აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების არჩევამდე პრორუსი ლიდერი რაულ ხაჯიმბა ირწმუნებოდა, რომ მისი არჩევის შემდეგ გალის მოსახლეობას გასახლების არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა. თუმცა გალელი ქართველები გასახლების საფრთხის წინაშე კვლავაც აღმოჩნდენენ, რაც 11 ნოემბერს გალის რაიონის ადმინისტრაციის უფროსად თემურ ნადარაია დაინიშნა. გალში ბევრს ახსოვს თემურ ნადარაიას მკვეთრი განცხადებები, რომელიც ჯერ კიდევ 2013 წელს აცხადებდა, რომ „მათ ტერიტორიაზე მცხოვრები“ ზოგიერთი ქართველის „დეპორტაცია“ უნდა მომხდარიყო.
იმ პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, თემურ ნადარაია ამტკიცებდა, რომ აფხაზეთში ასზე მეტი ისეთი ადამიანი ცხოვრობდა, ვინც მათ იარაღით ებრძოდა და, რომელთა წინააღმდეგაც არანაირი ღონისძიება არ გატარებულა.
„აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს ასზე მეტი ისეთი პირი, რომელიც ომში ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდა. არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ისინი უნდა დაეჭირათ და გაესამართლებინათ, მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ მათი დეპორტაციაც კი არ მომხდარა“, - ანიშნა 2013 წლის ნოემბერში თემურ ნადარაიამ.
აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრი, გენერალი ლევან კიკნაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ქართველების გასახლებაზე საუბარს საფუძველი ხაჯიმბას პოლიტიკამ დაუდო, რომელიც დე-ფაქტო პრეზიდენტად მოგვევლინა. მისი მიზანი არა მარტო ქართველების შევიწროება, არამედ ურჩი ქართველების იქიდან გაძევებაცაა, რომელთა შავი სიებიც სეპარატისტებს უთუოდ ექნებათ.
„მას შემდეგ, რაც აფხაზეთიდან ქართველების მასიური გამოდევნა მოხდა, გაეროში მიღებული რეზოლუციებისა და ქართველებთან მოლაპარაკებების პროცესის შემდეგ გალის რაიონში საცხოვრებლად არაერთი ქართველი დაბრუნდა. აქედან გამომდინარე, სეპარატისტები ცდილობენ, იმდროინდელი ქართველები გამოდევნონ და ამით მეორე კურდღელიც დაიჭირონ - დააშინონ იქ დარჩენილი ადგილობრივი ქართული მოსახლეობა. ხაზს ვუსვამ, აქ აფხაზ სეპარატისტებზეა საუბარი და არა - ყველა აფხაზზე. ქართველისგან მტრის ხატის შექმნის თემა დღესაც მუშაობს აფხაზეთში. ქართველების წინააღმდეგ სეპარატისტებს ყოველთვის სცალიათ, რადგან ჯერ კიდევ ომამდე დაწყებული დემოგრაფიული შიში მათ არ შორდებათ. დღესაც რუსეთის მიერ აფხაზებისთვის შეთავაზებულ ე.წ. ხელშეკრულებაში სეპარატისტებს არ მოეწონათ მე-14 პუნქტი და ერთი ამბავი ატეხეს. აფხაზებს ამ პუნქტის ამოღება სურთ და არ არის გამორიცხული, კრემლი ამაზე დაითანხმონ. ეს ზუსტად დემოგრაფიული შიშითაა გამოწვეული, რადგან აღნიშნული მე-14 პუნქტი ამბობს, რომ რუსი ეროვნების მოქალაქეებს გამარტივებული წესით უნდა მიეცეთ აფხაზეთის მოქალაქეობის მიღება. აფხაზებს რუსების ამ გზით შემოსევის ეშიანიათ, მაგრამ რუსებს ვერაფერი გაუბედეს და ისევ გალელ ქართველებს მიადგნენ“, - აცხადებს ლევან კიკნაძე.
თუმცა, ამავდროულად, არც იმას გამორიცხავს, რომ ქართველების ძალით გამოყრა ხაჯიმბას რეჟიმს ახლა არ აწყობდეს. ამის მიზეზი მარტივია - ხომ შეიძლება, აქედან საპასუხო რეაქცია მიიღონ? ბოლოს და ბოლოს, ქართველები როდემდე უნდა მისდევდნენ იმ მოვლენებს, რაც აფხაზეთში ხდება? რაღაც პრევენციული ზომები ხომ უნდა გატარდეს? ასე რომ, ამ ეტაპზე საეჭვოა, აფხაზებმა გაბედონ და ქართველების მასობრივი გამოსახლება დაიწყონ.
„ექსპერტთა კლუბის“ წარმომადგენელი ირაკლი ცქიტიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აფხაზები ყოველთვის ითხოვდნენ, ომის დროს იარაღით მებრძოლი ქართველები გაესახლებინათ და მოეშორებინათ აფხაზეთის ტერიტორიიდან. თუმცა თვითონ ფრაზა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველს თურმე იარაღი ეკავა, არაფრის მთქმელია, რადგან აფხაზეთის ომში ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი ყოფილა, ვისაც ფორმაც ეცვა, იარაღიც ეკავა, მაგრამ არც არაფერი არასდროს გაუკეთებია.
„ჩემთვის უცნობია, კონკრეტულად რომელ ას ქართველზეა ლაპარაკი, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ აფხაზები დღემდე ამ თემით აპელირებენ, ნიშნავს, რომ აფხაზეთის ომის შედეგები ჯერ კიდევ მთლიანად არ არის აღმოფხვრილი მათ გონებაში. ვფიქრობ, დღეისთვის არ არის აფხაზეთში საუბარი ქართველების ეთნიკური ნიშნით გასახლებაზე. არა მგონია, გალის რაიონში დასახლებული ხალხი აყარონ და გაასახლონ. მეორე მხრივ, კარგია, რომ ისინი არ ითხოვენ ამ ადამიანების დახვრეტას. მთელი ამ ბრალეულობის კასკადში გაუგებარია ერთი რამ, თუ ეს „იარაღიანი ადამიანები“ მართლაც მონაწილეობდნენ აფხაზეთის ომში და რაიმე ბრალი მიუძღვით, მაშინ მათ რატომ არ ასამართლებენ და რატომ არ იჭერენ? თუ მათ არანაირი ბრალი არ მიუძღვით, საერთოდ, რატომ ითხოვენ მათ გასახლებას და ხელს რატომ ჰკიდებენ? თუ იქ ობიექტური გამოძიება იქნება, რისი ალბათობაც მცირეა აფხაზეთში, მაშინ ეს საკითხები უნდა დადგეს. თუმცა ამ კითხვებით არავინ ინტერესდება“, - აცხადებს ირაკლი ცქიტიშვილი.
მისი თქმით, ბევრჯერ განუცხადებიათ ასეთი რამ აფხაზებს, მაგრამ ამას კონკრეტული ნაბიჯი არ მოჰყოლია. ამიტომ უცნობია, რაში დასჭრდა ნადარაიას ამის განცხადება, რატომ ააფორიაქა ხალხი, რატომ ამოსწია ეს თემა და ამით ქულა დაიწერა?
უფრო მეტიც, ირაკლი ცქიტიშვილი არ ხედავს იმის წინაპირობას, რომ გალში ქართველების მასობრივი გამოყრა და ქართველებზე ნადირობა დაიწყოს. აფხაზეთში დღეს სხვა საკითხებით არიან დაკავებულნი და ის ხელშეკრულება, რასაც აფხაზეთი რუსეთთან აფორმებს, არა მარტო ქართულ როლს აკნინებს ამ ტერიტორიაზე, არამედ აფხაზური როლიც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. ამიტომ გალიდან ქართველების გაყრა ზედმეტი თავის ტკივილი იქნება რუსეთისთვის საერთაშორისო არენაზე.