ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ „საზოგადოება-2030“-ის ფარგლებში გადამზადებას გადიან ანალიტიკოსები და მალე ისინი ტელევიზიებსაც ესტუმრებიან. ყოფილი პრემიერის თქმით, ეს ანალიტიკოსები შესაბამისი ცოდნით იქნებიან აღჭურვილნი და უარგუმენტო კითხვებს პასუხებს არ გასცემენ.
როგორი იქნება ანალიტიკოსთა სამჭედლო, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 30 ახალგაზრდას ამზადებს იმისთვის, რომ გონივრული აზრები გაიგოს ჩვენმა საზოგადოებამ და, დიდი ალბათობით, უნდა ველოდოთ, რომ მალე 30 ღარიბაშვილს მივიღებთ.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ „საზოგადოება – 2030“-ში შესაძლოა, სოსო გალუმაშვილი და ირაკლი ლექვინაძე გაწევრიანდნენ. ბიძინა ივანიშვილმა „საზოგადოება - 2030“-ის ფარგლებში აღნიშნულ თუ სხვა ექსპერტებთან რამდენიმე საკონსულტაციო შეხვედრა უკვე გამართა.
პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ წარმომადგენელი სოსო გალუმაშვილი ადასტურებს, რომ ესწრებოდა რამდენიმე საკონსულტაციო შეხვედრას როგორც ქობულეთში, ისე თბილისში, თუმცა, მისი თქმით, ორგანიზაცია ჯერჯერობით დაფუძნებული არ არის და მისი წევრების დასახელებისგან თავს შეიკავებს.
„საზოგადოება -2030“-ში მონაწილეობაზე შეთავაზება უკვე მიიღო ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძემ. ის არ გამორიცხავს, ითანამშრომლოს ამ საზოგადოებასთან, რადგან ბიძინა ივანიშვილის ნააზრევი თანხვედრაშია იმ მოსაზრებებთან, რაც თავად გააჩნია.
თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილი აანონსებს, რომ ამ საზოგადოების ლოზუნგი ილიას სიტყვებია- „ყველამ ერთად და თითოეულმა ცალკე გავაცნობიეროთ, რომ ნაწილი ვართ ერისა“.
თავის დროზე, ნაციონალები ანალიტიკოს-ექსპერტების დატრენინგებას ოფიციალურად არ ახდენდნენ, მაგრამ მათი სტილი იყო, დაშანტაჟებით, ფულადი ინტერესით თუ დავერბოვკებით ე.წ. ურჩი ექსპერტების ნაწილის განეიტრალება. მოგვიანებით ასეთი „ექსპერტებით“ დააკომპლექტეს არასამთავრობოები, რომლებიც დღემდე ისევ ნაციონალებისთვის მაამებლურ იდეებს გვთავაზობენ.
თუმცა ნაციონალების დროსაც და მათ შემდეგაც იყვნენ დამოუკიდებელი ექსპერტები. როგორც ჩანს, ყოფილი პრემიერი -ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ ექსპერტთა არსებულ კოჰორტას ახალი სისხლი უნდა გადაესხას. თუმცა საინტერესოა, რამდენად გაამართლებენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ „საზოგადოება -2030“-ის ფარგლებში გადამზადებული ანალიტიკოსები და რამდენად აღიქვამს მათ საზოგადოება დამოუკიდებელ ან ნაციონალების საპირწონე ექსპეტებად?
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ანალიტიკოსების გადამზადება შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის გულწრფელი სურვილი იყოს, მაგრამ ჩვენს დაავადებულ, სტრესულ საზოგადოებაში ასეთი წამოწყება, სავარაუდოდ, ნულის ტოლფასი იქნება. თუ საქართველოს რთულ ვითარებას არ იცნობს და აქაურ სიტუაციაში „არ იხარშება“ ექსპერტი, ისე გაჭირდება მისი ობიექტიურობის დაჯერება. სანამ ამას ახალგაზრდა ექსპერტი გაიაზრებს, ამას დიდი გამოცდილება დასჭირდება. მით უფრო, ამერიკაში გაზრდილი ექსპერტი საქართველოში ვერ იმუშავებს, რადგან იქ სულ სხვა საზოგადოებაა.
„ჩვენ იმ ასაკში ვართ, უნდა ვნატრობდეთ, „ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ გამოდით, თქვენი ჭირიმე“, მაგრამ ამას სწორი მიმართულება თუ არ ექნა, გამოვა მესამე დასი. პრობლემა არა ამ ანალიტიკოსების ან ექსპერტების მომზადებაშია, არამედ საკითხის დასმაში. ამის მცდელობა ივანიშვილს უფრო ადრეც ჰქონდა, იმავე ჟურნალისტებთან მიმართებით, როცა „მოქალაქემ“ გამოაცხადა კონკურსი თუ კურსები, მაგრამ სურვილი არ გამოთქვეს არათუ მოქმედმა ჟურნალისტებმა, არამედ ჟურნალისტური ფაკულტეტის სტუდენტებმაც კი. რატომღაც ივანიშვილი თვლის, რომ თუკი ექსპერტები, მისი თვალათახედვით, სწორ ანალიზს გააკეთებენ, ქვეყანაში სიტუაცია უცბად შეიცვლება. სინამდვილეში, არ შეიცვლება სიტუაცია. ვიცნობ ექსპერტებს, რომლებიც არსაიდან არ ფინანსდებიან და არც ხელისუფლების მეხოტბენი ყოფილან არასდროს. რამდენად სწორ ანალიზს აკეთებენ, ეს სხვა თემაა, მაგრამ ისინი ხომ ისევ საზოგადოებამ უნდა შეაფასოს და არა- ივანიშვილმა? თავისთავად ის, რომ ივანიშვილი ასოცირდება ამ ხელისუფლებასთან, მისი ექსპერტებიც, როგორი უმწიკვლონიც უნდა იყვნენ, ასოცირებულნი იქნებიან ხელისუფლებასთან, საზოგადოებში მათდამი ეგრევე გაჩნდება კითხვის ნიშნები. თავის დროზე, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა, ექსპერტებთან შეხვედრისას ივანიშვილს რაიმე სერიოზული ჟურნალის გამოშვება შევთავაზე აზრის კონსოლიდაციისთვის. აქ იქნებოდა არა ინტერვიუები, არამედ აზრები პუბლიცისტურ დონეზე და ეს მოახდენდა ექსპერტთა გადარჩევას. ახლანდელი მცდელობა კარგია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც წყლის ნაყვა მგონია“,-აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე და ფიქრობს, რომ აღნიშნული ექსპერტები თავის მოღვაწეობას დაიწყებენ მინუსიდან. მათ ხომ საზოგადოებას უნდა დაუმტკიცონ, რომ ივანიშვილის ქუდქვეშ არ არიან შეფარებულნი.
For.ge-სთან საუბარში ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი განმარტავს, რომ თავად ივანიშვილის იდეა ჯანსაღი და მისასალმებელია, მაგრამ რეალიზაციის პროცესი როგორი კონსტრუქციის იქნება, ეს უცნობია.
„ეს გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ 30 კაცი, რომელიც ღარიბაშვილებად მოვიხსენიე, იქნებიან ისეთნი, როგორიც არის ბატონი ივანიშვილის ფავორიტი პერსონა, ანუ ისეთები, რომელთაც ორჯერ თქმა არაფრის არ სჭირდებათ და პირველსავე თქმაზე იქცევიან ისე, როგორც ამას კარნახობს ივანიშვილი. თითქოს ახალგაზრდა ხალხი უნდა იყოსო, დაასახელეს ირაკლი ლექვინიძე, რომელიც სერიოზული პროფესიონალი, საიტერესო პიროვნებაა. მისთვის ეს იქნება საინტერესო საქმიანობა და უთუოდ გამოადგება ლექვინაძე ქართულ საზოგადოებას. რაც შეეხება სოსო გალუმაშვილს, მას ისეთი პროფესია აქვს, რომ იგი უნდა ემსახუროს დამქირავებელს და არა -საზოგადოებას. „პაბლიკ რილეიშენს“, რისი სპეციალისტიც ის გახლავთ, უნდა ემსახურებოდეს დამქირავებლის პოპულარიზაციას საზოგადოებაში და უნდა მოუმკას დიდი მხარდაჭერა. გალუმაშვილი იქნება შედეგიანი პროფესიონალი, მაგრამ, თუ ამ მიმართებითაც (ვგულისხმობ „პაბლიკ რილეიშენს“), საკუთარი სტანდარტები აქვს ბატონ ივანიშვილს, შესაძლოა, მისთვის სასურველი შედეგი არ დადგეს და ესეც დაბრალდეს გალუმაშვილს“,- აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
ამასთან, მიიჩნევს, ჩვენი ხელისუფლების უმაღლეს პირებს დღემდე არ ჰყავთ პიარმენეჯერები, არც ყოფილი და არც დღევანდელი პრემიერი არ ენდობოდა პრესმდივანს და ასეთი არ ჰყავდათ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ისინი ფიქრობენ, თუ თავად ილაპარაკებენ ყველაფერზე, ეს უფრო მისაღები იქნება საზოგადოებისთვის. სინამდვილეში, ამის გამო ხშირად ხდებიან კრიტიკის ობიექტნი.
მედიაექსპერტი ლელა კურდღელაშვილი ფიქრობს, რომ თავად საზოგადოება და, უპირველესად, მედია უნდა ჩამოყალიბდეს, ვის ვეძახით ანალიტიკოსს და ვის - ექსპერტს. For.ge-სთან საუბარში მედიაექსპერტი განმარტავს, რომ ხშირად ჟურნალისტები აზრის საკითხავად მიდიან ექსპერტთან, რომელიც საკუთარ თავს ანალიტიკოსს უწოდებს, მაგრამ საერთოდ გაგებაში არ არის და არ უსწავლია პოლიტიკური მეცნიერებები, ამიტომ მისი კომენტარი უკვე სასაცილო ხდება. სინამდვილეში, ანალიტიკოსი და ექსპერტი არის ადამიანი, რომელსაც გარკვეული კვალიფიკაცია და ცოდნა აქვს, რაც პირდაპირ უკავშირდება აკადემიურ განათლებას, რაც სამეცნიერო ხარისხის გარეშე არ არსებობს.
რაც შეეხება ინიციატივას, რომ ანალიტიკოსთა სამჭედლო იქმნება, ლელა კურდღელაშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი „სამჭედლო“ ვერანაირად ვერ შეიქმნება, რადგან კაცობრიობამ უკვე შექმნა და მას უნივერსიტეტი ჰქვია.
„ასეთი იყო პარტიული სკოლები საბჭოთა კავშირში და იქ პარტმუშაკებს ზრდიდნენ. მე არ ვიცი, როგორი ანალიტიკოსების სამჭედლო უნდა შექმნან. თუმცა მედიასთან მართლაც მაქვს პრეტენზია, რადგან ძალიან ცუდად იცნობს ჩვენი მედია საკუთარ აკადემიურ სივრცეს და ანალიზისთვის იქ კი არ მიდის, სადაც უნდა მივიდეს, არამედ რამდენიმე გაპიარებულ პოპულარულ სახესთან და ყველაფერს მათ ეკითხებიან. რეალურად, ბრუნავს რამდენიმე სახელი. არადა, უნივერსიტეტებში არის უზარმაზარი რესურსი, რომლის არსებობის შესახებ წარმოდგენა არ აქვს არც ჩვენს მედიას, არც ჩვენს სამთავრობო სტრუქტურებს“,-განმარტავს ლელა კურდღელაშვილი.