ვიდრე აფხაზეთში რუსეთთან გასაფორმებელ ე.წ. „სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე“ მსჯელობენ, ცხინვალის რეგიონის ყოფილი „ხელისუფალნი“ ახალ ტერიტორიებზე აცხადებენ პრეტენზიებს. „თრუსოს ხეობა ჩვენი მიწაა და ჩვენ მისთვის ვიბრძოლებთ", – აცხადებს ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ ყოფილი პრეზიდენტი. ედუარდ კოკოითიმ ვლადიკავკაზში გამართულ ოსი ხალხის ყრილობაზე რუსეთთან ურთიერობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა რომ ოს ხალხს რუსეთი ისე უყვარს, რომ ამ სიყვარულს გადამოწმება არ სჭირდება, მისივე თქმით, კავკასიიდან რუსეთის განდევნის და ნატოსა და შეერთებული შტატების ძალებით ჩანაცვლების გეგმა მცირერიცხოვანი ოსი ერისთვის სახიფათოა. ყრილობაზე ყოფილი ე.წ. პრეზიდენტის გამოსვლის დეტალებზე ოსური მედია წერს.
„თუ მიმდინარე მოვლენებს სამამულო ომს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ჩეჩნეთი სტალინგრადის ომი იყო, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი - ბრძოლა მოსკოვისთვის, ყირიმი კი ფაშიზმზე გამარჯვებაა“, - განაცხადა ედუარდ კოკოითიმ.
„სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე ნოდარ ნათაძე მიიჩნევს, რომ კოკოითის განცხადებებს არანაირი ისტორიული საფუძველი არ გააჩნია.
„თრუსოს ხეობის ოსური მოსახლეობა ძალიან მცირერიცხოვანი იყო. ისინი აქ მე-17 საუკუნეში დასახლდნენ, ნარის ხეობიდან გადმოვიდნენ. ნარის ხეობა, სადაც როკის გვირაბიდან გადიხართ, მუდამ საქართველოს ტერიტორია იყო, თბილისის გუბერნიაში შედიოდა და რუსეთმა მე-19 საუკუნეში თითქოსდა ადმინისტრაციის გაადვილების მიზნით წაართვეს საქართველოს და ჩრდილოეთ კავკასიას გადასცეს. იქ პირწმინდად ოსური მოსახლეობა ცხოვრობს. თავად ნარის ხეობაში ოსური დასახლებები კი მონღოლების დროს გაჩნდა. ასე რომ, თრუსოს ხეობის მიმართ მათ ვერანაირი კანონიერი პრეტენზია ვერ ექნებათ“,- განუცხადა ნოდარ ნათაძემ for.ge-ს.
„სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ კოკოითის განცხადებები რუსეთის და პრეზიდენტ პუტინის ინტერესების გახმოვანებაა, თუმცა, მათი განხორციელება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
„პუტინი დღეს ძლიერ დიქტატორს სიმულანტობს. ყველა ფრონტზე აგებს, მაგრამ თამაშობს აგრესიულ განზრახვებს, ვითომ, შეუძლია რაღაც გააკეთოს. ფსიქოლოგიურად, პუტინი მართლაც მომზადებულია ყოველგვარი აგრესიისთვის, ის რუსეთში უზარმაზარი რეიტინგით სარგებლობს, როგორც წარმატებული დიქტატორი, მაგრამ მან ვერ შეძლო საკუთარი ძალების მოზომვა და აცხადებს პრეტენზიებს, რომლის განხორციელებაც მას არ შეუძლია. რუსეთის პრეტენზიები თრუსოზე ბლეფია, ისევე, როგორც აფხაზეთთან ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება“,- აცხადებს ნოდარ ნათაძე.
მისი განმარტებით, თრუსოს ხეობას რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და, ამ მხრივ, განსაკუთრებით საყურადღებოა დარიალის ხეობაში მშენებარე გვირაბის საკითხი.
„თრუსოში თუ რუსეთის ჯარი ჩადგა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯვრის უღელტეხილი აღებული ექნებათ. რუსეთიდან საქართველოს სამხედრო გზით რომ მოდიხარ, დაახლოებით 6 კილომეტრის შემდეგ იწყება დარიალის ხეობა, ამ ხეობაში რუსეთთან დაკავშირებული კონკრეტული კომპანია უზარმაზარ გვირაბს აშენებს, რომლის გაცხადებული მიზანი გვირაბის მეშვეობით დარიალჰესის წყლით მომარაგებაა, სინამდვილეში ეს არის გვირაბი, რომელშიც, შესაძლოა, გამოიაროს ჯავშანტექნიკამ და არმიამ და ამ გზით პირდაპირ შემოვიდეს ყაზბეგში. რაც იმას ნიშნავს, რომ დარიალის ხეობა, როგორც დაცვის ზონა, ხელიდან გვეცლება. არადა, სწორედ, დარიალის ხეობა ინახავდა საქართველოს საუკუნეების განმავლობაში ჩრდილოეთიდან თავდასხმებისგან. ყაზბეგიდან 3-4 კილომეტრში, თერგის მარცხენა შენაკადთან მდებარეობს თრუსოს ხეობა და მას დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენი მტრისთვის. პრეტენზიები თრუსოზე არის რუსების მიერ „შახის“ თქმა საქართველოსთვის და საერთოდ, დასავლეთისთის“, - განმარტავს ნოდარ ნათაძე და აღნიშნავს, რომ რუსეთის გაცხადებული მიზანია, არ დაუშვას ნატო-ს წევრი ქვეყანა თავის მეზობლად, სინამდვილეში კი სურს, დასავლეთს გადაუკეტოს ამირეკავკასიის დერეფანი და შეუზღუდოს შუა აზიაში მოძრაობა.
„საქართველოს არა მხოლოდ ტერიტორიული აღგენის, გადარჩენის გზაც, დღეს პირდაპირ გადის რუსეთის დამარცხებაზე, რუსეთი კი დამარცხდება ეკონომიკური სანქციების პოლიტიკით“,- აცხადებს ნათაძე.
თრუსოს ხეობაზე და „ორი ოსეთის“ გაერთიანების იდეაზე ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ წარმომადგენელები პრეტენზიებს 2010 წელსაც აცხადებდნენ, „აანონსებბდნენ“ კიდეც, რომ „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოსგან ძალიან მალე კურორტ გუდაურთან ახლო მდებარე ტერიტორიას - გუდას ხეობას მოითხოვდა, ჩრდილოეთი ოსეთი კი - თრუსოს ხეობას.
ქართულ მიწაზე პრეტენზიები 2008 წლის აგვისტოს რუსული აგრესიის და ოკუპანტების მიერ ახალგორის დაპატრონების შემდეგ გაიზარდა. 2009 წლის აგვისტოში “რია ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში ედუარდ კოკოითმა “ისტორიული წიაღსვლებით” “დაადასტურა”, რომ თრუსოს ხეობა ოდითგანვე ოსური მიწა იყო და საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს გაურკვეველი მიზეზით გადაეცა. იმავე პერიოდში რუსულენოვან ინტერნეტგამოცემა „აირონ თაიმსში“ გამოქვეყნდა ვინმე ვადიმ თოხსიროვის სტატია. ავტორის „დასაბუთებით“, თრუსოს ხეობა ისევე, როგორც თეთრი არაგვის სათავეების ხეობა, ძირძველი ოსური ტერიტორიაა და ისტორიულად ახალგორს ეკუთვნოდა, ხოლო ახალგორი, თავისთავად, ოსეთია. თოხსიროვს სტატიაში ნათქვამის დასადასტურებლად მეფისნაცვლის პერიოდის მაგალითები მოჰყავდა. მეფის რუსეთის ჩინოვნიკები კი, თავის მხრივ, წყალგამყოფად ჯვრის უღელტეხილს ასახელებდნენ და მის გადაღმა არსებულ ტერიტორიას მთლიანად ვლადიკავკაზის, ანუ ოსეთის, ტერიტორიად განიხილავდნენ. ვადიმ თოხსიროვის პუბლიკაცია ოსი „ისტორიკოსების“ მიერ მოყვანილ „წყაროებს“ ეფუძნებოდა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თრუსოს ხეობა, კობის ტაფობი და ხევი-ყაზბეგი თავიდანვე ოსეთის კუთვნილება იყო. ამავე თემაზე უკვე საკმაოდ დიდი ხანია მუშაობს ჩრდილოეთ ოსეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „დარიალიც“.