თურქეთში - პირადობის მოწმობით, ბულგარეთში - პირდაპირი რეისით

თურქეთში - პირადობის მოწმობით, ბულგარეთში - პირდაპირი რეისით

[ეკა ბაქრაძე]

საქართველომ მეზობლებთან მიმოსვლის გამარტივება დაისახა მიზნად. პირველ რიგში, ცვლილებები განხორციელდება თურქეთისა და ბულგარეთის მიმართულებით.

ანკარაში და თბილისში გადაწყვიტეს, რომ ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა კიდევ უფრო გამარტივდეს. „ერთიან კავკასიად“ წოდებული პროექტი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და საქართველოს პრეზიდენტმა თებერვალში, თბილისში განიხილეს. როგორც ჩანს, გადაწვეტილებაც მალევე მიიღეს და ახლა მისი სისრულეში მოყვანაღა რჩება.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე ადასტურებს, რომ მხარეებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში საქართველოსა და თურქეთს შორის გადაადგილება მხოლოდ პირადობის მოწმობების საშუალებით იქნება შესაძლებელი.

„ეს საკითხი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ბოლო ვიზიტის დროს დაისვა. საქართველოსა და თურქეთს შორის მხოლოდ პირადობის მოწმობების საშუალებით გადადგილება ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის. ეს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობებს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს“, - განაცხადა კალანდაძემ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, უკვე მიმდინარეობს ქვეყნებს შორის არსებული შესაბამისი ხელშეკრულების მოდიფიკაციის შესახებ მსჯელობა და ტექნიკურ საკითხებზე მუშაობა.

საქართველო-თურქეთს შორის ევროკავშირის ანალოგიური პროექტის შესახებ ინფორმაცია პირველად თურქულ მედიაში გაჩნდა. თურქულმა გამოცემებმა ეს ნაბიჯი უკვე შეაფასეს როგორც უპრეცედენტო.

„ეს ჩვენი რეგიონისთვის უზარმაზარი ცვლილება იქნება. ისევე, როგორც ეს ევროკავშირშია, ჩვენს მოქალაქეებსაც შეეძლებათ გამგზავრება ერთმანეთთან მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით“, - აცხადებს თურქეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე.

ამ ხელშეკრულების მნიშნვნელობა მით უფრო თვალსაჩინო გახდება, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ბოლო წლებში თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. გარდა ამისა, ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან გამუდმებით მატულობს ვიზიტორთა რაოდენობაც.

მიმოსვლის საკითხების დარეგულირება მარტოოდენ თურქეთთან როდი იგეგმება. როგორც ჩანს, საქართველო აპირებს ახლო თუ შორიახლო მეზობლებთან მაქსიმალურად გაამარტივოს მისვლა-მოსვლის საკითხი. მაგალითად, ბულგარეთთან პირდაპირი საჰაერო ხაზი იხსნება. აქამდე მსგავსი ავიარესი არ არსებობდა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ და ბულგარეთის ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრმა ალექსანდრ ცვეტკოვმა ხელი უკვე მოაწერეს შეთანხმებას, ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ. აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს ყველა იმ შეზღუდვის მოხსნას, რაც აქამდე ხელს უშლიდა ორ ქვეყანას შორის საჰაერო ფრენების თავისუფლად განხორციელებას.

ამ დრომდე საქართველოსა და ბულგარეთს შორის მხოლოდ ჩარტერული რეისები სრულდებოდა, ხოლო ერთ თვეში ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისები შესრულდება. აღნიშნული შეთანხმება ქართულ ავიაკომპანიებს მისცემს საშუალებას, ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერების გვერდის ავლით შევიდნენ ბულგარეთის ავიაბაზარზე და პირიქით.

„ყოველივე ეს კიდევ უფრო დააახლოებს ორ ქვეყანას და გაზრდის მგზავრთა ნაკადს საქართველოსა და ბულგარეთს შორის. მსგავსი შეთანხმების გაფორმება ჩვენი პოლიტიკის ნაწილია, რაც მიზნად ისახავს საქართველოს საჰაერო ბაზრის ლიბერალიზებას. ამით გაიზრდება კონკურენცია აღნიშნულ ბაზარზე, გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და გავლენას მოახდენს საფასო პოლიტიკაზე დაწევის მიმართულებით“, - აღნიშნა ქობალიამ.