ტაო-კლარჯეთის ზოგიერთ ტაძარსა და არტანუჯის ციხესიმაგრეს თურქებმა სახელები გადაარქვეს

ტაო-კლარჯეთის ზოგიერთ ტაძარსა და არტანუჯის ციხესიმაგრეს თურქებმა სახელები გადაარქვეს

ისტორიული ტაო-კლარჯეთის ზოგიერთი ტაძრისა და ციხესიმაგრის წინ განთავსებული სამენოვანი წარწერები შეცვლილია. ეს წარწერები თურქეთში ჩასულ უცხოელ და ქართველ ტურისტებს არასწორ ინფორმაციას აწვდის. ამის შესახებ ცნობას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

კერძოდ, დამახინჯებულია მე-10 საუკუნეში აშენებული ხახულის ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის ტოპონიმი. რატომღაც იგი ჰაჰოდ იხსენიება.

პორტას სახელით თურქეთში რატომღაც ხანძთის მონასტერს მოიხსენიებენ, რომელიც მე-9 საუკუნეში თავად წმინდა გრიგოლ ხანძთელმა დააარსა. ბილბორდზე მონასტრის შექმნის ისტორიაც არასწორად არის გადმოცემული. სინამდვილეში, პორტა სოფლის სახელწოდებაა, რომლის მახლობლადაც ხანძთის მონასტერი მდებარეობს.

საინფორმაციო ბილბორდზე ვახტანგ გორგასლის მიერ მე-5 საუკუნეში აშენებული არტანუჯის ციხის ტოპონიმიც შეცვლილია. მახლობლად მდებარე ვერცხლის საბადოების გამო იგი გევჰერნიკის ციხესიმაგრედ არის მოხსენიებული. არადა, თავის დროზე ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე პორფიროგენეტი ამბობდა, არტანუჯის ციხე წარმოადგენს იბერიის, აფხაზეთისა და მესხთა ქვეყნის გასაღებსო.

ძველი ქართელი ისტორიკოსის - ჯუანშერის გადმოცემით, როცა ვახტანგ მეფე კლარჯეთიდან ქართლში მიდიოდა, სოფელი უხილავს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „არტანუჯს“ უწოდებდა. მეფეს მოსწონებია სოფლის სტრატეგიული მდებარეობა და ძუძუმტისათვის - არტავაზისათვის აქ ციხის აგება უბრძანებია. არტავაზმაც „აღაშენა ციხე არტანუჯისა“, რომელიც გახდა ერისთავთა რეზიდენცია და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძლიერი ცენტრი. 1921 წელს, საქართველოს ანექსიის შემდეგ, სსრკ-მ თურქეთს გადასცა არტანუჯი.

მე-10 საუკუნის ოშკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძართან მხოლოდ ორენოვანი წარწერაა. თურქულ საინფორმაციო ბილბორდზე ტაძრის ქტიტორად, ანუ მშენებლობის დამფინანსებლად პატრიკიოს გაგიკია აღნიშნული. ინგლისურენოვან ბილბორდზე კი იგი პატრიარქ გაგიკად არის მოხსენიებული. რაც შეეხება ქართულენოვან საინფორმაციო ბილბორდს, ასეთი ბილბორდი ტაძარს არ გააჩნია. რეალურად კი, თურქების მიერ პატრიკიოს გაგიკად მონათლული პიროვნება ქართველი ერისმთავარი ჯოჯიკი გახლდათ.

მე-10 საუკუნის ოთხთა, ანუ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაც იმ ტაძართა შორისაა, რომელთა ქართული ტოპონიმი ბილბორდზე სწორად არ არის აღნიშნული. სამენოვან საინფორმაციო ბილბორდზე მითითებულია, რომ ის არის „თექალეს“ (ქართულად მარტოციხის) მონასტერი. ტაძრის ქართული ტოპონიმი „ოთხთა ეკლესია“, ანუ თურქულად „დორთა ქილისე“ კი ფრჩხილებშია ჩასმული.

პროფესორ თინა იველაშვილს ტაო-კლარჯეთში არსებული მსგავსი „უზუსტობა“ არ უკვირს. For.ge-სთან საუბარში იგი აცხადებს, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, რადგან მღვდელს, თუკი მას ანაფორა აცვია, ოფიციალურად სარფის საბაჟოზე გავლა უჭირს. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ ქართულ ძეგლებს თურქებმა რესტავრაცია ჩაუტარეს, რეალური ზრახვა სხვა არის, მიმდინარეობს საქართველოს ჩუმი ისლამიზაცია და ეს ყველაფერი გარედან ფინანსდება.

„მე-10 საუკუნის ოთხთა ეკლესიის აღსანიშნავად რატომ უნდა გამოიყენონ თურქული წარწერა „დორთა ქილისე“ და რატომ ოთხთა არ უნდა ეწეროს? „დორთა ქილისე“ თურქულად ნიშნავს ოთხ ეკლესიას, ქართულად კი ოთხთა ჰქვია. არტანუჯის სახელიც გადაკეთებულია, კერძოდ, ყოფილ არტაანის ციხეში დღეს უკვე ყველას არ უშვებენ. იქ სამხედრო გარნიზონი დგას და თურქულ დროშას აფრიალებენ. ტაო-კლარჯეთის მთელი სოფლები რომ გაიაროთ, მათ თურქული სახელები აქვთ, ქართული ტოპონიმიკა წაშალეს და გადაარქვეს. ხანძთის ნაცვლად პორტას სახელი არ არის გამართლებული. ეს ადგილი მე რომ მოვინახულე, მაშინ ხანძთა ეწერა. 2000 წლიდან ხშირად ჩავდიოდი ხანძთაში. მართალია, წარწერები თურქული იყო, მაგრამ ქართული ტერმინოლოგია იყო შენარჩუნებული“,- აღნიშნა თინა იველაშვილმა.

რაც შეეხება იოანე ნათლისმცემლის სახელობის მე-10 საუკუნის ოშკის ტაძარს, პროფესორმა განმარტა, რომ თურქულ საინფორმაციო ბილბორდზე ამ ტაძრის ქტიტორად პატრიკიოს გაგიკის მოხსენიება (ერისმთავარ ჯოჯიკის ნაცვლად) ადასტურებს, რომ თურქებს აწყობთ თავიანთი მოძულე სომეხი გაგიკი მოიხსენიონ ტაძრის მაშენებლად, ვიდრე ქართველი ჯოჯიკი.

„თურქეთში კუთხეც არ გვაქვს, სანთელი რომ დავანთოთ. მაშინვე თურქული ჟანდარმერია დაგვადგება. გადავხედოთ, სამხრეთ საქართველოში რაც ხდება, თუნდაც მოხეს ამბები გავიხსენოთ, ან კიდევ - ჭელას ამბები. ეს ამ ყველაფრის გაგრძელებაა“, -  მიიჩნევს თინა იველაშვილი.

არმენოლოგი, პროფესორი ბონდო არველაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, ცხადია, თურქებთან მტრობას მეგობრობა სჯობს, მაგრამ მეგობრობა უნდა იყოს ორმხრივი, მით უფრო, რომ ბოლო წლებში 300-ზე მეტი მეჩეთი აშენდა საქართველოში.

„იშხანი რომ განახლდა, კარგია, მაგრამ ბილბორდები რეალობას უნდა ასახავდეს, მათ შორის, ქართულადაც უნდა იყოს წარწერები. ჩვენი მთავრობა უნდა ჩაერიოს ამაში. თორემ მოვლენები თუ ასე მივუშვით, განმეორდება ის, რაც ადრეც იყო. თურქები ადრიდანვე უცვლიდნენ ჩვენს ძეგლებს სახელწოდებებს. 1453 წელს კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ თურქები გაბატონდნენ, მე-16 საუკუნეში ტაო-კლარჯეთი და დასავლეთ საქართველო დედასამშობლოს მოწყვიტეს, ამ მხარეს გამუსლიმანება დაუწყეს. პარალელურად ხდებოდა ქართული ეკლესიების, მდინარეების, სოფლების ტოპონიმთა შეცვლა. მოგვიანები ამ მხარეს სამცხე-საათაბაგო დაერქვა“,- აცხადებს ბონდო არველაძე.

ისტორიკოსი მთვარისა თარხნიშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ შიშობდა, რომ ტაო-კლარჯეთში ძველი ტოპონიმის დაკარგვის ცუდი ტენდენცია მიმდინარეობდა და, ფაქტობრივად, არცერთი ტაძრის ბილბორდზე სრული სინამდვილე არ ეწერა, დღეს უკვე კომენტარისგან თავს იკავებს.

For.ge-სთან საუბარში იგი აცხადებს, რომ ყველაფერი მალე გამოსწორდება და საქართველოს ელჩი თურქეთში ამ საქმეში ჩაერევა.