ახალკაცი, ჩერჩილი, ბერია და...

ახალკაცი, ჩერჩილი, ბერია და...

მიმდინარე წელს, სოხუმელი ჟურნალისტი, ბატონი თენგიზ პაჭკორია საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ განსაკუთრებით გამოარჩია. ჩვენს უფროს კოლეგას „ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მოქალაქეობრივი პოზიციისთვის“ სპეციალური სიგელი გადაეცა.

რამდენი წელია რაც აფხაზეთზე კონტროლი დავკარგეთ. საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენი ტკივილი მსოფლიოში დღემდე დიდ გამოძახილს არ იწვევს. ბოლო 4 წლის განმავლობაში ბატონი თენგიზი უცხოეთში, სხვადასხვა მაღალი  რანგის საერთაშორისო  ტურნირებზე, კონკურსებზე, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ასევე  სოჭის ოლიმპიადაზეც წარწერებით  „Georgia, Sokhumi“ თავის ტანსაცმელზე და შესაბამისი წარწერის ბანერით  ხაზს უსვამს რომ სოხუმიდან ბრძანდება და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.

პოლიტიკოსი არ გახლავართ, წინააღმდეგ შემთხვევაში ღვაწლმოსილ ჟურნალისტს კიდევ ერთ ჯილდოს, „ერთიანი საქართველოსთვის" . გადავცემდი.

ჩვენს ქვეყანაში ამ სახის მედალი არ არსებობს, რომ არსებობდეს, თენგიზ პაჭკორიას  აუცილებლად დავაჯილდოვებდი, თუმცა კოლეგებისგან ვიცი, რომ მას საუბარიც კი არ სურს რაიმე მედალზე. უფრო მეტიც. 1990-2000 წლებში ორჯერ ამოაღებინა თავისი გვარი სახელმწიფი ორდენებზე წარსადგენ სიებიდან. ამ ადამიანმა ბოლო წლების განმავლობაში უფრო მეტი შეძლო საქართველოს ერთიანობის პოპულარიზაციის კუთხით უცხოეთში, ვიდრე ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა  უწყებებმა.

გამიგრძელდა სიტყვა და მოგახსენებთ რომ დღეს ჩვენი სტუმარი ბატონი თენგიზ პაჭკორიაა. ვისარგებლებ შემთხვევით და მკითხველს მოვახსენებ, რომ ერთ თვეში ბატონი თენგიზი 55 წლის გახდება. ამ ადამიანს თავისი 25  წლიანი ჟურნალისტური მოღვაწეობის პერიოდში  არაერთ ქართულ, ასევე უცხოურ მას-მედიის საშუალებებში უმუშავია. რასაკვირველია ამ ცხოვრებაში ბევრი უნახავს და განუცდია. ნება მომეცით დღეს მისი ერთ-ერთი საინტერესო მოგონება წარმოგიდგინოთ. ბატონი თენგიზი თანამშრომლობაზე დაგვთანხმდა და მომდევნო კვირაში მას სიტყვას კიდევ ერთხელ მივცემთ.

„1996 წლის 9 ნოემბერს, თბილისში, 1998 წლის მსოფლიო პირველობის ერთ-ერთი შესარჩევი ჯგუფის მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ინგლისის ნაკრებს უმასპინძლა. მიუხედავად ქართველი გულშემატკივრების ნაწილის მატჩისწინა ოპტიმიზმისა, ნისლიანი ალბიონის ქვეყნიდან ჩამოსულმა მობურთალებმა მასპინძელი გუნდის დამარცხება მაინც მოახერხეს - 2:0.

ეს შეხვედრა ჩემთვის იმითაც გახლავთ აღსანიშნავი, რომ მატჩამდე ერთი კვირით ადრე ჩემი ბრიტანელი კოლეგა მესტუმრა. ბატონი ბრიუს კლარკი თავის დროზე ისეთ პრესტიჟულ გამოცემებთან თანამშრომლობდა, როგორებიც „Times” და „Financial Times” არიან. თბილისში ჩამოსვლის დღეებში ბატონი კლარკი ჟურნალი „Financial Times”-ის თანამშრომელი გახლდათ.  ბოლო წლებში კი ბრიუსი არის ჟურნალ "The Economist" მიმომხილველი.

კლარკს შესანიშნავად ვიცნობდი. ეს პიროვნება რუსულ ენას კარგად ფლობდა და. 1991-92 წლებში საქართველოში რამდენჯერმე გვესტუმრა და მისი მასპინძლობის „საპატიო უფლება“ სოხუმში მე მერგო. ვისარგებლებ შემთხვევით და მოგახსენებთ რომ ბრიუსი საქართველოზე უზომოდ შეყვარებულია და იმ ავბედით წლებში, ბრიტანულ მას-მედიაში ჩვენი ქვეყნის შესახებ არაერთი საინტერესო მასალა გამოაქვეყნა.

და ეს პიროვნება, საქართველო-ინგლისის შეხვედრის წინ, 1996 წლის 2 ნოემბერს თბილისში ჩამოდის. ბრიუსი დამიკავშირდა და რედაქციის „დავალების“ შესრულებაში დახმარების გაწევა მთხოვა.

„დავალება“ საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ნება მომეცით გავიხსენო: 1. გიორგი ქინქლაძესთან და მისი ოჯახის წევრებთან ინტერვიუ. იმ დროს გიო უკვე „მანჩესტერ სიტიში“ ასპარეზობდა. რასაკვირველია დიდ ბრიტანეთში ამ მოთამაშის შესახებ ყველაფერი აინტერესებდათ, რადგან „ნისლიანი ალბიონის“ ქვეყანაში უსაზღვრო პოპულარობით სარგებლობდა. 2. საქართველოში, მომავალი საერთაშორისო საფეხბურთო შეხვედრის ირგვლივ არსებული აჟიოტაჟს გაშუქება. 3. საქართველოს იმდროინდელ პრეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრა. 4. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ბატონ ნოდარ ახალკაცთან (უფროსი) საუბარი.

როგორც მიხვდით, ბატონ კლარკს საკმაოდ რთული მისია გააჩნდა. რასაკვირველია დასახმარებლად მე მომმართა.  კლარკს ვუთხარი, რომ შევარდნაძესთან აუდიენციას უფრო მარტივად მოვუხერხებდი ვიდრე ბატონ ნოდარ ახალკაცთან. მან კი გაიცინა, მაგრამ აღმოჩნდა რომ რეალობასთან მე უფრო ახლოს ვიყავი.

ფაქტია რომ კლარკისა და შევარდნაძის „პირისპირ შეხვედრას“ ორგანიზაცია გავუკეთე, პრეზიდენტის პრეს-მდივანი ვახტანგ აბაშიძის მეშვეობით. კლარკმა და შევარდნაძემ კარგა ნახევარი საათი გულთბილ საუბარში გაატარეს. ამ შეხვედრიდან სტუმარი კმაყოფილი  გამოვიდა, რადგან შესანიშნავი ინტერვიუ გამოუვიდა.

შევარდნაძე კი ბატონო, მაგრამ ბრიტანელ კოლეგას ნოდარ ახალკაცთან საუბარიც სურდა. სამწუხაროდ ახალკაცის დათანხმება ინტერვიუზე არ გამოდიოდა. შევარდნაძეს ბრიტანელი ადვილად შევახვედრე, მაგრამ იმავე სტუმრისთვის „ფარსადანოვიჩთან“ აუდიენციის გაკეთება ძალიან გამიჭირდა.

რაიმე უნდა მეღონა. ორი დღის განმავლობაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ბრიტანელი  სტუმრის შეხვედრის ორგანიზაციას უშედეგოდ ვცდილობდი. ბატონი ნოდარი მომავალი საფეხბურთო მატჩის საორგანიზაციო საკითხების მოგვარებით დაკავებული გახლდათ და არანაირ „შეხვედრებზე“ არ თანხმდებოდა.

ბოლოსა და ბოლოს მოთმინების ფიალა ამევსო და ახალკაცს, გვიან საღამოს შინ დავურეკე.  ბატონ ნოდარს მდგომარეობა გავაცანი, შემდეგ კი ერთი ჟურნალისტური „ხერხი“ გამოვიყენე.

ახალკაცს პირდაპირ განვუცხადე, რომ ბრიუსს  მისმა რედაქციამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ინტერვიუ შეუკვეთა. ვინაიდან ბატონი კლარკი (ჩემი დახმარებითაც კი) ამ სამსახურეობრივ დავალებას ვერ ასრულებდა, მას ერთი „ცნობა“ ესაჭიროებოდა. ბატონ ნოდარს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ხელმოწერილი და ბეჭედის დახმარებით, ბრიტანელი ჟურნალისტისთვის უნდა მიეცა ცნობა, რომ მოუცლელობის გამო ინტერვიუს ვერ იძლეოდა.

ჩემი სიტყვების გაგონების შემდეგ ახალკაცი-უფროსი თავდაპირველად გაშრა. ხანმოკლე დუმილის შემდეგ კი „გაუჩერებელი“ სიცილი აუტყდა.

„თენგო, მაშაყირებ?  ჯერ ეს საბუთი შენ კლარკს ვერაფერში ვერ დაეხმარება. მეორე - მე ინტერვიუზე უარი არ მითქვამს, თუმცა ძალიან დაკავებული ვარ. მოდით ხვალ ფედერაციაში. ალბათ გამოვნახავ დროს და რამდენიმე წუთს დაგითმობთ. მოდით და ვნახოთ“. შვებით ამოვისუნთქე, მაგრამ მთავარი სიურპრიზი წინ მელოდა.

მეორე დილას მე და ბრიუსი ფეხბურთის ფედერაციაში გამოვცხადდით. ახალკაცი ბრიტანელს მიესალმა, შემდეგ კი მე მომმართა:.”თენგო, ვინ გასწავლა ასეთი ხერხით ინტერვიუზე დათანხმება? მე ვუპასუხე როგორც იყო: „ბატონო ნოდარ, ბაბუაჩემი დედის მხრიდან სარდიონ ქაჯაია, 1942 წელს, ლავრენტი ბერიას დაცვაში იყო ცოტა ხანი. წინა საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს კი მან თავის შვილიშვილ თენგოს ცხოვრებისეული რამდენიმე „საიდუმლოება შეასწავლა“. ბაბუა სარდიონის „მეთოდები“ თქვენთან გუშინდელ საუბარშიც გამოვიყენე. ამიტომ ნუ მიწყენთ“.

ახალკაცმა ხელი ჩამომართვა და მითხრა: „ეხ, თენგო, თენგო, კი მაგრამ ბაბუაშენი ჩერჩილის დაცვაში ხომ არ იყო“. ჩერჩილის გვარის გაგონებისას საუბარში კლარკიც ჩაერთო, რომელმაც თავდაპირველად ყურები ცქვიტა, მოგვიანებით კი სახე გაუნათდა. მე ოთახიდან გავედი. კლარკი და ახალკაცი სასაუბროდ დარჩნენ. საუბარი 40 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა. როდესაც ბრიუსი ოთახიდან გამოვიდა, მისი და ახალკაცის საუბრის თემებით დავინტერესდი.

„თენგო, ძალიან ერუდირებული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გყავთ. ბრიტანეთის ისტორია შესანიშნავად იცის, ვისაუბრეთ უინსტონ ჩერჩილზე, ისტორიაზე და... ბოლოს ფეხბურთზე“.

იმ „ისტორიული შეხვედრის“ შემდეგ, მე და ბატონი ნოდარი ერთმანეთს რამდენჯერმე შევხვდით.

საუბარს ყოველთვის შემდეგი წინადადებით ვიწყებდი: - ბატონო ნოდარ, ამბობენ, უინსტონ ჩერჩილი ბურთს ჩინებულად აგორებდა“. ფარსადანოვიჩი კი მპასუხობდა: „ლავრენტი ბერია არანაკლები მოთამაშე გახლდათ“.