ბანქოს ისტორიიდან

ბანქოს ისტორიიდან

ბანქო პირველად შუა საუკუნეების იტალიაში იხსენიება. იტალია იყო კიდეც მისი სამშობლო. ევროპაში ბანქო რაინდმა ჯვაროსნებმა გაავრცელეს. სავარაუდოდ, „სარატონების ქვეყნიდან“ დაბრუნებულებმა. სწორედ იქ, შეტაკებიდან შეტაკებამდე, შესვენებების დროს ისწავლეს კარტის თამაში. ბანქო პალესტინაში მეთერთმეტე საუკუნიდან იყო ცნობილი. მას იქ „ნაიბი“ ეწოდებოდა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ პალესტინური ბანქო ძალიან განსხვავდებოდა იმისგან, რომლითაც ახლა ჩვენ ვთამაშობთ.

მიჩნეულია, რომ თანამედროვე კარტის იერსახე შექმნა ვინმე ჟაკომო გრინგონერმა – საფრანგეთის მეფის, შარლ მეექვსე „შეშლილის“ მასხარამ. 1392 წელს მეფეს ფსიქიკასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები ჰქონდა. თავისი ბატონი რომ გაერთო, მასხარამ კარტით ათასგვარი მარტივი თამაში მოიგონა. მან დახატა ოთხი მეფე და გამოაცხადა – თითოეულს თავისი პროტოტიპი ჰყავსო. გულის მეფე თავად შარლ მეექვსე იყო;  ყვავის მეფე – ბიბლიური მეფე დავითი; აგურის – იულიუს ცეზარი, ხოლო ჯვრის – ალექსანდრე მაკედონელი. საკუთარი თავი მასხარამ ჯოკერად მოიხსენია. დღემდე „ჯოკერი“ ბანქოზე მასხარას კოსტიუმით არის გამოსახული.

ერთი შეხედვით – თითქოს არაფერი, მაგრამ თამაშში ბანქოს ეს ფიგურაა ყველაზე, თვით მეფეებზეც კი ძლიერი. სინამდვილეშიც ხომ ასე იყო – მხოლოდ მასხარას შეეძლო, მეფისთვის სიმართლე ეთქვა. ვალეტებიც არ გაჩენილან შემთხვევით – ჯვრის ვალეტი ფრანგი რაინდი ეტიენ დე ვინოლი, იგივე ლა გირი იყო, ყვავისა – ოჟე დატჩანინი (ფრანგული ეპოსის გმირი), აგურის – მითიური როლანდი; გულის – მეფე არტური...

ქალის პერსონაჟი კარტებზე მხოლოდ მეთექვსმეტე საუკუნეში გამოჩნდა. მათაც თითოეულს თავისი პროტოტიპი ჰყავს: ჯვრის ქალი ბიბლიური, ლეგენდარული ივდითის პროტოტიპია: აგურის დამა – იაკობის ძუნწი ცოლი, რახელი; ყვავის „დამას“ პროტოტიპად იქცა სიბრძნისა და ომის ქალღმერთი ათენა პალადა... გულის დამას სერიოზული დატვირთვა ჰქონდა. მისი პროტოტიპი ვერაგი, მაცდური – არგინა გახდა... კარის მხატვრები, ჩვეულებრივ კარტებზე, გულის დამად მეფის იმჟამინდელ ფავორიტებს ხატავდნენ ხოლმე. პირდაპირ თუ არა, ამსგავსებდნენ მაინც. საყვარლის შეცვლას კარტების ახალი წყების დახატვა ახლდა თან.