რუსული „SPUTNIK“-ი ქართულ ორბიტაზე

რუსული „SPUTNIK“-ი ქართულ ორბიტაზე

დიმიტრი კისილიოვის რადიომ თბილისამდე მოაღწია. „სპუტნიკი“ ქართულ მაუწყებლობას იწყებს, თუმცა მისი გამოჩენის გამო, საქართველოში რუსულ პროპაგანდზე ალაპარაკდნენ.

რადიოსადგურის მთავარი რედაქტორი ანტონ ლასხიშვილი ირწმუნება, რომ „სპუტნიკი“ პროპაგანდისტულ მანქანას არ წარმოადგენს და მისი მიზანი მთავარი მოვლენების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა.

„ქართულ სიხშირეებზე რუსული შხამი ვრცელდება“, - ასე ეხმიანება ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რუსული რადიოსადგურის გახსნას.

სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობამ ქმედითი ნაბიჯი უნდა გადადგას, მსგავსი რადიოსადგურების ფუნქციონირება შეაჩეროს და საქართველოში „სპუტნიკის“ ხელმძღვანელის, დიმიტრი კისილიოვის პროექტები აკრძალოს.

„კისელიოვი ის ადამიანია, რომელმაც 2008 წლის ომის დროს დაღუპული ქართველი ბავშვების კადრები ქართველების მიერ დახოცილ რუს ბავშვებად გაასაღა, ხოლო თვითმფრინავები, რომლებიც გორს ბომბავდნენ – ქართულად. კისელიოვის ყველა პროექტი უკრაინაში აკრძალულია და რატომ არ იკრძალება საქართველოში? – ჩვენი ქვეყანაც ხომ ოკუპირებულია?!“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში „სპუტნიკის“ მაუწყებლობის საკითხს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია შეისწავლის. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, კომპანია „სპუტნიკი“ არც სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელია და არც მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირი. უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, 101,4 მეგაჰერც სიხშირეზე რადიომაუწყებლობის ლიცენზია შპს „რ-რადიოს“ ეკუთვნის.

აქედან გამომდინარე, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საკითხის შესწავლის მიზნით შპს „რ-რადიოს“ კომპანია „სპუტნიკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, ასევე, წინა 1 კვირის სამაუწყებლო ბადის უწყვეტი ჩანაწერი მოსთხოვა. კომისია აღნიშნული ჩანაწერის სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობას შეისწავლის, ხოლო შედეგებსა და მიღებულ გადაწყვეტილებას „მაღალი საჯარო ინტერესის“ გამო განასაჯაროვებს.

როგორც For.ge-სთან საუბარში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პრესსამსახურის უფროსმა ხატია ყურაშვილმა განაცხადა, მარეგულირებელმა კომისიამ „სპუტნიკის“ წარმომადგენლებს ერთი სამუშაო დღის ვადა მისცა ინფორმაციის წარსადგენად და საბოლო პასუხი მომავალ კვირაში გავრცელდება. მანამდე კი ისინი თავს იკავებენ ყოველგვარი კომენტარისგან.

უნდა მაუწყებლობდეს თუ არა დიმიტრი კისილიოვის რადიო საქართველოში?! ამის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა.

თუ გავითვალისწინებთ კისილიოვის მკვეთრ გამონათქვამებს, იგი ბევრისთვის რუსული პროპაგანდის ნაწილად აღიქმება. მაგალითად, საყოველთოდ ცნობილია მისი აგრესიული გამოთქმა - „რუსეთს თავისუფლად შეუძლია, აშშ ფერფლად აქციოს“, ან კიდევ, მისი მოსაზრება საინფორმაციო ომის განუსაზღვრელი შესაძლებლობების შესახებ - „დღეს ბრძოლის ძირითად სახეობას საინფორმაციო ომი წარმოადგენს. თუ იგებ საინფორმაციო ომს, შემდეგ შეგიძლია, დაბომბო კიდეც. ხოლო, თუ დამარცხდები, დაბომბვის უფლება არ გაქვს“.

მედიაექსპერტი ლელა კურდღელაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მედიაც ისეთივე ბიზნესია, როგორც სხვა ტიპის ბიზნესი. ამდენად, თუ არ გვინდა რუსეთთან ბიზნესი, მაშინ ხმამაღლა უნდა გამოვაცხადოთ, რომ მათთან ყველანაირ ბიზნესს ვკრძალავთ. ხოლო, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ თავისუფალი ბაზარი გვაქვს და აქ წვდომა ღიაა რუსული კომპანიებისთვისაც, ამ ნიშნით ვერც მედიამაუწყებელს ავუკრძალავთ შემოსვლას. მით უმეტეს, ამის თქმის უფლება ყველაზე ნაკლებად სააკაშვილს აქვს, რადგან თავის დროზე ენერგეტიკაში სწორედ მან შემოიყვანა რუსული „რაოესი“.

„მიშა რომ ხარ და თავის დროზე ენერგერტიკაში შემოიყვანე რუსული კომპანიები, მაშინ რატომ არ აუკრძალე სხვა კომპანიებს საქართველოში შემოსვლა? მით უმეტეს, ომი გქონდა რუსეთთან. იმავე მიშას შემოყვანილ რუსულ კომპანიებში იყვნენ ისეთი გვარები, რომლებიც არ გიჟდებოდნენ საქართველოზე. თუმცა მეორე მომენტიცაა, ნაკლებად მჯერა, რომ მედია გარკვეულ იდეოლოგიურ პლატფორმაზე არ იდგეს. მედიამაუწყებელი შეიძლება იყოს ლიბერალური ან სხვა ტიპის, მაგრამ გარკვეული პლატფორმა ყოველთვის აქვს. ამიტომ, თუ წინასწარ შემოწმებული არ არის, შეიძლება, საინფორმაციო სივრცეში ეს იყოს ბომბი, რომელიც აგიფეთქებს ქვეყანას. ბოლოს და ბოლოს, შესაძლოა, ქართულ მედიასაშუალებადაც დაგირეგისტრირდეს ვიღაც და ააფეთქოს მთელი სივრცე. ამიტომ მაინც მგონია, რომ „სპუტნიკზე“ ატეხილი ამბები მარეგულირებელი კომისიის თემაა, რომელიც შესაბამისმა კომისიამ უნდა შეისწავლოს. ამ ყველაფერს ისევ პოლიტიკური დატვირთვა მიეცა.

სააკაშვილს რომ ვაკვირდები, ახლა იმ მდგომარეობაშია, რომ მზად არის, ყველაფერზე განცხადება გააკეთოს, რათა არ გაქრეს ქართული მედიასივრციდან, თორემ, ზოგადად, რუსული მედიასაშუალებების დაბრუნება ქართულ სივრცეში როგორ უნდა ავკრძალოთ? ახლა მიშა ვაჭრობს და ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია. რუსულს აკრძალავ და ქართულად ვერ გააკეთებენ იმავეს, თუ აგენტურა უჭირს რუსეთს საქართველოში?!“- აცხადებს ლელა კურდღელაშვილი.

ამასთან, ვერ აკონკრეტებს, რა როლი მიუძღვის კისილიოვს 2008 წლის ომის შემდეგ, რადგან მაინცდამაინც რუსული არხებით არ ინტერესდება. თუმცა, ზოგადად, ახსენდება, რომ თავის დროზე კისილიოვი სერიოზულ ჟურნალისტად აღიქმებოდა. ერთიცაა, ლელა კურდღელაშვილის აზრით, ძნელია, რუსეთში იყო ჟურნალისტი და ოფიციოზისგან განცალკევებულად აღიქმებოდე.

ჟურნალისტი თამარ ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ ნორმალურია მაუწყებლობის კომისიის გადაწყვეტილება, რომელმაც უნდა გაარკვიოს „სპუტკინის“ საკითხი, რადგან „სპუტნიკს“ არ აქვს სიხშირე და სხვისი სიხშირის მეშვეობით აპირებს მაუწყებლობას. ჯერჯერობით ოთხსაათიანი მაუწყებლობა აქვს, რაც მომავალში 24-საათიანი გახდება.

„შესაძლოა, რადიოსადგური პროპაგანდისტული მანქანა იყოს, მაგრამ, თუ მაინცდამაინც რუსული პროპაგანდა უნდათ, დღეს ისეთი ტექნილოგიური შესაძლებლობებია, რომ მოსკოვში გახსნიან ქართულენოვან რადიოს და იქიდან გამოუშვებენ მაუწყებლობას საქართველოზე. არ არის კარგი, როცა ოკუპანტი ქვეყნის იდეების პროპაგანდას ვიღაც ცდილობს, მაგრამ მაინც მგონია, რომ არც წინა და არც დღევანდელ ხელისუფლებას ადეკვატური წარმოდგენა არ აქვს საკუთარ მოსახლეობაზე. მეეჭვება, ერთი, ორი ან თუნდაც ათი რადიოს თუ ტელევიზიის პროპაგანდით საქართველოში შეიქმნას რუსეთისთვის სასარგებლო განწყობა, რადგან საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა თვლის, რომ რუსეთი ოკუპანტია და ჩვენი მომავალი ევროპაშია. არ მგონია, ერთი რადიოს მაუწყებლობამ და პროპაგანდამ ჩვენი განწყობები ასე მარტივად შეცვალოს. თუმცა, რა თქმა უნდა, გასარკვევია, როგორ გადავიდა სიხშირით სარგებლობის უფლება ერთიდან მეორე კომპანიაზე“,- აღნიშნა თამარ ჩიქოვანმა For.ge-სთან საუბარში.

რაც შეეხება კისილიოვის ფიგურას, ჟურნალისტი აცხადებს, რომ საშუალება აქვს, საკაბელო ტელევიზიების თუ მაუწყებლების დახმარებით ნებისმიერ გადაცემას უყუროს, მაგრამ რუსული არხებიდან ამჯობინებს „დოჟდს“ და არა - „ორტ“-ს და „რტრ“-ს.

„ეს ჩემი არჩევანია და მაზოხისტური სურვილები არ შემიმჩნევია საკუთარ თავში“.

For.ge-სთან საუბარში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ, საერთოდ, საქართველოში ნებისმიერი კერძო მედიასაშუალება კერძო ინტერესებს ემსახურება. ეს არსებულ ტელევიზიებსა და მედიასაშუალებებშიც აშკარაა. ბუნებრივია, არც „სპუტნიკი“ იქნება გამონაკლისი და კარგად ვიცით რა მისი დამფუძნებლების შესახებ, ვერ გამოვრიცხავთ პროპაგანდის ელემენტებს. თუმცა, სხვა თემაა, რამდენად პასუხობს „სპუტნიკი“ ჩვენი საზოგადოების ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ამიტომ უნდა აიკრძალოს თუ არა იგი, ამაზე კომისია იმსჯელებს და უსაფრთხოებით დაკავებული ექსპერტები გასცემენ პასუხს.

„ისე, ბაზარი ყველასთვის ღია უნდა იყოს და ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რას ვუყუროთ და რას არა, მაგრამ არის უსაფრთხოების თემებიც. ვიცით, რომ „სპუტნიკი“ რუსული კაპიტალითაა გაკეთებული, ამ დროს ჩვენ ვიმყოფებით კონფრონტაციის რეჟიმში რუსეთთან. ამიტომ უსაფრთხოების კუთხით რამდენად მიზანშეწონილია ეს მაუწყებლობა, ვერ გეტყვით. რა მოხვდება მის ბადეში და იქნება თუ არა ეს პროპაგანდა, ეს უნდა გაირკვეს. საზოგადოებას ზუსტად უნდა აუხსნან, ვინ რა ინტერესის გამტარებელია და ხომ არ იქნება იქ რაღაც ისეთი, რაც ქვეყანას შეუქმნის არასტაბილურ ვითარებას“,- აცხადებს ირაკლი ლექვინაძე. ამასთან, მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების სამსახურების მიერ ამ რადიოსადგურის გაკონტროლება შეიძლება მედიის წინააღმდეგ ნაბიჯად იქნას აღქმული. ამიტომ მის ეთერში გასვლამდე უნდა ვიცოდეთ, ვინ არიან მისი დამფუძნებლები და რა ინტერესები ამოძრავებთ. მით უფრო, რომ კისილიოვი ქართველებთან აგრესიული მიმართებით გამოირჩევა და მას, ალბათ, არ ექნება კეთილშობილური მიზნები. თუმცა წინასწარ ამის თქმაც ძნელია.

ცნობისთვის, „სპუტნიკი“ თბილისის სამაუწყებლო ზონაში FM 101,4 სიხშირეზე გადაიცემა. სიხშირის მფლობელი შპს „რ-რადიოა“, რომელიც ადრე რადიო „მონტე კარლოს“ სახელით მაუწყებლობდა. თავად შპს „რ-რადიოს“ დირექტორი ქეთევან კერესელიძეა. აღსანიშნავია, რომ კერესელიძე 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ შემწირველებში ფიგურირებდა. ის პარტიას 30 ათასი ლარით შეეწია.