აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტული სააგენტოების აკრედიტაციის მომხრეა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტული სააგენტოების აკრედიტაციის მომხრეა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ბერძენიშვილი ტურისტული სააგენტოების აკრედიტაციის შემოღების ინიციატივით გამოდის. იგი აცხადებს, რომ აჭარაში დაახლოებით 30 ტურისტული სააგენტოა და მათ ნაწილში დაფიქსირდა პრობლემები ზაფხულის განმავლობაში, მათ შორის, აქტუალურია კვალიფიციური კადრების სიმწირეც.

ამის საპირისპიროდ, ტურისტული კომპანიების ნაწილი აკრედიტაციის საკითხს უნდობლად უყურებს. ისინი შიშობენ, რომ პროცესი მიკერძოებულად შეიძლება წარიმართოს და ცალკეულმა ჩინოვნიკებმა ამით ხელი შეუწყონ დიდ ტურისტულ კომპანიებს, რომლებიც პატარა ტურისტულ კომპანიებს ჩაყლაპავენ.

როგორც ირკვევა, ტურისტული მსხვილი კომპანიები დაინტერესებულნი არიან აკრედიტაციის ჩატარებით. სავარაუდოდ, ისინი ამით საკუთარ გარემოს გაისუფთავებენ პოტენციური წვრილი კონკურენტებისგან, რომლებიც ხშირად შედარებით დაბალ ფასად სთავაზობენ სერვისს შიდა თუ გარე ტურისტებს.

მსხვილი კომპანიები არც მალავენ, რომ ტურისტული კომპანიებისათვის აკრედიტაციის მინიჭება სოლიდურ კომპანიებს სტაბილურ შემოსავალს მისცემს. მათი თქმით, აკრედიტაციის გასავლელად ტურისტულ კომპანიებს, როგორც მინიმუმ, სამწლიანი გამოცდილება მაინც უნდა ჰქონდეთ და უნდა იცნობდნენ ტურისტულ ბაზარს, განსხვავებით, ზოგიერთი წვრილი და საშუალო ტურისტული კომპანიისგან, რომელიც მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს.

For.ge შეეცადა ამ ინიციატივის ავტორთან_აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან_ მამუკა ბერძენიშვილთან გასაუბრებას, თუმცა მისი თანამშრომლების დაპირების მიუხედავად, რომ ის კომენტარისთვის მოიცლიდა, საკითხის შეტყობის შემდეგ მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ტურიზმის ექპერტი გიორგი ქემერტელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ტურისტული კომპანიებისთვის ბარიერის დაწესება ტურისტული ბიზნესის განვითარებას აზიანებს. ამდენად, ტურისტული კომპანიებისთვის აკრედიტაციის წესის შემოღება გათვლილია გრანდებზე, რათა ისინი დარჩნენ და ჩაძირონ წვრილი კომპანიები.

ზოგადად, გიორგი ქემერტელიძის თქმით, დიდი ტურისტული კომპანიისგან განსხვავებით, ნებისმიერ პატარა ტურისტულ კომპანიას შეუძლია, ბევრად უკეთესი და დაბალი ფასი შესთავაზოს ტურისტს, რადგან ნაკლები ხარჯები აქვს (საოფისე ხარჯი, შიდა ხარჯი, ტურისტული ხარჯი). ცხადია, ამ იაფი მომსახურების გამო პატარა კომპანია ხელს უშლის დიდ კომპანიას და მინიმალურ პროცენტს ართმევს. ამიტომ დიდ ტურისტულ კომპანიებს მათი მუშაობა არ აწყობთ.

„ჩემი აზრით, ეს ჩვეულებრივი მონოპოლიაა და ამის უკან ზუსტად ის განზრახვა დევს, რომ დიდი ტურისტული კომპანიები წამოსწიონ და კიდევ უფრო ძლიერები გახადონ, ხოლო პატარა ტურისტული კომპანიები დაჩაგრონ, რაც ძალზე ცუდია. რაც შეეხება მათ არგუმენტს, რომ ბევრი კომპანია ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს, ჩვენ რომ ვიყოთ განვითარებული ქვეყანა, სადაც ტურიზმი კარგად არის განვითარებული, მაშინ შეიძლება ამ სტანდარტების დაწესება. გარდა ამისა, ტურიზმის კანონში ჯერ არანაირი ცვლილებები არ შესულა, სადღაც 1997 წელს შევიდა ბოლო ცვლილება და რომელ სტანდარტებზეა საუბარი?! როდესაც ტურიზმის კანონის ცვლილებები მოხდება, ამის შემდეგ უნდა მოხდეს იმ სტანდარტებით ხელმძღვანელობა, რაც შეესაბამება საქართველოს და არა იმ სტანდარტებით, რომლებიც გადმოღებულია ევროპის ქვეყნებიდან. ჩვენთან ჯერ უნდა განვითარდეს ტურიზმი და მერე დაწესდეს სტანდარტები. ძალზე მარტივს ვიტყვი, ტურიზმის განათლებით იწყება ყველაფერი. ამდენი ხნის განმავლობაში განათლების სამინისტრო ცდილობს, მიიღოს პროფესიული სტანდარტები ტურიზმის სფეროში. ჯერ საამისო განათლების სისტემა არ გვაქვს მოწესრიგებული, პროფესიული სასწავლებლები არ არსებობს, სადაც ამ ყველაფერს ასწავლიან. ამიტომ როგორ შეიძლება, ვინმეს იმ სტანდარტების დაცვა მოსთხოვო, რაც ჯერ საქართელოში დამკვიდრებული არ არის“, - აღნიშნა გიორგი ქემერტელიძემ

იგი აქვე, სავიზო აკრედიტაციის თემასაც შეეხო. მას შემდეგ, რაც რამდენიმე ქვეყანასთან სავიზო რეჟიმი შემოიღეს, ტურისტები ისე ადვილად ვეღარ შემოდიან. მათ შორის, შემცირდა ტურისტების დიდი ნაკადი ჩინეთიდან. შესაბამისად, სავიზო რეჟიმით გამოწვეული შეზღუდვის გამო, მარტო ერთმა შემომყვანმა კომპანიამ ტურისტთა სამი ჯგუფის (70-კაციანი ჯგუფი) შემოყვანა ვერ შეძლო. არადა, რომ არა გაუქმებული ვიზიტი, დაახლოებით ასი ათას ლარამდე ბრუნვა ექნებოდა. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ნებისმიერი სახის აკრედიტაციის დროს გიორგი ქემერტელიძე ქართული რეალობის გააზრებას მოითხოვს.

„თუ ტურიზმი საქართველოში პრიორიტეტულია და განვითარების ეტაპზეა, მაშინ ხელი უნდა შევუწყოთ ტურისტული ბიზნესის განვითარებას. იყო შემოთავაზება მთავრობის მხრიდან, რაზეც არ დათანხმდნენ ტურისტული კომპანიები, რომ 50 ათასი დოლარი ყოფილიყო ავანსის სახით დადებული და ამის საფუძველზე გაევლოთ ტურისტულ კომპანიებს აკრედიტაცია. ეს იწვევს სხვა დანარჩენი პატარ-პატარა ან საშუალო ტურისტული კომპანიების დაჩაგვრას, რადგან ყველას არ აქვს ამის საშუალება. ვისაც აქვს თანხები, ისინიც უარს ამბობენ ამხელა საგარანტიო თანხის გადახდაზე“, - აცხადებს ტურიზმის ექსპერტი.