მმართველი კოალიცია დაშლილია. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ კოალიციის რიგები დატოვეს. შესაბამისად, გადამწყვეტი ათი მანდატის გარეშე დარჩენილი საპარლამენტო უმრავლესობა აღარ არსებობს. ასეთ პირობებში, თუკი უმრავლესობის გარეშე დარჩენილი პარლამენტი ვეღარ შეძლებს ბიუჯეტის დამტკიცებას, ამას ბიუჯეტის ჩავარდნა მოჰყვება, რაც აისახება მთავრობის ყოფნა-არყოფნაზეც. საბოლოოდ კი, ეს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე მიგვიყვანს.
For.ge-ს იურისტი ლევან ალაფიშვილი ესაუბრება.
მმართველი გუნდის წევრები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბარს ნაადრევს უწოდებენ. სინამდვილეში, პარლამენტში არსებული კონფიგურაცია სულ სხვა სურათს იძლევა. ვადამდელი არჩევნები მოსალოდნელია?
- „თავისუფალი დემოკრატების“ განცხადების კვალობაზე, რაც ფასეულობით შეუთავსებლობას და დევნას შეეხება, ძნელი სავარაუდო იქნებოდა, „თავისუფალი დემოკრატები“ ისევ უმრავლესობაში დარჩენილიყვნენ. კოალიციიდან გასვლის შემდეგ „თავისუფალი დემოკრატები“ გააგრძელებენ დამოუკიდებელ ახალ პოლიტიკურ საქმიანობას და ამის შესახებ მათმა ლიდერმა განაცხადა კიდეც.
მას შემდეგ, რაც „თავისუფალმა დემოკრატებმა“ უმრავლესობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, ამას რამდენიმე მიმართულებით ექნება გავლენა. პირველი - პარლამენტის მიმართულებით. კერძოდ, ჩვენი პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, თუკი იშლება უმრავლესობა, რომელსაც, მინიმუმ, 75 წევრი უნდა ჰყავდეს, ეს ავტომატურად ახდენს გავლენას და პარლამენტში აღარ იარსებებს უმცირესობაც. ანუ ჩვენს პარლამენტში მსხვილი პოლიტიკური დაჯგუფებები აღარ იქნება, უბრალოდ, წარმოდგენილი იქნება ბევრი ფრაქცია და ე.წ. ფრაგმენტირებული პარლამენტი გვეყოლება. თავისთავად, ეს გაგრძელებას ჰპოვებს საპარლამენტო ორგანიზაციაში, რაც პოლიტიკასთან არის დაკავშირებული. მხედველობაში მაქვს თავმჯდომარეების, მოადგილეების საკითხების ხელახლა განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება, კომიტეტებში თუ დელეგაციებში ფრაქციების კვოტირება და ა.შ. ეს საკითხები არანაკლებ მნიშვნელოვანია და არცთუ უმტკივნეულოდ ჩაივლის. მაგალითად, კვოტირებასთან დაკავშირებით რეგლამენტში წერია, რომ კომიტეტებში საპარლამენტო უმრავლესობას აქვს 10 კვოტა, უმცირესობას - რვა. თუკი აღარ იარსებებს უმრავლესობა და უმცირესობა, განაწილების ეს წესიც აღარ იმოქმედებს.
რაც შეეხება პარლამენტს გარეთ არსებულ სიტუაციას, ამ შემთხვევაში, ძირითადი უარყოფითი გავლენა მთავრობასთან მიმართებით იქნება. მოგეხსენებათ, პარლამენტის გაზრდილი როლის კვალობაზე, მნიშვნელოვანია პარლამენტის მხარდაჭერა მთავრობისადმი, რომელიც ამიერიდან იმ ხარისხის ვეღარ იქნება. ძალზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება მთავრობა, თუკი აღარ ექნება მხარდაჭერა. როგორ მიიღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომელიც საკანონმდებლო რეგულაციას მოითხოვს? პარლამენტი მთავრობის ინიციატივას აღარ მიიღებს კანონის თუ ორგანული კანონის სახით და ეს ყველაფერი სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თუნდაც ქვორუმის მოგროვებისას. გავიხსენოთ იმავე ვეტოს დაძლევის საკითხი, რომელიც ბოლო პერიოდში პოპულარული გახდა.
ბიუჯეტის დამტკიცებას სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. თუკი ბიუჯეტი ჩავარდება, რა მოხდება?
- თუკი პარლამენტი, მთავრობასთან ერთად, ვერ ახერხებს კონსენსუსის მოძებნას და წლის ბოლომდე ვერ დაამტკიცებს მომდევნო წლის ბიუჯეტს, აქ უკვე პროცესში ერთვება პრეზიდენტი და წარმოჩნდება ჩვენი კონსტიტუციური მოდელის და პრეზიდენტის განსაკუთრებულობა თუ მნიშვნელობა. პრეზიდენტს აქვს ორი გადაწყვეტილების მიღების უფლება, ორი არჩევანი - ან პარლამენტის, ან მთავრობის სასარგებლოდ - ან ერთს უშვებს სახლში, ან-მეორეს. თუკი მთავრობას გაუშვებს სახლში, ამ შემთხვევაში, იწყება მთავრობის შერჩევის ხელახალი პროცედურა. უფრო სწორად, პრემიერის შერჩევის პროცედურა. შემდეგ, უკვე, მთავრობის ფორმირებისა და დამტკიცების პროცედურა დაიწყება, რომელიც პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის ურთიერთობაში წარიმართება.
თუკი პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, ამ შემთხვევაში, უკვე რიგგარეშე არჩევნები ინიშნება?
- დიახ და რიგგარეშე არჩევნებს ხელახლა მოჰყვება როგორც საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილება, ასევე, მთავრობის ახალი გუნდის ფორმირება. ორივე შემთხვევაში, არსებული მთავრობის შემადგენლობა ინარჩუნებს პოსტს და ლეგიტიმაციის ძალიან მცირე დოზის მქონე ეს ორგანო აგრძელებს ქვეყნის მართვას, ყოველგვარი პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე, რაც საკმაოდ სახიფათოა. მნიშვნელოვანია, რომ ეს კონსტიტუციური ცვლილება ამ პარლამენტმა მიიღო გასული წლის გაზაფხულზე, ეს ბოლო ცვლილებაა და, შესაბამისად, კიდევ ერთი დასტურია ჩვენი კონსტიტუციური სისტემის წინააღმდეგობრიობისა იმ თვალსაზრისით, რომ იგი ჩიხში შესვლის უამრავ საშუალებას იძლევა, მაგრამ იქიდან გამოსვლის საშუალება, პრაქტიკულად, ძნელად მოიძებნება.
წარმოიდგინეთ, თუკი პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის ვერ მოიძებნა კონსენსუსი, მაგრამ კონსენსუსი იმაში არის, რომ არსებულ მთავრობას უშვებენ სახლში, მიუხედავად იმისა, რომ ამაში ერთიანნი არიან, თუკი რაღაც გარემოებათა გამო მაინც ვერ შეთანხმდნენ ახალ პრემიერზე და ახალ მთავრობაზე, არსებული მთავრობა, რომელსაც არცერთი არ ენდობა, მაინც აგრძელებს ფუნქციონირებას. ამ დროს საბიუჯეტო პროცესი და ხარჯვა მიმდინარეობს 1/12-დის პრინციპით, რაც კატასტროფაა. ეს არ არის გაწერილი რეგულაცია, თუ რომელი ასიგნება რა ოდენობით უნდა დაიხარჯოს. ეს არის ინერციით მართვა, რაც ნიშნავს, რომ გასული წლის მონაცემს იღებენ და ისე ხარჯავენ. ანუ ბიუჯეტი განვითარებადი არ არის. აღარაფერს ვამბობ ეკონომიკურ გავლენაზე, თუ რა სიტუაცია შეიძლება მოჰყვეს.
„თავისუფალი დემოკრატების“ დემარში ძალზე უარყოფითად აისახება არა მარტო მთავრობაზე, პარლამენტზეც. თქვენ საუბრობდით სავარაუდო ვერსიებზე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პიროვნულად იცნობთ პრეზიდენტს, საითკენ უფრო მიდის რეალური სცენარი და ბიუჯეტის ჩავარდნის შემთხვევაში, პრეზიდენტი ვის უფრო დაინდობს- პარლამენტს თუ მთავრობას?
- „თავისუფალი დემოკრატების“ ნაბიჯი უარყოფითად აისახება ქვეყანაზე. რაც შეეხება სავარაუდო სცენარს, ეს დამოკიდებული იქნება იმ კენჭისყრის შედეგებზე, რომელიც ბიუჯეტთან დაკავშირებით დაფიქსირდება პარლამენტში. შესაძლებელია, პარლამენტში ისეთი კონფიგურაცია დაფიქსირდეს, რომელიც ამ ყველაფერს მხოლოდ თეორიის დონეზე დატოვებს, ან კიდევ, პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება მთავრობის გაშვების შესახებ. სიტუაცია საკმაოდ რთულია. სამი ალბათობა არსებობს - ან არაფერი იცვლება, ანუ პარლამენტი მხარს უჭერს მთავრობის მიერ შემუშავებულ ბიუჯეტს და ქვეყანა ცხოვრებას აგრძელებს, მეორე ვარიანტი - პარლამენტი მხარს არ უჭერს და პრეზიდენტი იღებს პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილებას და მესამე ვარიანტი, პარლამენტი ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს და პრეზიდენტი იღებს მთავრობის გაშვების გადაწყვეტილებას. ამ სამი ვარიანტის ალბათობა ბევრ კონკრეტულ გარემოებაზე იქნება დამოკიდებული.
ირაკლი ღარიბაშვილის ლეგიტიმაციას რაც შეეხება. ამ ეტაპზე მხოლოდ სამმა მინისტრმა დატოვა პოსტი. რა მოხდება, თუკი ხუთი მინისტრი დატოვებს პოსტს, რაზეც ბოლო დროს აქტიურად მსჯელობენ?
- სამმა კონსტიტუციურად თუ დატოვა პოსტი, მაგრამ არანაკლებ ხუთი მინისტრისა თუ დატოვებს და მესამედით განახლდება მინისტრთა კაბინეტი, მაშინ სავალდებულო წესით, მთავრობას სჭირდება ხელახალი მხარდაჭერა. აქ მნიშვნელოვანია არა ეს პროცესი, არამედ სხვა პროცესი. დავუშვათ, უმრავლესობა დაიშალა და მთავრობაც კოალიციური აღარ არის, მოხდა ჩანაცვლება და ოთხი მინისტრი შეიცვალა, მთავრობა აგრძელებს მუშაობას, მაგრამ პარლამენტი არ უჭერს მხარს ბიუჯეტს, როგორ უნდა მართოს მთავრობამ ქვეყანა? ცხადია, ვეღარ გააგრძელებს. ეს პოლიტიკური კრიზისის უპირობო საფუძველია.
უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ მინისტრები გადაუყენებიათ, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს გემის ჩაძირვას. თუმცა საფრთხის ნიშნები ქვეყანაში აშკარაა. კულუარებში იმაზეც საუბრობენ, რომ პრემიერის პოსტზე შესაძლოა, რომელიმე კანდიდატურა წარადგინოს პრეზიდენტმა. საპარლამენტო უმრავლესობას უნდა წარმოადგენდეს პრემიერი. გვაქვს იმის ფუფუნება ქვეყანაში, ვინ შეიძლება მოაზრებოდეს პრემიერად?
- ვერ გეტყვით, ეჭვი მეპარება, რომ პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკოსები ამაზე ჩამოყალიბებულნი იყვნენ, რადგან თვითონაც არ იციან, უმრავლესობა ეყოლებათ თუ არა. თუ ვის აქვს ეს პრივილეგია, კონსტიტუცია ამბობს, რომ ამ პრივილეგიით სარგებლობს არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური ძალა. საარჩევნო სუბიექტი იყო კოალიცია, დღეს კი კოალიცია ძველი სახით პარლამენტში აღარ იქნება. ეს საკითხიც კამათის და დაპირისპირების საგანი შეიძლება გახდეს.
რამდენად ჯდება ეს ყველაფერი ნაცმოძრაობის ინტერესებში? ბოლო დროს ცოტა ხნით მიყუჩებული სააკაშვილიც გააქტიურდა. იგი ისევ გადაწვდა ივანიშვილს. ამასთან, რამდენად აპოკალიფსური სურათი შეიქმნება, თუ „თავისუფალ დემოკრატებს“ მიემატებიან რესპუბლიკელებიც?
- რესპუბლიკელებმა ბოლო დროს არაერთხელ საჯაროდ თქვეს, რომ მათი მთავარი პარტნიორები არიან „თავისუფალი დემოკრატები“. ამავე დროს, გამოხატეს მადლიერება ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მაგრამ ეს მადლიერება იყო დათქმული, ვიქნებით თუ არა უმცირესობაში თუ უმრავლესობაში, ეს უპირობოაო. ასე რომ, ცალსახა დასკვნის გაკეთება ამ ეტაპზე გამიჭირდება. ალასანიას გუნდთან ერთად, რესპუბლიკელების გასვლაც საკმაოდ რთულ სიტუაციას შექმნის. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, პოლიტიკურ არენაზე შენარჩუნებისთვის ყველაზე კარგი „დამხმარე“ იყო და არის კიდეც მმართველი კოალიცია და მათ მიერ დაშვებული შეცდომები. პოლიტიკურ სუბიექტს მისი მოწინააღმდეგის ნებისმიერი დასუსტება აძლიერებს. ამ შეფასებისთვის საუკეთესო დრო და საშუალება არჩევნებია, ვნახოთ, არჩევნებამდე რა და როგორ წარმოჩინდება. არ ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვან პროგრესს მიიღებს ნაცმოძრაობა. ამავე დროს, სავარაუდოა, რომ ნაცმოძრაობის შიგნითაც რაღაც პროცესები მიდის. მართალია, საჯაროდ არ გამოსულა ეს ყველაფერი, მაგრამ ბოლო პერიოდის საკადრო გადაწყვეტილებები ამის შემცველია. ამიტომ საგარეო საფრთხეების შემცველი შეიძლება იყოს ქვეყანაში ასეთი არასტაბილურობა. ბრჭყალების გარეშე ვიტყვი, გონივრული გადაწყვეტილების მიღებით ქვეყნის გადარჩენა აუცილებელია, რაც არის პრეზიდენტის, სახელმწიფოს მეთაურის, უმაღლესი მთავარსარდლის ხელში და აქ იქნება მნიშვნელოვანი მისი პოზიცია. ჯერჯერობით, მარგველაშვილისგან რაც მოვისმინეთ, ეს სახელმწიფოებრივი პოზიცია იყო.
„კულუარებიდან ქვეყნის მართვა უნდა დამთავრდესო“,- ამას გულისხმობთ?
- არა იმდენად ამას, რამდენადაც პრეზიდენტმა ფაქტობრივად თქვა, რომ ინსტიტუციური დემოკრატია უნდა შეიქმნას ჩვენთან, სადაც პრეზიდენტიც, პარლამენტიც და მთავრობაც შებოჭილი იქნება კონსტიტუციით და არავის მოუვა აზრად იმაზე მეტის მითვისება, ვიდრე კონსტიტუციამ განუსაზღვრა. პოლიტიკური კრიზისი აშკარაა. პარლამენტის თავმჯდომარემ საჯაროდ თქვა კიდეც, რომ არის კრიზისი, პრეზიდენტმაც დაადასტურა, რომ კრიზისია და ამის უარყოფას აზრი აღარ აქვს. სხვა საკითხია, სახელმწიფოებრივ კრიზისში აღარ გადაიზარდოს. სახელისუფლო მწვავე კრიზისი თუკი დიდხანს გაგრძელდება, სახელმწიფოებრივ საფრთხედ შეიძლება იქცეს.