არ მახსოვს რიცხვი. გვარდიის სამმართველოს შენობა. ორი დღე ველოდებით "ალიონის“ ოპერატორი ჯანო ინაძე და მე კოდორში გამგზავრებას.
თხლად მაცვია. ერთმა გვარდიხელმა თბილი წინდა შემომიტანა.
დილით გვარდიის ავტომანქანით კოდორისაკენ დავიძარით კობა კობალაძესთან ერთად. კობა მაშინ გვარდიის სარდალი იყო.
ქუთაისში გავჩერდით. წავიხემსეთ და "უაზის" მარკის ავტომანქანით გავაგრძელეთ გზა.
უშგული, მესტია.გზად მიმავალმა პირველად ვნახე მარცხნივ იასამნისფერი ტყე, მარჯვნივ - ალპურ ზოლზე ჩამოთოვლილი მიდამო. თითქოს ამ ერთ წერტილს დედამიწა ორად გაეყო. რა თქმა უნდა პროფესიული აღტკინება მზადყოფნაშია. ყველაფერს ვიღებთ. კოდორამდე ჯერ კიდევ შორია....
მესტიაში კვიციანების ნათესავის ოჯახში გავათენეთ. პირველად გავსინჯე კუბდარი....
მეორე დღის გათენებას ველოდები. ქართული ჯარის ნაწილი უკვე კოდორშია.
დილით გზას ვაგრძელებთ. საშინელი გზაა. დავიღალე....
ერთი სილამაზე მეორეთი იცვლება. სვანეთი უკანაა. კოდორი წინ გზის გასაყარზე გულს ბაგა-ბუგი გაუდის. ომს მიჩვეულს ახალ ომში შესვლის მეშინია. კობალაძე ჩემი ემოციების გამო ბრაზობს...
გაბრაზდეს, რა! სულ მეშინია, და მაინც სულ მივდივარ ომის ჯოჯოხეთში.
შევდივართ. მე არ ვარ მწერალი, მე არ ვარ პოეტი... მაპატიეთ, ამ სილამაზეს ამ ფურცლებზე ვერ გადმოვწერ.
ხეობის სოფლებში უკვე ჩვენი მეომრები გვხვდებიან. ნორა კვიციანის სახლში ვჩერდებით. აქ ფაქტიურად შტაბიც არის, სასადილოც და თავშეყრის ადგილიც. მე ეზოში გავდივარ. ვგრძნობ, იქ ზედმეტი ვარ. თათბირი მიმდინარეობს. კოდორში ჩვენს ჯგუფთან ერთად ნანა ლეჟავას ჯგუფი მუშაობს, რომელსაც მეომრების მხრიდან წინააღმდეგობა ხვდება. ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ ჩვენი კოლეგები. ჯარისკაცები იმ კადრებს გვისახელებენ, რომლებიც "რუსთავი 2"-მა სპეციალურად გაუშვა და ეს სამშობლოს ღალატის ტოლფასი იყო.
ვმუშაობთ. მახსოვს მთავარი - როგორ ცდილობდა კოდორის მოსახლეობა ხეობის დაცვას და პარალელურად აფხაზებთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნებას. სულ სამიოდე კილომეტრში აფხაზები დგანან. აფხაზების ქართველებთან გაურთულებული ურთიერთობა ემზარ კვიციანის დამსახურებაა. ამას აფხაზებიც არ უარყოფენ. ისინი ანგარიშს უწევენ კვიციანის ავტორიტეტს. ღამეს ემზარის ნათესავთან ვათენებთ. არ მძინავს. ყოველ წუთს ველოდებით მდგომარეობის გაუარესებას. მეშინია... ეტყობა სამაჩაბლოს და აფხაზეთის ომებმა ნერვები დაასუსტა...
ღამე მშვიდობიანია. ბიჭები ჩვენთან საუბრისას გულახდილნი და ამაყნი არიან. ისინი კოდორს იცავენ და, რაც მთავარია, ქართული ჯარი კოდორშია...
მათ "მონადირესთან" არავითარი პრობლემა არ აქვთ. ისინი ერთ საქმეს ემსახურებიან - კოდორს იცავენ.
"ალიონის" პირდაპირ ეთერში მინდა ჩართვა. გამოშვების რედაქტორი, შემდგომში ნაცების დიდი მსახური ნინო შუბლაძე, ჩართვის საშუალებას არ იძლევა.....ბრაზობს კობალაძე, ბრაზობს ჯანო ინაძე, ვბრაზობ მეც... უშედეგოდ!
მეორე დილით სამხედრო სატვირთო მანქანით და გდაღებული მასალით თბილისში ვბრუნდებით. საშინელი სიცივეა. ჯანო საბარგულზე ზის, მე - კაბინაში. ღამის გათენების შემდეგ დილით "ალიონში" სიუჟეტი გავიდა.
მას შემდეგ კოდორში არ ვყოფილვარ. ვიცი ეს დიდი ხნით გადაიდო. შეიძლება, ჩემი თაობა კოდორის უნახავად წავიდეს ამ ქვეყნიდან. დღეს ჩემთვის კოდორთან მიახლოება ემზარ კვიციანის თორმეტწლიანი სასჯელია. ეს სასჯელი ძალიან მძიმეა.