერიოდი, მით უფრო დღეს, როცა ვითარება კრიზისულია. ხარჯი ვითარებიდან გამომდინარე განისაზღვრება, ეს ხომ არ არის მხოლოდ პერსონალზე გაწეული ხარჯები, არის დანახარჯი ფულადი რესურსით, ანუ კრედიტით სარგებლობისთვის, სარეკლამო და სხვ. მთავარი ლიტრაჟში გადაყვანაა. 1 ტონა ბენზინი, ანუ წონით 1000 კილოგრამი, მომხმარებელზე იყიდება მოცულობით ანუ ლიტრობით. აქ მნიშვნელოვანია საწვავის სიმკვრივე.

სულ ერთია, რომელი ქვეყნიდან მოდის და რომელ კომპანიას ჩამოაქვს, წარმოშობის სერტიფიკატებში ყველგან წერია, რამდენია პროდუქციის სიმკვრივე 15-20 გრადუს ტემპერატურაზე. ამ სიმკვრივიდან მარტივი ფორმულით დგინდება, 1 ტონა საწვავი რამდენი ლიტრია. უმეტეს შემთხვევაში ეს არის 1300 ლიტრი, ზოგჯერ 1280 ან 1330-ია, გააჩნია, რომელი ქვეყნიდან მოდის (და არა 1450 ლიტრი, როგორც იმ კალკულაციაში ფიგურირებდა). ამ ყველაფრის გათვალისწინებით ციფრს - 1,7 ლარს, ვერ მივიღებდით. უნდა გავითვალისწინოთ ისეთი კომპონენტები, როგორიც არის საწვავის აორთქლება, დანაკლისი და სხვ.

2008 წელს თუ შევადარებთ, საწვავის საერთაშორისო პლატსის ფასი საშუალოდ ტონა ბენზინზე იყო 1100 დოლარი, ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ - 1,42. 1100-ის 1,42-ზე გამრავლებით 1560 ლარს ვიღებთ. ახლა თუ პლატსი 980 დოლარია, არსებულ კურსზე გადაყვანით ტონაზე 1760 ლარს მივიღებთ. შესაბამისად, პროდუქცია 100-110 ლარით უფრო მეტი ღირს და საცალო ქსელშიც 10 თეთრით ძვირია..."