„15 ნოემბერს ჩემს ცოცხს წამოვიღებ და მიყურონ „ნაცებმა“...“

„15 ნოემბერს ჩემს ცოცხს წამოვიღებ და მიყურონ „ნაცებმა“...“

ორი წლის წინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოსულ კოალიცია „ქართულ ოცნებასა“ და მის ლიდერ ბიძინა ივანიშვილს მოსახლეობამ სრული ნდობა გამოუცხადა და მომავალს ოპტიმისტურად შეხედა. იმ მოვლენების შემდეგ დიდი დრო გავიდა. სამწუხაროდ ქვეყნის განვითარება-აყვავების პროცესი ჯერ არ დაწყებულა. უფრო მეტიც, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უფრო გაღატაკდა და დღეს არსებობისათვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაშია ჩაბმული.

ჩვენი დღევანდელი სტუმარი ქალბატონი მზია გოგინაშვილი გახლავთ. ეს ადამიანი ბოლო თხუთმეტი წელია ოჯახს ქუჩაში ვაჭრობით არჩენს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები „განსაკუთრებით“ უყვარს. მასთან ინტერვიუს ჩასაწერად რომ მივედი და რამდენიმე „ცხოვრებისეული კურიოზის“ გახსენება ვთხოვე, შესაბამისი პასუხი მომიგო - ჩემო კარგო, ჩვენი დღევანდელი ცხოვრება ერთი დიდი ტრაგიკომედიაა და რა მოგახსენოო. ორი წლის წინანდელი არჩევნების წინ ქალბატონი მზია „ნაცებისგან“ გალახვას რამდენჯერმე გადაურჩა, სამაგიეროდ „ქართული ოცნების“ რამდენიმე აქტივისტმა მაისურები აჩუქა და ასაკოვანი ადამიანი ამით დღემდე ძალიან ამაყობს.

75 წლის ქალბატონი ყოფილი სსრკ-ის დანგრევის შემდეგ ერთი ხანობა უმუშევარი ბრძანდებოდა, შემდეგ „ბედმა გაუღიმა“ და ერთ-ერთ ჯიხურში გამყიდვლად მოეწყო. ცოტა ხანში კვლავ დაუსაქმებელთა რიგებს შეუერთდა. ხანდაზმული ქალბატონი ღმერთმა არ გაწირა და პრესის რეალიზატორად საქმიანობა დაიწყო. ბოლო ათი წლის განმავლობაში პრესის ასაკოვანი გამავრცელებელი დღისით-მზისით, წვიმასა თუ თოვლში, ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე, „კომაროვის“ სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობს და გამვლელ-გამომვლელებს ჟურნალ-გაზეთებს სთავაზობს.

საქმიანობის სფეროდან გამომდინარე ქალბატონი მზია ამჟამინდელ ქართულ პრესაში ჩინებულად გათვითცნობიერებულია, ამის გარდა პოლიტიკაშიც კარგად ერკვევა და რამდენიმე საკითხის ირგვლივ საკუთარი მოსაზრებებიც გააჩნია. მზია გოგინაშვილი დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ.

75 წლის ბრძანდებით. ღია ცის ქვეშ მუშაობა არ გიჭირთ?

- რა გითხრა, შვილო, ამბობენ გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გიჩვენებო. ვაჟიშვილი სამი წლის წინ გარდამეცვალა, რძალი უმუშევარი მყავს, შვილიშვილები სკოლის მოსწავლეები არიან და ოჯახის შენახვის მძიმე ტვირთი მე ვიკისრე. ხანდაზმული ადამიანი ქუჩაში სრულიად მარტო ვდგავარ და ჟურნალ-გაზეთებს ვასაღებ. რასაკვირველია მიჭირს, მაგრამ ბედს არ ვნებდები. დასვენება კი მინდა მაგრამ ამ ფუფუნების საშუალებას საკუთარ თავს არ ვაძლევ. პენსია 150 ლარი მაქვს, სამსახურშიც 120-130 გამომდის. რასაკვირველია არაფერზე გვყოფნის და არაერთი პრობლემის წინაშე ვდგავართ.

მთავრობა არ გეხმარებათ?

- დახმარება კი არა, ერთხელ იქით მისაყვედურეს. სოციალური დახმარება მოვითხოვეთ და სახლში „სპეციალური კომისია“ მესტუმრა. ძველ ტელევიზორსა და მაცივარზე არაფერი უთქვამთ, მაგრამ როდესაც ოთახში წიგნების თაროები დაინახეს, სახეები შეეცვალათ და „რა დახმარება, სხვებზე უკეთესად ცხოვრობთ და რატომ შეგვაწუხეთო“ - მისაყვედურეს.

მთელი სიცოცხლე შრომაში მაქვს გატარებული. 30 წელი მარჯანიშვილზე მდებარე უნივერმაღში ვიმუშავე, ბოლო 15 წელიწადი კი მოხუცი ქალი ფაქტობრივად ქუჩაში დავსახლდი.  გასულ წელს პენსია „გაიზარდა“. მიმაჩნია რომ ეს თანხა ძალიან მცირეა და პენსიონერებს მინიმუმ 300 ლარი უნდა დაგვინიშნონ.

ერთ გულისტკივილსაც გაგანდობთ. ოფიციალური შრომითი სტაჟი 30 წელიწადი მაქვს და პენსიაზე დანამატი არ მეკუთვნის? ისიც მაინტერესებს, 150 ლარი მეც უნდა მქონდეს და იმ ადამიანსაც, რომელსაც ცხოვრებაში საერთოდ არ უმუშავია მაგრამ საქართველოს პარლამენტის „დამსახურებული დეპუტატია“? მიმაჩნია რომ სახელმწიფომ სოციალური პოლიტიკა უნდა გადასინჯოს და ჩემნაირ მშრომელებს უფრო მაღალი პენსია დაუნიშნოს. კიდევ რა გითხრათ. ორი წლის წინანდელ არჩევნებს დიდი იმედით ველოდებოდი. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა კი გაიმარჯვა, მაგრამ ჩემნაირი ხალხის ცხოვრება მაინც არ გაუმჯობესებულა.

ახალ მთავრობას რას უწუნებთ?

- უპირველეს რიგში სოციალურად გაჭირვებულების პრობლემა უნდა მოეხსნათ. მესმის რომ დალაგებულ ქვეყანას მალე ვერ ააშენებ, მაგრამ ხალხს ნაწილობრივი შვება უკვე უნდა ეგრძნო. ამ მინისტრებსა და პარლამენტარებს იმხელა ხელფასები აქვთ და მაინც უკმაყოფილონი არიან.

ამ დროს მე, 75 წლის მოხუცმა  რა უნდა ვთქვა. გაზეთებს ყოველდღიურად აქტიურად ვეცნობი და პარლამენტში დეპუტატები ხშირად დროს უაზრო კამათში ატარებენ. ხალხმა ახალი მთავრობა მომავლის იმედით აირჩია, ისინი კი უთავბოლოდ ლაქლაქებენ. ყოველდღიურად არაერთ მყიდველთან ვსაუბრობ და მოსახლეობის დიდი ნაწილი სოციალურ პრობლემებს განიცდის. მთავრობის წევრები მანქანებითა და დაცვით დადიან და მოქალაქეების გასაჭირს საერთოდ არ იცნობენ. ხალხს მხოლოდ არჩევნების წინ იხსენებენ და ათასი შეუსრულებელი დაპირებით ატყუებენ. დაითვალე, კომუნისტების წასვლის შემდეგ რამდენი მთავრობა გამოვიცვალეთ და საქმე ვინმემ თუ გააკეთა?

ბატონ ბიძინა ივანიშვილს ან ირაკლი ღარიბაშვილს  რომ შეხვდეთ რა კითხვებს დაუსვამდით?

- უპირველეს რიგში ვთხოვდი რომ გაჭირვებული ხალხისათვის უფრო აქტიურად მიეხედათ. ვიცი რომ ბატონი ბიძინა ცნობილი ქველმოქმედია და ვურჩევდი გარკვეული თანხა შეჭირვებული მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებისათვის დაეხარჯა. ივანიშვილის ქონებას ამით არაფერი დააკლდებოდა, ხალხის გულს კი სამუდამოდ მოიგებდა.

პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს კი ვთხოვდი რომ ამჟამინდელი განათლების მინისტრისათვის ჩემი ერთი სატკივარი გადაეცა. მოგეხსენებათ „კომაროვის“ სკოლასთან ახლოს ვმუშაობ და ამ სასწავლო დაწესებულების მოსწავლეებთან ახლო შეხება გამაჩნია. მიმაჩნია რომ საჯარო სკოლების აღსაზრდელები ერთნაირ ფორმებს უნდა ატარებდნენ. დღეს ბავშვების უმეტესობა დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფება. მშობლების „ერთი“ ნაწილი ფინანსურ სიდუხჭირეს არ უჩივის და შვილებს სკოლაში უკანასკნელ მოდაზე ჩაცმულს აგზავნის. ამ დროს შედარებით ღარიბი ოჯახების წარმომადგენლები იჩაგრებიან და ბავშვებს შორის სოციალური განსხვავება თავს უკვე ადრეული ასაკიდან იჩენს. ეს დიდი პრობლემაა და მას აუცილებლად უნდა მოევლოს.

ბატონ ბიძინას, აგრეთვე ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ვურჩევდი რომ დიდი სტალინის გამოცდილება შეესწავლათ. ამ ადამიანს დღეს დიქტატორად მოიხსენიებენ, მაგრამ მისი მმართველობის წლებში ხალხი ბედნიერად და თავისუფლად ცხოვრობდა. დიდი სამამულო ომი ახალი დასრულებული გახლდათ და ქვეყანას ძალიან უჭირდა. ამის მიუხედავად ყოველი წლის მარტისა და აპრილის მოახლოება მოსახლეობას განსაკუთრებით უხაროდა. ამ თვეებში მაღაზიებში ყველაფერი იაფდებოდა და ხელფასი-პენსიებიც იზრდებოდა. თუ სტალინს ეკონომიკის ნორმალურად წარმართვა შეეძლო, ამას ქვეყნის ამჟამინდელი მმართველი წრეები რატომ არ ან ვერ ახერხებენ.

ბატონ ბიძინას, ასევე ღარიბაშვილს  კიდევ ვთხოვდი რომ თუ საქართველოს მომავალი განვითარების პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს, დაწყებული საქმე დაესრულებინათ და პოლიტიკური ასპარეზობიდან შემდეგ წასულიყვნენ. „ნაცები“ საბოლოოდ უნდა დამარცხდნენ და მე რომ მკითხოთ, საქართველოს სამუდამოდ გაეცალონ.

კიდევ რა გითხრათ. ამბობენ 15 ნოემბერს „ნაციონალები“ დიდი მიტინგის ჩატარებას აპირებენო. ქვეყანა დაღუპეს და ქუჩაში გამოსვლას კიდევ ბედავენ? არ ვიცი. ალბათ თბილისის მოსახლეობამ ეს „პატრიოტები“ ქუჩაში არ უნდა გაუშვას. თავად ორთაჭალაში ვცხოვრობ. 15 ნოემბერს, თუ მიტინგზე მართლა გამოვლენ, აი, ამ ჩემს ცოცხს ავიღებ, მთავრობის სასახლის წინ მივალ და მაგათ ერთი „კარგად დავცხებ“. ცოცხი ორი წლის წინ შევიძინე, მინდოდა მაგათთვის კარგად „მომეცხო“. ეხლა სახლში მაქვს, მაგრამ თუ არ დაიშალეს, 15 ნოემბერს სახლიდან აუცილებლად წამოვიღებ და მერე მიყურონ...

გიორგი მარგველაშვილზე რას გვეტყვით?

- რთული კითხვა დამისვი. პრეზიდენტად ნინო ბურჯანაძე მსურდა, რადგან გამოცდილი პოლიტიკოსია და დღემდე რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების დიდი საშუალება გააჩნია.

გიორგი მარგველაშვილი ახალგაზრდა კაცია და იგივე დავითაშვილსა და ნათელაშვილს აშკარად სჯობნის. ამის მიუხედავად არაერთი პრობლემა უკვე შეექმნა.

მაინც რა გვჭირს ქართველებს, კომუნისტების წასვლის შემდეგ ნორმალური მთავრობა რომ ვერ ავირჩიეთ. მე თუ თხუთმეტი წელი ღია ცის ქვეშ ვმუშაობ, ჩვენმა დეპუტატებმა პოლიტიკა მუდმივ პროფესიად გაიხადეს და ოჯახებს ამ სამუშაოთი არჩენენ. ალბათ დადგა დრო, პენსიაზე გავიდნენ და ადგილი ახალ თაობებს დაუთმონ.

თქვენს უშუალო პროფესიას დავუბრუნდეთ. ვიცი რომ ყოველდღიურ პრესას გულდასმით ეცნობით. რას გვეტყვით ქართულ ჟურნალ-გაზეთებზე?

- ვფიქრობ რომ ჩვენი ჟურნალისტები პოლიტიკაში უფრო კარგად ერკვევიან ვიდრე პარლამენტარები. არაერთ საინტერესო მასალას ვეცნობი და მათში გამოთქმული მოსაზრებები დეპუტატებმა რომ გაითვალისწინონ ქვეყნის საქმე გაცილებით უკეთ წავა.

გაზეთებიდან ძირითადად „ასავალ-დასავალს“, „საქართველო და მსოფლიოსა“ და „კვირის პალიტრას“ ვკითხულობ. ლამაზ-ლამაზი ჟურნალები რომ გამოდის, რამდენჯერმე ისინიც გადავშალე, მაგრამ არ მომეწონა. არ შეიძლება ადამიანის პირადი ცხოვრების ყველა ნიუანსი მკითხველს გააცნო. ის ქმარს დაშორდა, ამან ცოლს უღალატა, ცნობილი მსახიობი რესტორანში მთვრალი გამოიჭირეს. კი ბატონო, ზომაზე მეტი დალია ადამიანმა, მაგრამ რა საჭიროა ამის შესახებ მთელმა საქართველომ გაიგოს. კი მიკვირს, ამის დამწერი გაზეთები და ჟურნალები დიდი რაოდენობით რომ იყიდება, მაგრამ ალბათ ხალხს აინტერესებს.

ერთსაც გეტყვი. ადრე უფრო მეტი გაზეთები იყიდებოდა. დღეს ხალხს ფული შემოაკლდა და ჩემი სტენდი ბიბლიოთეკას დაემსგავსა. მოდიან, იღებენ გაზეთს და იქვე კითხულობენ. ძირითადად სასამართლო პროცესები აინტერესებთ. ეს რაღაც კოჰაა თუ ბიტაცია მალე უნდა დასრულდეს. მაპატიე, ეს სახელი კარგად ვერ დავიმახსოვრე. ჟურნალისტი ხარ და მითხარი, დამნაშავე არ უნდა დაისაჯოს? მერაბიშვილი, ახალაია და უგულავა ციხეში დიდი ხნით არ უნდა ჩასხდნენ? ვიცი ხალხის განწყობა და ყველა სამართლის ასრულებას ელოდება. როდესაც დამნაშავეები სამაგალითოდ დაისჯებიან, საქართველოს ნამდვილად ეშველება და იმედი მაქვს ჩემი მძიმე ცხოვრებაც უკეთესობისკენ წავა.