შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა სისხლის სამართლებრივი გამოძიების ინსტრუქტორთა კურსი გახსნეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა სისხლის სამართლებრივი გამოძიების ინსტრუქტორთა კურსი გახსნეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა შსს-ის აკადემიაში სისხლის სამართლებრივი გამოძიების ინსტრუქტორთა კურსი საზეიმოდ გახსნეს.
სისხლის სამართლის გამოძიების ინსტრუქტორთა 6 კვირიანი კურსი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მიერ არის ინიცირებული და ორგანიზებული. კურსის საზეიმო გახსნის ცერემონიას შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი, აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ხელმძღვანელი ტრეისი ნიუველი, მრჩეველი პოლიციის საკითხებში მაიკლ უილსონი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
აღნიშნული კურსი, რომელიც საქართველოში პირველად ხორციელდება, განკუთვნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და მთავარი პროკურატურის გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის. ინსტრუქტორთა მომზადების კურსს შეერთებული შტატების გამოცდილი სამართალდამცავი და სამართლის მცოდნე სპეციალისტები გაუძღვებიან.
სწავლების დასრულების შემდეგ, მომზადებული ქართველი ინსტრუქტორები თავად შეძლებენ აღნიშნული კურსის ჩატარებას. პროგრამა შედგება 240 საათიანი საგამოძიებო და მეთოდოლოგიის სალექციო კურსისგან, რომელიც საუკეთესო პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებზეა აგებული.
კურსი მიზნად ისახავს ინსტრუქტორების მომზადებას სისხლის სამართლის გამოძიების საბაზისო სტანდარტული პროგრამით, რომელიც ადაპტირებულია საქართველოს კანონმდებლობასთან და ქართულ რეალობაზეა მორგებული.