„ოპოზიციაში ალასანიას გადასვლა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა უხაროდეს“

„ოპოზიციაში ალასანიას გადასვლა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა უხაროდეს“

„თავისუფალი დემოკრატები“ მმართველი კოალიციის წევრებთან გამომშვიდობების შემდეგ ყრილობისთვის ემზადებიან და დამოუკიდებელ თამაშს იწყებენ. ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ირაკლი ალასანიას და მის გუნდს აქვთ შანსი, მესამე ძალის ნიშა დაიკავონ და წარმატებულ ძალად იქცნენ, რაც ოპოზიციურ ფლანგზე „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ პოზიციებს მნიშვნელოვნად შეარყევს. მანამდე კი საზოგადოება ალასანიასგან კოალიციის დატოვების მისგანვე დასახელებულ მიზეზზე მეტ განმარტებებს ელის და ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის გადახვევაზე ფაქტების დასახელებას ითხოვს. საზოგადოების ნაწილს კითხვები პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაზეც აქვს.

კვირის აქტუალურ თემებზე For.ge სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ესაუბრა.

ბატონო იაგო, მმართველ კოალიციას უკვე გამოაკლდა ერთი პარტია - „თავისუფალი დემოკრატები“, ამ ეტაპზე გაერთიანებიდან გასვლის გადაწყვეტილება არ მიუღიათ რესპუბლიკელებს, მაგრამ ღიად აქვთ გარკვეული პრეტენზიები. როგორ შეიძლება შეფასდეს არსებული პოლიტიკური ვითარება და რა განვითარება შეიძლება მოჰყვეს ალასანიასთან დაკავშირებით დაწყებულ პროცესებს?

- რთულია „ცხელ“ კვალზე პოლიტიკურ ძალთა განაწილების იმ ბალანსის შეფასება, რაც ამ ახალი ვითარებით შეიქმნა. ფაქტია, მნიშვნელოვანი გადაადგილებები მოხდა. ეს გადაადგილებები, შესაძლოა, არ გაჩერდეს „თავისუფალი დემოკრატების“ კოალიციიდან გამოსვლით და ამას სხვა პროცესებიც მოჰყვეს. ნაადრევი დასკვნების გაკეთება არ მინდა. ზოგადად, თუ შევაფასებთ მოვლენებს, მთავრობიდან ალასანიას წასვლა უთუოდ დასანანია. ეს იყო ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი და ევროატლანტიკური ორიენტაციის თავგამოდებული დამცველი. უმრავლესობიდან „თავისუფალი დემოკრატების“ წასვლით კოალიცია უთუოდ გაღარიბდა. თუმცა, ამ პროცესებს დადებითი მხარეც აქვს - დღევანდელი პოლიტიკურ ძალთა განაწილების ველი აშკარად ითხოვდა ახალი პოლიტიკური ძალის გაჩენას.

საზოგადოებაში საკმაოა ის ნაწილი, რომელიც არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი და, მეორე მხრივ, იმედგაცრუებულია კოალიცია „ქართული ოცნებით“, ყოველ შემთხვევაში, ძველებურად აღარ მოსწონს მისი საქმიანობა.

ბოლო არჩევნებმა აჩვენა, რომ ასეთი ტიპის ამომრჩეველი რაღაც ახალ საყრდენს ეძებს. 2016 წლის არჩევნებამდე, პრაქტიკულად, გამორიცხული იყო პოლიტიკურ ასპარეზზე სრულიად ახალი ძალის გაჩენა. თუ რამე ახალი ძალა გაჩნდებოდა, ეს უნდა ყოფილიყო ძველი პოლიტიკური ძალების ახალი კონფიგურაცია.

ამ ტიპის ახალ პოლიტიკურ ძალად შეიძლება იქცეს ირაკლი ალასანიას პარტია?

- დიახ, მესამე ძალის ნიშა, შესაძლოა, სწორედ, ალასანიას პარტიის ახალმა კონფიგურაციამ დაიკავოს. ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ ვითარებას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკურ სივრცეში ჩნდება ძალა, რომელიც განსხვავებული ტიპის ოპოზიციურ კულტურას შექმნის - არასაპარლამენტო ოპოზიციისა და „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებულს. ამ კუთხით, პოლიტიკური სპექტრი უფრო გამრავალფეროვნდება, რაც დემოკრატიის განვითარებას უთუოდ შეუწყობს ხელს.

არის თუ არა პრობლემა ის ფაქტი, რომ საზოგადოების მიერ 4 წლის ვადით არჩეული კოალიცია 2 წლის თავზე იშლება ? ვინ არის მტყუანი და მართალი ან პროცესებში?

- კოალიციის დაშლა არ შედიოდა მასში შემავალი არც ერთი პოლიტიკური სუბიექტის მიზნებში. ფაქტს, რაც მოხდა, შეიძლება, ვუწოდოთ ერთგვარი „განუზრახველი შედეგი“. გარკვეული დაძაბულობა ალასანიასა და პრემიერ-მინისტრს შორის არსებობდა და იგრძნობოდა, მაგრამ ამ რეჟიმში „ცხოვრება“ შეიძლებოდა. ამიტომ, ხისტი ცვლილება მოულოდნელად აღიქმება.

თუ ობიექტურია მიზეზი, რომელიც ალასანიამ ხელისუფლებიდან და კოალიციიდან წასვლისთვის დაასახელა (ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევა), მაშინ ცუდად არის საქმე და ალასანიას და „თავისუფალი დემოკრატების“ ამ ნაბიჯს აქვს გამართლება, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია კავშირი „თუ“. ალასანიამ თქვა, რომ მიდის, რადგან ქვეყანამ გადაუხვია დასავლურ ორიენტაციას, მაგრამ ამ გადახვევასთან უშუალოდ დაკავშირებული კონკრეტული „ქეისები“, ერთის გარდა, არ დაუსახელებია. რა აჩვენებს დასავლური კურსისგან გადახვევას? როგორც ჩანს, ირაკლია ალასანია და მისი გუნდი ფიქრობს, რომ ამას აჩვენებს ალასანიას მიუღებლობა და მისი, როგორც პროდასავლელი პოლიტიკოსის, მთავრობისგან ჩამოშორების სურვილი, რისთვისაც თავდაცვის უწყებაში კორუფიციის სქემის გათამაშება გახდა საჭირო. მაგრამ, ამ შემთხვევაში, რადიკალური გადაწყვეტილების მიღებამდე, კარგი იქნებოიდა დაცდა, რათა გამოძიებას ეთქვა თავისი სიტყვა და სასამართლოს მიეღო გადაწყვეტილება. მით უფრო, რომ კოალიციის შიგნით ალასანიას კოალიციის ბევრი სუბიექტი უჭერდა მხარს და პოსტზე მისი უპირობო დარჩენის მომხრე იყო.

მეორე მხრივ, თუ დასავლური ორიენტაციისგან გადახვევის მაჩვენებლები უფრო მეტია, ვიდრე თავდაცვის უწყებაში კორუფციის ჯერჯერობით დაუდგენელი ფაქტების აღმოჩენა, მაშინ, საჭიროა ალასანიამ (და სხვებმაც) ამის თაობაზე საჯაროდ და პირდაპირ თქვან. მოკლედ, ალასანიას მიერ მისი გადადგომის დასახელებული მიზეზი და ფაქტები, რომელიც ამ მიზეზს აჩვენებს, ჯერჯერობით საკმარისად დამაჯერებელი არ არის. ჩვენ გვჭირდება მეტი ფაქტები, მეტი დასაბუთება, მეტი კავშირი ალასანიას წასვლასა და დასავლური კურსის შეცვლას შორის. თუმცა, ვიმეორებ, თავისთავად ის ფაქტი, რომ ხელისუფლებას გამოაკლდნენ საღი, რაციონალური და მოდერნული ღირებულებების მატარებელი პოლიტიკოსები და პოლიტიკური ძალა, უთუოდ დასანანია.

ალასანიამ ინტერვიუში თქვა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომას დაელოდებოდა და შემდეგ ისაუბრებდა დეტალებსა და ფაქტებზე. საზოგადოება მისგან ამას ელის. პოლიტიკური კონფიგურაცია უკვე შეცვლილია და კოალიციის დატოვების შემდეგ ალასანია თავისუფალია, ამიტომ უნდა ისაუბროს სხვა ფაქტებზე, რომელიც დასავლური კურსის შესაძლო გადახვევას აჩვენებს. იგივე მოთხოვნაა ფანჯიკიძის მიმართაც. მანაც საკუთარ გამოსვლაში თქვა, რომ სწორედ, დასავლური კურსის შეცვლის საფრთხე დაინახა. ფაქტებია საჭირო მაია ფანჯიკიძის განცხადება ოჯახური სოლიდარობის გამოხატვას რომ არ დაემსგავსოს. ჩვენ, საზოგადოებას, მეტი არგუმენტები გვჭირდება.

ალასანიას მმართველი ძალისგან გამიჯვნით ერთგვარად გაიხარეს ნაციონალებმა. რა სარგებელი შეიძლება მიიღონ მათ ამ პროცესებისგან? რა უნდა უხაროდეთ?

- ვფიქრობ, ეს სულ არ არის გასახარი „ნაციონალური მოძრაობისთვის“, იმიტომ რომ მათ ეჭირათ ძირითადი ოპოზიციური ნიშა. თანაც, პარტიას ეს ნიშა ეჭირა პროდასავლური ორიენტაციის ნიშნით. ახლა ჩნდება ოპოზიციაში ძალა, რომლის დასავლურ ორიენტაციაში ეჭვი არავის ეპარება, რომელიც საღი პოლიტიკოსებისგან შედგება და რომელთა ნათქვამს, ჩემი აზრით, საზოგადოებაში ექნება უფრო მეტი წონა, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობისას“, რომელმაც საკუთარი თავი ბევრი მიმართულებით გააკოტრა მმართველობის თავისებურებებიდან გამომდინარე. ასე რომ, ოპოზიციაში ალასანიას გადასვლა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა უხაროდეს.

არ ველოდები, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები გადაინაცვლებენ ალასანიას პარტიის მომხრეთა ბანაკში, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, საკუთარი ამომრჩევლის გაზრდის პოტენცია, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეიძლებოდა ჰქონოდა, ძალზე სრიოზულად შემცირდება პოლიტიკურ სპექტრში ახალი ოპოზიციური ძალის გამოჩენით.

რაც შეეხებანაციონალური მოძრაობისმიერ 15 ნოემბრისთვის დაგეგმილ აქციას, იქონიებს თუ არა მასზე პოზიტიურ გავლენას სახელისუფლებო კოალიციაში მიმდინარე პროცესები?

- ვფიქრობ, მოვლენები, რაც ახლა ხდება, არ დაუკავშირდება 15 ნოემბრის აქციას. ალასანიამ განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური ძალა არ აპირებს ინსტიტუციურ თანამშრომლობას „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ასე რომ, აქციას არ შეემატებიან ის ადამიანები, ვინც თუნდაც ირაკლი ალასანიას უჯერებს იმ აზრს, რომ ხელისუფლების პროდასავლური კურსი შეირყა. ვფიქრობ, 15 ნოემბრისთვის დაგეგმილ აქციაზე იმდენი ადამიანი მივა, რამდენიც აპირებდა მისვლას, ეს მოვლენები რომ არ მოხდარიყო.

ალასანიასა და ყოფილ თანაგუნდელებს შორის კონფლიქტი უკვე სიტყვიერ დაპირისპირებაშიც გამოვლინდა. პრემიერმა ღარიბაშვილმა მასავანტიურისტი“, „უჭკუოდაამბიციურიუწოდა, ალასანიამ კი პასუხად განაცხადა, რომმართალი კაცები სახეს არ კარგავენ, პრემიერმა კი სახე დაკარგა“. ამგვარი ურთიერთობები რამდენად ქმნის პირობებს საიმისოდ, რომ პოლიტიკური კრიზისი გამწვავდეს და პარლამენტში ბიუჯეტის მიღება ვერ მოხერხდეს?

- ღარიბაშვილის მიერ ალასანიას ამგვარი „დახასიათება“ მოდერნული პოლიტიკური დისკურსისთვის სრულიად შეუფერებელია. ეს არ არის თანამედროვე პოლიტიკის და პოლიტიკური ურთიერთობების ენა. პოლიტიკოსს შეუძლია, ძალზე მწვავედ გააკრიტიკოს სხვა პოლიტიკოსი, მაგრამ ამ კრიტიკას უნდა ჰქონდეს რაციონალური პოლიტიკის შესაბამისი ლინგვისტური გამოხატულება, პოლიტიკური ეტიკეტი. ამ შემთხვევაში ეს ეტიკეტი სრულად დაირღვა, რაც სამწუხაროა.

„თავისუფალი დემოკრატები“ კიდევ ორი წელი იქნებიან პარლამენტში და მონაწილეობა უნდა მიიღონ ქვეყნისთვის გადამწყვეტი პრობლემების მოგვარებაში, შესაბამისად, არაერთხელ დადგება „თავისუფალ დემოკრატებსა“ და მმართველ კოალიციას შორის კონსესუსის მიღწევის საკითხი. ეს იქნება ერთგვარი ახლებური კოაბიტაციის გამოწვევა. შეურაცხმყოფელი რიტორიკის ფონზე კი ურთიერთობა პოლიტიკურ ძალებს შორის, შეიძლება, დაემსგავსოს პირად ანგარიშსწორებას, რაც ქვეყნისთვის კარგი არ არის და რაც ჩვენ უკვე გამოვცადეთ 2012-13 წლებში სააკაშვილსა და მთავრობას შორის. თუ თანამშრომლობის რესურსი ამოიწურა, პოლიტიკური კრიზისიც შეიქმნება. ქართველ საზოგადოებას კი ახლა სხვა რამე სჭირდება და არა რყევები, ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და არასტაბილურობა.

როდესაც პრემიერმა მინისტრების მიერ თანამდებობების დატოვება შეაფასა, საკითხი ასე დასვა - მათ სახელმწიფოსა და პიროვნებას შორის არჩევანი პიროვნების სასარგებლოდ გააკეთეს. რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს სახელმწიფოებრივი აზროვნება და თუ დგას ეს პრობლემა დღეს საქართველოში?

- სახელმწიფოებრივი აზროვნება არის პოლიტიკოსის არსებობის, მისი სტატუსის შემადგენელი ნაწილი. თუ გადაწყვიტე, რომ პოლიტიკაში წახვიდე და პოლიტიკოსი გერქვას, სახელმწოფოებრივი აზროვნება მოგეთხოვება.

დასავლური კურსის გადახვევის მნიშვნელოვანი ფაქტები ჩვენ ჯერჯერობით არ მოგვისმენია. იმისთვის, რომ გავარჩიოთ ერთმანეთისგან, ბოლოდროინდელი მოვლენები პირადი დაპირისპირება იყო, თუ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე კონფლიქტი, გვჭირდება, დავრწმუნდეთ იმაში, ქვეყანა ევროატლანტიკური ორიენტაციის ერთგული დარჩება, თუ ამ თვალსაზრისით, სერიოზულ დათმობებზე წავა. უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, რადგან არ ვიცით, რა ხდება პოლიტიკურ კულუარებში.

ერთ საკითხზეც მინდა გკითხოთ - ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა კოალიციის ოფისში გამართულ შეხვედრას, რომელზეც გადაწყდა ალასანიას თავდაცვის მინისტრობიდან გათავისუფლება, ასევე ესწრებოდა 5 ნოემბერს გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომას. რაზე მიუთითებს მსგავს პროცესებში ივანიშვილის ჩართვა?

- ეს მიუთითებს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაზე, რაც ცუდია რაციონალური პოლიტიკის წარმოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, შესაძლოა, ვიფიქროთ ისიც, რომ ივანიშვილი პასუხისმგებელია მთავრობაზე, რომელიც მან დატოვა და ამ პასუხისმგებლობას რაღაცნაირად იზიარებს. თავიდანვე ვხვდებოდით ყველა, რომ ამგვარი კოლიზია შეიქმნებოდა. ერთი მხრივ, ივანიშვილი ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას ხელისუფლებაზე, რომელიც მოიყვანა და, მეორე მხრივ, მან უნდა აიცილოს პასუხისმგებლობა იმიტომ, რომ აქტიური პოლიტიკოსი არ არის. მე, პირადად, მქონდა მოლოდინი, რომ მუდმივად იქნებოდა ეს წინააღმდეგობა. პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ამბივალენტური ჩართულობა სულ იგრძნობა და არ მგონია, ამას რამე ეშველოს, ვიდრე კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში იქნება. ეს არის კოლიზია, რომლის გამოწვევების წინაშე მუდმივად ვიქნებით.