უზენაეს სასამართლოში ფილმის

უზენაეს სასამართლოში ფილმის "ვინ მოკლა ილია" ჩვენება გაიმართა

შსს-ს არქივის მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია" ჩვენება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თანამშრომლებისთვის - მოსამართლეებისთვის და აპარატის წარმომადგენლებისთვის მოეწყო. ახალი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ჩვენება, უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლების ინიციატივით, ილია ჭავჭავაძის დაბადების 177 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.

ფილმის პრეზენტაციას შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, უწყების სხვა წარმომადგენლები, ფილმის რეჟისორი მიხეილ ბერინაშვილი, ისტორიკოსი თენგიზ სიმაშვილი და მსახიობი ზაზა იაქაშვილი დაესწრნენ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის უფროსი ირაკლი ხუცურაული მათ ფილმის ჩვენებამდე გიორგი ბრწყინვალეს დარბაზში შეხვდა. შეხვედრის დროს მხარეებმა შსს-ს არქივსა და უზენაეს სასამართლოს შორის მომავალი თანამშრომლობის დეტალები განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს. ასევე გაიმართა ჟურნალ „საარქივო მოამბის" სპეცგამოშვების პრეზენტაცია, რომელიც მთლიანად ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დეტალებს ეძღვნება.

აღსანიშნავია, რომ ფილმის „ვინ მოკლა ილია" გადაღებების ნაწილი უზენაესი სასამართლოს იმ დარბაზში მიმდინარეობდა, სადაც გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, ხოლო ორ უწყებას შორის აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში, რამდენიმე დღის წინ უზენაესმა სასამართლომ შსს-ს არქივს ილიას მკვლელობის საქმეზე სასამართლო წარმოების 2 ტომის ელექტრონული ვერსია გადასცა, რაც არქივში დაცულ სისხლის სამართლის საქმეს დაერთვება.