...მერე, დეკემბრის ერთ სამშაბათ დღეს, სადილობისას, როგორც იქნა გზა მისცა თავის მტანჯველ ფიქრებს. ბავშვებს მთლი სიცოცხლე ემახსოვრებათ, რა დიდის ამბით დაჯდა სუფრის თავში მათი მამა, და ციებშეყრილივით აცახცახებულმა როგორ აუწყა ყველას თავისი ახალი აღმოჩენა - „დედამიწა ფორთოხალივით მრგვალია“. ურსულა ლამის გადაირია: „შენ თუ გინდა ჭკუაზე შეიშალო, შეიშალე, ბატონო, ხელს არავინ გიშლის, ბავშვებს კი თავი დაანებე, გონებას ნუ ურევ იმ შენი წყეული ბოშების მონაჩმახით“.
(გაბრიელ გარსია მარკესი, „მარტოობის ასი წელი“)
ხომ არის რომ ბევრი ამბებია, რომელიღაც არის მთავარი და სხვაც ბევრია მთავარი, მაგრამ სადაც რაღაც მთავარია, რაღაც მეორეხარისხოვანია და როგორ უნდა მიხვდე, რომელია მთავარზე უმთავრესი? ამის დადგენის ერთ-ერთი მეთოდია სტატისტიკა, ანუ, დათვალე, ყველაზე მეტს რომელ ამბავზე წერდნენ და საუბრობდნენ და გეცოდინება, მაგრამ მარკ ტვენის ერთ-ერთ სიბრძნეს თუ გავიხსენებთ, სტატისტიკა ტყუილის ნაირსახეობაა და, მაგალითად, ხმები რომ არ ითვლებოდეს, არამედ იწონებოდეს, გასული კვირა ისეთი კი არ იქნებოდა, როგორიც იყო, არამედ იქნებოდა ბევრად უკეთესი.
ბევრად უკეთესი კი ის არის, როცა ყველა ერთმანეთს უსმენს და არა ისე, როცა ლაპარაკის უფლება მხოლოდ ერთს აქვს, მოსმენას კი ყველას თხოვენ, ანაც ისე, როცა მხოლოდ ერთს გონია, რომ მას აქვს უფლება, გადაწყვიტოს, ვინ გვისმენდეს და ვინ - არა.
ჩემი ნება რომ იყოს, მოსმენის უფლებას მხოლოდ სწავლის მძებნელს მივცემდი. ტყუილად კი არ ამბობდა ცნობილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, დავით გოგიბედაშვილი, ისმინე სწავლის მძებნელოო...
მაშ ასე - მარკ ტვენი, გურამ დოჩანაშვილი და დავით გოგიბედაშვილი.
მთავარზე მოგახსენებდით... ყოველი შემთხვევისთვის, მეც გადავთვალე და შედეგად მივიღე ის, რომ მოსმენებისა და გასაღებების თემა დიაღაც, რომ გასული კვირის მთავარი თემა იყო, მაგრამ რა იყო ის, რამაც მთავარი თემა, უფრო სწორად კი, კულმინაცია და კვანძის გახსნა განსაზღვრა?
ახლავე ვიტყვი, რომ რამდენიმე კვირაში, შესაძლოა მომავალ კვირაშიც, განმსაზღვრელი გახდება ეს - „თავდაცვის სამინისტრო ინიციატივით გამოდის მოეხსნას გრიფი "საიდუმლო" შესყიდვას, რომელთან დაკავშირებითაც პროკურატურამ სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი“.
თუმცა, ხვალისა ხვალემ იკითხოს, ჩვენ კი გავიხსენოთ ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში. რამდენიმე დღის განმავლობაში ყველას ერთი ადარდებდა - უშიშროების საბჭოს სხდომა - ვინ დაესწრება? ვინ არ დაესწრება? რატომ დაესწრება და რატომ არ დაესწრება? ბოლო-ბოლო, მოხდა ისე, რომ უშიშროების საბჭოს პირველად დასდო პატივი პრემიერ-მინისტრმა და პირველად დადეს პატივი ირაკლი სესიაშვილს. როგორც ირწმუნებოდნენ, საკითხი იყო ერთი - აფხაზეთი, მაგრამ მე არ მჯერა ეგეთი რაღაცეების, რომ ერთი საკითხი, გადავკოცნეთ ერთმანეთი და დავიშალეთ.
იქ სხვა საკითხებიც იქნებოდა - „როგორ ხარ რას შვრები“, „დაგვიძველდა პურმარილი“, „სადა ხარ, სად დაიკარგე“, „ახალს რას იტყვი“... ამაზე იტყვიან ხოლმე, შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარაო. შემდეგ, იყო აფხაზეთის თემა - ანუ, როგორც ამბობენ და ითქვა კიდეც, „განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები“ და უშიშროების საბჭო რის უშიშროების საბჭოა, თუ ყველაფერი გარეთ გამოვიდა და, ბოდიში მომითხოვია, ძაღლმა და ღორმა თუ გაიგო ყველაფერი! არადა, მთავარი გაგებაა, გაგების ამბავში კი სსრკ-ში დაბადებულ ხალხს, ვისაც ერთხელ მაინც მოუკრვას თვალი „კომუნისტზე“ და „სოფლის ცხოვრებაზე“ მარცხენა ზედა კუთხეში მიწერილი დევიზისთვის, ამ ადამიანებისთვის სტრიქონებს შორის კითხვა და, შესაბამისად, წინადადებებს შორის მოსმენა, დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.
აი, იმ მთავარსაც მივადექი, მე რომ გასული კვირის განმსაზღვრელად მიმაჩნია. იყოს ნიუსიდან ნაწყვეტის სახით: „ჩვენ განვიხილეთ ის, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ ურთულეს ვითარებას, რომელიც შექმნილია აფხაზეთთან მიმართებაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, გაანალიზდა არსებული საფრთხეები და დაიგეგმა ნაბიჯები, რომელსაც კოორდინირებულად გადადგამს მთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტი“.
ჰოპ სტოპ! და კიდევ ერთხელ, ოღონდ, ამჯერად, ნაწყვეტის ნაწყვეტი - „...დაიგეგმა ნაბიჯები, რომელსაც კოორდინირებულად გადადგამს მთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტი“.
ორიოდე დღეში პარლამენტს მოსმენების თემაზე უნდა ემსჯელა... იმსჯელა ისე, როგორც უნდა ემსჯელა, მთავრობამ მოითხოვა ის, რასაც მანამდეც ითხოვდა, ხოლო პრეზიდენტმა დაადო ვეტო და პარლამენტმა უარი თქვა ვეტოს დაძლევაზე და ეს ყველაფერი იყო ის დაგეგმილი ნაბიჯები, რომლებიც კოორდინირებულად უნდა გადადგმულიყო მთავრობის, პრეზიდენტისა და პარლამენტის მიერ.
პატარაც აღარ მეთქმის, ბევრი მინახავს და ბევრი გამიგია, მაგრამ კრება რომ ასეთი მხიარული დარჩენილიყო, პირველად ვნახე და პირველად გავიგონე. ჩვენში დარჩეს და, რა ჯობს ხალისს და ურთიერთგაგებას? ეგ არის, რომ რაღაცეები მახსენდება და ხასიათი მიფუჭდება ხოლმე. მაგალითად, უსუფაშვილის კუკარაჩასებური „ახია ჩვენზე, რომ საერთოდ იმ საკითხზე, რომელიც შეეხება პოლიციის საქმიანობას, მოსმენას და ფარულ მიყურადებას, ორი წლის შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებს კიდევ რამეზე ვალაპარაკებთ“.
ერთი სამწუხარო ის არის, რომ ამ ორ წელიწადში დამკვიდრებული პრაქტიკით, როცა უსუფაშვილი და ძმანი მისნი „ოპოზიციას“ამბობენ, რატომღაც მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ გულისხმობენ, როდესაც ამბობენ „სამოქალაქო სექტორს“, კოჟორიძე, ლომჯარია, გიგაური, ტუღუში და, აწ უკვე, ვინმე ზვიად დევდარიანი იგულისხმებიან, მაგრამ ეგ - ცოტა ქვევით. სხვა რამის თქმა მინდა. მე ხომ უსუფაშვილის კუკარაჩისეულზე მისივე ის სიტყვები გამახსენდა - ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა ქართული დემოკრატიის უპირველესი ამოცანააო.
ფეხები დავუთბილოთ დომენტი სიჭინავას და ნიკა გვარამიას, ემანდ ქართული ფეხბურთი და ქართული ჟურნალისტიკა თავზე არ ჩამოგვენგრეს.
ჰო, მართლა, რა ხდება იმ საქმეზე, აი, ნიკა გვარამიას სამუშაო კაბინეტში მოსასმენი აპარატურა რომ აღმოაჩინეს და აღმოჩენიდან წუთნახევარში ახალგაზრდა იურისტმა კოჟორიძემ რომ თქვა, ხელისუფლების ნამოქმედარია, აბა გვარამია საკუთარ თავის ფარულ მიყურადებას ხომ არ დაიწყებდაო!
ახალგაზრდაა, ჯერ ბავშვია, გაშლილ ქოლგამდე და გაფრენილ წერომდე ბევრი უკლია (თუმცა, შესაძლოა, ბევრი არ დამეთანხმოს და იქით დავეთანხმები) და ვაპატიოთ მაშინდელი აჩქარებაა თუ ამჩატება, ბევრი აქვს სასწავლი. გასულ კვირაშიც... დაადო თუ არა მარგველაშვილმა კანონპროექტს ვეტო, კოჟორიძემ მაშინვე გაიხარა - გასაღები მობილურ ოპერატორებს გადაეცემათო. კოჟორიძეს თავზე ხელი გადაუსვეს, ხელში კანონი მისცეს, პირში - ჩუპა-ჩუპსი, და პოპულარულ ენაზე აუხსნეს, რომ 1 დეკემბრამდე გასაღები შსს-ს ხელში იქნება, ხოლო პირველი დეკემბრისთვის დამზადდება მეორე გასაღებიც.
მაინც, რა მუღამი და დილიხორია ის, რომ ფარული მოსმენის გასაღები რუსული „ბილაინის“, თურქული „ჯეოსელის“ და, ღმერთმა იცის, სადაური „მაგთის“ ხელში იყოს? ამ შეკითხვას რომ ვუპასუხოთ, აუცილებელია ვიცოდეთ, ვის ხელშია თავად არასამთავრობო ორგანიზაციების გასაღები.
სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ ჩემი ბინის შესასვლელი კარის დამზადება და მოგვირისტება ჩემს მიერ არის დაფინანსებული და რა გასაკვირია, რომ გასაღებს მე ვფლობდე და ჩემი ნებართვით ჩემივე ნდობით აღჭურვილი პირები რომ სარგებლობდნენ?
რავა, მაინცდამაინც შუბლზე ხომ არ უნდა დაიწერონ „დამზადებული ვარ სოროსში, მოგვირისტებული ვარ ნაციონალებში“.
ერთ-ერთ საიტზე წავიკითხე, ჟურნალისტი ეკითხება ენჯეოშნიკს, ნაცების დროს რატომ არ ლაპარაკობდით მოსმენებზე და გასაღებებზეო და თუ იცით, რას პასუხობს? მაშინ ჩვენი პრიორიტეტი ეგ არ იყოო, პრიორიტეტად გვქონდა, საარჩევნო სისტემის შეცვლა და ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილებაო. აი, შევცვალეთ ხელისუფლება და ახლა ამ პრობლემასაც მოვაგვარებთო.
ზემოთ სტატისტიკა ვახსენე, სტატისტიკა არის დათვლა და რომ ამბობენ, ყველაფერი დათვლადიაო, ეგ არის ურცხვი ტყუილი, რადგან ვთვალე, ვთვალე, ბოლოს ხელი ჩავიქნიე და სათაურების მხოლოდ მცირე ნაწილს გთავაზობთ:
„პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა“; „სამოქალაქო სექტორი პარლამენტს ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას სთავაზობს“; „ეკა გიგაური: მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლება და შსს უარს ამბობს მნიშვნელოვანი პრინციპების დანერგვაზე“; „ლაშა ტუღუში: ე.წ. გასაღებთან დაკავშირებული საკითხის მომზადების გადასატანად არანაირი ობიექტური მიზეზი არ არსებობს“; „ზვიად დევდარიანი: ე.წ. გასაღებთან დაკავშირებული საკითხის გახანგრძლივება დაგეგმილი იყო“; „ლაშა ტუღუში ირაკლი ღარიბაშვილს ე.წ. გასაღების საკითხზე შეხვედრას სთავაზობს“; „ეკა გიგაური: პრემიერ-მინისტრი ფაქტობრივად აღიარებს, რომ ადამიანებს დღესაც სასამართლოს გვერდის ავლით უსმენენ“; „კამპანია "ეს შენ გეხება" ირაკლი ღარიბაშვილს განცხადებით უპასუხებს“; „უჩა ნანუაშვილი ე.წ. გასაღები არა მხოლოდ შსს-ს, არამედ კერძო კომპანიების ხელშიც უნდა გადავიდეს“; „არასამთავრობოები პრემიერ-მინისტრს მოუწოდებენ, ევროპელი ექსპერტების მოსაზრებები გაითვალისწინოს“; „კახა კოჟორიძე მიიჩნევს, რომ ე.წ. გასაღები საკომუნიკაციო კომპანიების ხელში გადადის“; „ლაშა ტუღუში: უმჯობესია, პარლამენტმა ვეტოს დაძლევაზე არ იფიქროს“; „ეკა გიგაური: ყველაზე მეტად საქართველოს პრეზიდენტის იმედი გვქონდა“...
გიგაურის ამ სიტყვების შემდეგ, სიმპტომატურია ნაციონალების რუხი (პირდაპირი გაგებით რუხი, ნაცრისფერი) კარდინალის, ლევან ბეჟაშვილის სიტყვები: „კარგია, პრეზიდენტი თუ მიხვდა, რომ თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილებები უნდა განახორციელოს“.
რაც შეეხება იმას, თუ ვის აქვს პრეზიდენტის იმედი და რატომ, აგრეთვე - ვის არ აქვს და როდემდე. ფოტოგრაფების საქმე ყველას გვახსოვს და ეს ის თემაა, რომელზე საუბარსაც ნაცები ყოველთვის გაურბიან. გაურბიან კი არა, ერთი რაღაცასავით იპარებიან ხოლმე. ნიუსი: „ფოტოგრაფების საქმეზე საიდუმლო გრიფის მოხსნის თაობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არანაირი მიმართვა არ შესულა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თიკო მჟავანაძემ განუცხადა. „გრიფის მოხსნასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არანარი მომართვა არ იძებნება“, - აღნიშნა მჟავანაძემ“.
რად უნდოდა ამას მიმართვა? არა, მართლა, რად უნდა მიმართვა? უნდა?! გეკითხებით, და ამასაც გეკითხებით - არაფერს გაგონებთ მჟავანაძე-მარგველაშვილისას არგუმენტი? მაშინ, გაგახსენებთ. შორენა შავერდაშვილს კითხეს, რატომ არ დაეხმარა თამარ გურჩიანი თავის გაჭირვებულ მეზობელსო და, შავერდაშვილს გულწრფელად გაუკვირდა - რატომ უნდა დახმარებოდა, როცა იმ დროს ასეთ პროექტს არ ახორციელებდნენო!
დოლის გარეშე, ტიკის გარეშე ვინ გაფრენილა? გრანტის გარეშე რომელი პროექტი განხორციელებულა? პროექტის გარეშე ვინ ვის დახმარებია?
არავინ, არავის, არაფრით!!!
თუმცა, ნუ მოვახდენთ განზოგადებას, ამ ქვეყანაში წესიერი, პატრიოტი, კეთილი, მოსიყვარულე, განათლებული და მშრომელი ადამიანებიც ცხოვრობენ. დიდი ძებნა არ არის საჭირო, მით უმეტეს - ძებნა სანთლით. დაუძახე, მოვლენ და შემდეგ ჩვენს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული და, საერთოდ, გაზაფხული გრანტით არ მოდის. რა არის გაზაფხული? გაზაფხული არის სითბო, მაგრამ, უფრო - სიმწვანე. დაბარე, გათოხნე, შეწამლე, მოუარე და გაზაფხულიც მოვა. ახლა, შენ თუ გაზაფხულის მოსაყვანად სემინარს ატარებ, მაშინ მე გეტყვი, რომ გასულ კვირაში თბილისში ცოფის გავრცელების შემცირების თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა და ეს იყო ერთადერთი, რაშიც ენჯეოშნიკები არ ჩარეულან. არც ის არის გამორიცხული, რომ ეს არც იყო მათი პრიორიტეტი... აკი, ნაცების დროს მოსმენები გვეკიდა, ხელისუფლების შეცვლა იყო მთავარიო. თქვენ იცინეთ და ხომ შეცვალეს ხელისუფლება და ვინ იცის, მომავალი კვირიდან იქნებ ცოფის გავრცელებასაც შეებრძოლონ.
გასულ კვირაში მართლაც არ ეცალათ. ნახეთ: „არასამთავრობოები ატესტაციის პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩატარებას ითხოვენ“; „ზვიად დევდარიანი: სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ატესტაციის პროცესზე დაკვირვების შესაძლებობა უნდა მიეცეთ“; „საერთაშორისო გამჭვირვალობამ" თბილისის მერიას ატესტაციის დროს დამკვირვებლის სტატუსის მინიჭების თხოვნით მიმართა“...
აი, რა დაწერა სოციალურ ქსელში ლომჯარიას ქალმა, ნინომ: „მოკლედ, მერიის თანამშრომლები, რომლებმაც ტესტირების ბარიერი ვერ გადალახეს, თანამდებობაზე რჩებიან და მათი გათავისუფლება მხოლოდ გასაუბრების გავლის შედეგად გადაწყდება. გასაუბრებას კი ის სასტესტაციო კომისია ჩაატარებს, რომელმაც პროცესის დაკვირვებაზე „სამართლიან არჩევნებს“, საიას და გამჭვირვალობას უარი განუცხადა სრულიად გაუგონარი და ცინიკური მიზეზების გამო. გეტყვით, რომ არც ერთ მუნიციპალიტეტს, გარდა თბილისისა, დაკვირვებაზე ჩვენთვის უარი არ უთქვამს. მერის გადაწყვეტილებით ჩვენ ალბათ დაგვიშვებენ, თუმცა მნიშვნელოვანი შეზღუდვებით. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი რამ ხდება, სამწუხაროა, თუკი ვერ ხვდებიან, რომ ეს ატესტაციის პროცესის სამართლიანობას მიაყენებს ჩრდილს და არა ჩვენ ორგანიზაციებს Eka Gigauri Kakha Kozhoridze Zviad Devdariani“.
ეუფფფფფ!!! დამბურძგლა!
მაგრამ, ეგენი იქით იყვნენ, შორს... წადი, შორს წადი და რამე... შორს, სადაც ბევრჯერ გამიგზავნიხართ. მოკლედ, ეგენი შორს იყვნენ და ამ ატესტაციებზე ერთი კარგად გამეცინა. როგორც იქნა, მიმინოშვილის ქალმა, მაიამაც წარმოთქვა ისეთი, იზ რიადა ვონ ვიხაძიაშჩი, ანუ ქუუულ. ახლა, რა მოხდა. მოხდა ის, რომ თბილისის მერიის მოხელეთა ტესტირებაზე 486 მონაწილე აპლიკანტიდან მინიმალური ზღვარი ჯამში 196-მა გადალახა, ანუ ვერ გადალახა 390-მა, ხოლო მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, მერიის თანამშრომელთა ტესტირების პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობსო.
აბა, პანაშვიდზე აყალმაყალი რომ მომხდარიყო, არც მე მინახავს და არც გამიგია.
არადა, რას არ მოისმენ, რას არ გაიგებ, რას არ ნახავ. ეს ნიუსი, რასაც ახლა წაგაკითხებთ, გასული კვირის დასაწყისში წავიკითხე - სპექტაკლი გაიმართებაო. საშუალება მქონდა, მივსულიყავი, მენახა... არ წავედი. თქვენ წახვიდოდით?
„ცნობილი ქალების მონაწილეობით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში, ხვალ, სპექტაკლი „სასიკვდილოდ დაჭრილი ქალები“ გაიმართება. სპექტაკლი წარმოადგენს პროექტს ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე. წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქალბატონები, რომლებიც სცენიდან მოგვითხრობენ ქმრის, საქმროს, საყვარლისა თუ ყოფილი მეგობარი მამაკაცის მიერ მოკლული ქალების ნამდვილ ისტორიებს. ისინი ამ თემებზე მონოლოგებს წაიკითხავენ. იტალიის ელჩის განცხადებით, წარმოდგენის მიზანია, საზოგადოების, მედია საშუალებებისა და სხვადასხვა ინსტიტუციების ყურადღების მიპყრობა ქალთა ძალადობის აღმოფხვრისთვის მიმართ. უფრო კონკრეტულად, სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ იტალიის ელჩი ფედერიკა ფავი, ასევე მაკა ჩიჩუა, ანუკი არეშიძე, მაია ასათიანი, თამარ ბერუჩაშვილი, ერიკა კრაპილოვა, ეკა მიშველაძე, ტურკ პირიო, ნინო სუხიშვილი, ეკა ტყეშელაშვილი, მაია ფანჯიკიძე, ნათია ფანჯიკიძე, რუსუდან ფეტვიაშვილი, ლანა ღოღობერიძე და თეა წულუკიანი. პროექტი დაფინანსებულია იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიერ, ღონისძიების ორგანიზატორია იტალიის საელჩო“ - იტყობინებოდა „ინტერპრესნიუსი“.
საღოლ მითქვამს. საღოლ, სიმონ! მაგრამ სხვები? სად იყვნენ სხვები? როგორც ვხვდები, ხათუნა გოგორიშვილისთვის სცენაზე ადგილი არ მოინახა, მაგრამ ირმა ნადირაშვილი? ააა, მაგისთვის ჰაერი ვერ გაიმეტეს. ჩიორა თაქთაქიშვილი? ალბათ, რეკვიზიტებს შორის ბამბაზიის ხალათი არ აღმოჩნდა... სამაგიეროდ, მსახიობთა შორის მაია ასათიანის გამოჩენა მაფიქრებინებს, რომ სპექტაკლის ე.წ. მასოვკაში სულ რესპექტაბელური, ნარჩევი ბოზები იქნებოდნენ დასაქმებულები.
ჰოოო... რუსუდან ფეტვიაშვილი... სასიკვდილოდ დაჭრილი ქალები, და 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი ღამე, დილით - გვამები სახურავზე, შუადღისას - მკვლელების ხელიდან მიღებული ღირსების ორდენი, საღამოს კი, რაზეა ლაპარაკი - ბოთლი შამპანური და ინტერვიუ ვამპირთან.
როგორ უცებ ავიწყდება ამ ხალხს ყველაფერი, ან, იქნებ, ფიქრობენ, რომ ჩვენ გვავიწყდება. თუ ეგრე ფიქრობენ, ე.ი. არ გვიცნობენ და, თქვენ ხომ უკვე გაგვეცანით და ახლა ჩვენც გაგვიცანით.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი კავშირი „ჩვენი ბავშვებისა“ და ეროვნული გალერეის ერთობლივი პროექტის „გამიცანი“-ს პრეზენტაციას დაესწრო. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ცნობადობის გაზრდისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით ხორციელდება“.
რამდენჯერმე გავაცანი გარემოს დაცვის ინსპექციის ზონდერ-შემადგენლობა პარლამენტის მთავარ მეტყევეს, გია ცაგარეიშვილს, ვუთხარი კონკრეტული გვარები, კონკრეტული საქმეები, მაგრამ ორი ყურიდან ერთიც არ შეუბარტყუნებია. სამაგიეროდ, კარგად გვახსოვს მის თვალთაგან დადენილი ცრემლი და ჯერ სად ხართ, კიდევ ვიხილავთ.
ჰოდა, ახლა ელგუჯა ხოკრიშვილს ვეუბნები: გაიცანი თემურ გელდიაშვილი, გაიცანი მთლი ის ნაც-ბოზ-ზონდერ ბანდა, თორეეემ...
თორემ, წავიდა თამარ ჩუგოშვილი და მოვიდა არმაგედონის ზანგი!!!
მერე არ დაიწყოთ, წასვლა პრობლემა არ არის, ცოლ-ქმარიც იყრებიანო. აგერ, ღარიბაშვილმაც თქვა და ნიუსში ასე იყო: „ცოლ-ქმარი შეიძლება გაიყაროს, ერთმანეთში ძმები ჩხუბობენ და თუ კოალიციის წევრებს შორის გაუგებრობა მოხდება და რომელიმე წევრი მას დატოვებს, პრობლემა არ არის, - ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელისუფლებო კოალიციის შესაძლო დაშლის თაობაზე დასმულ კითხვას“.
კი კაცო, ცოლ-ქმრის გაყრის მეტი რა მსმენია, მაგრამ მსმენია, რომ მანამდე ქმარი ლოთობდა, ცოლი ბოზობდა, ერთმანეთს ურტყამდნენ და არ ახარებდნენ. ასევე ძმებიც - რა ქონდათ და - იმასაც ვერ იყოფდნენ, ჩხუბობდნენ, ვიღაცის ენებს უსმენდნენ, ერთმანეთს რაღაცეებს აბრალებდნენ, უკადრებელს კადრულობდნენ და ვიღაც ხარობდა.
ეს იმიტომ ვთქვი, რომ... აი, თავშიც ხომ ვთქვი, რომ რამდენიმე კვირაში, შესაძლოა მომავალ კვირაშიც, განმსაზღვრელი გახდება ეს - „თავდაცვის სამინისტრო ინიციატივით გამოდის, მოეხსნას გრიფი "საიდუმლო" შესყიდვას, რომელთან დაკავშირებითაც პროკურატურამ სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი“.
ჰოდა სანამ „ა ლია ამალია“ დისკუსიები მთელი ძალით ხურდება, 15 ნოემბერი ახლოვდება, ირაკლი სესიაშვილი კი უშიშროების საბჭოს იმ დოკუმენტებზე გრიფი „საიდუმლოს" მოხსნას ითხოვს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ლობისტური კომპანიებისთვის 100 მილიონის გადარიცხვას ეხება.
რავა, ორი წელი გავიდა და ჯერ კიდევ არ მოუხსნიათ? მეთქი, უკვე მოხსნეს, ნაცები სუფთები, ალალმართლები ყოფილან, მეთქი, წავალ 15 ნოემბერს და ვიყვირებ „მიშა მაგარია, გოგორიშვილი ლამაზია“.
კიდევ არ მოგიხსნიათ? მაგაზეც საღოლ მითქვამს. საღოლ, სიმონ! სიმონებო!!! ეგრე შორს ვერ გავფრინდებით, ეგრე ადგილზე ვიდგებით და ხომ იცით, როგორც არის - ერთ ადგილზე დგომით აღმოსავლეთისკენ მოძრაობ, მზე კი ჩრდილოეთიდან ამოდის.
ე.დ.შ (ეგრეა და... შეეკითხე) მოთმინებით გამართა მან ახალი ხელსაწყო, თანასოფლელ კაცებთან ერთად ოთახში ჩაიკეტა და მეცნიერულ დასკვნებზე დაყრდნობით, - თუმცა ამ დასკნებისა ვერავინ ვერაფერი გაიგო, - ახალი საოცარი აზრი გამოთქვა: თუ სულ აღმოსავლეთისკენ ვივლით, ისევ იმ ადგილზე დავბრუნდებით, საიდანაც გზას დავადექითო
(გაბრიელ გარსია მარკესი, „მარტოობის ასი წელი“)