ედუარდ კოკოითს არ მოსწონს, ოსები „საქართველოში რომ დარბიან, მერე უკან ბრუნდებიან და საქართველოს აქებენ“.
იგი აცხადებს: „ჩვენ რატომღაც ყველაფერს მალე ვივიწყებთ, არ მომწონს ჩვენი დების და ძმების ქმედებები, რომლებიც რაღაც სახალხო დიპლომატიის ტიპის შეხვედრებს მართავენ. დარბიან საქართველოში. საქართველომ ოსი ხალხის გენოციდი განახორციელა და არც უღიარებია, არც პასუხისმგებლობა აუღია. ესენი კი ქართულ კურორტებზე გარბიან. ყირიმი გახსნილია, სოჭიც, წადით, იქ დაისვენეთ. ასიათასობით დოლარს ხარჯავენ ქართულ კაზინოებში დღე-ღამეში, თუ ნამდვილი ოსი პატრიოტია, ბავშვებს დაეხმაროს. ჩადიან სამკურნალოდ და საქართველოს აქებენ. ადამიანებს ეროვნული სიამაყე უნდა ჰქონდეთ, თუმცა ძალიან სამწუხაროა, ბევრს ეს სიმაყე არ აქვს. მათთვის დოლარი და კარგი ქართული სიმღერა, ეროვნულ სიმაყესა და თავისი ხალხის მომავალზე მეტია“.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე-ფაქტო პრეზიდენტი არ მალავს, მასზე რომ იყოს დამოკიდებული, თრუსოს, გუდისა და ყაზბეგის ხეობები დიდი ხანია, ერთიანი ოსეთის შემადგენლობაში იქნებოდა. კოკოითის აზრით, ეს ომის გამოცხადებას არ ნიშნავს, უბრალოდ, იგი დიპლომატიური მეთოდების გამოყენებას აპირებს, რომ ეს ტერიტორიები „ისტორიულ მესაკუთრეებს“ მშვიდობიანად დაუბრუნდეთ, რადგან იქ ბევრი ოსური სოფელი ქართული ქვედანაყოფებების პოლიგონებად იქცა.
რატომ გააქტიურდა ბოლო დროს კოკოითის განცხადებები, რამდენად რეალურია ინფორმაცია თრუსოს ხეობაში რუსების შემოსვლის შესახებ და რა პრეტენზია აქვთ ოსებს როკის გვირაბის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ რუსულ მხარესთან? ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტი ვახტანგ მაისაია ესაუბრა.
კრემლის ახალ გადაწყვეტილებას, როკის გვირაბის გავლით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან სატრანსპორტო მიმოსვლის გახსნის შესახებ, ოკუპირებული ცხინვალი აპროტესტებს. დე-ფაქტო ხელისუფლებასა და საექსპერტო წრეებში თვლიან, რომ ოკუპირებული რეგიონის სატრანზიტო დერეფნად ქცევა, საბაჟო ტერმინალზე მხოლოდ რუსული (და არა ერთობლივი კონტროლი) ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობას ლახავს და მას რთულ ვითარებაში ჩააყენებს.
- თვითონ როკის გვირაბის მშენებლობა თუ რეკონსტრუქცია მთლიანად რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსდა. ამიტომ რუსეთი ამ პერსპექტივას ხელიდან არ გაუშვებს, რომ როკის გვირაბი მის კონტროლქვეშ არ მოექცეს. ამასთან, ეს დაკავშირებულია სომხეთის შესვლასთან ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში. როგორც ჩანს, ცხინვალის მიმართულება ამ მხრივ ყველაზე მოკლეა, საიდანაც მოხდება ტვირთის გადაადგილება. სომხეთი და რუსეთი, სავარაუდოდ, აპირებენ, გაააქტიურონ საქმიანი მიმოსვლა და წესით, იანვრიდან სომხეთსა და რუსეთს შორის უნდა მოიხსნას ყოველგვარი საბაჟო და ეკონომიკური ტიპის ბარიერები. ამიტომ როკის გვირაბს ამ მხრივ თავისი დატვირთვა აქვს.
მარტო როკის გვირაბზე არ არის საუბარი, რუსეთი ხსნის კიდევ მეორე შემოვლით გზას, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები საამისოდ, რომ დაიკავოს ტრანსკავკასიური საავტომობილო მაგისტრალი, რაც დამატებითი გზის გაჭრის საშუალებაა. რუსეთის მესამე მიმართულებაა, ასევე, ახალქალაქის და ცხინვალის მაგისტრალი. როგორც ჩანს, რუსეთი ამასაც ინტენსიურად გამოიყენებს.
ბოლო დროს გააქტიურდა თრუსოს ხეობის საკითხი. როგორც ამბობენ, ეს მონაკვეთი რუსეთს სომხეთთან მიმართებით სჭირდება. ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები თვლიან, რომ თრუსოს ხეობის საკითხი უნდა წამოჭრას ე.წ. ჩრდილოეთ ოსეთმა, გუდის ხეობის თემა კი სამხრეთ ოსეთმა უნდა წამოსწიოს.
- თრუსოს ხეობას წმინდა სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულება გააჩნია. ამ ხეობის მისაკუთრების შესახებ კოკოითის განცხადებების გააქტიურება, როგორც ჩანს, იმ ფაქტს უკავშირდება, რომ კოკოითი აპირებს ცხინვალში დაბრუნებას. მალე ე.წ. პრეზიდენტ თიბილოვს შეცვლიან და შეიძლება, სწორედ კოკოითმა დაიკავოს მისი პოზიცია. კოკოითი ორჯერ იყო პრეზიდენტად, მესამედ თიბილოვია, შუაში გარკვეული წყვეტაა. შესაბამისად, კოკოითის მერე თიბილოვს შეუძლია ლეგიტიმაცია.
ალბათ, ამ კონტექსტშია არა მარტო თრუსოს, არამედ კობის ტაფობის დე-ფაქტო ცხინვალის რეჟიმისთვის მიკუთვნების იდეაც.
- რა თქმა უნდა, როგორც ჩანს, თიბილოვი არ აღმოჩნდა ისე მედგარი, აქტიური და მებრძოლი. ის ჩაერთო კორუფციაში, ამიტომ მოსკოვი უკმაყოფილოა და მას ჩაანაცვლებენ კოკოითით, რომელიც, ასევე, კომპრომეტირებულია, მასზე სისხლის სამართლის საქმე საგამოძიებო კომიტეტს დღის წესრიგიდან არ მოუხსნია. საუბარია ერთი მილიარდი რუბლის გაფლანგვაზე. აქედან გამომდინარე, რუსეთს ყურებით ჰყავს დაჭერილი კოკოითი და რასაც უნდა, იმას გააკეთებინებს. მეორეც, კოკოითის კონტროლირებადი საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტს აკონტროლებს ბიბილოვის სახით. კოკოითი უფრო მეტი აგრესიულობით გამოირჩევა, ვიდრე სხვა ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც მოქმედებს დღეს ცხინვალში. ასე რომ, ეს ყველაფერი ერთ კონტექსტშია.
მეორე მომენტია, როგორც ჩანს, დეკემბერში ან იანვარში ცხინვალის პარლამენტი აპირებს დღის წესრიგში გაიტანოს ანალოგიური ხელშეკრულების გაფორმება რუსეთის ფედერაციასთან. რამდენიმე თვის წინ ცხინვალში ჩასული იყო რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებში - სურკოვი, რომელმაც მოლაპარაკება აწარმოა ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრის წამომადგენლებთან. როგორც ჩანს, ეს იქნება ხელშეკრულების იგივე ვარიანტი, რის გაფორმებასაც რუსები აფხაზებთან აპირებენ ა.წ. დეკემბერში. ცხინვალთანაც მოვლენები ისევე ვითარდება, თუმცა ორი საკითხი იხილება, პირველი, აღნიშნული ხელშეკრულება და მეორე, ერთიანი სუბიექტის შექმნა- ცხინვალისა და ვლადიკავკაზის, ანუ ჩრდილოეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გაერთიანება ერთი საერთო ფედერალური სუბიექტის ეგიდით. რომელ ვარიანტსაც შეარჩევენ, ცხინვალი და მოსკოვი უახლოეს პერიოდში ამის შესახებ შეთანხმდებიან. არაა გამორიცხული, ერთიანი ფედერალური სუბიექტის შექმნის შემთხვევაში, დედაქალაქი გადმოიტანონ ცხინვალში. შეიძლება, ამასაც უკავშირდებოდეს ინტენსიური სარემონტო და აღდგენითი სამუშაოები, როკის გვირაბის პოტენციალის გაფართოება და შემოვლითი გზების აღდგენითი სამუშაოები, რათა უფრო ინტენსიური ურთიერთობა დამყარდეს ჩრდილოეთს და სამხრეთს შორის.
თუ ცხინვალი გახდა ერთიანი, გაერთიანებული, პირობითად რომ ვთქვათ, ფედერალური სუბიექტის დედაქალაქი, მაშინ გასაგები იქნება, თუ რატომ ახორციელებს კრემლი მცოცავი ოკუპაციის რეჟიმს, რომელიც შეიძლება უახლოეს ხანში ისევ გაგრძელდეს.
რუსი ჟურნალისტი ჩერნოვი ამბობს, რომ მოსკოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვისაც ამზადებს დოკუმენტს და „აფხაზურისგან“ განსხვავებით, „ოსური ვარიანტი“ რუსეთთან გაცილებით უფრო მჭიდრო ინტეგრაციას ითვალისწინებს. რაც შეეხება თრუსოს ხეობისა და კობის ტაფობის ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის მიკუთვნების საკითხს, ჩერნოვი მიიჩნევს, რომ ამ რაიონის კონტროლი საქართველოს სამხედრო გზის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მონაკვეთის გაკონტროლების საშუალებას იძლევა, რომელიც რუსეთიდან სომხეთში ყველაზე მოკლე გზას წარმოადგენს. მისი აზრით, აღნიშნული „დასავლური“ მარშრუტი სომხეთში გორის რაიონის, ე.წ. თრიალეთის ოსეთის და სომხებით დასახლებული სამცხე-ჯავახეთის გავლით გაივლის.
- რა თქმა უნდა, ეს ყველაზე მოკლე გზაა.
საინტერესოა, რომ ჩერნოვი საქართველოს ხელისუფლების ძალისმიერი გადაყენების ტრადიციის გათვალისწინებით, საქართველოში უკრაინული სცენარის განვითარებაზეც საუბრობს.
- არ ვიცი, ჩერნოვი რა ინფორმაციას ეყრდნობა, მაგრამ რუსები ცდილობენ წარმოაჩინონ სასურველი სცენარი რეალურ სცენარად. შესაძლოა, ასეთი სცენარის სავარაუდო ვარიანტი კრემლში მუშავდება კიდეც, მაგრამ ჯერჯერობით ეს გადაჭარბებულად მეჩვენება, სანამ კრემლი არ მოაგვარებს კონცეპტუალურ და იურიდიულ დეტალებს თითოეულ სეპარატისტულ რეგიონთან, განსაკუთრებით, ცხინვალთან. მე მგონი, კრემლი ჯერჯერობით დადებს ფსონს ცხინვალის რეგიონზე, ვიდრე აფხაზეთზე.
რატომ? რუსები ხვდებიან, რომ აფხაზეთში ისე იოლად არ არის საქმე და რუსების ე.წ. ხელშეკრულებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა?
- ამ შემთხვევაში, აფხაზეთს ნაკლები გეოპოლიტიკური მნიშვნელობის წონა მიენიჭება, რადგან აფხაზეთთან უკვე გაარკვიეს ძირითადი მიმართულებები. ამიტომ ცენტრი გადმოიწევს ცხინვალის მიმართულებით, რადგან მოსკოვისთვის ცხინვალის რეგიონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დეკემბერ-მარტის პერიოდი შეიძლება ინტენსიური იყოს ამ მიმართულებით. ჯერ ერთი, სომხეთი შედის უკვე საბაჟო კავშირში, ასევე, რუსეთი იწყებს ინტენსიურ ურთიერთობას აზერბაიჯანთან. ამაზე მეტყველებს, რომ ბაქოში ამას წინათ იმყოფებოდა „როსნეფტის“ პრეზიდენტი იგორ სეჩინი, რომელიც უშუალოდ ელაპარაკა ილხამ ალიევს. სეჩინი სუპერგავლენიანი ადამიანი გახდა კრემლის ვერტიკალში და იქ რა მოლაპარაკება მიმდინარეობდა, არავინ იცის. სეჩინის გამოჩენა ნიშნავს, რომ რუსები შეეცდებიან, ენერგომაგისტრალების, ენერგოპროექტების გავლენა მოიპოვონ და ამით კასპიურ ნავთობსადენს დაეუფლონ. მცოცავი ოკუპაციის პირობებში რუსებმა მოახერხეს ბაქო-თბილისი-სუფსას მონაკვეთის ერთკილომეტრიანი ზოლის ხელში ჩაგდება, რომელიც მათ კონტროლქვეშ იმყოფება.
თრუსოს ხეობის შესახებ ურთიერგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. ერთნი ამბობენ, რომ ჯერ კიდევ 2009 წელს რუსები შევიდნენ ამ ხეობაში, სტრატეგიული სიმაღლეები აითვისეს და დღემდე იქ არიან, მათი სმერჩის და ურაგანის დანადგარები კი საფრთხეა საქართველოსთვის. ამ ინფორმაციას ჩვენი ხელისუფლება უარყოფს.
- თრუსოს ხეობაში სმერჩის და ურანგანის შემოტანას ოპერატიული კუთხით აზრი არ აქვს, რადგან სმერჩის და ურაგანის სისტემები განთავსებულია ცხინვალის მეოთხე ბაზაზე. ამიტომ არაა სავალდებულო, თრუსის ხეობაში შემოეყვანათ, ამას სჭირდება საკმაოდ დიდი ოპერატიული სივრცე, ესენი განთავსებულია ცხინვალში და ცხინვალიდან თავისუფლად შეიძლება თუნდაც ახალგორში გადმოსროლის შემთხვევაში, მოწვდნენ საქართველოს ცენტრალურ ობიექტებს. არ მინდა ჰიჩკოკის სცენარი დავხატო, მაგრამ მცოცავი ოკუპაციის პირობებში, რომელსაც ვერაფერი მოვუხერხეთ, ასეთი გეგმები საკმაოდ რეალურია.
მით უმეტეს, ვერც მთის კანონმა მიუსწრო ამას, რომელსაც საზღვრისპირა რეგიონები მცოცავი ოკუპაციისგან უნდა დაეცვა და ადგილობრივი მოსახლეობის მთაში დაბრუნება წაეხალისებინა.
- მაგათთვის მთის კანონი ნაკლებ მნიშვნელოვანია, ეს უფრო სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობის სივრცეა, ამას ემატება დაღესტან-კახეთის გზის მონაკვეთის აღდგენა და პლუს კიდევ, აფხაზეთში კოდორის ხეობიდან ხდება ყაბარდო-ბალყარეთის მიმართულებით გზის მშენებლობა. ანუ, რუსები კავკასიური ქედის გასწვრივ ინტენსიურად მუშაობენ. ეს გეოსტრატეგიული, გეოპლიტიკური და ეკონომიკური ფონის ერთგვარ გაერთიანებას წარმოადგენს.
ისტორიულად, დარიალის ხეობა და თრუსო ყოველთვის ადგილობრივი მთიელების დასაცავი იყო. ისინი მეფის და ქვეყნის ერთგულები იყვნენ. ოსების ჩასახლება კი მონღოლების დროს მოხდა. საბჭოთა მეცნიერებაში დამკვიდრებული იყო თვალსაზრისი, რომ ირანულენოვანი ოსები ჩრდილოკავკასიური ველებიდან გამოაძევეს თავდაპირველად ხაზარებმა, ხოლო შემდგომ თურქულმა ტალღებმა. რამდენად აქვთ მორალური უფლება, პრეტეზია განაცხადონ ამ მიწაზე, სადაც სულ ქართული საფლავები და ბაზილიკური ტიპის ძეგლებია?
- ოსები როდესაც გადმოსახლდნენ, ისინი შედიოდნენ გაერთიანებული საქართველოს შემადგენლობაში იმავე გიორგი ბრწყინვალის დროს. უფრო ადრეც, თამარ მეფის დროს ოსების გადმოსახლება მოხდა თუნდაც იმის გამო, რომ ისინი ასრულებდნენ კონკრეტულ მისიას, ყივჩაღებთან ერთად. ისინი იყვნენ საქართველოს გაერთიანებული სამეფოს, იმპერიის კარიბჭების მცველები.
ამ შემთხვევაში, დავით სოსლანის ფაქტორი იყო.
- ბუნებრივია, ისინი ინტეგრირებულნი იყვნენ ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში. ის, რომ ბოლშევიკებმა ტროცკის იდეით გამოიყენეს ოსები და კარგად ჩანერგეს ჩვენს შორის მტრობა, ეს ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ ოსებს, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, გააჩნიათ უფლება, ჩვენს ნებისმიერ ტერიტორიაზე დასახლდნენ. დე-იურედ, საერთაშორისო სამართლის მიხედვით ასეა, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური ლიდერები გამოხატავენ მოსკოვის და არა საკუთარ პოზიციებს.
ერთი წლის წინ საუბარი იყო მთის კანონის ამოქმედებაზე. ეს კანონი რომ განხორციელებულიყო, ალბათ, ასეთი შედეგი არ იქნებოდა.
- რა თქმა უნდა, ჩვენ დრო დავკარგეთ, გავუშვით უნიკალური საშუალება დროის კუთხით. არ ვიყავით მობილიზირებულნი, ესეც ქართული პოლიტიკური უნიათობაა, ახლა უკვე დრო წავიდა და მოწინააღმდეგის მხარეს გადავიდა. ჩვენ დღეს პოლიტიკური სირაქლემის პოზიციაში ვიმყოფებით.
ახლახანს საქართველოში არ ვიყავი, მნიშვნელოვან ღონისძიებაზე გახლდით უცხოეთში, რომლის დეტალებზეც ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ როგორც პოლიტოლოგს, მიკვირს, რომ დიდი აჟიოტაჟია ატეხილი კოალიციიდან ერთი სუბიექტის გასვლის გამო, რომელიც გადავიდა კონსტრუქციულ ოპოზიციაში. ამას პრობლემა რატომ უნდა მოჰყოლოდა?! ეს არის ჩვენი დაბალი პოლიტიკური კულტურა.
უცხოელ ანალიტიკოსებს უკვირდათ, რა იყო ამაში სკანდალური. პირიქით, მისასალმებელია, რომ შეიქმნა კიდევ ერთი დემოკრატიული პლატფორმა, უმრავლესობა არ დაიშალა, მან მიიღო კონსტრუქციული ოპოზიცია დესტრუქციულის ნაცვლად და საგარეო პოლიტიკური კურსი შენარჩუნდა უცვლელი კუთხით. ყველამ უნდა შეუწყოს ხელი, რომ ყველა სუბიექტმა ასეთი მიმართულებები განავითაროს. სიტუაციის ხელოვნური დაძაბვა ისედაც გართულებულ გეოსტრატეგიულ ფონზე სისულელეა. არ შეიძლება, აპოკალიფსური სცენარის გათამაშება. ლანძღვის ობიექტი გახდა საქართველო. ჩვენ გაცილებით დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. For.ge ჯანსაღი კუთხით უყურებს მოვლენებს, გია იაკობაშვილი საღად მოაზროვნე მასმედიის წარმომადგენელია, ისევე, როგორც თქვენი გუნდი, რომელიც აბსოლუტურად სწორად სვამს აქცენტებს. დეკემბერ-მარტში ჩვენ გაცილებით მძიმე და რთული გეოსტრატერგიული მდგომარეობა გველის, ვიდრე გვგონია.